რა გააჩერებს ლარს

რა გააჩერებს ლარს

საქართველოს ეროვნული ვალუტა ისევ განაგრძობს გაუფასურებას, თუმცა მთავრობა იმედოვნებს, რომ ლარის ვარდნა დროებითია, საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობა კი, უცხოეთიდან მოზიდული ინვესტიციების მეშვეობით, მალე გამოსწორდება. შესაბამისად, მთავრობისა და საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებით, აღარ შეიქმნება ლარის დევალვაციის მიზეზების შემსწავლელი დროებითი საპარლამენტო კომისია. როგორ აპირებს ხელისუფლება ლარის გამყარებას და ეკონომიკური ვითარების გამოსწორებას?

საქართველოს ეროვნული ვალუტის 31-პროცენტიანმა გაუფასურებამ ბევრ მოქალაქეს პრობლემები შეუქმნა, განსაკუთრებით კი ისინი დააზარალა, ვინც ბანკიდან კრედიტი ამერიკულ დოლარში გამოიტანა. 50 წლის ლეილა შვილბიჭაშვილი ერთ-ერთი მათგანია:

ცხადია, ლეილა შვილბიჭაშვილი გამონაკლისი არაა. თბილისის ქუჩებში ლარის გაუფასურებით შეწუხებული ადამიანების პოვნა იოლია:

მამაკაცი, 61 წლის: „აფთიაქში შევედი და მხოლოდ ციტრამონი ვიყიდე. წნევის წამალი ვერ ვიყიდე, გაძვირებულა და არ მეყო ფული. გაუარესდა ცხოვრება, აბა, არ გაუარესდა?“

ქალი, 51 წლის: „დოლართან მიმართებით გაძვირდა ყველაფერი. ქირით ვცხოვრობ და ადრე თვეში ვიხდიდი 450 ლარს, ახლა კი ვიხდი 600 ლარს. არ არის ეს კრიზისი? ჩემთვის ძაან მძიმეა ამ სხვაობის დაფარვა“.

მამაკაცი, 29 წლის: „ყიდვის უუნარო მოქალაქეები ვართ. ფული არ გვიდევს ჯიბეში. ფული არ არსებობს, არ იშოვება... შეხედეთ გამყიდველების სახეებს, როგორი მუდარაა მათ თვალებში, მოდით და რამე იყიდეთო. ასე რომ, ეკონომიკური კრიზისი სახეზეა და შეიძლება კატასტროფამდეც მივიდეთ“.

თუმცა ასე არ ფიქრობენ საქართველოს მთავრობაში. ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური დარწმუნებულია, რომ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის, EBRD-ის, ყოველწლიური ღონისძიება, რომელიც თბილისში 13 მაისს იხსნება, დადებითად აისახება ეკონომიკურ პროცესზე:

„ეს ღონისძიება ზრდის საქართველოსადმი ინტერესს, საქართველოს საინვესტიციო მიმზიდველობას და ზრდის იმის შესაძლებლობას, რომ განვავითაროთ ეკონომიკა, რაც, ცხადია, აისახება ყველა პროცესზე, მათ შორის, გაცვლით კურსზეც“.

ფინანსთა მინისტრის ეს მოლოდინი რეალობასთან შეუსაბამოდ მიაჩნია ეკონომისტთა ნაწილს. დემურ გიორხელიძე მიიჩნევს, რომ საჭიროა საკითხისადმი მთავრობის კომპლექსური მიდგომა და რომ ერთჯერადად ინვესტიციების მოზიდვა არსებითად არაფერს შეცვლის.

„ნაკადები უნდა იყოს უწყვეტი, მდგრადი და გრძელვადიანი, რომ ზეწოლა მოიხსნას. არადა, სპეკულაციური ზეწოლაც გრძელდება ლარზე, სპეკულანტების წინააღმდეგ ბრძოლა კი სოციალიზმის აღორძინებას ნიშნავს და გამოდის, რომ არ გესმის როგორ ფუნქციონირებენ ბაზრები. ადამიანებს უნდა მივცეთ დამოუკიდებელი კერძო საქმიანობის წარმოების საშუალება, მაგრამ ვერ იწყებენ, რადგანაც ფული დამალულია. ფული მონოპოლიურ ჯგუფებს, ბანკებს აქვთ და ისინი თვითონ აკეთებენ ბიზნესს ამ უვარგისი კანონმდებლობის გამო“, უთხრა დემურ გიორხელიძემ რადიო თავისუფლებას.

ფინანსთა სამინისტროსა და ხელისუფლებას რადიკალური ცვლილებების გატარებისკენ მოუწოდებს საპარლამენტო ოპოზიციაც. ზურაბ ჯაფარიძის თქმით, ლარი თავისით არც ერთ თვეში გამყარდება და არც ერთ წელიწადში:

„საჭიროა რაც შეძლება სწრაფად მოხდეს მთავრობის ხარჯების შემცირება. ასევე უნდა შემცირდეს გადასახადები და უნდა გაუქმდეს ის სავიზო რეგულაციები. ამის შემდეგ, გრძელვადიან პერსპექტივაში, ლარი დაიწყებს გამყარებას“.

კრიტიკის პასუხად, საქართველოს პარლამენტის უმრავლესობა აპირებდა ლარის გაუფასურების შესასწავლად დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნასა და მთავრობის ეკონომიკური გუნდის დაბარებას, თუმცა, როგორც 12 მაისს საფინანსო საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ თამაზ მეჭიაურმა განაცხადა, კომისია აღარ შეიქმნება. მომავალ კვირაში პარლამენტი მოისმენს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ყოველწლიურ ანგარიშს. 12 მაისს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვით, ერთი დოლარი 2.34 ლარი ღირს.