გამოძიებას ბესო ხარძიანის მკვლელობაში სამი ეჭვმიტანილი ჰყავს?

გამოძიებას ბესო ხარძიანის მკვლელობაში სამი ეჭვმიტანილი ჰყავს?

ვიძლევი ცუდ გაფრთხილებას: თუ არ აღდგა სამართალი, 70-იანი წლების სიცილიის მაფია მონაგონი იქნება”, - პირდაპირ ეთერში ამ განცხადების გაკეთებიდან არცთუ დიდი ხნის შემდეგ, ბიზნესმენი ბესო ხარძიანი საკუთარი საცხოვრებელი სახლის სადარბაზოსთან მოკლეს. შეემატება თუ არა ხარძიანის მკვლელობა გახმაურებულ და გამოუძიებელ მკვლელობათა ჩამონათვალს, ვინ იხსნა გლდანის ციხის ჯოჯოხეთისგან ბესო ხარძიანი და რატომ არ მიაჩნიასვანური სასამართლოცივილურ სამართალწარმოებად? - ,,ქართული სიტყვახარძიანების ოჯახის ადვოკატს, მალხაზ სალაყაიას ესაუბრა.

- ბატონო მალხაზ, ხარძიანის მკვლელობაზე საუბრისას ერთმა პოლიციელმა მითხრა, კარგად შეკვეთილი მკვლელობააო...

- კარგად, ან ცუდად შეკვეთილი მკვლელობა რას ნიშნავს? შეკვეთილი -  შეკვეთილია. კანონმდებლობა ამაზე სხვანაირად იტყვის, მკვლელობა ჩადენილია ანგარებითო.

- ალბათ, ჩემს ნაცნობს იმის თქმა უნდოდა, რომ მკვლელმა ბევრი გარემოება კარგად გათვალა, რის გამოც საგამოძიებო პროცესები ყოვნდება. არადა, პროკურატურამ ბიზნესმენის გარდაცვალების დღეს ოჯახს საქმის გამოსაძიებლად სამი დღე სთხოვა...

- რატომ გგონიათ, რომ საქმის გამოძიება გაჭიანურდა? სამართალი ურმით დადისო, - გამოძიების დროს სიჩქარე არ შეიძლება.

- კი ბატონო, მაგრამ საქმეები ცხელ კვალზეც იხსნება ხოლმე...

- რა თქმა უნდა, ასეც ხდება. ახლახან, ყაჩაღობის ფაქტი მოხდა და მსხვერპლმა დამყაჩაღებელი, რომელიც საქმის ასე შებრუნებას არ ელოდა, თავად დააკავა

- ბესო ხარძიანმა მკვლელობამდე განაცხადა, ვიძლევი ცუდ გაფრთხილებას, თუ არ აღდგა სამართალი, 70-იანი წლების სიცილია მონაგონი იქნებაო...

- ბესარიონ ხარძიანი ჩემთან სამართლიანობის აღდგენის სურვილით მოვიდა და იძულებით დათმობილი ქონება, სამართალწარმოების გზით, სამოქალაქო წესით დაუბრუნდა.

რაც შეეხება საპყრობილეში მის წინააღმდეგ განხორციელებულ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობის აქტებს, მათზე მოკვლევას პროკურატურა აწარმოებდა.

- ხარძიანთან ურთიერთობა როდის დაიწყეთ?

- ბესარიონ ხარძიანი ჩემი კლიენტი საპყრობილიდან გათავისუფლების მერე გახდა. მისი ოჯახის წევრებთან ურთიერთობა, წლების განმავლობაში მქონდა, ბოლოს და ბოლოს, ერთ ქალაქში ვცხოვრობთ, ბევრი საერთო ნაცნობი გვყავს. ის ქალაქში თავისუფლად დადიოდა და მისგან, არც მისი ახლობლებისგან არასოდეს მსმენია, რომ ბესოს ეთქვას, ჩემს სიცოცხლეს ვინმე მოსპობით ემუქრებაო.

- ანუ, ხარძიანს არ ეშინოდა?

- დიახ, შიში არ ჰქონდა.

- სამწუხაროდ, ყველაფერი სხვანაირად მოხდა - ის მოკლეს. მკვლელობის წარმომავლობა კი, ჯერაც გაურკვეველია... ბატონო მალხაზ, ბესო ხარძიანს ანდერძი ხომ არ ჰქონია შედგენილი?

- საღსალამათი ახალგაზრდა კაცი დაიღუპა, ჯერჯერობით არ მაქვს ინფორმაცია, რომ ანდერძი ჰქონდა დაწერილი. კანონით, თუკი ანდერძი ექვსი თვის განმავლობაში გამოჩნდა, მასში მოხსენიებული ყველა პირი თავისას მიიღებს...

- საზოგადოება წლების განმავლობაში გახმაურებულმა და გამოუძიებელმა საქმეებმა დაღალა. ბიზნესმენ ბესო ხარძიანის საქმეც მათ რიცხვს ხომ არ შეემატება? წეღან ნახსენები პროკურატურის სამი დღე რაღაც ძალიან გაგრძელდა...

- ხარძიანის საქმეში ხან რა ფაქტი ამოყოფს თავს და ხან - რა.

- ამას წინათ, თქვით, რომ კვალი მრავლობითია.

- მრავლობითში დატოვებულ სამხილებს, ანაბეჭდებსა და ნივთმტკიცებებს ვგულისხმობდი.

- სახელდობრ?

- სატრანსპორტო საშუალება, რომლითაც მკვლელი გადაადგილდებოდა, მეზობელ ქუჩაზე იპოვეს, ასევე, აღკაზმულობაც, რაც ემოსა.

- სახლში, სადაც ხარძიანი ცხოვრობდა, დაცვაზე რომ აღარაფერი ვთქვა, კამერები იყო დაყენებული?

- მარაბდის ქუჩაზე, სამსართულიან სახლში მისი ოჯახის წევრები ცხოვრობდნენ. სახლს რამდენიმე მისასვლელი აქვს, შესაბამისად, რამდენიმე სათვალთვალო კამერაა დამონტაჟებული, წარმოიდგინეთ, დღეების განმავლობაში, რამდენმა მოქალაქემ გაიარა... ყველაფერი წინსწრებით უნდა შეისწავლონ.

- მკვლელი ბიზნესმენის ადგილსამყოფელს, გადაადგილების მარშრუტს, სავარაუდოდ, წინასწარ შეისწავლიდა, არა?

- რა თქმა უნდა. მეუღლემ, ეკა ნონიკაშვილმა მკვლელობამდე რამდენიმე დღით ადრე, ჩაფხუტიანი მოტოციკლისტი დააფიქსირა... მკვლელი გადაადგილების მარშრუტსაც ადგენდა, სწავლობდა და, რახან მიზანი ჰქონდა, მისი იქ ყოფნა სისტემატიური ხასიათის იქნებოდა. ესეც შესასწავლია, რასაც პროკურატურა სამ დღეში ვერანაირად შეძლებდა.

- თავიდან ითქვა, რომ გამოძიებამ მკვლელის ფოტორობოტი შეადგინა...

- ფოტორობოტი, რა თქმა უნდა, გამოძიებას უნდა ჰქონდეს შედგენილი, მაგრამ მისი ამ ეტაპზე საზოგადოებისთვის გამომზეურება გამოძიების ინტერესებს შელახავს. საქმეს მაღალპროფესიონალური ადამიანები უძღვებიან და მსგავსი ინფორმაციების გაჟღერებას მიზანშეწონილად არ მიიჩნევენ.

- ჟურნალისტმა ირაკლი კორძაიამ განაცხადა, რომ კუს ტბის ერთ-ერთი მეწილე ბუბა კიკაბიძეა და მისი შემოსავლის პროცენტები, ხარძიანის გარდაცვალების მერე, გაიზრდება...

- ბესო ხარძიანის წილს, ოჯახის სახით, სამართალმემკვიდრე ჰყავს. ხარძიანის ქონება არაა საჯარო, ან სახელმწიფო საკუთრება, რომ ვინმემ სურვილისამებრ აუქციონზე გაიტანოს, ან ვინმეს გადაუფორმოს. ეს სამართლებრივი ურთიერთობებია, რომელსაც ოჯახის წევრები წყვეტენ.

- ბუბა კიკაბიძეს კუს ტბაზე წილი მართლა აქვს?

- ცოტაოდენი... რაღაც პროცენტები ფიქსირდება.

- ბატონო მალხაზ, არსებობს ინფორმაცია, რომ გამოძიებაში ერევიან და დაბრკოლებებს ქმნიან ყოფილი მაღალჩინოსნები. დასახელდა, მაგალითად, ლაშა ნაცვლიშვილი...

- პროკურატურასთან ურთიერთობაში მსგავსი რამ არც თქმულა და არც დამიფიქსირებია. არ ყოფილა შემაფერხებელი გარემოება არც საგამოძიებო ქმედებისას და არც - დოკუმენტების შედგენისას.

- მგონია, რომ ეს საქმე თქვენ, როგორც ადვოკატს, გახსნილი გაქვთ...

- ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, ვერსიები მაქვს, მაგრამ ამ ვერსიებს ბევრი კითხვის ნიშანიც ახლავს, თუმცა გასაგები მიზეზების გამო, ამის გამხელისგან თავს შევიკავებ. დედამიწის ზურგზე გაუხსნელი დანაშაული არ არსებობს. უიმედო საქმეები ზოგჯერ წლების მერე იხსნება. გამოძიების პროცესში მოქალაქეობრივი თვითშეგნება დიდ როლს თამაშობს. ზოგი დამნაშავეს ხელს აფარებს, ან დეტალებს, რასაც შემთხვევით შეესწრო, არ ამხელს. არადა, ზოგჯერ გამოძიებისა და გამწარებული ოჯახის წინაშე ადამიანური ვალის მოხდა მიზანშეწონილი და გადამწყვეტია... ზოგჯერ ბრალდებულის დაცვაც მიწევს, რათა უკანონოდ არ დაისაჯოს.

- გამოძიებისთვის თქვენეული ვერსიის, ან ვარაუდის შეთავაზების უფლება გაქვთ?

- რა თქმა უნდა, გამოძიებას ყველანაირი ვერსია აქვს, მაგრამ ოჯახმა და მისი ინტერესების დამცველმა შეიძლება, გამოძიებას საკუთარი ვარაუდები შესთავაზონ. მოკლედ, ადვოკატობა ეჭვიანობის პროფესიაა.

- ბატონო მალხაზ, სამართალდამცავი სტრუქტურების, კერძოდ, გამომძიებელ-დეტექტივების მისამართით ხშირად კრიტიკა ისმის, არაკომპეტენტურნი, არაკვალიფიციურნი არიანო. თქვენ, როგორც ყოფილი გამომძიებელი, ხარძიანის საქმის გამომძიებლებს ენდობით?

 - თამამად შემიძლია ვთქვა, რომ კონკრეტულ საქმეში ყველაფერი - შინაარსობრივი, დანაშაულის კვალიფიკაციისა თუ კრიმინალისტიკის მიმართულებით მაღალპროფესიულ დონეზე მიდის. ისე, დაზარალებულის პოზიციიდან ყველა საქმე რთული და მტკივნეულია.

- იმ ფარულმა ჩანაწერებმა, სადაც გია უდესიანი და მაია ხარძიანი საუბრობენ, გამოძიებას რა მისცა?

- ეს მტკიცებულება სამართალწარმოების დროს იქნა წარმოდგენილი, მაგრამ არც იდენტიფიცირებულია და არც მისი ავთენტურობაა დადასტურებული. საპყრობილეში ყოფნისას, ბესო თავისიანებს დაპაროლებული ტექსტებით ესაუბრებოდა - დარწმუნებული უნდა ყოფილიყო, რომ მისი ნათქვამი ადრესატამდე მივიდოდა. ამ მეთოდმა კარგად იმუშავა და თავისი საქმე გააკეთა. თუ გახსოვთ, იმ ჩანაწერში ერთი საინტერესო ფრაზა ისმის: “მე შენ ძმა გაჩუქე!” ამ სიტყვებს უდესიანი მაია ხარძიანს ეუბნება. რატომ და რის ფასად აჩუქა? რა, ბესო ხარძიანი ნივთი იყო?

- ეს რას ნიშნავს?

- უდესიანს მისი ხელისშეწყობა და დახმარება ხელეწიფებოდა.

- გამოდის: ბესო ხარძიანი ციხეში ცოცხალი უდესიანის წყალობით დარჩა?

- სავარაუდოდ.

- ბატონო მალხაზ, არსებობს კულუარული ინფორმაცია, რომ გამოძიებას ბესო ხარძიანის მკვლელობაში სამი ეჭვმიტანილი ჰყავს. აქედან ერთი ჩეჩენია, ერთი - უკრაინელი, მესამეზე კი არაფერია ცნობილი. ითქვა ისიც, ერთმა ეჭვმიტანილმა, თურქეთის გავლით, საქართველო მაშინვე დატოვაო...

- უკრაინა რა შუაშია?.. როგორც ჩანს, ინფორმაცია გაქვთ, კონფიდენტებიც გყავთ და, სავარაუდოდ, გვარ-სახელებიც გეცოდინებათ?! საზოგადოებაში ასეთი ბევრი რამ ითქმება, მაგრამ არანაირი ინფორმაცია არ მაქვს. ჩემი სტატუსიდან გამომდინარე, ამ თემას ვერ გავშლი, ვინაიდან ამით შეიძლება, გამოძიება დავაზიანო.

- .. სვანურ სამართალსა და სვანურ სასამართლოზე რას იტყვით?

- სტუდენტობის დროს, სამართლისა და ტრადიციების თემებზე ბევრი მიმუშავია. ის, რაც იყო, ისტორიას ჩაბარდა და ცივილურმა მეთოდებმა ჩაანაცვლა. თუკი ჩვენს ოჯახურ პრობლემას შინ გადავწყვეტთ, ეს გურულ-მეგრულ-სვანურ სამართალს არ ნიშნავს. წარსულს ხომ ვერ დავუბრუნდებით? ჩვენ გვაქვს მიზანი, რომ საზოგადოებას ბესარიონ ხარძიანის მკვლელის ვინაობა რაც შეიძლება მალე ვაცნობოთ.