ხელისუფლების წარმომადგენელთა მიერ ლარის გაუფასურების კონტექსტში მსხვილი ბანკების მოხსენიებამ ექსპერტებში სხვადასხვა მოსაზრება გააჩინა. მათი ნაწილი მიიჩნევს, რომ ამ მიმართულებით არსებული ეჭვები საფუძვლიანია, ხოლო ნაწილი ამ განცხადებებში საბანკო სისტემისთვის სერიოზულ საფრთხეებს ხედავს.
საქმე ეხება ვერსიას, რომლის შესახებ ექსპერტთა ნაწილი დღემდე მხოლოდ კულუარულად საუბრობდა, კახა კალაძემ ამ მიმართულებით ხელისუფლებაში არსებულ გარკვეულ ეჭვებზე არაორაზროვნად მიანიშნა, როდესაც განაცხადა:
„რაც შეეხება ქადაგიძის უწყებას, ჩვენ არა ერთხელ გავაკეთეთ განცხადება, უბრალოდ დეტალურ ინფორმაციას ვერ ვიღებთ, კანონმდებლობით არ გვაქვს ამის საშუალება. ამასთან დაკავშირებით ეკონომიკის მინისტრმაც ისაუბრა, რომ უჭირს რაიმე დეტალებზე ისაუბროს, კონკრეტულ ამ ფაქტთან დაკავშირებით, თუნდაც ავიღოთ დიდი ბანკების ტრანზაქციები, არ ვიცით ბოლო კვირების განმავლობაში რა ტრანზაქციები განხორციელდა ,,საქართველოს ბანკის’’, თუ ,,თი-ბი-სი’’ ბანკის მიერ. ეროვნული ბანკის პრეზიდენტს ამ ყველაფრის ბერკეტი ნამდვილად გააჩნია. მას შეუძლია ჩაერიოს ამ კონკრეტულ პროცესში და დაეხმაროს ხელისუფლებას იმ პრობლემის მოგვარებაში, რაც დღეს არის საქართველოში.“
კალაძის განცხადებას ოპერატიულად უპასუხა და მას „უხერხული“ უწოდა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა. გიორგი ქადაგიძის თქმით, როდესაც ყვითელი პრესა საუბრობს შეთქმულების თეორიებზე, ეს შეიძლება გაიგო, რადგან ყვითელი პრესა ცდილობს მოიზიდოს სპეციფიკური ტიპის მკითხველი, მაგრამ როდესაც შეთქმულების თეორიას ავითარებენ პოლიტიკური თანამდებობის პირები, ამაზე ერთადერთი კომენტარია, რომ ეს უბრალოდ, უხერხულია.
„განსაკუთრებით უხერხულია როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ წამყვან ფინანსურ ინსტიტუტებზე. ისეთ ინსტიტუტებზე, რომლის აქციონერი მთავარი კრედიტორი, მრავალი წლის პარტნიორი არის თუნდაც იბიარდი - თუნდაც ის ბანკი, რომლის ფორუმზეც ჩვენ დღეს ვიმყოფებით. რომელი ფორუმიდანაც ჩვენ ვცდილობთ, მაქსიმალური შედეგი მივიღოთ. ეს რამდენად უწყობს ხელს ყველაფერ ამას, განსჯა თქვენთვის მომინდია... კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვამ იმ გარემოებას, რომ ჩვენი თანამდებობის პირების მიერ გაკეთებული განცხადებები გავლენას ახდენს იმ მოლოდინებზე, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია მოკლევადიანი კურსის ფორმირების პროცესში",- განაცხადა გიორგი ქადაგიძემ.
მისი თქმით, პარლამენტში ის ყველა შეკითხვას პასუხს გასცემს, მათ შორის ტრანზაქციებთან დაკავშირებით.
არაერთი ექსპერტი გამოთქვამს ვარაუდს იმასთან დაკავშირებით, რომ 2014 წლის ნოემბრიდან დღემდე ეროვნულმა ბანკმა სარეზერვო ფონდიდან დაახლოებით 280 მილიონი დოლარი გამოიტანა. საუბრობენ, რომ ეს რეზერვები მხოლოდ ორმა ბანკმა შეიძინა და იმის მაგივრად, რომ მიმოქცევაში გაეშვა, დაარეზერვა.
საბანკო ტრანზაქციებთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებების გამო შეშფოთებას გამოთქვამს ორგანიზაცია "საზოგადოება და ბანკები" და აღნიშნავს, რომ ხელისუფლების მხრიდან ბანკების ტრანზაქციების არასწორ კონტექსტში ხსენება უარყოფით სიგნალს უგზავნის არსებულ და პოტენციურ ინვესტორებს.
“შეგახსენებთ, რომ ნებისმიერი საბანკო ოპერაცია არის კომერციული საიდუმლო და ფინანსური ინსტიტუტების სტაბილურობა დიდ წილად ამაზე დგას. იმ ფონზე, როდესაც თბილისში წარმატებით ტარდება ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის წლიური შეხვედრა და ბიზნეს ფორუმი და EBRD მაღალ შეფასებას აძლევს ქართულ საბანკო სისტემას, ახასიათებს მას, როგორც სტაბილურს და კარგად კაპიტალიზებულს, ხელისუფლების მხრიდან ბანკების ტრანზაქციების არასწორ კონტექსტში ხსენება უარყოფით სიგნალს უგზავნის არსებულ და პოტენციურ ინვესტორებს. მითუმეტეს, რომ საუბარია ორ უმსხვილეს ქართულ ბანკზე (თიბისი ბანკზე და საქართველოს ბანკზე), რომელთა აქციები ლონდონის საფონდო ბირჟაზეა გასული და მათი აქციების დიდი წილის მფლობელი თავად არის EBRD", - ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.
ორგანიზაცია მოუწოდებს პოლიტიკურ ძალებს, შეწყვიტონ საბანკო პროცედურებთან დაკავშირებით განცხადებების კეთება და "ნუ დაიწყებენ კონსპირაციული თეორიების განვითარებას ქვეყნის ეკონომიკის ამ უმნიშვნელოვანესი დარგის წინააღმდეგ".
იგივე საფრთხეზე საუბრობს ექსპერტი გია ხუხაშვილი. „კომერსანტთან“ საუბარში ის ამბობს, რომ არ აქვს საკმარისი საფუძველი, რომ ასეთი მძიმე ბრალდებები წაუყენო ვინმეს, თუმცა არ გონია, რომ დღევანდელ საქართველოში ასეთი ოპერაციების დაუსჯელად ჩატარება შესაძლებელია.
„ეს შეიძლება ძალიან მოკლე ვადით დაფარო, მაგრამ საბოლოო ჯამში არ იმალება და აქედან გამომდინარე, არ მგონია, რომ ვინმე ასეთ მანიპულაციაზე წავიდეს. ხელისუფლების ნებართვის გარეშე ასეთი რამის გაკეთება ძალიან სახიფათოა და სრული სიგიჟეა, ვინმეს ასეთი რამ გაებედა. მე არ ვარ მაღალი აზრის ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბიოგრაფიაზე, მაგრამ გასაგებია აღმასრულებელი ხელისუფლების ინტერესი – მისთვის ძალიან მომგებიანია ხელის გაშვერა ეროვნული ბანკის მმართველისკენ. არ გამოვრიცხავ, რომ გიორგი ქადაგიძის მხრიდან რაიმე შეცდომები იყო დაშვებული ამ პროცესში, მაგრამ ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ეროვნულ ბანკს აქვს მოკლევადიანი ინსტრუმენტები და ამ ინსტრუმენტების გამოყენებას აზრი არ აქვს, თუ მთავრობამ სტაბილიზაციის გრძელვადიანი ეკონომიკური საფუძველი არ შექმნა. მე ვფიქრობ, რომ დღეს პრობლემა უფრო აღმასრულებელ ხელისუფლებაში გვაქვს, ვიდრე ეროვნულ ბანკში. საერთოდ ვურჩევდი. ერთმანეთისკენ ხელის გაშვერის ნაცვლად ერთად დასხდნენ და იფიქრონ ქართულ სახელმწიფოზე,“ – აცხადებს ხუხაშვილი.
არგუმენტებზე იმასთან დაკავშირებით, რომ ხელისუფლებას არ აქვს წვდომა სავალუტო ბაზარზე მიმდინარე პროცესებზე, ექსპერტი ამბობს, რომ, შესაძლოა ხელისუფლებას მართლაც არ აქვს ყოველწუთიერი წვდომა ამ პროცესებზე და არც უნდა ჰქონდეს, თუმცა მას არასერიოზულად მიაჩნია განცხადებები იმის შესახებ, რომ, სურვილის შემთხვევაში ხელისუფლებას პრობლემები აქვს ინფორმაციის მიღებასთან დაკავშირებით. ხუხაშვილის თქმით, ძალიან ადვილია კრიტიკა „უკანა რიცხვით“.
„თუ ასეთი ჭკვიანი ხარ და იცოდი, რა უნდა გაეკეთებინა ეროვნულ ბანკს, ხომ შეგეძლო ელემენტარულად აგეღო ტელეფონი, დაგერეკა ეროვნული ბანკის მმართველისთვის, მიგეცა რეკომენდაცია, და თუ არ გაითვალისწინებდა, მერე გელაპარაკა. პოსტფაქტუმ კრიტიკა ძალიან ადვილია. ეს უფრო ექსპერტების ფუნქციაა, მთავრობას კი უფრო მეტი პასუხისმგებლობა აქვს და ეჭვებით არ უნდა ისაუბროს.“ – აცხადებს ხუხაშვილი და ამბობს, რომ მთავრობას გააჩნია ბევრი მაკონტროლებელი მექანიზმი, საფუძვლიანი ეჭვის შემთხვევაში შეისწავლოს ეს საკითხები და გამოითხოვოს ინფორმაცია.
„იმაში, რომ ამ პერიოდში ყველაზე აქტიურები იყვნენ თიბისი და საქართველოს ბანკი. არის ლოგიკა იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ესაა ორი უმსხვილესი ბანკი და ნებისმიერ პროცესში მათი აქტივობა სხვა ბანკებთან შედარებით ჯამურად უფრო მაღალია,“ – ამბობს ხუხაშვილი.
მისი თქმით, დღეს მთავრობას სჭირდება განტევების ვაცი და ასეთი გიორგი ქადაგიძეა:
„ძალიან მარტივ კითხვას ვსვამ – თუ ქადაგიძე ასეთი ცუდია და ასეთი ეჭვები აქვთ მის მიმართ, რასაც, არ უარვყოფ, შესაძლოა ჰქონდეს საფუძველი, რატომ ვერ ახერხებენ დღემდე მისი პრობლემის გადაწყვეტას? მარტივი მიზეზის გამო – ხელისუფლებას თავად არ აწყობს ქადაგიძის პრობლემის გადაწყვეტა, მას ურჩევნია, ქადაგიძე იყოს ეროვნული ბანკის მმართველი იმიტომ, რომ ის არ არის მათი გუნდის წევრი და ყავთ სუბიექტი, ვისზეც შეუძლიათ ქვეყანაში არსებული პრობლემების გადაბრალება. რომ წარმოვიდგინოთ, რომ ქადაგიძე გადადგეს და ქართულმა ოცნებამ დანიშნოს საკუთარი კადრი, ხომ ცხადია, რომ ვითარებას უკეთესობისკენ ისიც ვერ შეცვლის. შესაბამისად, მოუწევთ პასუხისმგებლობის აღება. ასე რომ მათთვის კომფორტულია, როდესაც ეროვნულ ბანკში არის ადამიანი, ვისზეც შეუძლიათ საბოტაჟის და სხვა სახის თეორიები შეთხზან. ეს არის რეალობა. არაჯანსაღი რეალობა,“ – აცხადებს ხუხაშვილი და ამბობს, რომ იმის მიუხედავად, აქვს თუ არა საფუძველი კახა კალაძის განცხადებას „თიბისისა“ და „საქართველოს ბანკთან“ დაკავშირებით, როდესაც ამაზე საუბრობს ვიცეპრემიერი, ეს ვალუტის კურსზე და ფინანსურ დაძაბულობაზე ნეგატიურად აისახება.
„ერთის მხრივ ხელისუფლება მოგვიწოდებს თავი დავანებოთ აჟიოტაჟს და მეორეს მხრივ, თვითონ გვთავაზობს ახალ-ახალ შეთქმულების თეორიებს. როგორ უნდა მოვიქცეთ ჩვენ? უნდა დავწყნარდეთ თუ ვინერვიულოთ?.. ეს ძალიან წინააღმდეგობრივი პოლიტიკაა. კალაძემ დილით გამოაცხადა, რომ აჟიოტაჟს თავი დავანებოთ და საღამოს გვთავაზობს შეთქმულების თეორიას,“ – აცხადებს გია ხუხაშვილი.
მისი თქმით, ფინანსურ ინსტიტუტებზე შეხება არის ისეთი ფაქიზი თემა, რომ, რომც ჰქონდეს ხელისუფლებას მძიმე ბრალდების საფუძველი და დანაშაული დადასტურებული იყოს რომელიმე ბანკში, ამის შესახებ ღიად საუბარი სახიფათოა, რადგან ამან შესაძლოა გამოიწვიოს ისეთი პანიკური რყევები, რასაც ვერცერთი ხელისუფალი ვერ გააჩერებს. ექსპერტი არ გამორიცხავს, ისეთმა განცხადებებმა, რომელიც კალაძემ გააკეთა, შესაძლოა, ლარის კურსის ნახტომისებური ვარდნა გამოიწვიოს, რადგან ფსიქოლოგიური ფონი ლარის კურსთან დაკავშირებით კიდევ უფრო გაუარესდება.
პოლიტიკის ანალიზის ცენტრის მკვლევარის, ვახტანგ ლეჟავას შეფასებით, ისეთი განცხადებები, როგორიც კახა კალაძემ გააკეთა, ცალსახად დამაზიანებელია როგორც ფინანსური სექტორის, ისე მონეტარული სისტემისა და მთელი ეკონომიკისთვის.
„ეს ორივე კომპანია არის საჯარო, ისინი არიან კოტირებულნი ბირჟებზე, არიან ქართული ფინანსური სისტემის და ეკონომიკის სახე და ყველა ასეთი განცხადება ძალიან ცუდად მოქმედებს ინვესტორებზე. მეორეც – თუკი რაიმე ტრანზაქციები ხდება, ისინი ან ლეგიტიმურია, ან არა. თუ უკანონოა, ამას აქვს თავისი პროცედურული ნაწილი, რომლითაც შეიძლება დადგინდეს, თუ რაიმე უკანონო ტრანზაქციებია. თუ კანონიერია, ვიღაცას მოწონს ან არ მოწონს, მაგრამ ეს მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირების შესაფასებელი არ არის. მესმის მხოლოდ ეჭვები, რომელსაც არგუმენტაცია არ ახლავს. კანონი თუ არ დაურღვევიათ, ეს არავის საქმე არ არის და აქ დამთავრებულია ყველაფერი. ღვთის მადლით, საქართველოში კაპიტალის გადაადგილების თავისუფლებაა და ეს თავისუფლება დაცული უნდა იყოს,“ – აცხადებს ლეჟავა. მისი თქმით, მსგავსი განცხადებები პირდაპირ გავლენას ახდენს ლარის კურსზე და მის დევალვაციას იწვევს, რადგან ამ პროცესებს გაფაციცებით უსმენს ყველა ინვესტორი და ჩვენ დავდგებით არა მხოლოდ ახალი ინვესტიციების შეფერხების, არამედ უკვე არსებულის გატანის საფრთხის წინაშე.
საქართველოს რეფორმების ასოციაციის (GRASS) ეკონომისტი ბესო ნამჩავაძე აცხადებს, რომ ეს ძალიან საფრთხილო თემაა, შედეგად, ეს საკითხი რომ დაიძრას, საბანკო სექტორის სტაბილურობას დიდი დარტყმა მიადგება. „თუ ამის ეჭვები არსებობს, სანამ ის ფართო განხილვის საგანი გახდება, ჯობს მთავრობა, ეროვნული ბანკი და ბიზნესი ჩაკეტილ ოთახში დასხდნენ და შიდა განხილვა მოაწყონ“-აცხადებს ნამჩავაძე.