ნაციონალური მოძრაობის წევრებმა პარლამენტში მისული პრემიერი და მთავრობა უმოქმედობაში დაადანაშაულეს, წინასაარჩევნო დაპირებები არ შეასრულეთო. უფრო მეტიც, ნაციონალებს ისიც წამოსცდათ, ჩვენ რასაც ვპირდებოდით, ავად თუ კარგად, ვაკეთებდით და ეს ფაქტიაო. რა უფლება გვაქვს, პარლამენტის წევრებსა (თუნდაც ისინი ოპოზიციონერები იყვნენ) და ხალხის რჩეულებს არ დავუჯეროთ, მაგრამ...
2008 წელს ნაციონალურმა მოძრაობამ განვითარების 50-თვიანი გეგმა დადო და გეგმის პირველ ხაზში მთავარ დაპირებად „გავამთლიანებთ საქართველოს“ ეწერა. როგორ გაამთლიანეს, აგვისტოს ომის ჩათვლით, ჩვენი ქვეყანა, ყველა ერთად ვხედავთ. რაც შეეხება დანაპირების გაგრძელებას, უფრო საინტერესოა: „საქართველოს დავუბრუნებთ ევროპულ ოჯახში. შევალთ ნატო- ში და ჩვენი საზღვრების ურღვევობას სადარაჯოზე დაუდგება მთელი ცივილიზებული სამყარო. ეს იქნება საქართველოში ახალი ოქროს ხანის დასაწყისი და უმუშევრობის პრობლემა საქართველოში სამუდამოდ დამთავრდება“. ნატო- ს კარზე ვაკაკუნებთ, ვაფხაჭუნებთ თუ ვაბრახუნებთ, მართლა ვერ გეტყვით, მაგრამ ეს კარი ღია რომ არ არის, ფაქტია და ისიც ფაქტია, რომ ნაციონალებმა დანაპირები ვერ შეასრულეს და ახალი ოქროს ხანის დაწყებას ვინ ჩივის, ლამის ნეოლითის ხანაში დავბრუნდით. „ავამოქმედებთ ფოთის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონას, რომელშიც აშენდება 450-მდე ქარხანა და დასაქმდება 20 000-მდე ადამიანი. ავაშენებთ ახალ პორტს, რომელიც არსებულზე 3-ჯერ უფრო დიდი იქნება და თავისუფალ სამრეწველო ზონასთან ერთად მთლიანად საქართველოში 35 000 ახალ სამუშაო ადგილს შექმნის“, - გაგიკვირდებათ და, ესეც მათი დანაპირებია.
450 ქარხანა ქაღალდზეც კი ვერ გახსნეს. რაც შეეხება 35 ათას სამუშაო ადგილს, რა ვიცი, ნაციონალები ამბობდნენ, ტაქსისტები რომ მომრავლდნენ, ესეც ხომ სამუშაო ადგილიაო. ისე, 35 ათასი ტაქსი კი იქნება საქართველოში და შეიძლება ითქვას, ეს პირობა „შესრულდა“. „ავაშენებთ და გავხსნით ევროპასთან შემაერთებელ რკინიგზას, რომელიც 10 000 ოჯახს გაუჩენს სტაბილურ შემოსავალს. ჩვენი 50-თვიანი პროგრამის მიზანია, სიღარიბესთან ბრძოლაში დავეხმაროთ ჩვენს მოხუცებს, რათა სიბერე იყოს სიღარიბის გარეშე. გაისად საპენსიო პაკეტი 100 დოლარი გახდება...“ ეს დაპირებები 2008 წელს დარიგდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ 2009 წელს პენსია 100 დოლარი უნდა ყოფილიყო. ამ დაპირებამ იმ ფსოუს წყალი დალია, კლიპად რომ გადაიღეს ნაციონალებმა და კლიპებით ცდილობდნენ აფხაზეთსა და სამაჩაბლოში დაბრუნებას. რაც შეეხება ევროპასთან შემაერთებელ რკინიგზას, სიმართლე გითხრათ, ამ დაპირების გაჟღერების შემდეგ, რამდენიმე ნაციონალმა თავადაც გაიკვირვა, რა სისულელეს ვამბობთო, მაგრამ არა უშავს, მთავარი ხომ არჩევნებში გამარჯვება იყო და მერე რა, თუ 2008-ში გასაერთიანებელ ქვეყანას ასეულობით სოფელი ჩამოვაჭერით და მარწყვის ტორტის ნაჭერივით მივართვით მტრებს. „ჩვენი 50-თვიანი პროგრამის მიზანია, დავეხმაროთ ქართულ სოფელს, ფეხზე დავაყენოთ სოფლის მეურნეობა, გავაუმჯობესოთ სოფლის ცხოვრების პირობები. ჩვენი პროგრამით ავამუშავებთ საშუალოდ 100 ახალ სოფლის მეურნეობის საწარმოს ყველა რეგიონში და დავასაქმებთ სოფელს. მომავალი 25 თვის განმავლობაში გაზიფიცირებული იქნება 2 000 სოფელი, რაც ნიშნავს თითქმის მთელი საქართველოს სრულ გაზიფიკაციას. უფრო მეტად დავეხმარებით ფერმერებს ხვნა–თესვაში, გავაგრძელებთ მუშაობას იმისთვის, რომ სოფელს ჰქონდეს გაზი, კარგი გზა, სარწყავი წყალი, თანამედროვე სკოლა და მედ–პუნქტი,' - ეს დაპირება აშკარად სოფელსა და გლეხზე იყო გათვლილი. ერთი გაფიქრება ისიც ვიფიქრე, დაკარგულ სოფლებში ხომ არ დაიწყეს გაზის შეყვანა და მერე ესენი ხომ არ დაიბრალებენ, დაგპირდით და რა მნიშვნელობა აქვს, გაზს „სოკარი“ შემოიყვანს თუ „როს-გაზიო“, მაგრამ იმ სოფლებში სახლებიც დაწვეს და... საინტერესოა სოფლის მეურნეობის 100 ახალი საწარმოს გახსნა. ეს მით უფრო საინტერესოა, რომ 100 საწარმო იმ 450 დაპირებულ საწარმოში არ შედიოდა ანუ საერთო ჯამში, 550 საწარმო უნდა აშენებულიყო 50 თვეში, ესე იგი, თვეში უნდა გახსნილიყო 11 საწარმო. ხვდებით, როგორ ეკონომიკურ აფეთქებასთან გვექნებოდა საქმე? ვერ გეტყვით, საიდან უნდა მოეტანათ ფული ან ვის უნდა მოეტანა და ეჭვი მაქვს, არც თავად იცოდნენ, მაგრამ მთავარი ხომ ეს არ იყო... „საშემოსავლო გადასახადს 15%–მდე შევამცირებთ, რაც საშუალებას მოგვცემს შევქმნათ მეტი სამუშაო ადგილი. 1200–ზე მეტი კარგად აღჭურვილი გადამზადებული სოფლის ექიმი იზრუნებს სოფლის მოსახლეობის ჯანმრთელობაზე, ეს არის ჩვენი მანიფესტი, ეს არის ჩვენი სამოქმედო გეგმა, ეს არის გზა, რომლითაც ვივლით მომდევნო 50 თვის მანძილზე. საქართველოს სიღარიბისგან გათავისუფლება. საქართველო გაბრწყინდება“, - ასე ომახიანად სრულდებოდა დაპირებების ჩამონათვალი და... სანამ ამ ხელისუფლების 100 ქარხანას მოიკითხავთ, ეგებ, ჯერ თქვენ 550 საწარმო გვანახოთ, ბატონებო!