ერთხელ, ერთი ცნობილი მსახიობისთვის უკითხავთ, რა გააკეთეს “ნაციონალებმაო”. უპასუხია, მაგათ რა უნდა გაეკეთებინათ, თვითონ ახლიდან “გასაკეთებლები” არიანო. ეს “ფრთიანი” ფრაზა მაშინ გამახსენდა, როცა სტატისტიკის ეროვნულმა სააგენტომ, 2014 წლის ნოემბერში ჩატარებული საყოველთაო აღწერის წინასწარი შედეგები გამოაქვეყნა და საგანგაშო მასალები დადო - მოსახლეობის კლების მიზეზად, ექსპერტებმა “ნაციონალური მოძრაობის” მმართველობის პერიოდი დაასახელეს. მაინც, რა კავშირშია ყოფილი ხელისუფლება საქართველოს მოსახლეობის შემცირებასთან? - “ქართულ სიტყვას” დემოგრაფიული განვითარების ფონდის ერთ-ერთი დამფუძნებელი, ანზორ თოთაძე ესაუბრა:
-Dდემოგრაფიული თვალსაზრისით, საქართველოში ყოველთვის უმძიმესი მდგომარეობა იყო, მაგრამ ახალმა საყოველთაო აღწერამ, რომელიცGგასული წლის ნოემბერში ჩატარდა, კიდევ უფრო შემაშფოთებელი შედეგები გვაჩვენა. ამ სიტუაციას შეიძლება, კატასტროფულიც ვუწოდოთ: თუ ასე გაგრძელდა, რამდენიმე ათეულ წელიწადში, შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში ქართველი, პრაქტიკულად, აღარ დარჩება.
- რატომ?
- გასული წლის ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოში 3 729 635 ადამიანი ცხოვრობს. წინა აღწერის დროს კი, რომელიც 2002 წელს ჩატარდა, 4 371 535 ცხოვრობდა, ეს კი იმას ნიშნავს, რომ საქართველოს მოსახლეობა 15%-თ შემცირდა. ამ აღწერის მიხედვით, ქალაქის მოსახლეობა გაიზარდა, სოფლის კი, საგრძნობლად შემცირდა. გამოდის, რომ 2002 წლიდან დღემდე, საქართველოს მოსახლეობა 700 ათასზე მეტით შემცირდა.
კიდევ ერთი პრობლემა, რომელიც ამ აღწერის შემდეგ გამოიკვეთა, ისაა, რომ განსაკუთრებით შემცირდა მოსახლეობის რაოდენობა ქართველებით დასახლებულ რეგიონებში. მაგალითისთვის ავიღოთ რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი, სადაც წინა აღწერით 51 ათასი ადამიანი ცხოვრობდა, ამჟამად კი 32 ათასი ცხოვრობს. სამეგრელო-ზემო სვანეთში ცხოვრობდა 466 ათასი, ამჟამად - 331 ათასი. ასეთივე ტენდენციაა სხვა რეგიონებშიც.
- ამის მიზეზი რა არის?
- შობადობაზე უამრავი მიზეზი მოქმედებს, მაგრამ მთავარი მიზეზი “ნაცმოძრაობის” ხელისუფლებაში მოსვლა და მისი ცხრაწლიანი მმართველობაა.
- ახლა, არ მითხრათ, ბატონო ანზორ, რომ “ნაციონალები”, ყველაფერთან ერთად, ხელს ერის გამრავლებასაც უშლიდნენ...
- “ნაციონალების” ხელისუფლებამ ყველა შეღავათი, რაც შევარდნაძის ხელისუფლებამ მრავალშვილიანი ოჯახების წასახალისებლად შემოიღო, გააუქმა. არსებობს კიდევ უამრავი მიზეზი, მათ შორის, ერთს დაგისახელებთ და ყველაფერი ნათელი გახდება.
- გისმენთ, ბატონო ანზორ..
- ნუ გამაწყვეტინებთ და გეტყვით: “ნაცმოძრაობის” მესვეურებს უნდოდათ, მოსახლეობა მორჩილებაში ჰყოლოდათ და მთელი საქართველო გისოსებში ჩაესვათ. “ნაციონალებმა”, თავიანთი ბატონობის ცხრა წელიწადში, ციხეები უდანაშაულო ადამიანებით გაავსეს, არადა, ამ პერიოდში პატიმართა რაოდენობა მნიშვნელოვნად უნდა შემცირებულიყო. ამის დამადასტურებელი თუნდაც ისაა, რომ საქართველოდან ბოლო წლებში, სხვადასხვა ქვეყანაში, თითქმის მილიონნახევარი ადამიანი გავიდა. მიგრანტების დიდი უმრავლესობა კი, 20-60 წლის ასაკისანი იყვნენ. ამიტომ ქვეყანაში უმეტესად არასრულწლოვანი და დაბერებული ადამიანები დარჩნენ, რომელთა შორისაც დანაშაულის ჩადენის ალბათობა ძალიან მცირეა. “ნაციონალები” თავიდანვე გეგმავდნენ პატიმრების რაოდენობის გაზრდას, რადგან დიდი სურვილი ჰქონდათ, მათი ქონება ხელში ჩაეგდოთ.
- უკაცრავად, მაგრამ ეს მოსახლეობის შემცირების ტენდენციასთან რა კავშირშია?
- პატიმრების რაოდენობის შემცირების ტენდენცია კომუნისტების ბატონობის დროს შეიმჩნეოდა. საქართველოში კი, პატიმრების რაოდენობა განსაკუთრებით 2004 წლიდან გაიზარდა. ოფიციალური მონაცემებით, 2012 წელს, საქართველოში 25 ათასი პატიმარი იყო, მოსახლეობის რაოდენობა კი, - ოთხ მილიონზე მეტი. ესე იგი, ყოველ ასი ათას ადამიანზე 556 პატიმარი მოდიოდა, რაც ევროპაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელი გახლდათ. ოფიციალური მონაცემებით, გასულ წელს მოსახლეობა ოთხმილიონნახევარი იყო, არადა, როგორც აღმოჩნდა, სამმილიონნახევარზე ცოტა მეტი ვყოფილვართ. ამიტომ თუ ამაზე გავიანგარიშებთ პატიმართა რაოდენობას, მივიღებთ, რომ ყოველ ასიათას მოსახლეზე 845 პატიმარი გვყოლია. ამას დაუმატეთ პრობაციონერები, რომელთა რიცხვიც 300 ათასს აღწევდა. დიდ შეცდომას არ დავუშვებთ, თუ ვიტყვით, რომ პატიმართა დიდი უმრავლესობა მამაკაცი იყო - ისინი გამრავლებისთვის ყველაზე აქტიურ ასაკს ციხეში ატარებდნენ. ეს კი ერის განადგურების ტოლფასია!
- ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ, ამ მიმართულებით რა შეიცვალა?
- ძალიან ბევრი რამ შეიცვალა... ამ დანაშაულის ყველა მონაწილე ხელს ერთი კაცისკენ გაიშვერს და ის საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილია. გეკითხებით: როცა ადამიანები ასეთ მდგომარეობაში იყვნენ, შეიძლებოდა, მათ გამრავლებაზე ეფიქრათ? ეს რომ არა, ყოველი ათი პატიმრის და პრობაციონერის ოჯახში, სულ მცირე, ერთი ბავშვი დაიბადებოდა და 40 ათასზე მეტი ბავშვი გვეყოლებოდა!
- ახალი ხელისუფლების მოსვლისა და საყოველთაო ამნისტიის მერე, შობადობა გაიზარდა?
- ერთი რამ ძალიან მიკვირს: “ოცნების” ხალხი იმას, რასაც აკეთებს, როგორც ახლა ამბობენ, ვერ აპიარებენ. ამ მიმართულებით უამრავი რამ გაკეთდა, მაგრამ საზოგადოებამ ეს არ იცის.
- მითხარით, რა გაკეთდა?
- იმ პროგრამების შემუშავებაში, რაც ორი წლის განმავლობაში გაკეთდა, მეც ვმონაწილეობდი. იმისთვის, რომ შობადობა წახალისებულიყო, სახელმძღვანელოები უფასო გახდა და ამაზე მილიონობით ლარი იხარჯება. ბაგა-ბაღებიც უფასოა, მესამე მშობიარობა, მთელ საქართველოში, უფასოა და ამაში 50 მილიონ ლარზე მეტი იხარჯება.
- მხოლოდ უფასო მშობიარობა და სახელმძღვანელოები საკმარისი არ არის. ბავშვის გამოკვებაა მთავარი პრობლემა!
- სადეკრეტო შვებულება აქამდე, ოთხ თვემდე იყო, ახლა ექვსამდე გაიზარდა. სადეკრეტო შვებულების ანაზღაურება კი, 600-დან - ათას ლარამდე. რაც მთავარია, იმ რეგიონებში, სადაც მოსახლეობის კლებაა დაწყებული, ანუ უფრო მეტი კვდება, ვიდრე იბადება და ასეთი რეგიონები ძირითადად ეთნიკური ქართველებითაა დასახლებული, ვინც მესამე ბავშვს გააჩენს, ყოველთვიურად, ბარში, 150 ლარს აძლევენ, მთაში კი, - 200. ეს ის ღონისძიებებია, რასაც ამ დროისათვის ბიუჯეტი გასწვდა და კარგია, მით უმეტეს, იმ პირობებში, როცა სოფელი დაცარიელებულია. მაგალითად, კახეთში, გასული საუკუნის 90-იან წლებში, 60 ათასი ბავშვი იბადებოდა, ბოლო ათწლეულში კი, 20 ათასი დაიბადა. ვთვლი, რომ ყველა, განურჩევლად ეროვნებისა და რელიგიისა, საქართველოს მოქალაქეა, მაგრამ უნდა აღვნიშნო, რომ ამ 20 ათასში უმეტესობა ეთნიკურად არაქართველია. უბრალოდ, ტიტულოვანი ერი, ანუ ის, ვინც სახელწოდება მისცა ქვეყანას, არ უნდა გაქრეს და ამიტომ გული ძალიან მტკივა.
- პატიმრები და პრობაციონერები მედლის ერთი მხარეა, მეორე კი, - ემიგრანტები, რომელთა უმრავლესობა ქალია, თან - რეპროდუქციულ ასაკში, რას აკეთებს სახელმწიფო ემიგრანტი ქალების დასაბრუნებლად?
- ეს ძალიან კარგი სურვილია, მაგრამ ამის შესრულებას მხოლოდ მაშინ შევძლებთ, როცა ქვეყანაში ეკონომიური პირობები გაუმჯობესდება. ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში, ქართველების დიდი უმრავლესობა, სხვა რესპუბლიკებთან შედარებით, თავის ქვეყანაში ცხოვრობდა. საქართველოს მოქალაქეების ცხოვრების დონე გაცილებით მაღალი იყო, ვიდრე - სხვა რესპუბლიკების. უცებ, ყველაფერი რომ მოიშალა, ყველა ადგა და სხვა ქვეყანაში წავიდა. გამოვითვალეთ და, მხოლოდ 2008-დან 2014 წლამდე, 740 ათასი ქართველია საზღვარგარეთ წასული. ბუნებრივად გვაინტერესებს, დაბრუნდებიან თუ არა? - ამის თქმა ძალიან ძნელია. ალბათ, ის დაბრუნდება, ვინც დროებითაა წასული და ოჯახი საქართველოში ჰყავს. მისი დაბრუნება კი, ვინც უკვე ათი-თხუთმეტი წელია, ოჯახთან ერთად, საზღვარგარეთ ცხოვრობს, ძნელია.
- რა უნდა გავაკეთოთ, რომ ქართველები, როგორც ერი, არ გადავშენდეთ?
- საჭიროა სოლიდარობა და ერთი მიზნისთვის გაერთიანება. უნდა მივხედოთ უმძიმეს დემოგრაფიულ სიტუაციას. სოლიდარობის ერთ მაგალითს მოგიყვანთ და მიხვდებით, რა უნდა გავაკეთოთ: ვახტანგ წივწივაძე “კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის” დამფუძნებელია და, გარდა იმისა, რომ დემოგრაფიული კვლევებისათვის ჯგუფი შექმნა, ისიც გააკეთა, რომ თუ თავისი თანამშრომელი შვილის გაჩენას მოინდომებს, დასაწყისშივე აძლევს ოთხას ლარს, მშობიარობის შემდეგ კი, - სამი ათასს, ერთი წლის განმავლობაში მთლიანად უნარჩუნებს ხელფასს. ამიტომ, თუ ადრე ერთი ფეხმძიმე ქალბატონი იყო უნივერსიტეტში, ახლა შვიდია. არ გეგონოთ, რომ მას ბევრი ფული აქვს, ამას ეროვნული გრძნობით აკეთებს.
კიდევ ერთ საკითხზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება: 2018-20 წლიდან შობადობა აუცილებლად შემცირდება და იმიტომ, რომ, თუ 90-იან წლებში 495 ათასი გოგონა დაიბადა, ბოლო ათ წელიწადში, - 296 ათასი. როცა ეს გოგონები დედობის ასაკს მიაღწევენ, მაშინ აუცილებლად შემცირდება შობადობა. ამიტომ, უნდა ვეცადოთ, რომ ეს პროცესი შევანელოთ და მერე ვიზრუნოთ გამრავლებაზე.