NDI-ს საქართველოს ოფისის დირექტორის აღიარება

NDI-ს საქართველოს ოფისის დირექტორის აღიარება

,,ადამიანები შეიძლება, მარტივად დაბნეულიყვნენ, რადგან ქართულ ენაში სიტყვები ერთმანეთს ჰგავს... შესაძლოა, ეს ინფორმაციის ნაკლებობითაა გამოწვეული!

მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებამ არაერთხელ დაადასტურა თავისი სწრაფვა ევროპული ოჯახისკენ, ოპონენტები ჯიუტად ამტკიცებენ, რომ საქართველომ საგარეო კურსი შეიცვალა. და ეს იმის ფონზე, როცა ხელისუფლება მუდმივად აფიქსირებს, რომ კურსის ცვლილება არც კი განიხილება. არადა, 12 მაისს NDI-ს მიერ გამოქვეყნებული კვლევების შედეგებში ჩანს, რომ ევრაზიულ კავშირში გაწევრიანების მომხრეთა რიცხვი საგრძნობლადაა გაზრდილი. ზოგადად, NDI-ს კვლევები საქართველოში არასოდეს მიიჩნეოდა რეალობასთან ახლოს მდგომად, მაგრამ გამოკითხვებს მხოლოდ ეს ორგანიზაცია ატარებს და შესაბამისად, იძულებულნი ვართ, სწორედ მის მიერ მოწოდებული შედეგები განვიხილოთ.    

ის, რომ საქართველოში მთავარი პრობლემა ინფლაცია და უმუშევრობაა, გამოკითხვაც არ უნდა, ამას არავინ მალავს, მაგრამ ევრაზიულ კავშირში საქართველის გაწევრიანების მომხრეთა რაოდენობა რომ გაიზარდა, აშკარად საეჭვოდ მოსჩანს. მიუხედავად ამისა, კვლევის შედეგები ოპერატიულად შეაფასეს ოპოზიციის წევრებმა და აღნიშნეს, რომ მათი ვარაუდი, კურსის ცვლილებასთან დაკავშირებით, აშკარად ახლოსაა რეალობასთან. აღნიშნულ კვლევას გამოეხმაურა პრეზიდენტიც. გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, რომ NDI-ს მიერ ჩატარებული ბოლო კვლევა, რომლის თანახმად, 31%-სთვის ევრაზიულ კავშირში გაწევრიანება მისაღებია, მისთვის მნიშვნელოვან ტენდენციას ასახავს. პრეზიდენტის მტკიცებით, ევრაზიული კავშირის მიმართ მხარდაჭერის გაზრდამ, პოლიტიკური ძალები პროდასავლური იდეის გარშემო უნდა გააერთიანოს. პრეზიდენტს მხარი საპარლამენტო ოპოზიციამ აუბა და გამოაცხადა, რომ ევროპული იდეის დასაცავად პოლიტიკური ძალების უმეტესობა ისედაც აქტიურია, პრორუსული განწყობის შექმნას და პროპაგანდის გაძლიერებს კი თავად ხელისუფლება უწყობს ხელს.

საინტერესო კომენტარი გააკეთა დემოკრატიული მოძრაობის ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ. იგი მიიჩნევს, რომ ევრაზიული კავშირის მიმართ ინტერესი 31%-ზე გაცილებით მეტს აქვს და ეს თავად დასავლელი პარტნიორების არასწორი ქმედებების შედეგია. სხვადასხვა გამოცემამ ეს თემა მეორე დღეს მთავარ ,,სენსაციად' აქცია. მხოლოდ მშრალი ციფრები კი არა, ისიც დაიანგარიშეს, ხელისუფლებისა და ოპოზიციის მომხრეთა რამდენი პროცენტი უჭერს მხარს ევრაზიულ კავშირს და გაარკვიეს, რომ ,,ქართული ოცნების' მომხრეების 39%-ს და ნაციონალური მოძრაობის 23%-ს ევრაზიულ კავშირში გაწევრიანება სურს. საინტერესო მოსაზრება გამოთქვა NDI-ს საქართველოს ოფისის დირექტორმა ლორა თორნტონმა. ,,ევრაზიულ კავშირთან დაკავშირებით კითხვა დასმული იყო ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებისა და NAთO-ში გაწევრიანების მხარდაჭერასთან ერთად. ამის გამო ადამიანები შეიძლება, მარტივად დაბნეულიყვნენ, რადგან ქართულ ენაში ეს სიტყვები ერთმანეთს ჰგავს. ასევე ვფიქრობ, შესაძლოა, ეს ინფორმაციის ნაკლებობითაა გამოწვეული. ჩემთვის უფრო საინტერესოა ევროატლანტიკური ინტეგრაციის შესახებ დასმული ის კითხვები, რომლებიც სარგებელს ეხება. მოსახლეობის დაახლოებით 68% უჭერს მხარს ასოცირების ხელშეკრულებასა და ჩრდილოატლანტიკური ინტეგრაციის პროცესს, მაგრამ ამ პროცესიდან საქართველოსთვის სარგებელს მხოლოდ 49% ხედავს მაშინ, როცა იზრდება იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც სარგებელს ვერ ხედავენ. ვფიქრობ, მეტი ყურადღება სწორედ მოსახლეობისთვის მეტი ინფორმაციის მიწოდებას უნდა დავუთმოთ - რას ნიშნავს ევროატლანტიკური ინტეგრაცია, რა სარგებელი შეიძლება ქვეყანამ მიიღოს და რას უნდა ელოდეთ. ვფიქრობ, მოსახლეობას უკეთ უნდა ავუხსნათ, რას ნიშნავს ეს ორგანიზაციები და ამ 31%-ზე არ უნდა ვფოკუსირდეთ', - ეს სიტყვები თორნტონმა ,,ტაბულას' უთხრა. შეგახსენებთ, რომ ევრაზიულ კავშირში საქართველოს გაწევრიანებას, NDI-ს აგვისტოს გამოკვლევის თანახმად, 20 პროცენტი უჭერდა მხარს, 2013 წლის ნოემბრის კვლევის თანახმად კი, მხოლოდ - 11.