ვინ აფერხებს თავდაცვის კანონის დამტკიცებას _ მთავრობა თუ პარლამენტი
პრეზიდენტმა და პრემიერმა კინკლაობის მორიგი, ერთკვირიანი რაუნდი გადალახეს და 9 მაისს, გამთენიისას, პარლამენტმა მთავრობის განახლებულ შემადგენლობას ნდობა კიდევ ერთხელ გამოუცხადა. ამასობაში კი, ხელისუფლების შტოებს შორის ახალი განხეთქილება მწიფდება, რომლის საფუძველიც თავდაცვის შესახებ დაკონსერვებული კანონპროექტია. ამ კანონის შესახებ თავდაცვის ახალმა მინისტრმა, თინა ხიდაშელმა პირველად მაშინ განაცხადა, როცა პრემიერმა ღარიბაშვილმა მინისტრის პოსტზე წარადგინა. მეორედ ხიდაშელი ამ თემას პარლამენტში, მინისტრთა კაბინეტის საკომიტეტო მოსმენების დროს შეეხო. თავად კანონი უკვე მესამე მინისტრს ითვლის - მთავრობის სხდომაზე განსახილველად ალასანიამ გაიტანა, თუმცა თავადვე შეაჩერა. მოგვიანებით, მინდია ჯანელიძეც ასევე მოიქცა. ხიდაშელმა კი ეს თემა ჯერ კიდევ გამინისტრებამდე ,,აწია'.
,,ჩემი ერთ-ერთი ამოცანაა, თავდაცვის უწყებისა და გენერალური შტაბის ანუ სამოქალაქო და სამხედრო ნაწილის გაყოფა ბოლომდე მივიყვანოთ. დღემდე პრობლემები აქვს თავდაცვის კანონს პარლამენტში. ვფიქრობ, ეს პრინციპულად მნიშვნელოვანია, რათა რეალურად გადავიდეთ იმ სტანდარტზე, რასაც ნატო და საერთაშორისო თანამეგობრობაში ჩვენი წევრობა ითხოვს. რა თქმა უნდა, იქნება შემთხვევები, როცა შეიძლება, სამხედრო ფორმაში მნახოთ, მაგრამ ეს თავდაცვის მინისტრის მთავარი საქმე არ არის. თავდაცვის მინისტრი ჯარს აქედან, სამოქალაქო სექტორიდან უნდა ემსახუროს და არ უნდა გახდეს ჯარისკაცი. სწორედ ესაა 21-ე საუკუნის მოთხოვნა, რომლის წინაშეც ვდგავართ. ვერ ვხედავ პრობლემას ვერც ჯარისკაცის ფორმაში, ვერც - თავდაცვის სამინისტროდან ჯარის მსახურებაში, მაგრამ ეს ზღვარი ნათლად უნდა გავავლოთ', - განაცხადა ხიდაშელმა მინისტრად დამტკიცებამდე, რამდენიმე დღის შემდეგ კი დასძინა, რომ ,,არამხოლოდ თავდაცვის კანონის, არამედ ზოგადად, კანონმდებლობის მოწესრიგება იქნება ერთ-ერთი ძლიერი მხარე, რაც იურისტ მინისტრს შესამჩნევს გახდის'.
ხიდაშელის გამოსვლებიდან, ცხადია, დარჩა კითხვები: თუკი ასეთი მნიშვნელოვანია, რატომ აფერხებს პარლამენტი კანონის განხილვას ან, როცა საუბარი თავდაცვის სამინისტროში სამხედრო და სამოქალაქო ფუნქციების გაყოფაზეა, რაც აქამდეც დარეგულირებული იყო, ამ მეტად საჭირო კანონის არსი რაში მდგომარეობს, რა წერია კანონში ისეთი, რაც თავდაცვის სისტემას უკეთესობისკენ შეცვლის? ამის შესახებ, ,,ვერსიამ', პირველ რიგში, თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარეს, ირაკლი სესიაშვილს ჰკითხა, რომელმაც განაცხადა, რომ თავდაცვის შესახებ კანონი მთავრობის ინიცირებულია და როცა მთავრობის საპარლამენტო მდივანი იტყვის, კომიტეტში კანონის განხილვას მსვლელობაც მაშინ მიეცემაო. ხიდაშელის ფრაზა კი, კანონს პარლამენტში აქვს პრობლემებიო, რა თქმა უნდა, მასმედიას დაბრალდა: ,,მე და თინა ერთმანეთს შევხვდით და ამ კანონზეც ვისაუბრეთ... განხილვა იმის გამო შეჩერდა, რომ კანონპროექტში ცვლილების შეტანა ჯერ კიდევ ალასანიას სურდა, მოგვიანებით, მინდია ჯანელიძეს. მათი ინიციატივა არ ყოფილა, კანონი დროულად განხილულიყო, თორემ კომიტეტი ამისთვის ყოველთვის მზადაა. თინამ ეს ძალიან კარგად იცის და ალბათ, მედიამ მისი განცხადება არასწორად გაიგო', - განაცხადა სესიაშვილმა. მისივე თქმით, საკომიტეტო მოსმენებამდე კანონპროექტს, ალბათ, ხიდაშელიც შეაყოვნებს. ,,მას სურს, ფუნქციების გამიჯვნის კუთხით უფრო აქტიური ნაბიჯები გადაიდგას, რასაც მხოლოდ მივესალმები. კანონში საუბარია სტრუქტურულ ცვლილებებზე. სამოქალაქო და სამხედრო მმართველობის ფუნქციები ისედაც გაყოფილია. აქ საუბარია ამ ფუნქციების განსაზღვრასა და შემდგომ დახვეწაზე. ეს განვითარების ჩვეულებრივი პროცესია', - ამბობს სესიაშვილი. ამ ,,ჩვეულებრივ პროცესში' არაჩვეულებრივი სწორედ ისაა, რაზეც არავინ საუბრობს: თავდაცვის კანონი ის საკანონმდებლო პაკეტია, რომლის რამდენიმე პუნქტიც უკვე დამტკიცებულია - მაგალითად, ეროვნული უშიშროების შესახებ კანონი, ასევე, კანონი ეროვნული უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის კოორდინაციის შესახებ და სხვა სტრატეგიული და უწყებრივი ხასიათის დოკუმენტებზე პასუხისმგებელი ორგანოების განსაზღვრა. კანონპროექტში ორი საინტერესო სიახლეა ჩადებული, რასაც თავდაცვის სამინისტროში სამხედრო და სამოქალაქო ფუნქციების გამიჯვნასთან კავშირი არ აქვს. ამ თემაზე ,,ვერსია' იურისტსა და ცენტრ ,,მომავლის ინიციატივების' დამფუძნებელ ლევან ალაფიშვილის ესაუბრა: ,,კონსტიტუციაში წერია, რომ სამხედრო ძალების შემადგენლობას განსაზღვრავს პარლამენტი და კანონი. ამ კანონპროექტში კი წერია, რომ ყველაფერ ამას მთავრობა უნდა განსაზღვრავდეს. ეს აშკარა წინააღმდეგობაა კონსტიტუციასთან, რისი უარყოფაც, სხვათა შორის, არავის უცდია. ამავე კანონშია გენერალური შტაბის უფროსის დაქვემდებარების საკითხი. კონსტიტუციით, შტაბის უფროსის დანიშვნა- გათავისუფლება პრეზიდენტს ეხება, უფრო სწორად, გენშტაბის უფროსი ანგარიშვალდებულია ქვეყნის უმაღლეს მთავარსარდალთან ანუ პრეზიდენტთან. ამ ჩანაწერის მიხედვით, იგი ანგარიშვალდებულია არა სამხედრო ძალების მთავარსარდლის და, სხვათა შორის, არც პრემიერის, არამედ თავდაცვის მინისტრის წინაშე.
სწორედ ამიტომ თქვა თავის დროზე ალასანიამ საჯაროდ, რომ კანონი შეიცვლებაო. გულწრფელად რომ ვთქვათ, კანონპროექტი მიზნად სამხედრო და სამოქალაქო კომპონენტის გამიჯვნას კი არ ისახავდა, არამედ, პოლიტიკის გაგრძელება იყო - ეს გახლდათ პრეზიდენტის, როგორც სამხედრო ძალების მთავარსარდლის ინსტიტუციური დასუსტების მცდელობა. თავდაცვის იმდროინდელმა მინისტრმა არა მხოლოდ პრეზიდენტის წინააღმდეგ გაილაშქრა, არამედ პარლამენტის წინააღმდეგაც, რადგან პროექტში მითითებულია, რომ შეიარაღებული ძალების შემადგენლობას პარლამენტი კი არა, მთავრობა განსაზღვრავს'. როგორც ალაფიშვილი განმარტავს, მთავრობას ამით კიდევ ერთი, სამხედრო კომპეტენციის მიტაცება სურდა. ალბათ, თვეების განმავლობაში, ეს კანონპროექტი იმიტომაც დაკონსერვდა, რომ ვიღაცამ კონსტიტუციასთან მისი აშკარა შეუსაბამობა შენიშნა, თანაც პრეზიდენტისთვის ჯერჯერობით სამხედრო ძალების მხედართმთავრობა არ ჩამოურთმევიათ. ყველაფრის მიუხედავად, ალასანიამ პროექტი, ანტიკონსტიტუციური პუნქტებიანად, მინისტრებს წარუდგინა და მათაც მოიწონეს. ისიც საინტერესო დეტალია, რომ კანონზე მუშაობისას თავდაცვის სამინისტრომ არც შენიშვნები გაითვალისწინა, მთავრობამ კი ლევან ალაფიშვილს ლობისტად დარეგისტრირებაზე უთხრა უარი - სწორედ ამ თემაზე იურისტმა მთავრობას ორი ინსტანციის სასამართლოში მოუგო: ,,თავდაცვის სამინისტროს მიერ ამ კანონის მომზადების პროცესშიც ჩავერთე და მივუთითე, რომ არსებითად ეწინააღმდეგებოდა კონსტიტუციას, რასაც ნეგატიური შეფასებები მხოლოდ ქვეყნანაში კი არა, მის გარეთაც შეიძლება მოჰყოლოდა. მიუხედავად ამის, კანონპროექტში არათუ ცვლილებები შევიდა, არამედ, შარშან, აპრილში მთავრობამ ეს კონცეფცია და მისი შინაარსი მოიწონა: 18 მინისტრისთვის მისაღები აღმოჩნდა კონსტიტუციის საწინააღმდეგო ეს ორი საკითხი. კანონის მომზადებაში კი ჩართული გახლდათ თავდაცვის მაშინდელი მინისტრი, რაც ასევე სამწუხაროა. სხვა საქმეა, ეს პროექტი კანონად ჯერ არ ქცეულა, მაგრამ მთავრობამ მხარი უკვე დაუჭირა. იმის გამო, რომ პროექტის შემუშავებისას შენიშვნებს დიდი ენთუზიაზმით არ იღებდნენ და არ მინდოდა, ეს კანონპროექტი კანონად ქცეულიყო, ლობისტად რეგისტრაციის მოთხოვნით პარლამენტს, მთავრობასა და პრეზიდენტს მივმართე. მათ შორის ერთმა, მთავრობამ უარი მითხრა, რაც სასამართლოში გავასაჩივრე. ჩემთან მთავრობამ ძალიან სამარცხვინო მარცხი განიცადა - პირველად 10 თებერვალს და ახლა, 5 მაისს, სააპელაციო სასამართლოში. 2 ინსტანციის სასამართლომ მთავრობას უთხრა, კანონსმიღმა ქმედებები საჯარო სამსახურში მიუღებელია და თქვენი გადაწყვეტილებები მხოლოდ კანონს დააფუძნეთო. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში კი ლობისტად იმიტომ დავრეგისტრირდი, რომ იგი, როგორც მთავარსარდალი, დამერწმუნებინა, ამ კანონისთვის ვეტო დაედო, თუმცა პარლამენტშიც საკომიტეტო მოსმენები ჯერ არ დაწყებულა'. ახლა ჯერი რესპუბლიკელ თინა ხიდაშელზეა, რომელიც, ჯერჯერობით, თავდაცვის კანონის ამ ორ ანტიკონსტიტუციურ ნაწილზე არ საუბრობს, თუმცა იმედია, როგორც ყოფილი კანონმდებელი, არასამთავრობო სექტორიდან მოსული და ბოლო ბოლო, იურისტი მინისტრი თავდაცვის დაკონსერვებულ კანონსაც დაძრავს და ზემოხსენებულ ორ ჩანაწერსაც შეცვლის.