ავსტრიაში გაუჩინარებული ქართველი გოგონას გარდაცვალების იდუმალებით მოცული დეტალები

ავსტრიაში გაუჩინარებული ქართველი გოგონას გარდაცვალების იდუმალებით მოცული დეტალები

ექსკლუზიური ინტერვიუ სოფიკო ლოლაშვილის საქმის ავსტრიელ გამომძიებელთან

საქართველოში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ავსტრიაში გაუჩინარებული ქართველი გოგონა მდინარე დონაუში გარდაცვლილი იპოვეს. საიდუმლოებითა და ბურუსითმოცული ისტორია უამრავ კითხვას ბადებს და მათი უმრავლესობა უპასუხოდაა დარჩენილი. ბევრი ვერსია გაჟღერდა სხვადასხვა მედიასაშუალებაში, რადიოსა თუ ტელევიზიაში. მეტიც, ინტერნეტსივრცეში გავრცელდა ინფორმაციები, რომ სოფიკო ლოლაშვილი მოკლეს, მაგრამ ყველაფერთან ერთად ჩემთვის ძალიან დიდი ინტერესი ერთმა ფაქტორმა გამოიწვია - რატომ დადიოდა გერმანულის სასწავლებლად სოფიკო სახლიდან 220 კილომეტრის მოშორებით, როცა ქალაქ ვენაშიც ათასობით კურსი და სასწავლებელია, უკეთესიც და ეფაქტურიც? ამ და სხვა კითხვებზე პასუხის მისაღებად, ქალაქ ლინცში, შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურს ვესტუმრე. იქ მისვლა მას შემდეგ გადავწყვიტე, რაც შს სამინისტროს ვენის ოფიციალურმა სამსახურმა ვერანაირი ინფორმაცია ვერ მომცა და ლინცის კრიმინალურ დეპარტამენტში გადამამისამართა _ მომხდარს, იქ იძიებენო. ლინცის კრიმინალური პოლიციის თანამშრომელი, ქალბატონი პეტრა დეტჩერი (Petra Datscher), რომელსაც საქმის დეტალების დამუშავება ევალება, ,,ვერსიას' ექსკლუზიურად ესაუბრა და შეძლებისდაგვარად გაუმხილა ინფორმაცია, რომლის გასაჯაროებაც ამ ეტაპზე შესაძლებელი და დაშვებულია.   

სამუშაოდ იყო ჩასული. ოპერი გოგონა ვენაში, ერთ-ერთ ოჯახში, მიმდინარე წლის დასაწყისიდან მუშაობდა. ამავდროულად დადიოდა გერმანული ენის კურსებზე სხვა ქალაქში - ლინცში, რომელიც მისი სახლიდან 220 კილომეტრით არის დაშორებული. ავსტრიული გამოცემები იუწყებიან, რომ გოგონა ბევრს მგზავრობდა. ქალაქ გრაინში კი, სადაც ეს სამწუხარო და ბურუსით მოცული ამბავი მოხდა, თურმე ერთხელ უკვე ყოფილა ნამყოფი. სოფიკო სახლიდან 29 აპრილს გავიდა. არსებული ინფორმაციით, ქალაქ ლინცში არც სასწავლებელში გამოცხადდა და არც სახლში დაბრუნებულა, არადა იმავე დღეს უნდა დაბრუნებულიყო. პოლიცია გაყვა მისი ტელეფონის კვალს. მობილური სიგნალის გადამცემი ანძა მის ბოლო აქტივობას პატარა ქალაქ გრაინში აფიქსირებს. 11 მაისს მდინარე დონაუში გამვლელმა მამაკაცმა შენიშნა ცხედარი და დარეკა პოლიციაში. დეენემის ანალიზმა დაადასტურა, რომ ცხედარი ნამდვილად ეკუთვნის დაკარგულ სოფიკო ლოლაშვილს. 13 დღე გაუჩინარებული გოგონას იდენტიფიცირებისთვის აუცილებელი იყო სწორედ დეენემის ანალიზის პასუხის მიღება. ,,ვერსიის' კითხვაზე, არის თუ არა ახალი ინფორმაციები სოფიკო ლოლაშვილის საქმესთან დაკავშირებით, პეტრა დეტჩერი ამგვარად პასუხობს: - როგორ მოხდა ეს ყველაფერი ჯერ კიდევ გასარკვევია. კითხვებზე ჯერჯერობით კონკრეტული პასუხები არ გვაქვს, ვინაიდან მიმდინარეობს გამოძიება. ამ ეტაპზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ გვამს არ ეტყობა ძალადობის კვალი, თუმცა ძიება მიმდინარეობს ყველა მიმართულებით. 

- სოფიკო მართლა ვენაში ცხოვრობდა? 
- დიახ, ვენაში ცხოვრობდა და ის მართლაც მიემგზავრებოდა ლინცში გერმანულის კურსებზე. 

- დადასტურდა, რომ ხშირად მგზავრობდა ასე შორს? 
- დიახ, ეს არ იყო მისი პირველი მგზავრობა, იგი მართლაც ხშირად მოძრაობდა ლინცის მიმართულებით. 

- და რატომ დადიოდა ასე შორს, სამუშაო და საცხოვრებელი ბინიდან 220 კილომეტრის მოშორებით? 
- არ ვიცი, ნამდვილად ვერ გიპასუხებთ. გამოძიება ყველაფერს დაადგენს. ყველა დავკითხეთ: ოჯახის წევრები, მეგობრები, ნაცნობები და ჯერ-ჯერობით ამაზე ვერ გიპასუხებთ. არ ვიცით რატომ დადიოდა ქალაქ ლინცში სასწავლებლად და ვერც იმას გეტყვით, იმ ეტაპზე რატომ იმყოფებოდა სოფიკო ქალაქ გრაინში. 

- როგორ მიაკვლიეთ მის ცხედარს? 
- გამვლელმა მამაკაცმა მდინარე დონაუს სანაპიროზე სეირნობისას შენიშნა ქალის უსიცოცხლო ცხედარი და სასწრაფოდ დარეკა პოლიციაში. დეენემის ანალიზმა და ობდუქციის (გვამის გაკვეთა) ჩატარებამაც დაადასტურა, რომ გვამი სოფიკოს ეკუთვნის. ტარდება ტოქსიკური ანალიზი და რამოდენიმე კვირაში იქნება პასუხი. ქალბატონი დეტჩერი დაგვპირდა, რომ გამოძიების მსვლელობის შესახებ ოპერატიულად მოგვაწვდის ინფორმაციას და ასევე გვაცნობებს ყველა ანალიზის პასუხს, როგორც კი დასკვნები მზად იქნება. ახლახან, მედიამ გაავრცელა ასეთი ინფორმაცია - ოჯახი დარწმუნებულია, რომ სოფიკოს თავი არ მოუკლავს. გოგონას ჰყავდა თაყვანისმცემელი გერმანიაში და, შესაძლოა, იგი მას ავსტრიაში, ქალაქ გრაინში შეხვდა. შესაძლოა, ისინი ამ შეხვედრაზე წინასწარაც იყვნენ შეთანხმებულები. ოჯახს აინტერესებს, როგორ მოხვდა გოგონა ქალაქში, რომელიც სასწავლებლიდან 40 კილომეტრის მოშორებითაა, რას აკეთებდა და რა უნდოდა იქ? იმედია, ყველა ამ კითხვაზე პასუხს, გამოძიება გასცემს. ,,ვერსია' კი, ქართველი გოგონას გარდაცვალების შესახებ ახალ ინფორმაციებს, ავსტრიიდან, ოპერატიულად, ექსკლუზიურად მოგაწოდებთ.