კახა კალაძის დაფუძნებული ,,პროგრეს ბანკი' იყიდება?!

კახა კალაძის დაფუძნებული ,,პროგრეს ბანკი' იყიდება?!

დეტალები ორ კვირაში გაირკვევა

მთავრობის კოსმეტიკური, უფრო ზუსტად, ტექნიკური ცვლილებების ფონზე, ,,ვერსიამ' სანდო წყაროზე დაყრდნობით შეიტყო, რომ ვიცე-პრემიერისა და ენერგეტიკის მინისტრის, კახა კალაძის ყოფილი ,,პროგრეს ბანკი' იყიდება. წყაროს ინფორმაციითვე, კალაძე ნელ-ნელა ყველა იმ ბიზნესს, რომელშიც წილი ოფიციალურად აღარ აქვს, მაგრამ მასთან ასოცირდება, იშორებს და საქართველოდან წასვლასაც გეგმავს თურმე.    

2008 წელს, ,,პროგრეს ბანკი' კახა კალაძემ დააფუძნა, მაგრამ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ანუ 2012 წლის 31 ოქტომბერს, წილი გაყიდა და ბანკის მართვიდან გავიდა. ამჟამად, „პროგრეს ბანკის“ 78.29%-იან წილს საერთაშორისო საინვესტიციო ჯგუფი „ვებიონი“ ფლობს, ბანკის 21.71%-იანი წილი კი, ბიზნესმენისა და მეცენატის, ბიძინა ივანიშვილის საკუთრებაა. ოფიციალური ინფორმაციით, ,,პროგრეს ბანკის' სამეთვალყურეო საბჭოს აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარე ლორენცო ჩიპრიანია, რომელსაც საერთაშორისო საინვესტიციო ბანკებში მუშაობის მდიდარი გამოცდილება აქვს. სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე კი ილია კეჭაყმაძეა, რომელიც სხვადასხვა დროს საბანკო სფეროში სწორედ ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობდა. 2011 წლიდან, ,,პროგრეს ბანკის' ერთ-ერთი მეწილე ბიძინა ივანიშვილია, რომელმაც ამ ბანკში 8.67%-იანი წილი შეიძინა.

2012 წლის 15 თებერვალს, როდესაც ბიზნესმენმა პოლიტიკურ ორბიტაზე მთავარი ოპოზიციონერის როლი მოირგო, ბანკში საკუთარი წილი 21.71%-მდე გაზარდა. ეს ფინანსური ტრანზაქცია გაპოლიტიკოსებულ ბიზნესმენს 2 494 500 ლარი დაუჯდა. მანამდე, ,,პროგრეს ბანკის' 91.33%-იანი წილს ,,კალა კაპიტალი' ფლობდა, რომლის ბენეფიციარი მესაკუთრე კახა კალაძე იყო. მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილმა ბანკში საკუთარი წილი 21.71%-მდე გაზარდა, ავტომატურად, ,,კალა კაპიტალის' წილი 78.29%-მდე შემცირდა. 2012 წლის 1 ოქტომბერს, როდესაც საპარლამენტო არჩევნებში ,,ქართულმა ოცნებამ' გაიმარჯვა და ოქტომბრის შუა რიცხვებში, ბიძინა ივანიშვილმა ენერგეტიკის მინისტრად კახა კალაძე დაასახელა, კანონის შესაბამისად, მინისტრობის კანდიდატმა მის საკუთრებაში არსებულ ყველა კომპანიაში, საკუთარი წილი გაასხვისა. შესაბამისად, 2012 წლის 31 ოქტომბერს, კახა კალაძე ,,პროგრეს ბანკის' სამეთვალყურეო საბჭოს წევრობიდან გადადგა. კანონით გათვალისწინებული წესის თანახმად, კალაძემ „პროგრეს ბანკის“ 78.29%-ის მფლობელი, „კალა კაპიტალის“ წილი მართვაში გადასცა, თუმცა „პროგრეს ბანკის“ 78.29%-იანი წილის ბენეფიციარ მესაკუთრედ ისევ დარჩა. რატომ და რა მიზეზით გადაწყდა ,,პროგრეს ბანკის' გაყიდვა? კონკრეტულად ვისთან აწარმოებს მოლაპარაკებას ,,პროგრეს ბანკი'? ამ კითხვებით ,,ვერსიამ' ბანკს მიმართა. ,,პროგრეს ბანკის' წარმომადგენელმა, ელენე ზამთარაძემ ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაცია არც უარყო და არც დაადასტურა და გვითხრა, რომ დაახლოებით, ორი კვირის ვადაში, ჩვენთვის საინტერესო ყველა დეტალი დაზუსტდება და ოფიციალურ კომენტარს ,,პროგრეს ბანკის' წარმომადგენლები მხოლოდ ორი კვირის შემდეგ გააკეთებენ, თან ეს ინფორმაცია ბანკის ვებ-გვერდზეც განთავსდება. საქართველოს საბანკო სექტორში ამჟამად 20 ლიცენზირებული კომერციული ბანკი ოპერირებს. წლების განმავლობაში, საბანკო სექტორს ყოველთვის ახასიათებდა კომერციული ბანკების შერწყმა- გამსხვილების პროცესი. რამდენიმე წელია, მსგავსი აქტივობა საბანკო სექტორში არ შეინიშნებოდა, თუმცა 2014 წლის დეკემბერში, თიბისი ბანკის გენერალურმა დირექტორმა, ვახტანგ ბუცხრიკიძემ პრესკონფერენციაზე თიბისისა და ,,ბანკი კონსტანტას' კონსოლიდაციის გეგმაზე ისაუბრა. 2015 წლის იანვრიდან, ,,კონსტანტამ' ოპერირება ახალი - თიბისი ბანკი კონსტანტას სახელით დაიწყო. თიბისი ბანკის მსგავსად, საბანკო სექტორის კიდევ ერთმა ლიდერმა, საქართველოს ბანკმა არც ისე დიდი ხნის წინ, ,,პრივატბანკი' შეიძინა. გამორიცხული არ არის, რომ საბანკო სექტორში არსებულ ამ ტენდენციას არც ,,პროგრეს ბანკი' ჩამორჩა და შესაძლოა, ორ კვირაში, რომელიმე მსხვილ ბანკს შეერწყას.