“ვიდრე ხელმესამედ ნდობაგამოცხადებული იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი “მდიდარ მემკვიდრეობაზე”, სოფლის მეურნეობის მინისტრი დანელია კი, სოფლად დაწყებული “დიდი პროგრამების” მნიშვნელობაზე საუბრობენ და ვიდრე ღარიბაშვილის მთავრობა თავს სოფლის მეურნეობაში მიღწეული წარმატებებით იწონებს, სოფელს ძალიან უჭირს. ისე, არ იფიქროთ, თითქოს რეგიონები ცუდ დღეში რომ არიან, ახლა გავიგე. უბრალოდ, რეგიონებში არსებულ პრობლემას ბოლო დროს კიდევ ერთი დაემატა და არცთუ ადვილად გადასაწყვეტი - ერთი წელია, ძალიან გაძნელდა მიწის დაკანონება”...
როგორც “ქართულმა სიტყვამ” გაარკვია, ბოლო ერთი წლის განმავლობაში, იმ გლეხებს, რომლებიც მიწას, წლების განმავლობაში, ფლობდნენ და ამუშავებდნენ, ამასთან, სახელმწიფოს მიერ თავის დროზე გაცემული პრივატიზების მოწმობებიც აქვთ, ნაკვეთებს ვერ იკანონებენ.
მიზეზი უამრავია, მათ შორის, - ბევრი გაურკვეველი. საჯარო რეესტრში წარდგენილი დოკუმენტების განხილვასა და დაკანონებას დიდი დრო მიაქვს და საქმე ხშირად შეწყვეტით მთავრდება.
საჯარო რეესტრიდან მოსული პასუხების უმრავლესობა ასეთია: “საქმეში აღმოჩენილია ხარვეზი და ერთი თვის განმავლობაში ან უნდა აღმოიფხვრას, ან დაინტერესებულმა პირმა უნდა მიმართოს სასამართლოს”.
რა იგულისხმება ამ “აღმოჩენილ ხარვეზში”, ვერავინ აკონკრეტებს..
ვ. გ-შვილი დუშეთის რაიონში ცხოვრობს. ის წლების განმავლობაში ფლობდა მიწის ნაკვეთებს ბაზალეთის საკრებულოში, რისი დამადასტურებელი ყველა დოკუმენტი აქვს. წესით, მიწის დაკანონებას ხელს არაფერი უნდა უშლიდეს, მაგრამ უკვე მეათედ მოსდის საჯარო რეესტრიდან გაურკვეველი პასუხი ხარვეზის შესახებ.
ვ. გ.-შვილი: “- ნახევარი წელია, ამ საქმეს დავდევ, ვერაფერი გავარკვიე, რაც მითხრეს, ყველა დოკუმენტი მოვიპოვე და წარვადგინე დუშეთის საჯარო რეესტრში, მაგრამ ისევ მომდის პასუხი, ხარვეზიაო.
- მაინც, რა დოკუმენტები წარადგინეთ?
- პრივატიზების მოწმობა, რაც მაშინ მოგვცეს, როცა კოლმეურნეობები დაიშალა და მიწის ნაკვეთები ჩვენს მფლობელობაში გადმოვიდა, გავაკეთებინე აზომვითი ნახაზებიც, არქივიდან ამოვიღე კომლის შემადგენლობის ორი ცნობა...
- ორი რატომ?
- პირველი არასწორი იყო - ერთმანეთს წლები არ ემთხვეოდაო, არადა, ის გავაკეთე, რაც მითხრეს. წარვადგინე ოჯახის წევრების პირადობის მოწმობების ასლები, გარდაცვლილი წევრის გარდაცვალების მოწმობა, მაგრამ უშედეგოდ... დამღალეს ეს პენსიონერი კაცი, კიდევ უარი მივიღე. ლამისაა, ყველაფერი მივატოვო, მაგრამ რა ვქნა, ჩემს სახელზე რეგისტრირებული მიწების გაფორმება მე მიჭირს და ჩემს შვილებს რომ დავუტოვო, ისინი რას მოახერხებენ?
- საბოლოოდ, რეესტრიდან რა პასუხი მიიღეთ?
- ხარვეზი არ არის აღმოფხვრილიო.
- კიდევ რა დოკუმენტების წარდგენა მოგთხოვეს?
- აი, ეს კი ვერ გავიგე იმიტომ, რომ არ წერია, რა ხარვეზია.
- ცხელ ხაზზე არ დარეკეთ?
- ცხელ ხაზზეც დავრეკე და რეესტრის იურიდიულ სამსახურშიც, მაგრამ ვერაფერი გავიგე, ზუსტად ნახევარი საათი ველოდე, მაგრამ ოპერატორია თუ ვიღაც, არ მიპასუხა..
- ახლა რას აპირებთ?
- არ ვიცი... აღარ ვიცი.
იმას, რომ რეესტრის შესაბამისი სამსახურებიდან ხშირად ასეთი გაურკვეველი პასუხები მოდის, დუშეთის რაიონის საჯარო რეესტრის თანამშრომელი არ მალავს და აცხადებს, რომ მიწების დარეგისტრირება ბოლო ერთი წელია, თითქმის შეუძლებელი გახდა. ამის მიზეზად კი, გამკაცრებულ რეგულაციებს ასახელებს.
რატომ გამკაცრდა რეგულაციები და რატომ ჩააყენეს გლეხები ასეთ სიტუაციაში მაშინ, როცა ხელისუფლება სოფლის მეურნეობის განვითარებასა და ამ გზით საქართველოს კრიზისიდან გამოყვანაზე საუბრობს? - ამაზე პასუხს ვერ სცემს და შეფასებების გაკეთებისგან თავს იკავებს “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია”, რომელიც, როგორც აღმოჩნდა, ვიდრე “ქართული სიტყვა” არ დაინტერესდა, პრობლემას არ იცნობდა.
“- არ შეიძლება, ერთის მხრივ, სოფლის მეურნეობის განვითარებაზე საუბრობდე, ხელისუფლებასთან დაახლოებულ ადამიანებს ერთ ლარად სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ მიწებს ჩუქნიდე და, მეორეს მხრივ, გლეხებს, ვის კისერზეც სოფელი დგას, ასეთ დღეში აყენებდე და შემოსავლის ერთადერთ წყაროს უჭრიდე”, - ამბობს დუშელი გიორგი ნადიბაიძე, რომელიც საჯარო რეესტრში უშედეგოდ სიარულით დაიღალა.
- გიორგი, როგორ ფიქრობთ, ყველაფერ ამას შეგნებულად აკეთებენ?
- რახან სოფელში ვცხოვრობთ, ჰგონიათ, რომ არაფერი ვიცით და არაფერი გვესმის. აქ ჩემნაირი ძალიან ბევრი მინახავს, ამიტომ დარწმუნებული ვარ, რომ რაღაც სხვას ამზადებენ და სახელმწიფო შეგნებულად აფერხებს მიწების რეგისტრაციას.
- სახელმწიფოს ხელოვნური ბარიერები რაში სჭირდება?
- ახალი ხელისუფლება რომ მოვიდა, მიშას დროს გამარტივებული წესით დარეგისტრირებული სახლების რეგისტრაცია გააუქმა. ცოტა ხანში იტყვიან, რომ არც შევარდნაძის დროს გაცემული პრივატიზების მოწმობებია კანონიერიო და ამ მიწებს ერთ ლარად ისევ თავიანთ ახლობლებს მისცემენ - აი, რა უნდათ.
- რა რეგისტრაციის გაუქმებაზე საუბრობთ?
- სააკაშვილის ხელისუფლების დროს, წინასაარჩევნოდ, “ნაციონალებმა” კამპანია დაიწყეს და ყველას, ვისაც ამის სურვილი ჰქონდა, საცხოვრებელი სახლი გამარტივებული წესით გაუფორმეს. მოვიდა ახალი ხელისუფლება და გვეუბნება, ეს რეგისტრაცია კანონდარღვევით მოხდა და გაუქმდაო. მიწის პრობლემა ხომ ვერ მოვაგვარე, ახლა სახლის საბუთებიც ახლიდან მაქვს მოსაგროვებელი, რომ ჩემი ქონება საკუთრებაში დავიმტკიცო. ამის მერე კიდევ იტყვიან, სოფელი უნდა განვითარდესო. რაღაც არ მგონია, ამათ სოფელზე გული შესტკიოდეთ! თუ წინდაუკან სიარულში ამდენი დრო, ფული და ენერგია დავხარჯეთ, მიწას ვინ დაამუშავებს?
ვერ შეედავები ბატონ გიორგის: როცა სახელმწიფო დეკლარირებულად აცხადებს, რომ სოფელი გადაარჩენს ქვეყანას, პირველ რიგში, გლეხს, რომელიც ჯერ კიდევ შემორჩა რეგიონებს, იმის შეგრძნება უნდა ჰქონდეს, რომ საკუთარ მიწაზე შრომობს და ამით ეხმარება ქვეყნის განვითარებას. ეს გრძნობა კი, მანამდე არ ექნება, ვიდრე ქონებას არ დაიკანონებს.
კიდევ ერთი პრობლემა: როგორც “ქართულმა სიტყვამ” გაარკვია, ტურისტულ რეგიონებში გლეხებს მხოლოდ მიწის ერთი ნაკვეთის გაფორმების საშუალებას აძლევენ, დანარჩენს კი, არ უკანონებენ. არაა გამორიცხული, რომ ცოტა ხანში სახელმწიფომ დანარჩენი მიწების დაბრუნება მოითხოვოს და ამით გლეხი ლუკმაპურის გარეშე დატოვოს.