თავდაცვის ახალი მინისტრის, თინა ხიდაშელის ჯარის წინაშე დაცვის ოფიცრის თანხლებით წარდგომა უკვე ბევრმა გააპროტესტა. პოზიცია თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, დავით თევზაძემაც დააფიქსირა საგანგებო ბრიფინგზე და ქალი-მინისტრის ქმედება ჯარის ოპერატიულ საქმიანობაში ჩარევად შეაფასა. დავით თევზაძის აზრით, მწყობრის წინაშე გამოსვლა და მით უმეტეს, სამხედრო ქურთუკით, ქართული არმიის შეურაცხყოფა იყო. თევზაძის განმარტებით, უმჯობესი იქნებოდა, ხიდაშელი თანამდებობაზე დანიშვნამდე თავდაცვის სფეროს სპეციფიკას უკეთ გასცნობოდა. დავით თევზაძემ ჟურნალისტების, მათ შორის ,,ვერსიის' კითხვასაც უპასუხა - შემოთავაზების შემთხვევაში, დათანხმდება თუ არა, გახდეს თავდაცვის მინისტრის მრჩეველი. - ბატონო დავით, თავდაცვის მინისტრის მრჩევლობა რომ შემოგთავაზონ, დათანხმდებით?
- მოდით, ასე ნუ ვილაპარაკებთ. მე არ ვარ ის კაცი, ,,თურმეობით' რამეზე ვიმსჯელო.
- მაშინ ის გვითხარით, როგორ აფასებთ საქართველოს პირველ ქალ თავდაცვის მინისტრს?
- თინა ხიდაშელს, როგორც თავდაცვის მინისტრს ვერ შევაფასებ. რამდენიმე დღეა ამ პოსტზე დაინიშნა და ჯერ არაფერი გაუკეთებია. რაც შეეხება სქესს - თავდაცვის მინისტრი ან პოლიტიკოსი უნდა იყოს, ან სერიოზული სამხედრო პროფესიონალი. ეს არის სამხედრო მართვის ორი სისტემა. რეალურად, არც ერთი წინა მინისტრი პოლიტიკური ფიგურა არ გახლდათ. ამ შემთხვევაში კი, ის მოთხოვნა, რომ მინისტრი პოლიტიკოსი უნდა იყოს, დაკმაყოფილებულია. პოლიტიკოსი პოლიტიკოსია, ქალია თუ კაცი, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს.
- ხიდაშელის მწყობრის წინაშე გამოჩენა სოციალურ ქსელში გააკრიტიკეთ. რატომ დაიწუნეთ მისი ჩაცმულობაც და დაცვის თანხლებით გამოჩენაც?
- სამწუხაროდ, Facebook- ზე პოსტის გამოქვეყნების შემდეგ, ყურადღება ტანსაცმელზე გადავიდა. ტანსაცმელი იმ ვითარებაში მეორე მხარე იყო, თუმცა ვგულისხმობდი ჩაცმის მანერასაც. რაც შეეხება მწყობრს, აქ არის გარკვეული სისტემით მოწყობილი ადამიანები. მათ წინ მოღიავებული დგომა მიუღებელია, მით უმეტეს დაცვის თანხლებით, რომელიც დგას მასა და მწყობრს შორის. როგორც ჩანს, პროტოკოლის სამსახურიც არ ვარგა, თორემ ამ შეცდომას არ დააშვებინებდნენ. მისი იქ მისვლა ოპერატიულ საქმიანობაში ჩარევის პირველი მცდელობა იყო. მას იქ არაფერი ესაქმებოდა.
- რატომ, თავდაცვის მინისტრს მწყობრის წინაშე გამოჩენის უფლება არ აქვს?
- ამ შემთხვევაში, რეპეტიციაზე მისვლა, ჯარების სხვა - ინსპექტირების რეჟიმში გადაყვანას ნიშნავდა. მწყობრის წინაშე გამოჩენა მაშინაა მისაღები, თუ ახლავს მაღალი რანგის დელეგაციას. ასეთ შემთხვევაში მისთვის მოეწყობა მწყობრი და შეეძლება, წინ გაიაროს. სხვა მწყობრთან კი კავშირი არ აქვს.
- თინა ხიდაშელმა თავდაცვის მინისტრად დანიშვნის შემდეგ განაცხადა, რომ სამოქალაქო პირია და არა ჯარისკაცი. არის თუ არა ქვეყნის თავდაცვის მინისტრი ქვეყნის პირველი ჯარისკაცი?
- ეს ჯანსაღი განცხადება იყო. ზოგადად, ის არც პირველი ჯარისკაცია და არც უკანასკნელი. საერთოდ არ არის ჯარისკაცი, პოლიტიკური ფიგურაა, რომელიც მისმა გუნდმა მიავლინა თავდაცვის სამინისტროში, რათა მოახერხოს ამ უწყების შესაძლებლობების რეალიზება.
- თქვენი აზრით, რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს თავდაცვის კარგი მინისტრი?
- პოლიტიკურ გემოვნებაში მკაცრი კრიტერიუმები არ არსებობს. ვიცი, როცა ინიშნებიან გარედან მოსული ადამიანები (ხიდაშელი სწორედ გარედან არის მოსული, რადგან სამხედრო სფეროში არ უმუშავია), უკეთესია, კარგად გაერკვნენ, რასთან აქვთ საქმე. ზოგ ქვეყანაში, როცა ადამიანები პირველად შედიან თავდაცვის უწყებაში, სპეციალურ გადამზადებას გადიან. მაგალითად თურქეთში ეს მომზადება 3-6 თვეა. რაც შეეხება თავდაცვის სამოქალაქო მინისტრს, მისი პირველი ფუნქცია ქვეყნის პოლიტიკის სამხედრო ასპექტის მართვაა; მეორე - მას ევალება, მოიტანოს ბიუჯეტი, რომელიც აუცილებელია შემდგომი განვითარებისთვის. უნდა ეცადოს, მხედველობიდან არაფერი გამორჩეს. ამისთვის არსებობს სამხედრო ინსპექციის ინსტიტუტი. ბევრ ქვეყანაშია მდედრობითი სქესის თავდაცვის მინისტრები, მაგრამ ყველას ჰყავს საკმაოდ მაღალი რანგის სამხედრო თანაშემწე.
- როგორ აფასებთ თინა ხიდაშელის ინიციატივას, თავდაცვის ყოფილი მინისტრების კლუბის შექმნასთან დაკავშირებით? ხომ არ აპირებთ გაწევრიანებას?
- არსებობს ასეთი საერთაშორისო ორგანიზაცია დსთ-ს თავდაცვის ყოფილი მინისტრების კლუბი. შემომთავაზეს გაწევრიანება, მაგრამ არც გავკარებივარ, რადგან ეს ჩემი ინტერესის სფერო არ არის. ასეთ კლუბში არ გავწევრიანდები, რადგან აქ იქნება ორი სხვადასხვა კატეგორიის ხალხი: რომლებისაც მესმის და მეორე - რომლებიც შემთხვევით მოხვდნენ აღნიშნულ პოზიციაზე. მე არ შე მიძლია კლუბის სავარაუდო წევრებთან სალაპარაკო თემა გამოვნახო. იქ რომ ყოფილიყვნენ პოლიტიკოსები და ყოფილი სამხედროები, სხვა საქმე იქნებოდა, მაგრამ, აბა, დამისახელეთ რომელი იყო პოლიტიკოსი? ბეჟუაშვილი არ ყოფილა, თუმცა ყველაზე კარგად ერკვეოდა სისტემაში. იმის ხარჯზე, რომ წელიწადი თუ წელიწადნახევარი ჩემს მოადგილედ მუშაობდა. შემდეგ ბარამიძე. ეს უკანასკნელი რაშიც გაერკვა, იმაში მე არ მინდა გავერკვე. ოქრუაშვილმა ჯარს მიაყენა ისეთი გამიზნული და წერტილოვანი დარტყმები, რომ ჯარი ჯერ შინაგან საქმეთა სამინისტროს დანამატად გადაიქცა, შემდეგ კი, გარკვეულწილად, უწყებად, რომელიც ცხოვრობდა სასჯელაღსრულების სისტემის კოდექსით. რაც შეეხება ხიდაშელს, ის პირველი ქალი თავდაცვის მინისტრია და არ მესიამოვნება, თუ წარუმატებელი იქნება. ზოგადად, თავდაცვის არც ერთი მინისტრის წარუმატებლობა არ მესიამოვნება.