ამერიკული ჯავშანტექნიკა და ერთობლივი წვრთნები საქართველოში

ამერიკული ჯავშანტექნიკა და ერთობლივი წვრთნები საქართველოში

საქართველო მასშტაბურ სამხედრო წვრთნებს მასპინძლობს. საუბარია ქართულ–ამერიკულ 2–კვირიან წვრთნებზე, სახელწოდებით „ღირსეული პარტნიორი“, რომელშიც 600 ქართველი და ამერიკელი სამხედრო მონაწილეობს. ამრიკელები საქართველოს საკუთარი სამხედრო ტექნიკითა და აღჭურვილობით ეწვივნენ. რა სამხედრო და პოლიტიკური მიზნებით ტარდება „ღირსეული პარტნიორი 2015“ და როგორ უყურებს ქართულ-ამერიკულ წვრთნებს ნატო, რომელიც თავადაც ემზადება მასშტაბური წვრთნების ჩასატარებლად საქართველოში?

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ვაზიანის სამხედრო ბაზაზე მიმდინარე წვრთნები მიზნად ისახავს საქართველოს მომზადებას ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებში მონაწილეობისთვის. ამავე წყაროს ცნობით, ასობით ქართველი და ამერიკელი სამხედროს გამაერთიანებელი „ღირსეული პარტნიორი 2015“ (Noble Partner 2015) სამფაზიან მომზადებას გულისხმობს: თეორიულ კურსს, სხვადასხვა ტიპის შეიარაღებიდან საცეცხლე მომზადებასა და ტაქტიკურ სწავლებას.

ახალი თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი წვრთნების უპრეცედენტო მასშტაბზე ლაპარაკობს და, პროცესის განსაკუთრებული მნიშვნელობის დასტურად, რამდენიმე ასპექტსაც ასახელებს:

„ჩვენ არა მხოლოდ პარტნიორი გვყავს, არამედ უზარმაზარი გულშემატკივარი და მეგობარი გვყავს, რომელიც მზად არის ნებისმიერი ფორმით დაეხმაროს ქართულ სახელმწიფოს გაძლიერებაში, ქართულ ჯარს – თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებაში... მეორე, რა თქმა უნდა, ეს არის აბსოლუტურად შეუცვლელი საშუალება ჩვენი ჯარისკაცებისთვის, რომ ამერიკელებთან ერთად, ამერიკული ტექნიკის გამოყენებით, მიიღონ მონაწილეობა ამ წვრთნებში და ივარჯიშონ“.

„არ ვიტყოდი, რომ ამ მასშტაბისა და დონის სამხედრო წვრთნები არ ჩატარებულა საქართველოში“, – ეუბნება რადიო თავისუფლებას სამხედრო–ანალიტიკური ჟურნალ „არსენალის“ მთავარი რედაქტორი ირაკლი ალადაშვილი და ამ კონტექსტში იხსენებს წვრთნებს, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის წინ ჩატარდა საქართველოში. თუმცა, ანალიტიკოსის შეფასებით, ამჟამად მიმდინარე „ღირსეული პარტნიორი“ მაინც გამოირჩევა ცალკეული მახასიათებლებით:

„პირველად საქართველოს ისტორიაში ჩამოტანილ იქნა ამერიკული ჯავშანტექნიკა – ქვეითთა საბრძოლო მანქანები „ბრედლი“. გარდა ამისა, ხდება საჰაერო დესანტის გადმოსხმა „ჰერკულესის“ ტიპის სამხედრო სატრანსპორტო თვითმფრინავებიდან და, რაც მთავარია, მომზადების მთავარი ამოცანა და აზრი ის არის, რომ ორი ქვეყნის არა მარტო ქვეითებმა ისწავლონ ერთობლივი ოპერაციების ჩატარება, არამედ მექანიზებულმა დანაყოფებმაც“.

ტექნიკა და აღჭურვილობა, რომელზეც ირაკლი ალადაშვილი ლაპარაკობს, ამერიკელებმა 6 მაისს შემოიტანეს ბათუმის პორტში ბულგარეთიდან, ხოლო ქართული მხრიდან სწავლებაში გამოყენებული იქნება ქვეითთა საბრძოლო მანქანები „ქსმ-2“.

როგორც ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა აღნიშნა 11 მაისს ბრიუსელში, საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე, საქართველოსთან თანამშრომლობის ერთ–ერთ მთავარ სეგმენტს სწორედ წვრთნების ჩატარება წარმოადგენს – იქნება ეს ნატოსა თუ ალიანსის რომელიმე მოკავშირის მიერ ჩატარებული წვრთნები. იენს სტოლტენბერგი მიიჩნევს, რომ ამ ეტაპზე წვრთნების მნიშვნელობა კიდევ უფრო გაიზარდა: 

„წვრთნები მნიშვნელოვანია შეიარაღებული ძალებისთვის. ის ზრდის ჩვენი შეიარაღებული ძალების ურთიერთთავსებადობასა და ზრდის ერთობლივად მუშაობის შესაძლებლობას. თავსებადობის პროცესი ჩვენ განვავითარეთ ავღანეთის ერთობლივი მისიის ფარგლებში, მაგრამ ახლა, როცა ჩვენ ვამცირებთ სამხედრო წარმომადგენლობას ავღანეთში, წვრთნები კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება“.

სამხედრო წვრთნებს იენს სტოლტენბერგი განიხილავს ასევე ნატოსა და საქართველოს სამომავლო ურთიერთობების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს სეგმენტად, რომელიც განსაზღვრულია უელსის სამიტზე მიღებული არსებითი პაკეტით. როგორც მან 11 მაისს გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, ნატო-საქართველოს ერთობლივი საწვრთნელი ცენტრი, რომელიც გააძლიერებს საქართველოს, ნატოსა და პარტნიორი ქვეყნების შეიარაღებული ძალების ერთობლივად მუშაობის შესაძლებლობებს, მიმდინარე წელს დაფუძნდება.

საქართველოში მიმდინარე წვრთნებს ამ დრომდე არ გამოხმაურებია რუსეთის ფედერაცია, რომლისთვისაც ეს პროცესი, ცხადია, ფრიად უსიამოვნო აღსაქმელი იქნება - მით უფრო იმ ფონზე, რომ სწრაფი რეაგირების ძალების გაძლიერება ნატომ სწორედ რუსეთისგან მოსალოდნელი აგრესიის შესაკავებლად გადაწყვიტა.