ას ფიქრობს დემოკრატიაზე და ვის ეძახის იდიოტებს _ საუკუნის მომღერლის დიდი დაბრუნება
,,მოგონებაა სუყველაზე დიდი ტკივილი...' - ეს ცოცხალი ლეგენდაა, მამის ლექსზე დაწერილ საკუთარ სიმღერას მღერის და... იცის, რომ სიყმაწვილე აღარ დაბრუნდება... მან, მამისა არ იყოს, შეურაცხყოფილი თოვლის ფასიც იცის და ისიც, რომ ,,თავისუფლება ლომთა ხვედრია'. ,,ლომი ვარ, აბა, რა?!' _ მეტყვის საუბრის დასასრულს და მინიკონცერტს მოაწყობს... სხვათა შორის, ამ სახლში ტრადიციაა: ყველას, ვინც ესტუმრება, მინიმუმ, 12 სიმღერა ცოცხლად უნდა შეუსრულოს. საერთოდ, სულ ცოცხლად მღერის. ,,კონცერტებზე გიტარა სპეციალურად მიმაქვს, რადგან მსმენელს არ ეგონოს, ცოცხლად არ ვმღერი _ გიტარაზე ფონოგრამას ვერ გააკეთებ. მსმენელის მოტყუება არ შეიძლება - უყვარხარ და ფულს იმიტომ იხდის, მოგისმინოს, შენ კი რადიოს ურთავ, პირს აღებ და არ აჩვენებ, როგორ განწყობაზე ხარ. ასეთ დროს არც მართალი კაცი ხარ და არც ხელოვანი. აბა, მსახიობმა რაღა ქნას, სცენაზე როგორ მოიტყუოს? მომღერალიც მსახიობია', - მეუბნება და... ოთახში ისევ გენიალური მუსიკა იღვრება... ისე, იმ საღამოს შინ რომ მივედი, მის სიმღერებს, რამდენიმე საათი, როგორც იტყვიან, უწყვეტ რეჟიმში ვუსმენდი!.. მალე დიდი აუდიტორიის წინაშე ისევ წარსდგება, მანამდე კი ,,ვერსია' საუკუნის მომღერლის, მამუკა ჩარკვიანის არა- ჩვეულებრივ ინტერვიუს წარმოგიდგენთ.
- მამუკა, ჭეშმარიტი შემოქმედი გიჟი უნდა იყოს?
- აუცილებელი არაა, მაგრამ წყნარი შემოქმედი არ მინახავს... ხანდახან მეც არაორდინალური ვარ. ბოლოს და ბოლოს, მეორე სართულიდან გადმოვხტი... საერთოდ, თავისუფალი კაცი ვარ...
- როდის გააცნობიერე, რომ თავისუფალი ხარ?
- არც მახსოვს... ჩემი ყველა საქციელი რაღაც სიგიჟესთანაა კავშირში, მაგრამ ამავე დროს, კანონმორჩილიც ვარ. ვანო, იცი, რისი თქმა მინდა? - დემოკრატია და თავისუფლება ურნიდან იწყება. ამას დღეს ამბობენ, მე კი 15 წლის წინ, ჩემს ერთ-ერთ პირველ ინტერვიუში ვთქვი...
- კომუნისტებს თავისუფალი ადამიანები არ უყვარდათ... როგორ გიტანდნენ?
- ქალაქის კულტურის განყოფილებაში ვმუშაობდი, მაგრამ ვერ შევეგუე და წამოვედი... სხვათა შორის, კომკავშირში რომ ვიყავი, ტრაქტორი ჯართში ჩავაბარე და ამის გამო გამომიშვეს.
- ტრაქტორთან რა ხელი გქონდა?
- იცი, კომკავშირში როგორ მოვხვდი? მეტეხის თეატრში სამხატვრო ხელმძღვანელის მოადგილედ ვმუშაობდი. თეატრი ცეკა- მ წაიღო და ასე აღმოვჩნდი მთაწმინდის რაიონის კომკავშირის კულტურის სამსახურში, თუმცა ნიშანი არ მკეთებია, ცხონებული შარტავა დამდევდა ხოლმე. ბოლოს, თქვა, ჩარკვიანს ეპატიებაო... დისიდენტი არ ვიყავი, უბრალოდ, არ ,,მევასებოდა', გულმკერდზე რაღაც მკიდებოდა... შინ მაკარტნისა და ლენონის სურათები მაქვს გაკრული, მაგრამ გულზე ვერავის სურათს დავიკიდებ... ჯართის დიდი გეგმა გვქონდა, არ მოგვიხსნეს. ერთხელაც, ორ თანამშრომელს ვუთხარი, ჯართი უეჭველად უნდა ჩააბაროთ- მეთქი. ისინიც ადგნენ, მშენებლობიდან გაფუჭებული ტრაქტორი წაიღეს და ჩააბარეს... მერე, ცოტა ხანი ლიტერატურის მუზეუმში ვიმუშავე. ლიტერატურა დედაჩემმა ბავშვობიდან შემაყვარა... მერე, ქალაქის კულტურის განყოფილებაში ვიყავი. ბოლოს ვთქვი, მივდივარ- მეთქი. სადო. სად და სიმღერას ვიწყებ- მეთქი. სცენაზე პირველად რომ ავდექი, უკვე 40 წლის ვიყავი...
- მამუკა, სცენაზე უფრო ადრე რატომ არ ახვედი?
- ჯერ რაღაც ბიჭური ვარიანტი იყო...
- ანუ სცენაზე გამოსვლა ,,გიტყდებოდა'?
- ჰო... მერე, ,,პერესტროიკა' მოხდა, მონასტერი აირია. ბიჭებმა დაიჩემეს, პირველ რიგში მერაბ სეფაშვილმა, უნდა იმღეროო, სახლშიც მითხრეს... მეც მინდოდა, ერთი კონცერტი ჩამეტარებინა და ჩემი სიმღერები საჯაროდ გამომეტანა. ხელი გია მაჭარაშვილმაც შემიწყო, თუ რამე გაქვს, მომიტანე და გაგიორკესტრებო. სხვათა შორის, გია დღემდე უანგაროდ მემსახურება, ასევე ირაკლი ქაცარავაც...
- პირველად ,,თეთრი ხომალდი' დაწერე?
- არა, ,,ჩამოთოვა ისევ'...
- მაშინ რამდენი წლის იყავი?
- 17-ის...
- სიმღერა ემოციამ დაგაწერინა?
- შეყვარებული ვიყავი... ბაბუაჩემთან ერთად, ბაკურიანში ვისვენებდი... ანაზდეულად, მამუკა ჩარკვიანი საუბრის თემას ცვლის და ფოტოხელოვან ზურა მეგრელიშვილს მიმართავს: - ახლა დაგაკვირდით... ჟან რენოს ძალიან ჰგავხართ, მისი ბიძაშვილი ხართ? უარის ნიშნად, ზურა თავს აქნევს. - ჟან რენო ისე დაბერდა, ვერავინ მიხვდა... ისე, მალე სამოცის ვხდები და ჩემი იუბილე ,,ვგლიჯოთ', - ამბობს მამუკა. - უნდა ,,ვგლიჯოთ', აბა, რა?! სიმღერას ტკივილი გაწერინებს? - პირველი სიმღერა სიყვარულმა დამაწერინა, მერე კი ტკივილი მაწერინებს. მაგალითად, ,,მაგრად დაჰკარით'. ,,მაღლა და მაღლა' კი ჩემი ხალხისთვის შეძახილია. საერთოდ, ბევრი შეძახილი მაქვს დაწერილი, აი, თუნდაც ,,გავაზაფხულებთ', მაგრამ არაფერი გამოდის...
- ვერ გავაზაფხულებთ?
- აბა, გავაზაფხულეთ?
- არ ოცნებობ?
- ვოცნებობ...
- პოლიტიკურადაც?
- პოლიტიკური პარტიის წევრი არასოდეს ვყოფილვარ!
- ისე, შენი და ჯანსუღის ,,თავისუფლება ლომთა ხვედრიას' ყველა პოლიტიკური პარტია ,,იყენებს'...
- ჰო, იქითაც უკრავენ და აქეთაც, თუმცა მე ჩემი პოლიტიკური პოზიცია მაქვს.
- შენი პოლიტიკური პოზიცია მაინც როგორია?
- დღეს ცოტა არეულია.
- რატომ?
- ოღონდ ის არ ყოფილიყო და ,,ოცნებას', უფრო სწორად, ბიძინას მივემხარი. ბიძინას იმედი კიდევ მაქვს, მაგრამ არ ვიცი, რა უნდა გააკეთოს: ძალიან ბევრმა უღალატა. ასე ვუყურებ: ჯანდაცვისა და რამდენიმეს გარდა, ისეთი მინისტრი ვერ დანიშნეს, ვინც რაღაც არ ჩაიდინა. აბა, წამდაუწუმ რატომ ხსნიან? - ალბათ, რაღაც ხდება...
- მამუკა, ზუსტად ვიცი, რომ ჩრდილოეთი შენთვის მიუღებელია, ამიტომ სხვანაირად გკითხავ: გრძნობ, რომ ნატო- ს ვშორდებით?
- კი, ვგრძნობ... ყოველ შემთხვევაში, იქით არ ვართ. ნეიტრალური უნდა ვიყოთო, მაგრამ შვეიცარია ვერ გავხდებით... იმის დაშვებაც კი მზარავს, ისევ რუსეთთან წავიდეთ. რუსმა ჩვენი ფასი ვერ გაიგო. ბოლოს და ბოლოს, ამხელა ომი მოხდა და შერიგება ცოტა შეუძლებელია. არ ვიცი, ვინ დაიწყო, ვინ პირველმა გაისროლა. ისიც უნდა იცოდე, პროვოკაციას რა შეიძლება მოყვეს. მიუხედავად იმისა, რომ კარგ რუსულ რომანსებს ვმღერი და დოსტოევსკიც რუსულად მაქვს წაკითხული, რუსეთისკენ ვერ გავიხედავ! სხვათა შორის, გუშინწინ, მარკესის წიგნი მაჩუქეს, ,,იცხოვრო, რომ მოყვე!'
- რაკიღა ცხოვრობ, მომიყევი...
- ზუსტად ჩემზეა... იმიტომ უნდა იცხოვრო, რომ ის მოყვე, რაც გახსოვს...
- შენი ცხოვრებიდან რა გახსოვს?
- ვანო, თუ წერას დავიწყებ, ყველაფერი - კარგიც და ცუდიც, ამოტივტივდება... მახსოვს, მამაჩემი 100-100 გრამ ძეხვსა და ყველს როგორ ყიდულობდა. სულ მიკვირდა და ვეკითხებოდი, მამა, ხვალ ხომ კიდევ უნდა იყიდო და დღეს სამასი იყიდე- მეთქი. თურმე, ამდენი ფული არ ჰქონდა... ,,დილაში' ხელფასი 120 მანეთი ჰქონდა. ჯანსუღი პატიოსანი კაცია და ოჯახის შესანახად 120 მანეთი არ ჰყოფნიდა... ისიც მახსოვს, დედაჩემი ბულიონს აკეთებდა და შიგ ქათმის თავ-ფეხი ,,ეგდო' ხოლმე. თურმე, ვიღაცას უსწავლებია, ქათმის თავ-ფეხი იყიდე, ბავშვებს ბულიონი გაუკეთე და დანაყრდებიანო... მაშინ ამდენს ვერ ვხვდებოდი...
- ოჯახს შენ როგორ ინახავ?
- ამას წინათ, ორსაათიანი კონცერტი ჩავატარე... მაყურებელმა სცენიდან ჩამომიყვანა, მამუკა, ნუ გრცხვენია, რომ ნაოპერაციები ხარო და მაცეკვა. მშვენივრად მოვილხინე. ჰონორარი ავიღე და ნახევარი თვე მეყო...
- მამუკა ჩარკვიანობა ძნელია?
- საკმაოდ.
- რატომ?
- მამაჩემის სიტყვები მახსენდება, არ დაიჯერო, როცა გეტყვიან, რომ ძალიან მაგარი ხარო. რატომ- მეთქი. როგორც კი მაგას დაიჯერებ, ხელს გაგიშვებენ და დაეცემიო. ჰოდა, არ მჯერა, რომ მაგარი ვარ და ბევრ ჰონორარსაც არ ვითხოვ. მსმენელს არ ვუთვლი, 12 სიმღერას ვიმღერებ თუ 15-ს.
- ჰო, ეგ ვიცი: მახსოვს, ქუთაისში, ორის ნაცვლად, კონცერტი ოთხი საათი რომ გაგრძელდა... როცა მღერი, პრობლემები გავიწყდება?
- აბსოლუტურად სხვაგან ვარ!..
- მამუკა, მოდი, ცოტ-ცოტა დედაზე, ირმა დეიდაზეც მითხარი, ჯანსუღზეც, თაკოზეც... თქვენი ოჯახი ხომ უნიკალურია!
- ვანო, იცი, ჩვენი ოჯახი ცოტა ,,გიჟების' ოჯახია!
- თავისუფლება ხომ სიგიჟეა!
- აბა, რა?! ჩემი დაც ხომ ,,გიჟია'... ცოტა აწყვეტილი ბიჭი ვიყავი... ისე, ჩემი ბიჭი კარგი ზნისაა - კაცური კაცი იზრდება... როცა სიმღერა დავიწყე, ხალხმა რომ აიტაცა, ვატყობდი, ჯანსუღს სიამოვნებდა, მაგრამ ჯანსუღისგან მამაშვილური კოცნა ერთხელ მახსოვს: მამაჩემი მთვრალი მოვიდა. მეძინა, დედაჩემმა უთხრა, სძინავს, არ გააღვიძოო. ოთახში მაინც შემოვიდა. არ მეძინა, მაგრამ თავი მოვიმძინარე. ჯანსუღი საწოლზე ჩამოჯდა. მერე დაიხარა და მკერდზე მაკოცა. ჯანსუღი ის კაცი არაა, გითხრას, რა მაგარი ხარო... უბრალოდ გეტყვის, კარგიაო და გაივლის. საერთოდ, შვილი თამამად არ უნდა გაზარდო. მინახავს ოჯახები, სადაც ბავშვს ეუბნებიან, გენიოსი ხარო. არადა, მეც და თაკომაც, ცოტა გიჟები კი ვართ, მაგრამ დავამტკიცეთ, რომ კარგი შვილები ვართ. ისე, დედაჩემიც ცოტა გიჟია - აბა, ჯანსუღს რომ გაყვები, შეიძლება, გიჟი არ იყო?!. აგერ, დიდი გენიოსიც მოდის - ირმა გიგანი...
- ,,ქართველ ვისოცკის' გეძახიან...
- ჰო...
- ეს ერთ-ერთი დიდი აღიარებაა, არა?
- ერთ-ერთი ტელევიზიით ასე მაცხადებდნენ: ცოცხალი ლეგენდა მამუკა ჩარკიანიო და ეს ყველაზე დიდი აღიარებაა, თუმცა მერე ეტყობა, ვიღაცამ უთხრა, ასე აღარ თქვათო და ასე აღარ მაცხადებენ. ვანო, შენც ხომ იცი, ჩვენთან მკვდრები უყვართ და რომ მოვკვდები, მერე იტყვიან, ლეგენდა იყოო.
- სიკვდილზე გიფიქრია?
- სულ ვფიქრობ... იმის, რაც ბუნებრივია, არ უნდა შეგეშინდეს!
- ...ცხოვრება ომია?
- კი, ცხოვრება ომია! თუ გინდა, რომ იმ პლანეტაზე, სადაც იცხოვრე, ჯვარი დასვა, მეც აქ ვიყავიო, მაშინ დიდი ბრძოლის გადატანა მოგიწევს! თუ გინდა, რომ ლიდერი იყო ან სამეულში მაინც მოხვდე, მაშინ ცხოვრება, ყველა ვარიანტში, ომია!
- ცხოვრებას ომს უგებ?
- ცხოვრებას ომს ვერასოდეს მოუგებ! რაღაცებში შენს თავსა და სხვებს, ვინც გეჯიბრებიან და ატყობ, რომ მათზე უკეთესი ხარ, უნდა მოუგო!
- ...რას ნანობ?
- საქართველოდან არასოდეს გავსულვარ! ვნანობ, რომ დანიისნაირ, უფრო დემოკრატიულ და თავისუფალ საქართველოში ვერ ვიცხოვრე, თორემ ასე რომ ყოფილიყო, ჰონორარს სამ თვეში ერთხელ არ დაველოდებოდი და, ვთქვათ, ,,ფერარი' მეყოლებოდა...
- არ ვიცი, ეს უნდა გკითხო თუ არა, მაგრამ არ ნანობ, რომ სვამდი?
- დიდი ხანია, აღარ ვსვამ! სხვათა შორის, მაშინ, როცა ვსვამდი, 6-ზე მეტი სიმღერა დავწერე... ინტენსიურად, 30-დან 45 წლამდე ვსვამდი... ისე, ვნანობ... იციან ხოლმე, ჩემს ცხოვრებაში არაფერს შევცვლიდიო. ეს მეც მითქვამს, მაგრამ რაღაცებს ნამდვილად შევცვლიდი. რომ მკითხო, რასო, ვერ გეტყვი, თუმცა ისეთი მამუკა დავრჩებოდი, როგორიც ჩემს მეგობრებსა და ახლობლებს ვუყვარვარ... ჩემი სახლის კარი სულ ღიაა, უცხო ხალხი მოდის... ყველას პატარა კონცერტს ვუტარებ და კმაყოფილი მიდის... ვანო, იცი, ჩემი დილა როგორ იწყება?
- როგორ?
- 6-7 საათზე ვიღვიძებ, ინსტრუმენტთან მივდივარ და ვმღერი. ჩემი ცოლი, ირმა მეუბნება ხოლმე, მეზობლებიო... ამიტომ, გიტარაზე გადავდივარ... მუსიკის გარეშე ცხოვრება ერთი წუთიც არ შემიძლია - ხანდახან მგონია, რომ დღის განმავლობაში ირმაზე, ჩემს დისშვილზე, მეტს ვუკრავ, ოღონდ, მისგან განსხვავებით, ნოტები არ ვიცი და ყველაფერს სმენით ვაწყობ.
- სიმღერების უმეტესობა მამაშენის ლექსებზე გაქვს დაწერილი. ჯანსუღის შვილი რომ არ ყოფილიყავი, მამუკა ჩარკვიანი, როგორც მომღერალი, შედგებოდა?
- ამ კითხვაზე ასე გიპასუხებ: ბურთი ძელს რომ არ მოხვედროდა, გოლი ,,გავიდოდა'...
- ერთხელ, თქვი, ჯანსუღის ლექსები თვითონ მღერიანო...
- მთელი ბავშვობა მინდოდა, მამაჩემისნაირი ვყოფილიყავი. მამაჩემისნაირი ვერ გავხდი, ჩემნაირი ვარ, მაგრამ ვარსკვლავში ორნი ვართ - მე და მამა. ეს ისტორიას დარჩება. მამა უზომოდ მიყვარს...
- ვიცი, შენ და თაკოც სულ მამას იფიცებთ... არ შეგეკითხები, რადგან ისედაც ვხვდები, შენთვის ყველაზე დიდი ავტორიტეტი ვინც იქნება...
- რა თქმა უნდა, მამა...
- ჯანსუღი გაგიბრაზებია?
- ძალიან ბევრჯერ...
- ნანობ?
- შენ წარმოიდგინე, არა. ამ გაბრაზებისთვის იმდენი ხარკი გადავიხადე, იმდენი სიმღერა ,,გავაკეთე', რომ აქედან ხუთი მაინც დარჩება. ხუთი სიმღერა საკმაოდ ბევრია.
- მამუკა, იცი, რა გამახსენდა, ჯანსუღი ოპერაციას რომ იკეთებდა, წახვედი და ,,გარსია ლორკა' დაწერე...
- კი... ისე, დედაჩემის ლექსებზე სამი თუ ოთხი სიმღერა მაქვს, თუმცა ერთი ისეთია, ყველას უდრის - ,,სუყველაზე ლამაზი შენი თვალის ფერია' (ღიღინებს)... მე თუ მკითხავ, ეს უკვდავი სიმღერაა...
- მამუკა, ,,ჩემი აღარა ხარ, მორჩა'...
- (იცინის) ეს მე კი არა, ჯანსუღმა დაწერა... (პაუზა)... ახალგაზრდობაში, როცა ამ სიმღერას ვმღეროდი, ,,მორჩაზე' ხელს ზურგს უკან ვიქნევდი მაგრამ ახლა ამას ვეღარ ვაკეთებ... ახლა სხვანაირად გამომდის...
- ესე იგი, ემოცია აღარ გაქვს?
- არა, ემოცია მაქვს და ყველა სიმღერას ემოციით ვმღერი. მირჩევნია, ხმა არ მქონდეს და მაინც ცოცხლად ვიმღერო. მერაბ სეფაშვილმა ჩემზე გენიალური რამ თქვა, მამუკა სულ ცოცხლად იმიტომ მღერის, რომ ფონოგრამას პირს ვერ აყოლებსო. მერაბს ასეთი კომპლიმენტისთვის დიდი მადლობა გადავუხადე. ზოგიერთები რადიოს რომ ჩართავენ და მღერიან, უხერხულია... ახლა საქართველოში, საესტრადო მუსიკის თვალსაზრისით, ცუდი მდგომარეობაა. ჯერ ერთი, ყველაფერში ფანდურის ხმარება არ შეიძლება.
- ,,გამოვფანდურდით'?
- კი. ფანდური მაშინაა კარგი, როცა მაგალითად, ხალხურ სიმღერას მღერი. მეორეც, ვანო, თუ ატყობ, ახალი სიმღერები აღარ იწერება... ქალისთვის სიმღერას ვერ ვწერ. საერთოდ, სიმღერებს ჩემთვის ვწერ. ერთმა ჩემმა ძმაკაცმა თქვა, მამუკას თავი გაანებეთ, ეს კაცი სიმღერებს თავისთვის წერს და თვისთვის მღერისო... ყველას ვაძლევ უფლებას, ჩემი სიმღერა შეასრულოს, მაგრამ თითოეული სიმღერა ჩემი ცხოვრებაა და როგორ შეიძლება, შენი ცხოვრება სხვამ უკეთ იცოდეს?! ვანო, იცი, ხელს კიდევ რა მიწყობს? - ჯანსუღის ოჯახში გაზრდილი, ფილოლოგი ვარ, პოეზია მიყვარს და ერთი სიტყვა შემიძლია, ოთხნაირად ვთქვა. სიმღერა სპექტაკლია, შენ კი მსახიობი ხარ, გამოდიხარ და ოთხ წუთში ყველაფერი - პროლოგი, ეპილოგი, უნდა მოასწრო, თუმცა მიზანსცენით უნდა დაიწყო, მერე კულმინაცია და დასასრული. ეს რთულია და ვინც ვერ აკეთებს, ვურჩევ, არ იმღეროს... გამიღვიძია და რაღაც ცუდზე დავფიქრებულვარ. ხომ იცი, მხარზე რომ ჩამოგაჯდება და ,,გიპუტუნებს', მაგრამ მითქვამს, აქედან წადი- მეთქი და მაშინვე ინსტრუმენტთან მივდივარ. ააშენოს ზურა ლოლაძე, ვინც ეს ინსტრუმენტი მიყიდა...
- მამუკა, ხალხს, მთავრობას რას ეტყვი?
- ჯანსუღმა თქვა, ვისი ვიოლინო ვის როიალშიაო, მე კი ასე ვიტყვი: თავის დროზე შვედეთს ძალიან გაუჭირდა და ხელმძღვანელმა ხალხს მიმართა, ძალიან გთხოვთ, რამდენიმე ხნის განმავლობაში უცხოური არაფერი შეიძინოთო. დღეს შვედეთი პირველი თუ არა, მეორე სახელმწიფოა.
- ჩვენთან არაფერი იწარმოება და ეროვნული პროდუქცია როგორ ვიყიდოთ?
- ეს სხვა საკითხია... ხელფასი 5 ათასი რომ გაქვს, ნუღარ ითხოვო, პრემია მინდა და ცოტაც დამიმატეო. შე იდიოტო, ნუ იხვეწები, შე იდიოტო! მე რომ მოვკვდები, სახელს მაინც დავტოვებ. მე და მას ერთნაირად დაგვასაფლავებენ, ერთნაირ მიწაში ჩაგვდებენ. ამ ქვეყნიდან რას წაიღებს? მან ჩემზე კარგად არ იცხოვრა. მე მუსიკალური, ლიტერატურული სამყარო მქონდა, რომლის გმირიც ვხდებოდი.
- ბოლოს და ბოლოს, შენს სახლში გენიოსები იკრიბებოდნენ!
- დიახ... გენიოსი დისშვილი მყავს და, როგორ გგონია, ჩემი ცხოვრება ჯობია თუ იმისი, 50-მეტრიანი აუზი რომ უდგას? იმ საცოდავს, ფეხი რომ გაენასკვოს, ან ხინკალი სასულეში გადასცდეს, სად მიდის? მათ ვქირაობთ. პარლამენტარი რომ ვიყო, თავს ისე ვიგრძნობდი, როგორც დაქირავებული მუშაკი... ახლა, მუშაკი ხომ პოპულარულია. აი, სექსმუშაკიო... ამაზე სიცილით ვკვდები, რამე სხვა მოეგონებინათ, სექსმუშაკი რა უბედურებაა!
- დემოკრატია კარგია?
- კი, მაგრამ დემოკრატია და თავისუფლება რუსთაველზე მოფსმა არაა!
- ლგბტ პირების აქცია დემოკრატიაა?
- ამისთვის დღეს მზად არ ვართ, მაგრამ მე აბსოლუტურად არ მაწუხებს, შეიძლება იმიტომ, რომ ბევრი წიგნი მაქვს წაკითხული.
- ანუ, განათლების პრობლემა გვაქვს?
- კი, ძალიან დიდი... ერთხელ, ახალგაზრდებთან, ერთი საათი ვამბობდი, დავით აღმაშენებლის მასწავლებელი- მეთქი, მაგრამ აზრზე არ იყვნენ, ვისზე ვლაპარაკობდი. ერთი ნოველა წავაკითხე, ,,საკანი' ერქვა, მგონი, ადრეც მოგიყევი: პატიმარი ბადრაგს დაუმეგობრდება და, ბოლოს, ეტყვის, აქედან გავიქცევიო. ბიჭო, სად გაიქცევი, მთელი ციხე შენ გიყურებსო, უპასუხებს ბადრაგი. პატიმარი ბადრაგს სთხოვს, ცარცი ან ნახშირი მაინც მომიტანე, კედლებზე რამეს დავხატავო. ერთ დღესაც, ბადრაგს ეტყვიან, შენს საკანში მიდი და ნახავ, რა მოხდაო. მოკლედ, ,,ტიპი' საკანში აღარ დახვდა, კედლებზე აღარც ნახატები იყო... თავისუფლება და დემოკრატია ტვინიდან მოდის! თუ ტვინს ცოტა ამოქმედებ, ვინმეს დახვრეტა, დევნა თუ შეურაცხყოფა აღარ მოგინდება. ვისაც რა უნდა, ის თქვას, ძმაო, ჩაუარე და წადი შენს გზაზე. თუ შენ შეგეხო, მაშინ სხვა საკითხია. ვიღაცა მეტყვის, ასეთი დემოკრატია არ მინდაო. თუ არ გინდა, მაშინ იქ ვგდებულიყავით, საბჭოთა კავშირში - აღარც ვიომებდით, არც 9 აპრილი იქნებოდა და ვგდებულიყავით! ჩვეულებრივი მექრთამეობა და ,,კარგი ცხოვრება' გაგრძელდებოდა.
- მამუკა, ლომი ხარ?
- ლომი ვარ, აბა, რა ვარ!