მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტი პუტინის თვალით

მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტი პუტინის თვალით

2008 წელს ვლადიმირ პუტინმა ცალსახად დაგმო ჰიტლერის გერმანიასა და სტალინის საბჭოთა კავშირს შორის 1939 წელს გაფორმებული ხელშეკრულება, რომელიც ისტორიაში შევიდა, როგორც მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტი. მაგრამ ამ ბოლოხანს, ათიოდე დღეს წინ, პუტინმა ეს ხელშეკრულება დაიცვა და, შეიძლება ითქვას, გაამართლა კიდეც, როგორც საბჭოთა კავშირის დასაცავად საჭირო ნაბიჯი. როგორია ისტორია პუტინის თვალით, მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტის მაგალითზე?

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა მსოფლიო გააოცა 10 მაისს გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელთან ერთად მოსკოვში გამართულ პრესკონფერენციაზე, როცა, არც მეტი არც ნაკლები, გაამართლა გერმანია-საბჭოთა კავშირის თავდაუსხმელობის პაქტი. მას, როგორც ცნობილია, მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტს უწოდებენ, რადგან 1939 წლის 23 აგვისტოს დოკუმენტს ხელი მოაწერეს საბჭოთა კავშირისა და გერმანიის საგარეო საქმეთა მაშინდელმა მინისტრებმა, ვიაჩესლავ მოლოტოვმა და იოახიმ ფონ რიბენტროპმა. ოფიციალურად, ის იყო თავდაუსხმელობის შესახებ შეთანხმება, მაგრამ ამავე დროს მოიცავდა საიდუმლო ოქმს, რომლითაც ორი დიქტატურა ერთმანეთში ინაწილებდა აღმოსავლეთ ევროპას.

პაქტმა მწვანე შუქი აუნთო ჰიტლერს იმავე 1939 წლის 1 სექტემბერს პოლონეთში შესაჭრელად, რასაც მალე, 17 სექტემბერს, მოჰყვა პოლონეთში - ოღონდ აღმოსავლეთის მხრიდან - სტალინის შეჭრა და მომდევნო წელს უკვე ბალტიის სახელმწიფოების საბჭოთა ოკუპაცია.

წელს, 10 მაისს, პუტინმა მოსკოვში პრესკონფერენციაზე განმარტა: პაქტის დადებას „აზრი ჰქონდა“ მას შემდეგ, რაც სტალინმა 30-იან წლებში არაერთხელ სცადა დასავლეთთან ერთად შეექმნა ჰიტლერის საწინააღმდეგო კოალიციაო.

„როცა საბჭოთა კავშირი მიხვდა, რომ პირისპირ ტოვებენ ჰიტლერის გერმანიასთან, მან მიმართა ნაბიჯებს იმ მიმართულებით, რომ არ დაეშვა პირდაპირი შეტაკება. და აი, ხელი მოეწერა მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტს. ამ მხრივ, ვიზიარებ ჩვენი მინისტრის, კულტურის მინისტრის, მოსაზრებას, რომ საბჭოთა კავშირის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ამ პაქტს ჰქონდა აზრი“, - განაცხადა პუტინმა და იქვე გააკრიტიკა პოლონეთი - თუ რატომ, ამაზე ახლავე ვიტყვით...

მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტის თემაზე პუტინის 10 მაისის განცხადება, შესაძლოა, ყველაზე გახმაურებული იყოს, მაგრამ ნამდვილად არ არის პირველი. 2014 წლის ნოემბერში მან რუსეთში ახალგაზრდა მეცნიერებთან შეხვედრაზე პოლონეთის შესახებ, ფაქტობრივად, თქვა, რომ მისივე ბრალი იყო, ჰიტლერმა და სტალინმა ერთმანეთში რომ გაინაწილესო.

„დღემდე კამათობენ მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტზე და საბჭოთა კავშირს ადანაშაულებენ იმაში, რომ პოლონეთი გაყო. მაგრამ თვითონ პოლონეთმა რა გააკეთა, როცა გერმანელები ჩეხოსლოვაკიაში შევიდნენ? თავისთვის აიღო ჩეხოსლოვაკიის ნაწილი (იცინის). თვითონაც ხომ ასე მოიქცა? მერე კი საპასუხო გოლი მიიღო“ - ეს აზრი, გამოთქმული 2014 წლის ნოემბერში, პუტინმა ამ ათიოდე დღის წინ გაიმეორა მერკელთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.

რატომ ამართლებს - თუ პოლონეთი არასწორად მოიქცა - იგივეს და უარესის გაკეთებას მის მიმართ ან, მით უმეტეს, ბალტიისპირეთის სახელმწიფოების მიმართ, პუტინს არ უთქვამს.

სტალინის ტერორის შემსწავლელ ფონდ „მემორიალის“ მკვლევარი კი, ნიკიტა პეტროვი, განმარტავს, რატომ მოიკოჭლებს პოლონეთთან საბჭოთა კავშირის შედარება: „საუბარია გაცილებით უფრო დიდ დანაშაულზე საბჭოთა კავშირის მხრიდან, რომელმაც გავლენის სფეროთა გაყოფის შესახებ 1939 წლის აგვისტოში საიდუმლო ოქმის დადებით არა მარტო გავლენის სფეროები გაყო, არამედ იპყრობდა და სახელმწიფოებრიობას უსპობდა მეზობელ ქვეყნებს. სწორედ ეს არისსაერთაშორისო სამართლის დარღვევა“.

რუსი ოფიციალური პირები კი ცდილობენ გაცილებით უფრო დადებითად წარმოსახონ ჰიტლერთან სტალინის გარიგება: რუსეთის ზემოხსენებულ კულტურის მინისტრს, ვლადიმირ მედინსკის, მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტი შეფასებული აქვს, როგორც „საბჭოთა დიპლომატიის დიდი გამარჯვება“.

მედინსკისა და პუტინის ბოლოდროინდელი განცხადებები, ფონდ „მემორიალის“ მკვლევრის აზრით, სიმპტომურია, რადგან იმეორებს იმას, რითაც „გაჟღენთილია პოლიტიკური ატმოსფერო“ რუსეთში.„დღევანდელი დაბრუნება პაქტის გამართლებასთან - ეს მართლაც არის დღევანდელი პოლიტიკის არეკვლა. დღეს რუსეთი ისევ ეშვება და ისევ მიცოცავს გავლენის სფეროთა გაყოფის, განაწილების მეთოდებისაკენ. რატომ გააქტიურდა ეს საუბრები (წელს განსაკუთრებით გააქტიურდა!) „მეორე იალტის“, „მეორე ჰელსინკის“ აუცილებლობაზე? ეს არის ისევ რაღაც ავადმყოფი ფსიქიკის პროდუქტი, რომ მსოფლიო ძველებურად, ისევ მაშინდელი, ტოტალიტარული გერმანიისა და საბჭოთა კავშირის პრინციპებით შეგიძლია დაყო, საიდუმლოდ მოილაპარაკო“, - ამბობს პეტროვი.

მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტს მანიპულაციის ხანგრძლივი ისტორია აქვს. საბჭოთა კავშირში ათწლეულების განმავლობაში უარყოფდნენ საიდუმლო ოქმის არსებობას. არადა, აშშ-ს ის გამოქვეყნებული ჰქონდა გერმანიაში დოკუმენტის მოპოვების შემდეგ.

1989 წლის დეკემბერში საბჭოთა კავშირის სახალხო დეპუტატთა ყრილობამ ოფიციალური განცხადებით დაგმო გერმანია-საბჭოთა კავშირის საიდუმლო გარიგება, ხოლო 1992 წელს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დოკუმენტი გამოაქვეყნა კიდეც.

ცვლილება განიცადა საკუთრივ ვლადიმირ პუტინის პოზიციამაც. რას ამბობს ის ახლა - ზემოთ უკვე ვთქვით. არადა, 2008 წლის ივლისში მანვე (მაშინ პრემიერ-მინისტრის რანგში) ცალსახად დაგმო მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტი და გაიხსენა საბჭოთა პარლამენტში 1989 წელს მიღებული განცხადება: „თუ შეიძლება, აიღეთ სახალხო დეპუტატთა 1989 წლის ყრილობის დადგენილება, რომელშიც შავით თეთრზე წერია: „სახალხო დეპუტატთა ყრილობა გმობს მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტს და მას მიიჩნევს იურიდიული ძალის არმქონედ“. ის არ ასახავდა საბჭოთა ხალხის შეხედულებას და წარმოადგენს სტალინისა და ჰიტლერის პირად საქმეს“, - პუტინმა ეს სიტყვები წარმოთქვა 2008 წლის ივლისში მოსკოვში, ბალტიისპირელ ლიდერებთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.

1989 წელს საბჭოთა პარლამენტის ისტორიულ სხდომაში, რომელზეც დაგმეს მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტი, მონაწილეობდა დრამატურგი ალექსანდრ გელმანი: „ეს იყო ... საუცხოო დღე! სხვა თუ არაფერი, სიმართლე გამოაშკარავდა და ის მთელმა მსოფლიომ შეიტყო! თუმცა მსოფლიომ მანამდეც იცოდა მის შესახებ. მაგრამ გამოაშკარავდა ჩვენი ხალხისათვის, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო“.

ისევე როგორც ალექსანდრ გელმანი, ისტორიულ სხდომაში მონაწილე დეპუტატებს შორის იყო ვიტაუტას ლანდსბერგისი, მოგვიანებით -დამოუკიდებელი ლიტვის პირველი პოსტსაბჭოთა პრეზიდენტი. ის ხელიდან გაშვებულ შანსად მიიჩნევს ბორის ელცინის მმართველობას, როცა მართლა არსებობდა რუსეთის დემოკრატიზაციის, კაგებესაგან მისი გათავისუფლების შანსი.

„ჩვენ ხომ ხელშეკრულებები გავაფორმეთ რუსეთთან? როგორც ადამიანებმა ადამიანებთან, როგორც სახელმწიფოებმა... და ელცინს არ სურდა ქვეყნების კვლავ დაპყრობა. მის შემდეგ მოვიდნენ რევანშისტები. ის (ელცინი) რევანშისტი არ ყოფილა - ყოველ შემთხვევაში, დასაწყისში სურდა მოეძებნა ახალი გზა და აეშენებინა ახალი რუსეთი, რომელიც არ იქნებოდა კომუნისტური, არ იქნებოდა კაგებეს ხელში. ეს შანსი ხელიდან იქნა გაშვებული“, - ასე ფიქრობს ლიტვის ყოფილი პრეზიდენტი, ვიტაუტას ლანდსბერგისი.

ხოლო რუსეთში დაფუძნებულ ფონდ „მემორიალის“ მკვლევარი ნიკიტა პეტროვი შეშფოთებულია რუსეთში სტალინის რეაბილიტაციის სწრაფი პროცესით, რომელიც აისახება მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტის, მისი საიდუმლო ოქმის მიმართ დამოკიდებულებაზეც: „წავიკითხე, მაგალითად, ზოგი საინფორმაციო სააგენტოს კომენტარებში - ნამდვილი ოქმი არ არსებობსო. ამას დღეს სერიოზულად ამბობს და წერს ზოგი ისტორიკოსი! ეს რაღაც ობსკურანტიზმია! მაშინ ამჟამინდელი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ლავროვის სახელით აღიაროს, რომ ყალბი დოკუმენტი გამოაქვეყნეს - მას ხომ ნამდვილი ოქმები აქვს გამოქვეყნებული! თან, ამ ფაქტობრივ ხელშეკრულებას ახლდა რუკა... აი, აქ წერია: საიდუმლო დამატებითი ოქმი, და ასევე არსებობდა საიდუმლო რუკა, რომელიც ყოფდა გავლენის სფეროებს“.

რაც უნდა მყარი და დამაჯერებელი არგუმენტები ჰქონდეთ ნიკიტა პეტროვსა და მის თანამოაზრეებს, მოსახლეობის დიდი ნაწილი რუსეთში, უწინარეს ყოვლისა, კრემლის პროპაგანდას ისმენს და, როგორც დრამატურგი გელმანი შიშობს, მის მზარდ ზემოქმედებას განიცდის: „მიმდინარეობს მზადება რაღაც აგრესიისათვის. საზოგადოებას განაწყობენ იმისათვის, რომ შესაძლოა ომი გახდეს საჭირო. თუმცა, სინამდვილეში, მსოფლიოში დღეს არ არსებობს არანაირი მიზეზი მსოფლიო ომისათვის - ჩვენი, როგორ გითხრათ, გიჟური იდეების გარდა. მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ გიჟური იდეების რეალიზება შესაძლებელია. სამწუხაროდ! გიჟური იდეები შესაძლოა ვერ ამოიცნონ, ხალხმა ისინი შესაძლოა სწორ, კარგ იდეებად აღიქვას და ახლა აშკარად მწიფდება ეს ვითარება“.