სახელმწიფო ქონების განიავების სკანდალური ფაქტები ხადურის უწყებაში

სახელმწიფო ქონების განიავების სკანდალური ფაქტები ხადურის უწყებაში

 

4 მილიონამდე ლარის გაჩუქებული ავტომობილები და მობილურები _ რა მასალები დევს მომსახურების სააგენტოზე პროკურატურაში და დაიჭერენ თუ არა სააგენტოს ყოფილ გენდირექტორებს    

 

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს აუდიტი ჩაატარა და სხვადასხვა სახის დარღვევა აღმოაჩინა. აუდიტის პერიოდში, თანამდებობა დატოვა მომსახურების სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა, ზურაბ ახალკაციშვილმა. სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა საქართველოს მთავარ პროკურატურას ის მასალები, რაც მომსახურების სააგენტოში ჩატარებული კვლევის შედეგად გამოავლინა, უკვე გადაუგზავნა. აუდიტი ეხება 2012-2013 წლების პერიოდს, როდესაც მომსახურების სააგენტოს გრიგოლ ბაიბურთი და გიორგი ჯავახიშვილი ხელმძღვანელობდნენ. 2013 წელს სწორედ გიორგი ჯავახიშვილი შეცვალა ზურაბ ახალკაციშვილმა. ამის შემდეგ, გიორგი ჯავახიშვილი მხოლოდ ფინანსთა მინისტრის მოადგილის პოსტს იკავებდა. რამდენიმე თვის წინ, როცა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, ასევე თბილისის მერიის მაღალჩინოსნები ხმაურიან სკანდალებში გაეხვივნენ, რასაც მათი დაპატიმრება მოჰყვა, გავრცელდა ინფორმაცია, რომ გიორგი ჯავახიშვილმა ფინანსთა მინისტრის მოადგილის პოსტი დატოვა. უცნობია, აქვს თუ არა კავშირი ჯავახიშვილს ჩაშლილ ტენდერებსა და მაღალჩინოსნების დაკავებასთან, მაგრამ გამორიცხული არ არის, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნაში აღმოჩენილი დარღვევების გამო მისი პასუხისმგებლობის საკითხიც დადგეს.    

სკანდალური ფაქტები მომსახურების სააგენტოში 
როგორც აღვნიშნეთ, ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა, ზურაბ ახალკაციშვილმა თანამდებობა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მომზადებული დასკვნის საფუძველზე დატოვა, თუმცა განაცხადა, რომ მის უწყებაში კანონი არ დარღვეულა, მაგრამ თანამდებობა მაინც დატოვა, რადგან აუდიტისთვის ხელი არ შეეშალა. აღსანიშნავია, რომ ახალკაციშვილს ნეპოტიზმშიც ადანაშაულებდნენ. მომსახურების სააგენტოს გენერალური დირექტორის პოსტზე ზურაბ ახალკაციშვილი 2013 წელს დანიშნეს, მანამდე ამ სააგენტოს გენერალური დირექტორის მოადგილე იყო. მედიაში რამდენჯერმე გავრცელდა ინფორმაცია მომსახურების სააგენტოს გენერალური დირექტორის მოადგილის, გელა ხანიშვილის შესახებაც, რომელიც რამდენიმე კომერციულ ობიექტში წილს დღემდე ფლობს. მეტიც, გელა ხანიშვილი მევახშეობდა და ვალის სანაცვლოდ, ადამიანებს საცხოვრებელს ართმევდა. 13-15 მაისს, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის - ,,იბიარდის' ყოველწლიურ საერთაშორისო კონფერენციას წელს თბილისი უმასპინძლებს. ღონისძიებას მსოფლიოს 50- ზე მეტი ქვეყნის ფინანსთა მინისტრი და ცენტრალური ბანკების ხელმძღვანელები, ასევე ცნობილი ბიზნესმენები დაესწრებიან. VIP სტუმრების დასახვედრად, საქართველომ ბიზნესკლასის - TOYOTA CAMRY-ის მარკის 67 ახალი ავტომობილი, 4 700 000 ლარად შეიძინა. ამ პროექტს გელა ხანიშვილი ხელმძღვანელობდა     

50%-დან 367%-მდე გაზრდილი პრემიები 
ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ხარჯთაღრიცხვის თავდაპირველ დამტკიცებულ გეგმაში ისეთი თანხები იყო შეტანილი, რომელიც საერთოდ არ დახარჯულა ან გეგმით გათვალისწინებულზე გაცილებით ნაკლები დაიხარჯა. ხარჯთაღრიცხვების ცვლილებების შედეგად, თანხის უმეტესი ნაწილი პრემიების ზრდაზე დახარჯეს. სააგენტოს მიერ სარესტორნე მომსახურებაზე გაწეული ხარჯების დამადასტურებელი დოკუმენტებიც მნიშვნელოვანი ხარვეზებით ხასიათდება. კერძოდ, ამ დოკუმენტების მიხედვით, მოწვეული სტუმრების იდენტიფიცირება და მათი რაოდენობის დადგენა შეუძლებელია. გარდა ამისა, მომსახურების სააგენტოს ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტებში მთელი რიგი დარღვევები გამოვლინდა: ფინანსთა სამინისტროსთვის წარდგენილ ანგარიშებში, სააგენტომ 2012 და 2013 წლებში, არასწორად (ზედმეტად) ასახა სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული ნივთმტკიცებები ფულადი კუპიურების სახით, სულ 3 609 500 ლარის ოდენობით; დასუფთავებასა და სანიტარულ მომსახურებაზე გამოცხადებულ, გამარტივებულ ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული პირები დღგ-ს გადამხდელები არ იყვნენ, რის გამოც ტენდერში მონაწილე სხვა პრეტენდენტებთან შედარებით, მათ ხელოვნურად შეექმნათ უპირატესობა და მომსახურების სააგენტოსგან ზედმეტად 6 000 ლარი მიიღეს. 2012 წელს, მომსახურების სააგენტოს ხარჯთაღრიცხვის დამტკიცებული გეგმა 5 183 000 ლარით განისაზღვრა. წლის განმავლობაში განხორციელებული ცვლილებებით, დაზუსტებულმა ხარჯთაღრიცხვამ 4 970 000 ლარი შეადგინა. აუდიტით დადგინდა, რომ თავდაპირველად დამტკიცებულ გეგმაში ისეთი ხარჯები იყო შეტანილი, რომლებიც საერთოდ არ დახარჯულა, ან გეგმით გათვალისწინებულზე ბევრად ნაკლები დაიხარჯა. მაგალითად, ხარჯთაღრიცხვის გეგმით, ,,გაყვანილობებისა და დანადგარების შენახვა- შეკეთებისთვის' გათვალისწინებული 9 000 ლარი ,,არაფინანსური აქტივების' მუხლში გადაიტანეს; საკონსულტაციო მომსახურებისთვის (მარკეტინგული კვლევა და თარგმნა) გათვალისწინებული 38 000 ლარიდან, 36 000 ლარი ,,სხვა საქონლისა და მომსახურების მუხლში' გადაიტანეს, 1 700 ლარი - პრემიის მუხლში, დარჩენილი 300 ლარი კი არ დაუხარჯავთ. 2012 წლის განმავლობაში, ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმებით, შრომის ანაზღაურების მუხლი 677 300 ლარით გაიზარდა, მათ შორის, ხელფასი - 147 300 ლარით, პრემია - 530 000 ლარით. 2012 წელს, მომსახურების სააგენტოში შრომის ანაზღაურების საკასო ხარჯმა 1 958 500 ლარი შეადგინა, აქედან ხელფასის სახით 1 136 900 ლარი (58%), პრემიის სახით კი 821 600 ლარი (42%) დაიხარჯა. იყო შემთხვევები, როდესაც ზოგ თანამშრომელზე ხელფასზე მეტი ოდენობის პრემია გაიცემოდა, მეტიც, ცალკეულ შემთხვევაში, პრემია ხელფასის 200% შეადგენდა. 2013 წელს განხორციელებული ცვლილებით, პრემიის მუხლიდან, დანამატის მუხლში 107 000 ლარი ისე გადაიტანეს, კონკრეტულ პირებზე დანამატის დაწესების დამადასტურებელი ბრძანება ან დოკუმენტი სახელმწიფო აუდიტორებს ვერ წარუდგინეს. ხარჯთაღრიცხვით, თავდაპირველ გეგმასთან შედარებით, შრომის ანაზღაურების მუხლი 448 300 ლარით გაიზარდა, აქედან ხელფასი - 93 300-ით, პრემია კი 356 000 ლარით. 2013 წელს, მომსახურების სააგენტოში შრომის ანაზღაურების საკასო ხარჯმა 2 776 800 ლარი შეადგინა, აქედან ხელფასი 1 720 800 (62%), პრემია 1 056 000 ლარი (38%). იყო შემთხვევები, როდესაც სააგენტოს რიგ თანამშრომლებზე ხელფასისა და ხელფასზე მეტი ოდენობის პრემია გაიცემოდა. 2013 წლის დეკემბერში, მომსახურების სააგენტოს თანამშრომელზე, ხელფასის 367%-ის ოდენობის პრემია გაიცა. 2013 წლის განმავლობაში, ყოველთვიურ პრემიებს, ძირითადად, მომსახურების სააგენტოს დირექტორი, მისი მოადგილეები და სხვადასხვა სამსახურის ხელმძღვანელი იღებდა. აუდიტის პერიოდში, ყოველთვიურად, მათზე გაცემული პრემიის ოდენობა 50%-დან 367%-ის ფარგლებში მერყეობდა. 2012 წელს, სააგენტოს დირექტორის, მისი მოადგილეებისა და სხვადასხვა სამსახურის ხელმძღვანელზე 337 000 ლარის (41%) პრემია, 2013 წელს კი 472 400 ლარის (45%) პრემია გაიცა.    
 
დარღვევები ინტერნეტ აუქციონზე და ირეალური ნაშთები 
აუდიტის პერიოდში, სავაჭრო მაღაზიების საშუალებით, მომსახურების სააგენტომ 2 143 668 ლარის ღირებულების პროდუქციის რეალიზება განახორციელა. 2013 წლის 26 აგვისტოს, საქართველოს ტერიტორიაზე უკანონოდ შემოტანილი 80 ცალი მობილური ტელეფონი - Iphone 5 და ერთი ცალი პლანშეტური კომპიუტერი - IPAD, მომსახურების სააგენტომ სახელმწიფო საკუთრებაში მოაქცია. 80 ცალი მობილური ტელეფონიდან, 63 ერთეული, სხვადასხვა საბიუჯეტო ორგანიზაციას უსასყიდლოდ გადასცეს. მათ შორის, 19 ცალი გადაეცა ფინანსთა სამინისტროს, 20 ცალი - ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს, ორ-ორი - ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოსა და ფინანსთა სამინისტროს ანალიტიკურ სამსახურს, დარჩენილი 17 ერთეული კი უშუალოდ სავაჭრო მაღაზიამ ისე გაყიდა, ეს მობილური ტელეფონები ინტერნეტაქუციონზე არ გასულა. ინტერნეტაუქციონზე გატანის გარეშე, სავაჭრო მაღაზიის საშუალებით, რეალიზებულია ოქროს ნაკეთობები ძვირფასი ქვებით. საქართველოს ფინანსთა მინისტრის #771-ე ბრძანებით დამტკიცებული წესით, ქონების განკარგვის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მომსახურების სააგენტოს გენერალური დირექტორი, მაგრამ ამ შემთხვევაში, სააგენტოს არ უმსჯელია სათანადოდ, განკარგვის რომელი ფორმა იქნებოდა ეკონომიკურად გამართლებული. მომსახურების სააგენტოს აუდიტის პერიოდში, ინტერნეტაუქციონის საშუალებით, რეალიზებული აქვს 8 069 332 ლარის ღირებულების, სხვადასხვა დასახელების საქონელი. ინფორმაციის შესწავლისას, სახელმწიფო აუდიტორებმა ისეთი შემთხვევები გამოავლინეს, როდესაც აუქციონზე გაყიდული ქონების ფასნამატი 100%-ზე მეტად აღემატებოდა მის თავდაპირველ ღირებულებას. მომსახურების სააგენტოს მიერ სახელმწიფო აუდიტორებისთვის წარდგენილი ინფორმაციის მიხედვით, 2012, 2013 და 2014 წლების 1 იანვრის მდგომარეობით, ელექტრონულ პროგრამა ERP-ში, დიდი ოდენობით სხვადასხვა დასახელების მოძრავი საქონელი ნაშთად ერიცხება, მათ შორის დიდი ოდენობით საწვავი, მანქანები, ალკოჰოლური სასმელი, მედიკამენტები. ამ ინფორმაციის ანალიზის შედეგად, სახელმწიფო აუდიტორებმა დაადგინეს, რომ ელექტრონულ პროგრამა ERP-ში არსებული ნაშთები რეალობას არ ასახავს. 2014 წლის 1 იანვარს, მომსახურების სააგენტოს ნაშთებში ისეთი საქონელი ირიცხება, რომელიც წინა წლებში განკარგეს. მაგალითად, ნაშთებში ირიცხება 69 110 ლიტრი საწვავი, რომელიც სახელმწიფო საკუთრებაში 2011 მოექცა და ამავე წელს, იუსტიციის სამინისტროს გადაეცა; 2014 წლის ნაშთებში ირიცხება თანხის ის ოდენობაც, რომელიც 2010 წელს, სახელმწიფო საკუთრებაში მოექცა - 32 590 ლარი, 145 თურქული ლირა და 1 300 აშშ დოლარი, 2011 წელს სახელმწიფო ბიუჯეტში გადაირიცხა; 2011 წელს, სახელმწიფო საკუთრებაში მოექცა 18 153 და 18 138 ლიტრი საწვავი, რაც 2011 წლის 5-6 ივლისს, მომსახურების სააგენტომ გაყიდა; ავტომობილი AUDI A6, სამივე წლის ნაშთად ირიცხება, არადა, ეს ავტომობილი სახელმწიფო საკუთრებაში 2011 წელს მოექცა და იმავე წელს, უსასყიდლოდ გადაეცა შინაგან საქმეთა სამინისტროს; ავტომანქანა LEXUS RX-350, სახელმწიფო ნომრით TG- 1108, სახელმწიფო საკუთრებაში 2011 წელს მოაქციეს და იმავე წელს, შინაგან საქმეთა სამინისტროს გადასცეს; ავტომობილი BMW X6, სახელმწიფო ნომრით SMS-878, სახელმწიფო საკუთრებაში მოექცა 2011 წელს და იმავე წელს, უსასყიდლოდ გადასცეს შინაგან საქმეთა სამინისტროს; ავტომანქანა ,,მაზი', სახელმწიფო ნომრით DAH-456, მომსახურების სააგენტომ 2012 წელს მიიღო და იმავე წელს, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობას უსასყიდლოდ გადასცა. სწორედ ამ ინფორმაციების საფუძველზე, სახელმწიფო აუდიტორებმა დაასკვნეს, რომ აუცილებელია ელექტრონულ პროგრამა ERP-ში ასახული ქონების ნაშთების სრული ინვენტარიზაცია, რათა მათი რეალობა დადგინდეს.