ჩატარდება თუ არა ჰომოსექსლუალების აქცია და გამოიყვანს თუ არა საპატრიარქო ქუჩაში 200 ათას მართლმადიდებელს
არასამთავრობო ორგანიზაცია ,,იდენტობის' განცხადებით, შესაძლოა, ლგბტ პირებმა 17 მაისს მშვიდობიანი აქცია ვერ ჩაატარონ, რადგან ,,თეოკრატიულმა სახელმწიფომ' არ გაითვალისწინა მათი მოთხოვნა _ ვერ გასცა მათი უსაფრთხოების გარანტია, არ დაიცვა შეკრებისა და სიტყვის გამოხატვის თავისუფლება და რაც მთავარია, პრიორიტეტად საპატრიარქოს ინტერესი გაიხადა, რისი დამადასტურებელი ფაქტიც ისაა, რომ 17 მაისს საჯარო სივრცეს არა იდენტობის მომხრე ადამიანები, არამედ მართლმადიდებელი ერი დაიკავებს.
ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ 16-17 მაისს საპატრიარქო 200 ათასი ადამიანის მობილიზებას გეგმავს, რაც შეუძლებელს ხდის ლგბტ ადამიანების მიერ დედაქალაქის ნებისმიერ ადგილზე მშვიდობიანი აქციის ჩატარებას: ,,მიუხედავად ხანგრძლივი მოლაპარაკებისა და ჩვენი მცდელობისა, ორგანიზაციამ ვერ მიიღო სახელმწიფოსგან მშვიდობიანი და საჯარო აქციის უსაფრთხოების დაცვის გარანტიები. იდენტობა და ლგბტ თემი კვლავ იძულებულია დახურულ კარსმიღმა, არაფორმალური თეოკრატიული მმართველობის პირობებში გააგრძელოს უფლებადაცვითი საქმიანობა. 17 მაისს საჯარო სივრცეს მართლმადიდებელი ეკლესია მთლიანად დაიკავებს'. ორგანიზაციის ინფორმაციით, პირდაპირ თუ ირიბად, სახელმწიფომ ყველაფერი გააკეთა, რათა იდენტობის მიერ დაგეგმილი რამდენიმეწუთიანი მშვიდობიანი დემონსტრაცია არ გამართულიყო, პრიორიტეტად კი რელიგიური ჯგუფების მოთხოვნა დააყენა: ,,2015 წელს ლგბტ თემი არათუ ვერ შეძლებს გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობას, არამედ მთელი სახელმწიფო აპარატი და მასზე შეზრდილი რელიგიური ინსტიტუცია მიზანმიმართულად, წინასწარი განზრახვითა და კოორდინაციით უზრუნველყოფენ ამ სოციალური ჯგუფის კონსტიტუციური უფლებების სამუდამოდ ჩამორთმევას'.
არასამთავრობო ორგანიზაციის მიმართვამ საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. ნაწილი მიიჩნევს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციას მოახლოებული რიგის სამიტამდე პროვოკაციის მოწყობა სურს და უფლებაშელახულის როლს ასრულებს. შსს-ს მიერ შეთავაზებულ ტერიტორიას ისინი სწორედ ამიტომაც არ დათანხმდნენ.
საზოგადოების მეორე ნაწილი კი მიიჩნევს, რომ იდენტობას ნებისმიერ ადგილზე შეეძლო აქციის გამართვა. მათ შორის კანცელარიასთან, რადგან ეს მათი უფლებაა. მათი განმარტებით, ასეთ შემთხვევაში მთავრობას ოქროს შუალედი უნდა გამოენახა და ისე მოქცეულიყო, რომ არც იდენტობის და არც მართლმადიდებლების ინტერესები არ შელახულიყო.
17 მაისს ორმაგი დატვირთვა აქვს. 2004 წლიდან მას მსოფლიოში ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის დღეს უწოდებენ. 2014 წლიდან კი, საქართველოს პატრიარქმა 17 მაისი ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ დააწესა.
იმის გასარკვევად, მართლაც იგეგმება თუ არა 17 მაისს მართლმადიდებელთა მობილიზაცია, ,,ვერსია' საპატრიარქოს დაუკავშირდა. პრესსამსახურის წარმომადგენელმა მარიამ გაგუამ, ,,იდენტობის' მიერ გავრცელებული ინფორმაცია არ დაადასტურა: ,,არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს 17 მაისს საპატრიარქო 200 ათასი ადამიანის მობილიზებას გეგმავს, სიმართლეს არ შეესაბამება. ეს პროვოკაციაა. ერთადერთი, რასაც ამ ეტაპზე ვგეგმავთ, ისაა, რომ 17 მაისს დასრულდება აწყურის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატით 10 მაისს დაწყებული მსვლელობა. ამის შემდეგ უწმინდესი და უნეტარესი სამების საკათედრო ტაძარში წირვას აღავლენს და ოჯახებს დალოცავს. არ მგონია, მსვლელობას 200 ათასი ადამიანი შეუერთდეს.
ეს დეზინფორმაციაა'. ,,იდენტობის' ინფორმაციით, აქციასთან დაკავშირებით მათ მოლაპარაკება ჰქონდათ შსს-ს წარმომადგენლებთან, რომლის დროსაც ორგანიზაციის წარმომადგენლებს აქციის ჩასატარებლად რამდენიმე ალტერნატივა შესთავაზეს - წერეთლის გამზირი მათ ქალაქის ცენტრისგან მოშორებულ ტერიტორიად მიიჩნიეს, ,,ჰოლიდეი ინის' მიმდებარე ტერიტორია კი კომიკურად ჩათვალეს. აღნიშნულ ინფორმაციას ორგანიზაციას თავის ოფიციალურ გვერდზე ავრცელებს. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში კი აცხადებენ, იმ შემთხვევაში, თუ 17 მაისს ,,იდენტობა' მშვიდობიან აქციას გამართავს, უწყება ყველა ადამიანის უფლებას თანაბრად დაიცავს.
,,თავისუფალი დემოკრატების' წევრი ნინო გოდუაძე მიიჩნევს, რომ 17 მაისს მშვიდობიანი აქციის მშვიდობიანად ჩატარება მართლაც მნიშვნელოვანია. რაც შეეხება საჯარო სივრცის გამოყოფას, გოდუაძის განმარტებით, ხელისუფლებამ ოქროს შუალედი უნდა გამოიძებნოს და ისე მოიქცეს, რომ არავის უფლებები არ შეილახოს: ,,კონსტიტუციით, ნებისმიერ ჯგუფს აქვს უფლება, ჩაატაროს მშვიდობიანი აქცია. ამ შემთხვევაში, სახელმწიფოს ვალდებულებაა, გამოხატვის თავისუფლება დაიცვას. ,,იდენტობასაც' აქვს უფლება, ჩაატაროს აქცია, მით უმეტეს, ეს ჰომოფობიის საერთაშორისო დღეა. ჰომოფობია კი, ნამდვილად მძიმე პრობლემაა ჩვენს ქვეყანაში. სახელმწიფო ვალდებულია, დაიცვას მათი უსაფრთხოება. 2 წლის წინ, საშინელი ბარბაროსული აქტის მომსწრენი გავხდით. იდენტობა ჩვენი ყველაზე მოწყვლადი ჯგუფია, რომლის მიმართაც, უმრავლესობა აგრესიითაა განწყობილი. ეს არასწორია. მსოფლიოში, კანონის წინაშე დანაშაული მკაცრად ისჯება. დამნაშავეს ეზღუდება რიგი უფლებები, ზოგან - სიცოცხლის უფლებაც კი. მიუხედავად ამისა, სახელმწიფოს არ აქვს უფლება, თუნდაც დამნაშავის უფლება შელახოს, მით უმეტეს - უდანაშაულო ადამიანების. ამ კონკრეტულ შემთხვევაში - სექსუალური უმცირესობის წარმომადგენლების'.
უფლებადამცველ გიორგი გაბედავას რადიკალურად განსხვავებული პოზიცია აქვს. მისი აზრით, თუ ,,იდენტობა' ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებს მართლაც აწარმოებდა და აქციის ჩასატარებლად შემოთავაზებულ ალტერნატიულ ტერიტორიაზე უარი განაცხადა, ესეც ერთგვარი პროვოკაციაა. გაბედავას თქმით, თემი დღეს იმითაც სპეკულირებს, თითქოს მათი უფლებები ირღვევა, რეალურად კი, ასე არ არის: ,,ვფიქრობ, დღეს მათი უფლებები არ ირღვევა. მათი განმარტება ტერიტორიასთან დაკავშირებით, მხოლოდ მიზეზი იყო. სახელმწიფო მათაც ზუსტად ისე იცავს, როგორც ჩვენ. მაგალითად, მოძალადემ ქუჩაში ჰეტეროსექსუალი და ლგბტ რომ სცემოს, მოძალადეს ერთნაირად დასჯიან. ეს ადამიანები არიან პროვოკატორები. ისინი პროვოცირებენ მსგავსი საქმეებით. იღებენ გრანტებს, სპეკულირებენ თემით და ამით ცხოვრობენ... მათ უნდა გაითვალისწინონ, რომ დღევანდელი საქციელით მომავალ თაობას პრობლემებს უქმნიან, მის დეგრადაციას იწვევენ - როცა სკოლის წინ ორი მამაკაცი ერთმანეთს ტუჩებში კოცნის, მიუღებელია. გოგოს და ბიჭის კოცნა არაა ქუჩაში სასიამოვნო და მამაკაცების, მით უმეტეს. პირადად მე, ეს პროვოკაციად მიმაჩნია.
ერთ საინტერესო ფაქტსაც შეგახსენებთ. დაახლოებით 2 წლის წინ, ნაციონალურმა მოძრაობამ მთავრობის გადაყენებისა და ვითომ ევროატლანტიკურ ალიანსში შესვლის მოთხოვნით აქცია გამართა. ეს იყო მაიდნის მცდელობა, პარტიული შეკრება. მათ სწორედ ლგბტ ორგანიზაცია უჭერდა მხარს. მათი წარმომადგენლები და მხარდამჭერები. სულ რამდენიმე ათეული ადამიანი იყო, მაგრამ ისინი იდგნენ ნაციონალების გვერდით. იმ ადამიანების, რომლებიც 9 წლის განმავლობაში ატერორებდნენ ხალხს, ხოცავდნენ ქუჩებში და აუპატიურებდნენ ციხეში. თუ ძალადობასა და უფლებების შელახვაზეა საუბარი, აი, ეს არის ძალადობა. როგორც გავიგე, რამდენიმე დღის წინ, ევროსასამართლომ სახელმწიფოს 2013 წლის 17 მაისისთვის გარკვეული თანხის გადახდა დააკისრა. საინტერესოა, ევროსასამართლოს ახსოვს ადამიანების მკვლელობა და დარბევა ქუჩაში? ერთადერთი სანდრო გვირგვლიანის საქმეზე მოვიდა პასუხი, ამიტომ არ მჯერა მათი'.
17 მაისამდე რამდენიმე დღე დარჩა. ზოგისთვის ეს დღე ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა, ზოგისთვის კი ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის. არიან ისეთებიც, ვისთვისაც 17 მაისი, ორივე ხსენებულ დატვირთვას ატარებს. როგორ მოიქცევა ,,იდენტობა' 17 მაისს და ჩაატარებს თუ არა მშვიდობიან აქციას, უახლოეს დღეებში შევიტყობთ.