,,ეროვნული მოძრაობა და ნაციონალები უნდა გაერთიანდნენ'

,,ეროვნული მოძრაობა და ნაციონალები უნდა გაერთიანდნენ'

ას ითხოვს და რას აპირებს ირაკლი წერეთელი 26 მაისს    

გრძელვადიანი პროტესტი 27 აპრილიდან გამოაცხადა და უკვე კვირაზე მეტია შიმშილობს. ირაკლი წერეთელს მოთხოვნებიც, პროტესტის ფორმასავით, უკიდურესად მკვეთრი აქვს: ,,ოცნების' მთავრობის შეცვლა, 1921 წლის კონსტიტუციის აღდგენა, დაპატიმრებული ნაციონალების გათავისუფლება, სააკაშვილის წინააღმდეგ სამართლებრივი დევნის შეწყვეტა, საქართველოში ამერიკის ჯარების შემოსვლა და ა.შ. იგი საკუთარი სურვილებიდან უმთავრესს მხოლოდ ,,ვერსიას' უმხელს და აცხადებს, რომ ეროვნული მოძრაობა და ნაციონალები უნდა გაერთიანდნენ და თბილისში ტრიუმფით შემოვიდნენ. რას ნიშნავს მისი განცხადებები და ელის თუ არა პოლიტიკურ დივიდენდებს ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი გამოკვეთილი ლიდერი _ ჩვენს კითხვებს, შიმშილობის დაწყებიდან ერთი კვირის თავზე ირაკლი წერეთელი პასუხობს.    

- მოვითხოვ პოლიტპატიმრების გათავისუფლებას, რუსული იმპერიალისტური აგრესიის წინააღმდეგ ორგანული კანონის მიღებას, საქართველოს ტერიტორიაზე აშშ-ს სამხედრო პოლიგონის შემოყვანასა და სამხედრო ბაზების განთავსებას, საყდრისის დამანგრეველ დამნაშავეთა დასჯას, საქართველოში რუსული სატელევიზიო არხების ჩვენების აკრძალვას, კოალიციური მთავრობის შექმნას... 

- როგორ ფიქრობთ, რომელი მოთხოვნის შესრულებაზე იმსჯელებს ხელისუფლება სერიოზულად? 
- მაქსიმალურად ვეცდები, რაც შეიძლება მეტი ადამიანი ავიყოლიო. შეიძლება, ხელისუფლებამ პოლიტპატიმრების საკითხზე უკან დაიხიოს, მაგრამ რუსული აგრესიის წინააღმდეგ ხმა არ უნდა ამოიღოს?! ეს ხელისუფლების პრობლემაა და არა ჩემი. თუ ამ მოთხოვნებს დააკმაყოფილებს, ისტორიაში სამარცხვინოდ შესვლას გადაურჩება. 

- საქართველოში აშშ- პოლიგონის განთავსებას რომ ითხოვთ, არ ფიქრობთ, რომ ამით ქვეყანას მეტი საფრთხე შეიძლება შეექმნას? 
- როგორც კი ამერიკის ჯარები ჩვენს ტერიტორიაზე განთავსდება, რუსეთის დამპალი და ბოროტი იმპერია მაშინვე თავს დაგვანებებს. გგონიათ, რუსეთი საქართველოს გულისთვის ამერიკას დაარტყამს? თუ დაარტყამს, ამერიკაც უპასუხებს და ორივე ქვეყნის ბიუჯეტს თუ შევადარებთ, ეს ომი რუსეთის განადგურებით დასრულდება. 

- 2008 წლის შედეგებს არ ვითვალისწინებთ, როცა ჩვენთვის ხელი არავის გაუნძრევია? 
- 2008 წელს საქართველოში ამერიკის ჯარები არ იდგა და რომ არა ამერიკული ხომალდები, რომლებიც შავ ზღვაში შემოვიდნენ, რუსულ ჯარს თბილისშიც ვიხილავდით. 

- კიდევ ერთი მოთხოვნა დამიკონკრეტეთ - უნდა გაერთიანდნენ ატლანტიკური, პროდასავლური და ეროვნული ძალებიო, ამბობთ. ასეთად ვინ მიგაჩნიათ ან რის, ვის გარშემო უნდა გაერთიანდეთ? 
- პროდასავლური ძალები სწორედ ჩემი მოთხოვნების გარშემო უნდა გაერთიანდნენ. ხელისუფლების გადაყენების საკითხი კი იმ შემთხვევაში დადგება, თუ ჩემს მოთხოვნებს არ შეასრულებს. ვიცი, ასე იქნება, თუ გრანდიოზულად ბევრი ადამიანი არ გაერთიანდა. ერთადერთი ძალა, ვისაც ,,ოცნება' ანგარიშს გაუწევს, ქართველი ხალხის უმრავლესობაა. 

- მერე, უმრავლესობა თქვენს მხარესაა? 
- თუ არ არის, უნდა დადგეს! პროდასავლური ძალა ამომრჩევლის ის 72%-ია, რომელმაც 2008 წელს, საპრეზიდენტო არჩევნების პარალელურად ჩატარებულ რეფერენდუმში მხარი დაუჭირა საქართველოს ნატო- ში გაწევრიანებას. ამ პრორუსული ხელისუფლების გამოკითხვებითაც კი, ღვთის წყალობით, განწყობა არ შეცვლილა. მიხეილ სააკაშვილს, შეცდომების მიუხედავად, პატივისცემა მარტო იმიტომ ეკუთვნის, რომ მისი მმართველობის დროს საქართველო დასცილდა რუსეთს და დაუახლოვდა დასავლეთს. ისე, მე რომ ვყოფილიყავი პრეზიდენტი, 72%-ის ნაცვლად, 99%-იან შედეგს დავდებდი. 

- ფიქრობთ, ვისაც ნატო- ში შესვლა უნდა, ის ხალხი ყველა ამ მოთხოვნაზე გამოგყვებათ ან სააკაშვილი თქვენსავით მოსწონს? 
- მე რა, მოვიტყუე რამე?! კაცი საშიშროებას აღარ წარმოადგენს, აღარაა ხელისუფლებაში, უკრაინისთვის იბრძვის. საქართველოში დგება ჟამი ეროვნულ- ნაციონალური გაერთიანებისთვის. დაუჭიროს ჩემს მოთხოვნებს მხარი ამ გამოშტერებულმა ხელისუფლებამ და ყველამ ერთად ვიბრძოლოთ საქართველოსთვის. ცუდი იქნება, სააკაშვილი ივანიშვილი და წერეთელი რუსეთის წინააღმდეგ ერთად რომ დავდგეთ?! Mმე მხოლოდ მთავრობის გადადგომას ვითხოვ და არა მთელი ხელისუფლების. 

- ისე, სააკაშვილი ერთ დროს ხომ გსვამდათ საარჩევნო სიაში, რატომ არ გამოვიდა ეს საქმე? 
- იყო ამაზე საუბარი, მაგრამ კატეგორიული უარი შევუთვალე. ჩემს თავს ვერ ვაკადრებ, ვინმეს დახმარებით მოვიდე ხელისუფლებაში. თუ მოვალ, ისე უნდა მოვიდე, როგორც ზვიად გამსახურდია, მიხეილ სააკაშვილი - ანუ მხოლოდ საკუთარი ავტორიტეტის ხარჯზე. თუ დამოუკიდებელ საქართველოში ქართველი ერის უმრავლესობას არ უნდა, ხელისუფლებაში ვიყო, მე რატომ უნდა მინდოდეს? საქართველო რომელი ამერიკაა, რომ მისი პრეზიდენტობა რამეს ნიშნავდეს, მით უმეტეს, ამ დამპალი კონსტიტუციით?! ჩემნაირი კაცისთვის საქართველოს ხელისუფლებაში ყოფნა მხოლოდ ტვირთია - ხელისუფლებას ხშირ შემთხვევაში, მხოლოდ დროის სატარებლად იყენებენ. 

- სააკაშვილიც ასე მოიქცა? 
- ჯერ ერთი, სააკაშვილს სოლიდარობას ვუცხადებ. ვიდრე საქართველოში არ ჩამოვა, სოლიდარობას ოფიციალურად არ გამომიცხადებს და ხელს არ ჩამომართმევს, ქვეყანა რომ დაიქცეს, არ გავაკრიტიკებ. 

- არ გეშინიათ, თქვენზე რომ თქვან, ნაციონალებმა გადაიბირეს და მართავენო? 
- მათ კი არ გადამიბირეს, მე გადმოვიბირე ისინი. ზვიად გამსახურდია ჩემი მეგობარი იყო და იმან ვერ გადამიბირა. როცა გამსახურდიას ზუგდიდში შევურიგდი, მაშინ არავის უთქვამს, წერეთელი გადაიბირაო და ახლა ვინ იტყვის? უბრალოდ, დიდსულოვნად, ჩემი რაინდულ- რომანტიკული ხასიათის გამო მინდა, დევნილობაში მყოფი სააკაშვილი ჩამოვიდეს და ქვეყნისთვის ერთად ვიბრძოლოთ. 

- თავის დროზე, ზვიად გამსახურდიასთან, ჯაბა იოსელიანთანაც რაინდულ- რომატიკული ხასიათის გამო მეგობრობდით? 
- ჯაბა იოსელიანი ჩემი ნათლია და მამაჩემის ძმაკაცი იყო. ყველას გასაგონად და გულის გასახეთქად ვამბობ, იოსელიანი პოლიტიკურ საკითხებში ,,ჭედავდა', თორემ ადამიანურ ურთიერთობაში სხვებზე მეტი ვაჟკაცობა ჰქონდა. უბრალოდ, მას ბევრმა ნაძირალამ გაუტეხა სახელი, ვინც მხედრიონს შეეკედლა. იგი გამსახურდიას მეგობარიც იყო, მაგრამ პოლიტიკაში ადამიანები ერთმანეთს სცილდებიან ხოლმე. მე არ ვგავარ სხვა პოლიტიკოსებს, რომლებიც რეიტინგის გამო ადამიანებს უარყოფენ... იმასაც ყველას შევახსენებ, რომ ქვეყანაში არსებულ მდგომარეობაზე პასუხს, პირველ რიგში, ხელისუფლება აგებს, მე კი ხელისუფლებაში არასოდეს ვყოფილვარ. ეროვნულ მოძრაობას ოთხი გამოკვეთილი ლიდერი - გამსახურდია, ჭანტურია, კოსტავა და წერეთელი ჰყავდა, ბევრ სხვა ღირსეულ ადამიანთან ერთად. ეროვნული მოძრაობიდან, როგორც ნაციონალებიდან, ბევრია ენერგიული და ნიჭიერი ადამიანი და საჭიროა ჩვენი გაერთიანება ერთ დიდ ატლანტიკურ ეროვნულ მოძრაობაში. ამ იდეას პირველად თქვენ გეუბნებით. ეს არჩევნებამდე უნდა მოხდეს. ცალკე ირაკლი ალასანია რომ იქაჩება, სასაცილოა. დღეს ყველა ერთად უნდა დავდგეთ. განა არ ვიცი, რომ სააკაშვილზე ასეთი განცხადებები ბევრ მოწინააღმდეგეს გამიჩენს, მაგრამ ეს არის ჭეშმარიტება, რომელიც ჩემთვის რეიტინგზე მაღლა დგას. დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვა - თუ ჩემი მოკავშირეები და ნაციონალები დამიჯერებენ, მოვა დრო, როცა თბილისში ტრიუმფით შემოვალთ. 

- ეს განცხადება რას ნიშნავს ან კიდევ რამდენ ხანს უნდა იშიმშილოთ? 
- ჩემი შიმშილობა ფატალური შედეგითაც რომ დასრულდეს, ამით ქვეყანა არ დაიქცევა. ჩემს ვიდეომიმართვებს ხალხი სოლიდარობას უცხადებს, ამიტომ 26 მაისს, 15:00 საათზე, რუსთაველის ძეგლთან მინიმუმ 50 000 კაცი თუ გამოვა და სერიოზული დემონსტრაცია მოეწყობა, შეიძლება, შიმშილობა შევაჩერო. 52 დღე იშიმშილა ორმა გამხდარმა ირლანდიელემა, მე კი დათვივით ვარ, ცხიმის იმხელა მარაგი მაქვს, ერთი ზამთარი მეყოფა. თუ 26 მაისს ყველაფერი ისე იქნება, როგორც ვთქვი და გრანდიოზული, ანტისაოკუპაციო, ატლანტიკური, განმათავისუფლებელი დემონსტრაცია ჩატარდება, ვიძლევი პირობას, რომ საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებას ძირფესვიანად შევცვლი.