ევროსაბჭო და რუსეთის უკანონობა საქართველოში

ევროსაბჭო და რუსეთის უკანონობა საქართველოში

რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს რეგიონებთან გაფორმებული ე. წ. ხელშეკრულებებს სამშვიდობო პროცესებისთვის საფრთხის შემცველად მიიჩნევს ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტი. მინისტრთა მოადგილეების დონეზე მიღებული გადაწყვეტილება რუსეთის ფედერაციას საერთაშორისო შეთანხმებებსა და ადამიანის უფლებათა დაცვის აუცილებლობას შეახსენებს. რა პრაქტიკული სარგებელი შეიძლება მოიტანოს ამ დოკუმენტმა საერთაშორისო სარბიელზე?

ევროსაბჭო უკანონოდ მიიჩნევს რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებთან ხელმოწერილ ე. წ. ხელშეკრულებებს და 12 მაისს მინისტრთა კომიტეტის წიაღში დამტკიცებულ გადაწყვეტილებაში ამ ფაქტზე მიბმულ მთელ რიგ უარყოფით შედეგებზეც ლაპარაკობს. ტექსტის თანახმად, საქართველოს რეგიონ აფხაზეთთან 2014 წლის 24 ნოემბერს ხელმოწერილი ე. წ. ხელშეკრულება „მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის“ შესახებ დასაქართველოს რეგიონ სამხრეთ ოსეთთან 2015 წლის 18 მარტს ხელმოწერილი ე. წ. ხელშეკრულება „მოკავშირეობისა და ინტეგრაციის“ შესახებ აზარალებს უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველყოფისკენ მიმართულ ძალისხმევას; ხელყოფს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს; არღვევს საერთაშორისო სამართლის პრინციპებს დაეწინააღმდეგება რუსეთის საერთაშორისო ვალდებულებებს, 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ჩათვლით.

გადაწყვეტილების ტექსტში ასევე ვკითხულობთ, რომ მინისტრთა კომიტეტი „გამოხატავს სერიოზულ შეშფოთებას რუსეთის ფედერაციის მიერ მავთულხლართებისა და სხვა ტიპის ბარიერების აღმართვის უწყვეტი პროცესის გამო, რაც ხელყოფს ადამიანის უფლებებს და ძირითად თავისუფლებებს და რაც გულისხმობს, მაგრამ არ შემოიფარგლება გადაადგილების თავისუფლებით, საკუთრების უფლებით, ოჯახური ცხოვრების უფლებით, განათლების მშობლიურ ენაზე მიღების უფლებით როგორც საქართველოს რეგიონებში, – აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, - ასევე მიმდებარე ტერიტორიებზე მცხოვრებთათვის. ის ასევე ხელყოფს იძულებით გადაადგილებული პირების ფუნდამენტურ უფლებას, უსაფრთხოდ და ღირსეულად დაუბრუნდნენ საკუთარ სახლებს“.

ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტში მინისტრთა მოადგილეების დონეზე მიღებულ გადაწყვეტილებას მიესალმება საგარეო საქმეთა სამინისტრო. უწყება მნიშვნელოვნად მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ 12 მაისის გადაწყვეტილება მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და მოუწოდებს რუსეთის ფედერაციასხელი შეუწყოს ევროსაბჭოს ორგანოების შეუზღუდავად შესვლას საქართველოს კონფლიქტით დაზარალებულ ტერიტორიებზე. როგორც საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი აღნიშნავს, ამ პრობლემის გადაჭრის შემთხვევაში სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებიც ამოქმედდებიან და პროცესი სასურველ შედეგს მოიტანს:

„...რათა ოკუპირებული ტერიტორიები არ დარჩეს ტერიტორიებად, სადაც წლების განმავლობაში არ განხორციელებულა მონიტორინგი საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან, სადაც ყოველდღიურობის ნაწილია ადამიანის უფლებათა დარღვევა და ელემენტარული თავისუფლებების დარღვევა... ეს გადაწყვეტილება ასევე მიესალმება ევროსაბჭოს უმაღლეს კომისარს ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში, რომ წლის ბოლომდე სწორედ მონიტორინგის მიზნით განახორციელოს სპეციალური მისია საქართველოში“.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის გადაწყვეტილება პირველი საერთაშორისო დოკუმენტია, რომელშიც რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს რეგიონებთან გაფორმებული ე. წ. „ხელშეკრულებები“ ასე მწვავედ არის შეფასებული აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელთა მიერ.

„როგორც წესი, ევროსაბჭოს ორგანოების საერთაშორისო სამართლებრივი შეფასება გადახედვას აღარ ექვემდებარება “, – ეუბნება რადიო თავისუფლებას საერთაშორისო სამართლის ექსპერტი, იურისტი დავით ჯანდიერი, რომელიც მოელის, რომ მინისტრთა კომიტეტის გადაწყვეტილებაში ასახულ შეფასებებს სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებიც გაიზიარებენ. ამასთან, ექსპერტი ხაზგასმით აღნიშნავს იმ ფაქტს, რომ მოადგილეების დინეზე მიღებულ გადაწყვეტილებას მინისტრების მიერ მიღებული გადაწყვეტილების ძალა და ეფექტიანობა აქვს.

დავით ჯანდიერი რადიო თავისუფლებასთან 12 მაისის გადაწყვეტილების პრაქტიკულ შესაძლებლობებზეც ლაპარაკობს და ამბობს, რომ ამ დოკუმენტს შეუძლია შექმნას ხელსაყრელი იურიდიული საფუძველი სტრასბურგში, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, „თუკი საქართველოს მოქალაქე – კონფლიქტის არეალში მცხოვრები პირი – შეიტანს განაცხადს სასამართლოში, ვთქვათ, იგივე რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ იმის გამო, რომ ის ვერ სარგებლობს საკუთრების უფლებით, რადგან საცხოვრებელი სახლი დარჩა საოკუპაციო ხაზის მეორე მხარეს, ანდა, ვთქვათ, ის ვერ ახერხებს პირადი და საოჯახო ცხოვრების წარმართვას, საკულტო ნაგებობების, საფლავების მონახულებას და ასე შემდეგ“.

დავით ჯანდიერის აზრით, ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის 12 მაისის გადაწყვეტილებამ შესაძლოა მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს ოკუპაციის წინააღმდეგ საქართველოს დიპლომატიური ბრძოლის პროცესში და, მაგალითად, ჟენევის მოლაპარაკებათა ფორმატში. 

თუმცა 12 მაისის 8-პუნქტიან გადაწყვეტილებაში არ არის ნახსენები სიტყვა „ოკუპაცია“ და საქართველოს რეგიონები არ მოიხსენიება „ოკუპირებულ ტერიტორიებად“, მაშინ როცა ეს ტერმინი თავის ლექსიკონში, ერთ-ერთმა პირველმა, სწორედ ევროსაბჭომ დაამკვიდრა.