ევროპის ლიდერები და მოქალაქეები 8 მაისს მეორე მსოფლიო ომში ფაშისტური გერმანიის დამარცხების 70-ე წლისთავს აღნიშნავენ. პრეზიდენტი ბრონისლავ კომოროვსკი, გაეროს გენერალური მდივანი პან გი მუნი და უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო იღებენ მონაწილეობას ხსოვნის ღონისძიებებში პოლონეთში, რომლის მიწაზე ფაშისტური გერმანიის თავდამსხმითაც დაიწყო მეორე მსოფლიო ომი 1939 წელს.
ფაშიზმზე გამარჯვების 70-ე წლისთავის აღსანიშნავად პარიზში, ტრადიციულად, ტრიუმფალურ თაღთან მდებარე უცნობი ჯარისკაცის საფლავთან შეიკრიბნენ საფრანგეთის ხელისუფლების წარმომადგენლები და სტუმრები, რომელთა შორის იყვნენ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ლავროვი.
გერმანიაში ხელისუფლების წარმომადგენლებმა თავი მოიყარეს ბერლინის რაიხსტაგში, პოლონეთში კი, რომლის მიწაზე ფაშისტური გერმანიის თავდასხმითაც დაიწყო მეორე მსოფლიო ომი 1939 წელს, პრეზიდენტი ბრონისლავ კომოროვსკი, გაეროს გენერალური მდივანი პან გი მუნი და უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო ღებულობენ მონაწილეობას ხსოვნის ღონისძიებებში, რომლის ეპიცენტრი იყო ქალაქი გდანსკი. სწორედ ამ ადგილიდან მიმართა მეორე მსოფლიო ომის ყველა ვეტერანს პოლონეთის პრეზიდენტმა ბრონისლავ კომოროვსკიმ:
„ამ ადგილიდან მე მსურს მივესალმო ყველას, ვინც ნაცისტური აგრესიის წინააღმდეგ იბრძოდა - ანტიფაშისტური კოალიციის წინააღმდეგ მებრძოლ ყველა ჯარისკაცს, ვინც საკუთარი წვლილი შეიტანა 1945 წლის მაისის გამარჯვებაში. მსურს ასევე პატივი მივაგო ამ საშინელი ომის მსხვერპლთ, განურჩევლად იმისა, თუ ბარიკადების რომელ მხარეს დაიღუპნენ“.
პოლონეთში აღნიშნა მეორე მსოფლიო ომის 70-ე წლისთავი უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ. აღსანიშნავია, რომ ეს არის პირველი წელი, როდესაც ქვეყანა ამ თარიღს აღნიშნავს არა 9 მაისს, საბჭოთა და რუსული ტრადიციის გავლენით, როგორც ეს აქამდე იყო, არამედ 8 მაისს, როგორც დასავლეთის ქვეყნებშია მიღებული. გდანსკში მყოფმა უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომაც ამ 70 წლის წინანდელი ისტორიული მოვლენის აღსანიშნავად გამოიყენა ტერმინი „მეორე მსოფლიო ომი“ და არა „დიდი სამამულო ომი“, როგორც ეს საბჭოთა კავშირსა და მის სამართალმემკვიდრის, რუსეთის, პოლიტიკურ ლექსიკონშია დამკვიდრებული:
„ჩვენ არ უნდა დავუშვათ ისტორიის განმეორება: ეთნიკური უმცირესობის დაცვის სარჩულით, ანექსია და სამხედრო აგრესია, ამაზე თვალის დახუჭვის ცთუნება და ევროპული სოლიდარობის კოროზია, - ეს ყველაფერი შესაძლოა იქცეს ახალ რეალობად, იმისდა მიხედვით, თუ რა არჩევანს გააკეთებს ევროპა. და ევროპის ამ არჩევანს აქვს სახელი. და ეს სახელია უკრაინა“.
მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგაც გრძელდება კონფლიქტები და იღუპებიან ადამიანები ევროპაშიც და მის ფარგლებს გარეთაც, - აღნიშნა გდანსკში მყოფმა გაეროს გენერალურმა მდივანმა ბან კი მუნმა, რომელმაც კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი უკრაინის მტკიცე მხარდაჭერას. ბან კი მუნი 9 მაისს აპირებს მოსკოვში ჩავიდეს, სადაც ფაშისტურ გერმანიაზე გამარჯვების დღესასწაული მასშტაბური სამხედრო აღლუმით აღინიშნება. დასავლეთის ქვეყნების ლიდერთა უმრავლესობამ უარი თქვა მოსკოვში ჩასვლაზე რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიისა და აღმოსავლეთ უკრაინაში პრორუსულად განწყობილი სეპარატისტების მხარდაჭერის გამო.