გიორგი ასანიძემ ლადო ვარძელაშვილი პრეზიდენტთან “ჩაუშვა”!

გიორგი ასანიძემ ლადო ვარძელაშვილი პრეზიდენტთან “ჩაუშვა”!

“ვერსიის” სანდო წყაროს ინფორმაციით, სპორტის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე, მძლეოსანთა ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი, ოლიმპიური ჩემპიონი გიორგი ასანიძე, თურმე ნასვამ მდგომარეობაში საკმაოდ ხშირად სტუმრობს პრეზიდენტს. წყაროსვე ცნობით, ასანიძემ მორიგი ვიზიტისას ლადო ვარძელაშვილის საქმიანობის შესახებ “უამბო”, რის შემდეგაც სააკაშვილმა სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრი რეზიდენციაში დაიბარა.

წყაროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის გადამოწმება, უშუალოდ გიორგი ასანიძესთან ვცადეთ. პარლამენტარმა, პრეზიდენტთან ვარძელაშვილის “დაბეზღების” ისტორია არ უარყო, თუმცა ამ საუბარს “ჩაშვება” კი არა, პროფესიული ნაბიჯი უწოდა. გიორგი ასანიძესთან სხვა რამდენიმე ჭორიც გადავამოწმეთ, რომელიც ბოლო პერიოდში მის ირგვლივ გაჩნდა.

 

ბატონო გიორგი, ამბობენ, რომ ნაკრებში მისაღებად სპორტსმენებმა, პირველ რიგში, თქვენგან უნდა მიიღონ რეკომენდაცია. იმასაც ამბობენ, ძალიან ბევრი სპორტსმენი თქვენ დაბლოკეთ, პირადი შეხედულებების გამო. რამდენად შეესაბამება ეს ხმები სიმართლეს?

- პირველ რიგში, მინდა გითხრათ, რომ ჩემს მედალსა და, შესაბამისად, ჩემს ავტორიტეტს, მსგავსი ხმებით ვერავინ შეურაცხყოფს. ყველაფერს ვაკეთებ იმისათვის, რომ საქართველოში მძლეოსნობა განვითარდეს.

 

ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, გარკვეულ საკითხებში ვერევი, ეს არც არავის უნდა გაუკვირდეს. ძალიან ბევრი ახალგაზრდა მოდის ჩემთან, როგორც ძალიან დიდი გამოცდილების მქონე სპორტსმენთან და რჩევებს იღებს. მეც, ჩემი მხრივ, მათ ვთხოვ, ძალიან ბევრი ივარჯიშონ, როგორც ამას, თავის დროზე, მე ვაკეთებდი. 

 

მინდა გითხრათ, რომ ოლიმპიადაზე ჩემმა გამარჯვებამ ერთგვარი აღტაცება გამოიწვია და ყველას მოუნდა ორ-სამ წელიწადში იმ შედეგის მიღება, რასაც მე წლების განმავლობაში დაუღალავი შრომით მივაღწიე. ზოგიერთმა სპორტსმენმა იგივე პირობები მოითხოვა, რაც ბოლო პერიოდში მქონდა. ეს კი შეუძლებელია, დღევანდელი მდგომარეობის გათვალისწინებით. ბევრ ახალგაზრდა სპორტსმენს ვუთხარი, რომ, მართალია, ძალა გაქვთ, მაგრამ ნაკრებში თქვენი მოხვედრის შანსი ნაკლებია-მეთქი, რამაც ხშირ შემთხვევაში, მათ განაწყენება გამოიწვია. ალბათ, ამის შემდეგ გაჩნდა ხმები, რომ თითქოს მე ვბლოკავ ბავშვებს. აბსურდია, რადგან  მხოლოდ ძალაზე არ არის შედეგის მიღწევა დამოკიდებული. 7-8-წლიანი აქტიური ვარჯიშია საჭირო ჩემპიონობისთვის, რაც ზოგიერთს არ ესმის. დანარჩენი, ვინ რას ლაპარაკობს, ჩემთვის არაა მნიშვნელოვანი.

 

სპორტის სამინისტროსგან თუ იღებს შესაბამის დაფინანსებას თქვენი ფედერაცია?

- არ გვაქვს დიდი დაფინანსება, მხოლოდ 350 ათას ლარამდეა ჩვენთვის  ბიუჯეტიდან გამოყოფილი, რომლის უმეტესი ნაწილი ე.წ. ზბორებზე იხარჯება. მას შემდეგ, რაც ჩვენი შედეგი იქნება მზარდი, დაფინანსებაც, სავარაუდოდ, გაიზრდება. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ უკეთეს შედეგს მივაღწიოთ. მართალია, რესურსი არ გვაქვს ისეთი, როგორც კრივს ან ჭიდაობას, მაგრამ ამ მოკრძალებულ ფონზე, რასაც ვახერხებთ, უკმაყოფილო მაინც არ ვარ. 

 

ვერ ვიტყვი, რომ სპორტსმენები საუცხოო პირობებში არიან, მაგრამ ყველაფერს ვაკეთებთ პირობების გასაუმჯობესებლად. როგორც იცით, გლდანში არსებული სპორტული დარბაზი განვაახლეთ, ასევე დუშეთში გავხსენით დარბაზი.  ვაპირებთ, რომ სამეგრელოში და აჭარაშიც გავხსნათ დარბაზები.

 

ჩვენს ინვენტარიზაციას მთლიანად სამინისტრო უზრუნველყოფს. შარშან უახლესი იაპონური, სავარჯიშო კომპლექტი შევიძინეთ, მაგრამ წელს, როგორც ვიცი, თურქული უნდა შეიძინოს სამინისტრომ, იაპონური სავარჯიშო კომპლექტი საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა. ჩვენ მივეცით რეკომენდაცია სამინისტროს, თუ როგორი კომპლექტები გვჭირდება სავარჯიშოდ, დანარჩენი კი სპორტის მინისტრის გადასაწყვეტია.

 

ამბობენ, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრთან დაძაბული ურთიერთობა გაქვთ და ერთხელ, თურმე სერიოზულადაც იკამათეთ.

- ჩვენ არ გვიკამათია. ძალიან ღიად, სპორტის სფეროში მოღვაწე სხვა ადამიანებთან ერთად, გავუზიარეთ ერთმანეთს ჩვენი შენიშვნები.

 

ის წინადადებები, რაც ჩვენმა ფედერაციამ წარუდგინა მინისტრს, მან ძალიან შეგნებულად მიიღო და გულთან ახლოს მიიტანა. გვქონდა საუბარი, თუ რა გვჭირდება ძალოსნობის განვითარებისათვის. ბუნებრივია, თავის მხრივ, სამინისტროც ძალიან მომთხოვნია ყველა ფედერაციის მიმართ, რადგან ძალიან ბევრ თანხა იხარჯება სპორტის განვითარებისათვის.

 

მე და ლადოს შეიძლება განსხვავებული აზრები გვქონდეს გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით, მაგრამ საბოლოოდ, რა თქმა უნდა, ვახერხებთ საერთო აზრამდე მისვლას. ორივე კმაყოფილი ვიქნებით და აღარ ვიკამათებთ, როცა 2012 წლის ოლიმპიადაზე კარგ შედეგს მივიღებთ. გამომდინარე იქიდან, რომ თაობათა ცვლა მოხდა ნაკრებში, პეკინის შედეგის გამეორება, ალბათ, ძალიან რთული იქნება.

 

ბატონო გიორგი, “ვერსიამ” ასევე შეიტყო, რომ თქვენ, ნასვამ მდგომარეობაში მიხვედით პრეზიდენტთან და მას ლადო ვარძელაშვილზე არც თუ სასიამოვნოდ ესაუბრეთ, ფაქტობრივად, ჩაუშვით მინისტრი. შეესაბამება ეს ინფორმაცია სიმართლეს?

-  პრეზიდენტთან ძალიან ხშირი შეხვედრები მაქვს. როცა მეძლევა მასთან საუბრის საშუალება, რა თქმა უნდა, ქვეყნისათვის საჭირბოროტო საკითხებზე ვესაუბრები. სულაც არ ვფიქრობ, რომ ვარძელაშვილი ჩავუშვი. უბრალოდ, მე გავაცანი პრეზიდენტს ჩემი წინადადებები, თუ როგორ შეიძლება ეს სფერო უფრო განვითარდეს. აუცილებელიცაა ჩვენი საქმისთვის მსგავსი საუბრები. ჩემი სპორტული შედეგებიდან გამომდინარე, შეიძლება ძალიან მაქსიმალისტი ვარ და უფრო მეტს ვითხოვ მინისტრისაგან, ვიდრე შესაძლებლობა არსებობს, მაგრამ ეს ყველაფერი იმისთვის კეთდება, რომ უფრო კარგი შედეგი მივიღოთ სხვადასხვა შეჯიბრებებზე. ვიმეორებ, ეს ჩაშვება არ არის. ვერ გეტყვით, რომ ამ დროს მთვრალი ან ნასვამი ვიყავი. 

 

- როგორც ცნობილია, თქვენ რამდენიმე თვის წინ ავარია შეგემთხვათ, რომლის შედეგადაც, საპირისპიროდ მოძრავი მანქანის მძღოლი, ინვალიდის სავარძელს მიეჯაჭვა. “ვერსიისთვის” გახდა ცნობილი, რომ ეს ადამიანი თქვენგან მკურნალობის საფასურის გადახდას მოითხოვს. რატომ არ აუნაზღაურეთ დაზარალებულს მკურნალობის თანხა? 

- ჩემგან ბევრი ითხოვს რაღაცას. მინდა გითხრათ, რომ ის ბიჭი უკვე დადის და სულაც არ არის ინვალიდის სავარძელს მიჯაჭვული. ვთვლი, რომ ვალდებული არავის წინაშე არ ვარ. ზოგადად, ძალიან ბევრ ადამიანს ჩემი შესაძლებლობისა და კეთილი ნების ფარგლებში ვეხმარები,  მაგრამ თუ ვინმე, რამეს დამავალდებულებს, თანაც ისეთს, რაც არ მეკუთვნის, არასდროს გავაკეთებ. ის მთხოვს მკურნალობის ხარჯის ნახევრის გადახდას, მაგრამ, ალბათ, სასამართლოზე შევხვდებით ერთმანეთს. ეს არის ჩემი ბოლო პასუხი, რომელიც შეიძლება, ბევრისთვის ორაზროვანი იყოს. მე ჩემი სიმართლე გამაჩნია.