რევოლუციის ორი სცენარი

რევოლუციის ორი სცენარი

„დღეს რევოლუცია აწყობს ყველას, როგორც ხელისუფლებას, ისე - ოპოზიციაში ძალიან ბევრს. ვინც მხარს არ უჭერს რევოლუციას, იმასაც აწყობს რევოლუცია, რადგან ამღვრეულ წყალში ყოველთვის შეიძლება თევზის დაჭერა. ხელისუფლებას რევოლუცია აწყობს იმიტომ, რომ თვლის, მას აქვს შესაძლებლობები, პროცესები მოკლე დროის განმავლობაში დინებაზე მიუშვას და შემდეგ, ისე მოაშთოს, რომ საერთოდ აღარავის ჰქონდეს ქუჩაში გამოსვლის თავი და სურვილი, წყნარად და მშვიდად ჩაატაროს საკონსტიტუციო ცვლილებების ფორმატში არჩევნები, ანუ ისე, როგორც თავად სურს და არა ისე, როგორც „რვიანი“ და დასავლეთი მოითხოვს,” - ამბობს “ქართულ სიტყვასთან” საუბრისას ექსპერტი მამუკა არეშიძე.

 

ბატონო მამუკა, როგორ აფასებთ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ 2010 წლის ანგარიშს?

- ქართველებს რატომღაც გვგონია, რომ ყველაზე უკეთესი და ყურადღებამისაქცევი ერი ვართ და ამით მოგვაქვს თავი, მაგრამ აშშ-სა და საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის საქართველო, მიუხედავად იმისა, რომ დასავლეთის მოკავშირეა, ბუნებრივია, ერთ-ერთი რიგითი ქვეყანაა. ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით, საქართველოში შექმნილი მდგომარეობა განიხილებოდა საერთო კონტექსტში. ჩვენს სამეზობლოში უფრო უარესი მდგომარეობაა, ყოველ შემთხვევაში, ასე მიიჩნევდა ამერიკის ადმინისტრაცია. ბოლო დროის მონაცემების მიხედვით კი, იმდენად მწვავე მდგომარეობა შეიქმნა საქართველოში, რომ ეტყობა, ამ ქვეყნებს დავეწიეთ, ამიტომაც მოახდინა აშშ-მ ასეთი ტიპის რეაგირება.

 

ამ ყველაფერზე თვალის დახუჭვა უკვე აღარ შეიძლებოდა. დეპარტამენტის ანგარიშს მოჰყვა ამერიკის ელჩის, ჯონ ბასის კომენტარი, რომელშიც, ასევე, პირდაპირ იგრძნობა, რომ ჩვენი მოკავშირეები უაღრესად უკმაყოფილონი არიან იმით, რაც ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობის თვალსაზრისით ხდება. ყველამ კარგად იცის, რომ გიორგი ტუღუში იყო სახელისუფლებო გუნდის კანდიდატურა და მათი ხელდასხმით გაყვანილი სახალხო დამცველად. სოზარ სუბარისგან განსხვავებით, იგი შედარებით უცნობი იყო საზოგადოებისთვის და მმართველი გუნდი ყველაფერს აკეთებდა, რომ რაც შეიძლება უკეთესად გაეშუქებინა მისი ბიოგრაფია და, აქედან გამომდინარე, გაემართლებინა მისი დანიშვნა ამ პოსტზე, მაგრამ ტუღუში, ეტყობა, წესიერი ადამიანია და არ დამალა ის მდგომარეობა, რაც შექმნილია საქართველოს პენიტენციურ სისტემაში.

 

გარდა ამისა, ტუღუში ანგარიშვალდებულია საერთაშორისო ორგანიზაციების წინაშე, მათთან აქტიურად თანამშრომლობს. ამის შედეგად, ამერიკის ადმინისტრაციამ შესაბამისი დასკვნა გამოიტანა. რაც შეეხება იმას, გაცივდა თუ არა თეთრი სახლი სააკაშვილის მიმართ, ვთვლი, რომ ამერიკისთვის საქართველო რჩება მოკავშირედ, რომელიც ამერიკული და დასავლური ფასეულობების ერთ-ერთი უპირველესი გამზიარებელია მსოფლიოში და, გარდა ამისა, მოკავშირედ, რომელიც ავღანეთის ოპერაციაში მასშტაბურად მონაწილეობს, მაგრამ უნდა ითქვას, რომ ხელისუფლების ქმედების მიმართ ღია კრიტიკას აღარ ერიდებიან ამერიკის ადმინისტრაციაში და არა მხოლოდ ადამიანის უფლების დაცვის თვალსაზრისით.

 

ამერიკელებს არ უყვართ, როდესაც თავიანთი ამომრჩეველი და მოქალაქე ჰკითხავთ, რატომ ვიხდი ფულს ქვეყანაში, სადაც დემოკრატიის მთავარი ფასეულობები დაცული არ არის? ეს კითხვა უფრო და უფრო მეტ ამერიკელს უჩნდება და არა - მარტო საქართველოს მიმართ. ამერიკის ადმინისტრაციას უხდება ძალიან სერიოზული კრიტიკის მოსმენა იმის გამო, რაც ხდება ჩრდილო აფრიკასა და ზოგიერთ სხვა რეგიონში. ამას, ბუნებრივია, ემატება საქართველოს საკითხიც იმიტომ, რომ მათ თვითონ გააპიარეს საქართველო და საქართველოს ხელისუფლება, როგორც დემოკრატიის შუქურა რეგიონში. აქედან გამომდინარე, ისინი იმკიან შედეგს და, ბუნებრივია, ღიზიანდებიან.

 

რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდაენ-დი-აი”- კვლევის შედეგებიც დანაცმოძრაობამრიხით განაცხადა, დღესვე რომ დაინიშნოს არჩევნები, კვლავ უმრავლესობით მოვალთო...

- “ენ-დი-აი”-მ თვითონვე გამოთქვა შეშფოთება იმის გამო, რომ მისი შედეგები დაამახინჯეს - ის, რაც გამოქვეყნდა ხელისუფლების მიერ, არ იყო სწორიო. ესეც რომ არ იყოს, კვლევების შედეგებს დავიჯერებ იმ ქვეყანაში, სადაც საზოგადოება შინაგანად თავისუფალია. კვლევების ჩატარებას იმ ქვეყანაში, სადაც საზოგადოება არაა გულწრფელი, დათრგუნული და შეშინებულია, არანაირი აზრი არ აქვს, ის სურათს არ გვაძლევს, თანაც გამოკითხულთა 30%-მა თავი შეიკავა პასუხისგან, ანუ როგორ არის ხალხი შეშინებული, რომ თავის აზრს არ გამოხატავს. ამ კვლევებს, ამ შემთხვევაში, ისე გავატარებ, ვითომ არც ყოფილა.

 

როგორ აფასებთ საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს?

- მდგომარეობას, რომელშიც ჩვენი ქვეყანაა, შეიძლება ეწოდოს პოლიტიკური წუმპე. შეიძლება, ზედმეტად მკაცრი ნათქვამია, მაგრამ ასეა. პოლიტიკური ისტებლიშმენტის 90%-ი ერთმანეთში ვაჭრობს და ეს უკვე მომაბეზრებელია. პოლიტიკური დინამიკის განვითარებას 80-იანი წლებიდან ვაკვირდები არა მარტო საქართველოში, არამედ, მთელ რეგიონში. ამ პროცესებში აქტიურად ვიყავი ჩართული და ძალიან კარგად ვიცი, რა ხდებოდა. შევარდნაძის დროსაც იგივე სიტუაცია იყო, ოღონდ დღეს განსაკუთრებული ცინიზმით ხდება ყველაფერი. პოლიტიკური ფიგურები, გინდ ხელისუფლებაში და გინდ - ოპოზიციაში, ვინც ამ პოლიტიკურ გარიგებებსა და ვაჭრობაში მონაწილეობენ, ცდილობენ, სხვებიც გასვარონ. ასეთი რამ რევოლუციამდე არ ყოფილა. აქედან გამომდინარე, რიგითი ადამიანისთვის ხდება გაუგებარი, ვინ თვალთმაქცობს და ვინ ეუბნება სიმართლეს. ქართულ პოლიტიკაში გულანთებულებისა და პატრიოტების რიცხვი კატასტროფიულად კლებულობს და ჩვენს თვალწინ ჩამოყალიბდა პოლიტიკოსთა კასტა, რომლისთვისაც მთავარი ამოცანა პოლიტიკაში, ანუ ხელისუფლებაში, ან ოპოზიციაში ყოფნაა. სხვა ამოცანა და მიზანი მათ არ ამოძრავებთ.

 

ორი ოპოზიციური პარტია მუდმივად რევოლუციით იმუქრება. თქვენი აზრით, ხელისუფლების გარდა, როგორ ძალებს აწყობთ რევოლუცია საქართველოში და ეს მართლა ერთადერთი გამოსავალია?

- პარადოქსალურ რამეს გეტყვით: დღეს რევოლუცია აწყობს ყველას, როგორც ხელისუფლებას, ისე - ოპოზიციაში ძალიან ბევრს. ვინც მხარს არ უჭერს რევოლუციას, იმასაც აწყობს რევოლუცია, რადგან ამღვრეულ წყალში ყოველთვის შეიძლება თევზის დაჭერა. უბრალოდ, ზოგს მეტად სურს, ზოგს - ნაკლებად. „რვიანის“ წევრ პოლიტიკურ პარტიებს ეს ნაკლებად აწყობთ, ბუნებრივია, იმიტომ, რომ ისინი ამ სიტუაციაში არ იქნებიან ლიდერები. ხელისუფლებას რევოლუცია აწყობს იმიტომ, რომ ის თვლის, რომ აქვს შესაძლებლობები, პროცესები მოკლე დროის განმავლობაში დინებაზე მიუშვას და შემდეგ ისე მოაშთოს, რომ საერთოდ აღარავის ჰქონდეს ქუჩაში გამოსვლის თავი და სურვილი, წყნარად და მშვიდად ჩაატაროს საკონსტიტუციო ცვლილებების ფორმატში არჩევნები - ისე, როგორც თავად სურს და არა ისე, როგორც „რვიანი“ და დასავლეთი მოითხოვს.

 

თქვენი პროგნოზი როგორია, მართლა, განვითარდება საქართველოში რევოლუციური პროცესები?

- საოცარია, რომ საზოგადოების ნაწილსაც აქვს რევოლუციის სურვილი, ვინაიდან საპროტესტო განწყობაა მაღალი. ეს საპროტესტო განწყობა განპირობებულია უმძიმესი პოლიტიკური და სოციალური ფონით და იმ ცხოვრების წესით, რაც ქვეყანაშია შექმნილი. ხალხს აღარ სურს ძველებურად ცხოვრება. საერთოდ, პოლიტელიტის პრეროგატივაა, ხალხიდან საზოგადოებას შექმნის თუ ბრბოს. ჩვენმა პოლიტიკურმა ელიტამ ყველაფერი გააკეთა, რომ ამ ხალხისგან შეექმნა ბრბო, რომელიც რევოლუციის პროცესში საშინელებაა.

 

გია ბარამიძემმოსკოვსკიე ნოვოსტისთვისმიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რიგი ოპოზიციონერებისა იმედოვნებენ, რომ თბილისში ისინი შეძლებენ შეტაკებების ორგანიზებას, შემდეგ, დასახმარებლად რუსულ არმიას დაუძახებენ, რათა ხელისუფლება ჩაიგდონ ხელში. ქართული არმია ამისთვის სათანადოდ ემზადება და ამბოხებულებს დავამარცხებთო. თუ იცით, რა სცენარს გულისხმობს და რა ომისთვის ემზადება ხელისუფლება?

- ეს არის კლიშე, რომლითაც მთავრობის ზოგიერთი წევრი საკუთარ მოსახლეობასთან ლაპარაკობს. რატომ დაუძახებენ მაინცდამაინც რუსულ არმიას და არა - ამერიკულს? იქნებ, ამერიკულს ეძახიან, არიქა, მოგვეშველეო? ვინ თქვა ეს? ამბოხებულებს ჩრდილო აფრიკაში რუსული არმიისთვის არ დაუძახიათ, დაუძახეს დასავლური კოალიციის ქვეყნებს, საფრანგეთს, ინგლისს, და საერთოდ, ნატო-ს. ასეთ ვერსიას იმიტომ ავრცელებენ, რომ არა მხოლოდ ქართულ საზოგადოებაში, არამედ, დასავლეთში, წლების განმავლობაში, ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენელი კარგად ახერხებდა ამ მეთოდით მტრის ხატის შექმნას, არიქა, თუ თქვენ ფულს არ მოგვცემთ, გვერდში არ დაგვიდგებით და არ დაგვეხმარებით, მაშინ ჩვენი ოპოზიციონერები რუსების ჯარებს შემოგიყვანენო. ეს იყო მუდმივი პედალირების საგანი.

 

დავუშვათ, “მოვიდა რევოლუცია”, ვისი პროვოცირებული იქნება?

- არ გამოვრიცხავ, რომ ის ხელისუფლების პროვოცირებითაც მოხდეს და, რასაკვირველია, თვითონ რევოლუციაში მონაწილე საზოგადოებამაც მოახდინოს პროვოცირება. ვიმეორებ, რომ არსებობს ხელისუფლებაში მოსვლის ძალიან დიდი სურვილი. არაერთ რევოლუციაში მივიღე მონაწილეობა და მივხვდი, რა უბედურება დავატეხეთ ამ ქვეყანას, ახალ რევოლუციაში ვერაფრით მივიღებ მონაწილეობას, მაგრამ აქ სხვა რამეშია საქმე - ქვეყანაში შექმნილია რევოლუციური მდგომარეობა, როდესაც სხვა გზა აღარ გაქვს, გარდა ერთისა. მიუხედავად იმისა, რომ ამის წინააღმდეგი ვარ, ობიექტურად ასეთი მდგომარეობაა. ჩეხოვისა არ იყოს, როდესაც სპექტაკლის დასაწყისში კედელზე თოფი კიდია, მეოთხე მოქმედებამდე ის აუცილებლად გავარდება თავისით. აი, ასეთი მდგომარეობაა შექმნილი ქვეყანაში. ხელისუფლებამ თუ არ დათმო საარჩევნო სისტემის თვალსაზრისით, ან სხვა მიმართულებით, რევოლუცია გარდაუვალია, ის აუცილებლად მოხდება!

 

რაც შეეხება პოლიტიკურრვიანსადა საარჩევნო გარემოს. როგორც გამოიკვეთა, მისი შეცვლით საერთაშორისო საზოგადოებაა დაინტერესებული და უკვე კატეგორიულად მოითხოვს ხელისუფლებისგან დათმობაზე წასვლას...

- საერთაშორისო საზოგადოება არ არის რუსეთი, რომელსაც თუ ნებით არ დაჰყვები, ძალით ჩაგერევა. ეს ხდება რეკომენდაციის დონეზე - შეიძლება ელჩმა დაგიბაროს საკუთარ კაბინეტში და გიყვიროს, როგორც არაერთხელ მომხდარა საქართველოს უახლეს ისტორიაში. მეტს ვერაფერს გააკეთებს. თვითონ ხელისუფლება უნდა ხვდებოდეს ამის აუცილებლობას. თუ ხელისუფლება ამ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით კომპრომისზე არ წავა, ესე იგი, მას უნდა, რომ მოხდეს სახალხო მღელვარება, ამის თქმა ცალსახად შეიძლება. საქმე ისაა, რომ “რვიანის” მიერ დაყენებული მოთხოვნების ძირითადი ნაწილი შეთანხმებულია საერთაშორისო ორგანიზაციებთან.

 

საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერამ განაპირობა სხვადასხვა ტიპის პარტიის გაერთიანება, რასაც დღეს “რვიანი” ეწოდება. სხვა მხრივ, ეგენი ერთად არ იქნებოდნენ. ხელისუფლება ყველანაირად ჭიმავს დროს და ცდილობს, ეს პროცესი შეინარჩუნოს, რათა დასავლეთის წინაშე თავი მოიწონოს, მაგრამ შედეგი იყოს ისეთი, როგორიც თვითონ უნდა. არ გამოვა ეს ამბავი. უბედურებაა, რასაკვირველია, რომ ოპოზიციური “რვიანის” წევრები არ ყოფილან მზად ამ სიტუაციისთვის და არ აქვთ მოფიქრებული ტაქტიკური სვლები, როგორ უნდა მოიქცნენ დროის გაჭიმვის შემთხვევაში. ესაა მათი ტრაგედია და კიდევ ერთხელ ამტკიცებენ, რომ საქართველოში კრეატიულად მოაზროვნე პოლიტიკოსების დეფიციტია. მეორეც, ისინი ვერ უხსნიან ხალხს, თუ რა უნდათ. ხელისუფლებამ სწორი, თავისთვის სასარგებლო პიარი წამოიწყო, რომ მაჟორიტარი დეპუტატების არარჩევა იქნება დარტყმა თითოეულ რაიონზე და უამისოდ დაინგრევა ქვეყანა. როდესაც “რვიანის” წევრები ვერ ახერხებენ იმის ახსნას, რომ პირიქით, თუ არჩეული იქნება არა თითო რაიონიდან თითო დეპუტატი, არამედ, რეგიონიდან - 4-5 დეპუტატი, ეს საკმარისი იქნება. ამის ახსნა არის ელემენტარული, როგორც ორჯერ ორი ოთხია.

 

საბოლოო ჯამში, ჩვენ გვაქვს ისეთი სიტუაცია, როდესაც ხელისუფლება არ თმობს. “რვიანმა” დათმო ყველაფერი ორი ძირითადი პრინციპის - მაჟორიტარების წესით არჩევისა და ბიომეტრიული პასპორტების გარდა და უკან დასახევი გზა აღარ აქვს. ხელისუფლების მიერ თუ არ იქნა დათმობები მიღებული, ესე იგი, მას აწყობს დაიწყოს სახალხო მღელვარება და შემდეგ, ძალა გამოიყინოს. თუ მოხდა ისე, რომ “ქართული პარტია” და ბურჯანაძის პოლიტიკური ორგანიზაცია შეთანხმდნენ ერთობლივ მოქმედებაზე, მაშინ უკვე ძალიან სერიოზულ ძალასთან ექნება საქმე ხელისუფლებას.

 

თუმცა, არც ხელისუფლება იჯდება უქმად და, ალბათ, არ დაუშვებს სერიოზული კონკურენტების გაერთიანებას. უკვე ცნობილია ორი თარიღი -  20 აპრილი და 2 მაისიროდესაცქართული პარტიადასახალხო კრებააქციებს დაიწყებენ...

- სხვათა შორის, იმაში, რომ ეს ორი თარიღი გაერთიანდეს, ძალზე სერიოზული ძალებია ჩართული. აქ შეიძლება ზოგიერთი პლიტიკური ლიდერიც კი გაიწიროს, რომელიც ამ ერთიანობის წინააღმდეგია. ქართული საზოგადოება ვეღარ აიტანს, რომ ვიღაც თავის საქმეებს არჩევდეს ქუჩაში და ქვეყნის ინტერესები ეწირებოდეს მათ პირად ამბიციებს.