მიწა, რომელიც ერთ დროს მათი საკუთრება იყო... სახლი, რომელშიც ერთ დროს ცხოვრობდნენ... დღეს მათთვის უცხოა... 2008 წლის აგვისტოდან ე.წ. წეროვანის გეტოში ცხოვრობენ... ისინი დახმარებას ითხოვენ... “ქართული სიტყვა” ორ სამაჩაბლოელ დევნილს ესაუბრა.
ია ქოქაშვილი, ახალგორიდან დევნილი: “ახალგორში ვერ შევდივარ - საზღვრის გადასაკვეთად ფორმა ¹9 არის საჭირო, რის გაკეთებასაც, დაახლოებით, ერთი წელი სჭირდება. ისიც საკითხავია, ამ ხნის განმავლობაში გაკეთდება თუ არა და, და თუ ვერ გაკეთდა, ახალგორში დამტოვებენ და აქეთ ვეღარც გამოვალ. მესამე წელია, ახლობლების საფლავებსაც ვერ ვეკარები... სოციალურად დაუცველი სამი შვილის ინვალიდი დედა ვარ, მაგრამ ჩვენით არც მთავრობა და არც ჩვენი სოფლის გამგეობა არ ინტერესდება”.
“ღვთის მოშიში რომ არ ვიყო, აქამდე თავს არ ვიცოცხლებდი”, - ამბობს “წეროვანის გეტოს” კიდევ ერთი მცხოვრები მანანა პაპიტაშვილი... მეზობლისგან ნათხოვარი ხალიჩა, მიწაზე დაგებული მატრასი და ფანჯრებზე გაკრული ტილოები - სულ ესაა მისი ავლა-დიდება. ქალბატონი მანანა ავადმყოფ შვილთან ერთად ცხოვრობს: 8 წლის ლოლიტას მწვავე ნეფროზული სინდრომი, ანუ ორივე თირკმლის ნეფრიტი დაუდგინდა.
“ბავშვი დღემდე წამლებზე მყავს, ვაშლივით ვარ გახლეჩილი: ბავშვის ჯანმრთელობას მივხედო, საჭმელ-სასმელზე ვიფიქრო თუ იმაზე, გოგო ბეტონზე რომ მიწევს? დიმიტრი ხუნდაძე, დღეს რომ ჯანდაცვის კომიტეტში ბრძანდება, ვიდრე მთავრობაში მოვიდოდა, ოქროს კოშკებს გვიგებდა, ახლა კი, ყველაფერი დაავიწყდა. ჩემი განცხადებებით შეწუხებულმა დევნილთა და განსახლების მინისტრის მოადგილე მამუკა ცოტნიაშვილმა დამირეკა და მითხრა, აღნიშნულ პრობლემაზე მე კი არა, ადგილობრივ გამგეობას უნდა მიმართო, ვალდებულია, ეს პრობლემა აღმოფხვრასო. გამგეობაში მისულს კი, ბატონმა ზვიადმა ორი დღე მოცდა მთხოვა, მაგრამ მას შემდეგ სამი თვე გავიდა. არც გამგებლის მოადგილე ნუგზარ კახნიაშვილი გამოჩენილა, რომელიც საკუთარი სახსრებით დახმარებას დამპირდა”, - ამბობს ქალბატონი მანანა.
ისე, ალბათ, დროა, პოლიტიკოსებმა რაღაცების ერთმანეთზე გადაბრალებას თავი ანებონ და გაჭირვებულ ხალხს მიხედონ...