მიშა უკრაინაში რუსულ ინტერესებს ატარებს?!

მიშა უკრაინაში რუსულ ინტერესებს ატარებს?!

ვედეთის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრის, სააკაშვილის მეგობარ კარლ ბილდტის მოსკოვური ბეგრაუნდი

აგვისტოს ბოლოს უკრაინა დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. სწორედ ამ დღისთვის, უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ საინტერესო ინიციატივა მიიღო _ ქვეყანაში ნაცისტური და კომუნისტური სიმბოლიკების პროპაგანდა აიკრძალა. მოკლედ, აგვისტომდე უნდა მოესწროს და თუ სადმე, რომელიმე ფასადზე ნამგალი და უროა გამოსახული ან ფაშისტური სვასტიკა, უნდა მოიხსნას, წაიშალოს, რესტავრაცია გაუკეთდეს. ამით პოროშენკომ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მისთვის რუსეთი ფაშიზმთან ასოცირდება და ასოცირდება იმის გამო, რასაც რუსები უკრაინის ტერიტორიაზე სჩადიან. მიუხედავად ამისა, თამამად შეიძლება ითქვას, რომ მიხეილ სააკაშვილმა უკრაინასა და რუსეთს ე.წ. კოჰაბიტაცია მოუწყო და შუაში შვედეთის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, თავისი მეგობარი კარლ ბილდტი ჩაჩხირა.    

მოკლედ, ცოტა ხნის წინ ბილდტი რუსული ნავთობკომპანიის მრჩევლად დაინიშნა. ამის შესახებ ნავთობკომპანიის მფლობელმა, მიხაილ ფრიდმანმა თავად განაცხადა და დაადასტურა, რომ ბილდტის გამოცდილება და კავშირები მისი კომპანიისთვის აშკარად სასარგებლო იქნება. აქვე შეგახსენებთ, რომ ფრიდმანი რუსეთში უმდიდრეს ადამიანთა სიაში მეორე ადგილს იკავებს და ქვეყნის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის უახლოეს მეგობრად ითვლება. თითქოს ამაში უცნაური არაფერია, უმუშევარი ბილდტის დასაქმებაზე რუსეთმა იზრუნა, მაგრამ ერთი დღით ადრე იგივე ბილდტი უკრაინაში დასაქმდა. უფრო კონკრეტულად კი, რუსული ინფორმაციის გასაჯაროებამდე 1 დღით ადრე, 2015 წლის 13 მაისს, უკრაინის პრეზიდენტის ბრძანებულებით, კარლ ბილდტი პეტრო პოროშენკოს რეფორმების მრჩეველთა საბჭოს წევრად დაინიშნა. ამ საბჭოს კი ვინ ხელმძღვანელობს?! სწორია - მიხეილ სააკაშვილი. ბარემ იმასაც გეტყვით, რაც შესაძლოა, ბევრმა თქვენგანმა არ იცოდეს _ 2001 წელს, ბილდტი ბერმუდის კუნძულებზე დარეგისტრირებული ოფშორული რუსული კომპანია ,,ვოსტოკ ნაფტა ინვესტმენტის' აქციონერი და მმართველი კაბინეტის წევრი გახდა. ეს კომპანია მართავდა ,,გაზპრომისა' და ,,როსნეფტის' აქტივებს რუსეთის საზღვრებს გარეთ.

როგორია? თამამად შეიძლება ითქვას, ბილდტს რუსეთში პირდაპირი ინტერესი აქვს, მაგრამ ასევე ვალდებულია, პოროშენკოს ისეთი რამ ურჩიოს, რაც სარგებელს უკრაინას მოუტანს და არა - რუსეთს. ეს კი ბილდტს, უბრალოდ, არ აწყობს და რა გამოდის?! რა და ის, რაც აქამდე გამოსულა. ბილდტისა და სააკაშვილის ურთიერთობაზე არაერთხელ თქმულა და დაწერილა. პიარის კომპანია ,,კრეაბი', რომელსაც ბილდტი პოლიტიკაში წასვლამდე ხელმძღვანელობდა, შემდგომში საქართველოს წინა ხელისუფლების მთავარი ლობისტი გახდა და მის ანგარიშზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან მილიონობით ევრო ირიცხებოდა. სწორედ ,,კრეაბი' ცდილობდა დაემტკიცებინა, რომ სააკაშვილის ხელისუფლებამ ყველა არჩევნები სუფთად მოიგო და ეს მაშინ, როცა საქართველოში შვედეთის ელჩმა ჰანს გუნარ ადენმა პირდაპირ მიუთითა, რომ არჩევნები მინიმუმ უკეთესის სურვილს ტოვებდა. ,,ხანდახან კვლავ გაისმის კრიტიკა სააკაშვილის რეჟიმისა და გარკვეული ლობისტების მიმართ, რომელსაც სააკაშვილი დიდ ფულს უხდიდა. მათ შორის ასახელებენ ხოლმე ხშირად ბილდტს და ,,კრეაბს'. საქართველოში ზოგადად ცნობილია, რომ ბილდტი სააკაშვილის ძალზე ახლო მოკავშირე იყო, ხოლო ,,კრეაბი' სააკაშვილისთვის მუშაობდა', - აცხადებდა ჰანს გუნარ ადენი. მოქმედ ელჩს ყოფილი სწორედ მას შემდეგ დაერქვა, რაც არჩევნების შესახებ შენიშვნები ღიად დააფიქსირა. ბილდტმა იგი საქართველოდან ვადაზე ადრე გაიწვია და სააკაშვილს თავისტკივილი მოუხსნა. შვედური გამოცემა ,,აფტონბლადეტი' კარლ ბილდტის ირგვლივ შექმნილ სკანდალზე ხშირად წერს და არ მალავს, რომ ბილდტი და სააკაშვილი ერთმანეთთან არამარტო მეგობრული ინტერესებით იყვნენ დაკავშირებულნი. ერთ-ერთ სტატიაში ნათქვამია, რომ შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მრჩეველი და მისი უახლოესი გარემოცვის წევრი ულოფ ერენკრონა, საქართველოსთვის კომპანია ,,კრეაბში' მუშაობის პარალელურად, სახელმწიფო სამსახურშიც მსახურობდა. ,,აფტონბლადეტმა' ის ხელშეკრულება დადო, რომელიც ,,კრეაბსა' და საქართველოს შორის 2006 წლის ნოემბერშია დადებული ერთი წლის ვადით. ხელშეკრულებაში მითითებულია ,,კრეაბის' სტრატეგიული მრჩეველი ულოფ ერენკრონა, ეს ხდება სამი კვირით ადრე, ვიდრე იგი საგარეო საქმეთა სამინისტროში ბილდტის უახლოეს მრჩევლად დაინიშნებოდა. საქართველოს მთავრობის თანახმად, არსადაა მითითებული, რომ ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში ჯგუფის შემადგენლობაში ცვლილებები მოხდა, თუმცა ერენკრონა ამტკიცებს: ,,როდესაც მთავრობაში შევედი, მე არავითარი პარალელური ფუნქციები არ მქონია'. ,,აფტონბლადეტმა' ის დოკუმენტებიც გამოაქვეყნა, რომლებიც ასახავს 2006_2007 წლებში 18 მილიონი კრონის ოდენობის გადარიცხვებს საქართველოს მთავრობიდან ,,კრეაბში'. ეს არის მცირე ნაწილი იმისა, რაც საქართველოს ხელისუფლებამ ,,კრეაბისთვის' ,,გაიმეტა' და ნუ გაგიკვირდებათ, თუ იგივეს მალე უკრაინის ხელისუფლებაც დაიწყებს და პიარკომპანია ,,კრეაბი' ამჯერად უკრაინულ მილიონებს მიიღებს.