რატომ თქვა უარი დეპუტატის მანდატზე და რას აპროტესტებს ექსპერტი კავკასიის საკითხებში
ქართულ პოლიტიკურ სივრცეში პრეცედენტი მოხდა _ პოლიტოლოგმა და კავკასიის საკითხებში ექსპერტმა მამუკა არეშიძემ გარდაბნის საკრებულო დატოვა! ამის შესახებ ,,ვერსიამ' ექსკლუზიურად შეიტყო, თუმცა, როგორც ჩვენთვის ცნობილია, გარდაბნის საკრებულოს არეშიძის განცხადება ჯერჯერობით არ დაუკმაყოფილებია. სხვათა შორის, ეს პირველი შემთხვევაა, საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციის მიერ წინასწარდადებული მანდატების შემდეგ, როცა საკრებულოს მოქმედმა დეპუტატმა პოსტი თითქმის წელიწადნახევრიანი მუშაობის შემდეგ დატოვა. ინფორმაცია ,,ვერსიას' თავად მამუკა არეშიძემაც დაუდასტურა.
იგი საკრებულოში პოლიტიკური გაერთიანების ,,საქართველოს ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობა' სიით იყო შესული და გარდაბანში ამ სიის პირველი ნომერიც გახლდათ. 2014 წლის ადგილობრივ არჩევნებამდე კი არეშიძე 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში კოალიცია ,,ქართული ოცნებიდან' კენჭს სწორედ გარდაბნის მაჟორიტარად იყრიდა. თუმცა ნაციონალ თემურ ფეიქრიშვილთან დამარცხდა და ხელისუფლების გასაგონად, ბრიფინგს ბრიფინგზე ატარებდა, სადაც გარდაბანში არსებულ სავალალო ვითარებასა და ,,ოცნებაში' ჩანერგილ აგენტებზე ავრცელებდა ინფორმაციას. თუმცა ხელისუფლებამ არათუ მისი მოწოდებები გაიგო, ნაციონალი მაჟორიტარი გუნდშიც კი მიიღო - პარლამენტში შესული ფეიქრიშვილი საპარლამენტო უმცირესობის რიგებს გამოაკლდა და კოალიცია ,,ოცნების' წევრი პარტიის, კონსერვატორების რიგებში გადახტა. ხელისუფლებამ კი ფეიქრიშვილი აქეთ დაიცვა. როგორც კონსერვატორების წევრი გიგა ბუკია აცხადებდა, ვისაც ჩვენს დეპუტატთან კითხვები აქვს, შესაბამის ორგანოებს მიმართოსო. ჯერ კიდევ 2012 წლიდან მამუკა არეშიძე თემურ ფეიქრიშვილსა და მის ოჯახს ადგილობრივი მოსახლეობის მიწების მითვისებაშიც ადანაშაულებდა. მთელი ამ ხნის განმავლობაში, არეშიძე ნაციონალებისა და კუდ-ის ყოფილი თანამშრომლების გვარებსაც ასახელებდა და სუს-ის უფროსის, ვანო ბეგაშვილისა და ვაჟა ლელუაშვილის კლანურ მმართველობაზე საუბრობდა გარდაბანში. მოკლედ, არეშიძეს იმაში ვერავინ დაადანაშაულებს, რომ გარდაბანში არსებული ვითარების შესახებ ხელისუფლებასა და საზოგადოებას ინფორმაციას არ აწვდიდა. თუმცა როგორც თავად დაგვიდასტურა, გარდაბნის საკრებულოს წევრობა აღარ სურს, რადგან მისი იქ ყოფნით არაფერი იცვლება. ამ საკითხზე ,,ვერსიის' რამდენიმე კითხვას მამუკა არეშიძემ ასე უპასუხა:
- ბატონო მამუკა, ჩვენი ინფორმაციით, გარდაბნის საკრებულო დატოვეთ. რატომ?
- ამის შესახებ განცხადება ერთი კვირის წინ დავწერე. არ ვიცი, ეს განცხადება მიიღეს და დააკმაყოფილეს თუ არა, რადგან თბილისშიც არ ვიყავი ეს დღეები. ჩემი გადაწყვეტილების მიზეზი გარდაბანში არსებული უცვლელი ვითარებაა - ისევ კლანური მმართველობა, უმოქმედობა. პირდაპირ ვამბობ, ხალხს ვერც ერთი დაპირება ვერ შევუსრულე, რაც ადგილობრივ არჩევნებზე, მანამდე კი კოალიცია ,,ოცნებასთან' ერთად მივეცი - ვერც ჩამორთმეული მიწები დავუბრუნე, ვერც სამართლიანობა აღვადგინე. ეს უკვე ღირსების საკითხიცაა, როცა ამდენი ადამიანი გელოდება, შენი იმედი აქვს, შენგან პასუხს ელის და არაფრის გაკეთება შეგიძლია. გარდაბანში რაც ხდება, ეს მთელ საქართველოში არსებული ვითარების მოდელია. გარდაბანი 2000-იან წლებში დარჩა და ამ რაიონში ე.წ. კოჰაბიტაცია ,,ოცნებასა' და ნაციონალებს შორის სწორედ ახლა ყვავის. გარდაბნის ადგილობრივ ხელისუფლებაში ნაციონალური მოძრაობის რეანიმაცია ხდება, რაიონში ისევ ფეიქრიშვილ- ლელუაშვილის კლანური მმართველობაა. მინდა, ისიც ყველას ახსოვდეს, რომ, როგორც კი საკრებულოში შევედი, მაშინვე უარი ვთქვი საწვავის ანაზღაურებაზეც და ხელფასზეც. დიდი არც არაფერი ყოფილა, თუმცა არ მინდა, ხალხს ეგონოს, რომ ჩემი მიზანი ამ სიკეთეების მიღება იყო, მით უმეტეს, როცა ასეთი ,,სიკეთეები' არც არსებობდა.
- საკრებულოს უმრავლესობას რა რეაქცია ჰქონდა თქვენს გადაწყვეტილებაზე, ან ხელს ვინ გიშლიდათ საქმიანობაში?
- ნამდვილად ვერ დავადანაშაულებ გარდაბნის საკრებულოს თავმჯდომარეს, ვაჟა გენგაშვილს და ვერ ვიტყვი, რომ ხელს რამეში მიშლიდა. ახლა, ამ ბოლო დროს რამდენიმე დეპუტატმაც ამოიღო ხმა და ვერ ვიტყვი, რომ გარდაბნის საკრებულოში ყველა მიჩუმათებულია. რაც შეეხება საკრებულოს უმრავლესობას, ძნელი სათქმელია, რომ ის მმართველი გუნდის მიერაა დაკომპლექტებული და ამაშიც ფეიქრიშვილის ხელი ურევია. ჩემს ადგილს კი საკრებულოში ვეტერანთა პოლიტიკური გაერთიანების სიის მეორე ნომერი დაიკავებს, რომელიც ადგილობრივია და ძალიან კარგი პიროვნებაა. რაც დღეს გარდაბანში ხდება, იგივეა მთელ საქართველოში და ეს ,,ქართულმა ოცნებამ' ძალიან კარგად იცის!
- გამოდის, თქვენი ეს გადაწყვეტილება პროტესტია ხელისუფლების მიმართ?
- დიახ. შეგიძლიათ ჩათვალოთ, რომ ეს არის ჩემი პროტესტი ხელისუფლების უმოქმედობის მიმართ გარდაბნის რაიონში.