პუტინის ომზე ნემცოვის ანგარიშის მოლოდინში

პუტინის ომზე ნემცოვის ანგარიშის მოლოდინში

რუსი ოპოზიციონერი, ბორის ნემცოვი, მის მკვლელობამდე ცოტა ხნით ადრე აპირებდა, გამოექვეყნებინა ანგარიში, რომელიც დაამტკიცებდა უკრაინის კონფლიქტში რუსი ჯარისკაცების მონაწილეობას. თებერვალში, ნემცოვის მკვლელობის შემდეგ, ანგარიშის დასრულება მისმა მეგობრებმა ითავეს. ახლა დოკუმენტი უკვე მზად არის და მალე რუსეთშიც გამოქვეყნდება.

2015 წლის 25 თებერვალს რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ბორის ნემცოვი, თავის მეგობარ ილია იაშინს ესტუმრა და მას გამოძიებაში დახმარება სთხოვა. ნემცოვი აგროვებდა მასალებს, რომლებიც ადასტურებდა უკრაინაში რუსი ჯარისკაცების ბრძოლის ფაქტს. ორი დღის შემდეგ, 27 თებერვალს, ნემცოვი, რომელიც მუდამ მძაფრად აკრიტიკებდა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს, კრემლთან მოკლეს ცეცხლსასროლი იარაღით. ნემცოვის მკვლელობიდან ორთვენახევრის შემდეგ დაწყებული გამოძიება იაშინის ხელმძღვანელობით დაასრულეს ოპოზიციონერმა აქტივისტებმა და ჟურნალისტებმა.

„ნემცოვის სიკვდილის შემდეგ გამოვაქვეყნეთ მისივე ხელით დაწერილი წერილი, რომელშიც ის ამბობს, რომ მას დაუკავშირდნენ უკრაინაში დაღუპული რუსი ჯარისკაცების ახლობლები, მაგრამ ეშინიათ საჯაროდ საუბარი. ალბათ, გესმით, რომ ნემცოვის სიკვდილმა მათ სიმამაცე არ შემატა. და ჩვენ ძალიან დიდი ძალისხმევა გავწიეთ, რათა, პირველ რიგში, აღგვედგინა ნემცოვის ეს კონტაქტები, იმიტომ რომ, როდესაც მისი ბინა გაჩხრიკეს, დაიკარგა ბევრი დოკუმენტი, ნემცოვის რვეულები დასატელეფონო წიგნაკები. ყველაფერი ეს გამომძიებლებმა წაიღეს“, ამბობს იაშინი.

რადიო თავისუფლებასთან საუბრისას, ილია იაშინმა დასძინა, რომ ნემცოვის სიკვდილით გამოწვეული შოკის შემდეგ გააცნობიერა თავისი ვალი გარდაცვლილი მეგობრის წინაშე, გაეგრძელებინა დაწყებული გამოძიება. თავიდან იაშინი და მისი კოლეგები შიშობდნენ, რომ ნემცოვის ბინის გაჩხრეკის მერე არ ექნებოდათ საკმარისი მასალა ანგარიშის დასამთავრებლად. მაგრამ აღმოჩნდა, რომ ნემცოვს უკვე ჰქონდა მოხაზული ანგარიშის სტრუქტურა, შინაარსი და მიმართულება.

მისი მკვლელობის წინა დღეს ნემცოვმა რამდენიმე ჩანაწერი ჩააბარა თავის ასისტენტს, ოლგა შორინას. ერთ-ერთ ჩანაწერში, რომელიც მარტში მოიპოვა „როიტერის“ სააგენტომ, ვკითხულობთ: „რამდენიმე მედესანტე დამიკავშირდა. ჩვიდმეტი დაიღუპა. მათ ფული არ გადაუხადეს, მაგრამ ჯერჯერობით საჯაროდ ლაპარაკი ეშინიათ“.

იაშინის თქმით, ნემცოვმა მოასწრო რამდენიმე ინტერვიუს ჩაწერა დაღუპული ჯარისკაცების ნათესავებთან. მოკლული პოლიტიკოსის არქივი დიდი არ იყო, თუმცა, როგორც თავად იაშინი ამბობს, მისმა გუნდმა მოახერხა, ნემცოვის მიერ შეგროვილი მასალების მთლიანად აღდგენა. ყველაზე რთული აღმოჩნდა ნემცოვის რესპონდენტების დარწმუნება, საჯაროდ გაემხილათ თავიანთი ვინაობა:

„ჩვენ ვესაუბრეთ მათ და მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია მივიღეთ, მაგრამ ისინი კატეგორიულ უარს ამბოდნენ საჯარო გამოსვლაზე. ჩვენ ვეცადეთ, დაგვერწმუნებინა ისინი, რომ მათთვის ბევრად უფრო უსაფრთხო იქნებოდა, თუ საჯაროდ ილაპარაკებდნენ და ჩვენი ურთიერთობა გასაიდუმლოებული არ იქნებოდა. სამწუხაროდ, მათი დარწმუნება ვერ მოვახერხეთ. შიშის კედელი, რომლის გარღვევასაც ვცდილობდით, ალბათ, ყველაზე მთავარი პრობლემა იყო“.

ანგარიში, სახელწოდებით „პუტინი.ომი“ უკვე ჩააბარეს სტამბაში და მისი საჯარო პრეზენტაცია 12 მაისისთვისაა დაგეგმილი ნემცოვის მიერ თანადაარსებული პოლიტიკური პარტიის, „რპრ-პარნასის“ მოსკოვის სათაო ოფისში. ეს ანგარიში, ისევე როგორც ნემცოვის მიერ გამოქვეყნებული სხვა ანგარიშები კორუფციისა და სოჭის ზამთრის ოლიმპიადის შესახებ, ეყრდნობა საჯაროდ ხელმისაწვდომ წყაროებს. გამოძიების დასრულებაში წვლილი შეიტანეს ცნობილმა რუსმა ჟურნალისტებმა და აქტივისტებმა, მათ შორის გაზეთ „კომერსანტის“ კორესპონდენტმა, ილია ბარაბანოვმა, და ლიბერალური ოპოზიციური პარტია „იაბლოკოს“ წევრმა, ლევ შოლსბერგმა. შოლსბერგს დაუდგენელმა პირებმა სცემეს მას შემდეგ, რაც მან გამოააშკარავა იმ ორი ჯარისკაცის საიდუმლო დასაფლავება, რომლებიც უკრაინაში იბრძოდნენ.

იაშინი, მართალია, იმედს არ კარგავს, მაგრამ ამბობს, რომ რთული იქნება წიგნის დიდი ტირაჟით გამოცემა, სტამბები დიდ ზეწოლას განიცდიანო. მისი თქმით, მან და მისმა მეგობრებმა ანგარიშის სამი ათასი ეგზემპლარის დაბეჭდვა დააფინანსეს. ამასთან, აპირებენ ანგარიში ინტერნეტშიც გამოაქვეყნონ. მაგრამ ყველაფერი ეს ადვილი არ იქნება - 2010 წელს პოლიციამ კონფისკაცია უყო კორუფციაზე ნემცოვის ანგარიშის 100 ათას ცალს. ამასთან, ვებსაიტი, რომელზეც ანგარიში იყო გამოქვეყნებული, არაერთხელ იქცა ჰაკერების იერიშის ობიექტად. როგორც ნემცოვის მეგობრები ამტკიცებენ, რუსეთის ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის ნამდვილი მკვლელები ჯერაც არ დაუკავებიათ.