ჯონდი ბაღათურია: ,,მარტო ოქრიაშვილს კი არა, ტყემალაძესაც შევხვდი, ვოლსკისაც და კობახიძესაც'
ლარივით ,,გაპარული' ინტერპარტიული ჯგუფი მკვდრეთით აღდგა _ საარჩევნო კოდექსზე მომუშავე ოპოზიციურ პარტიებს მეორე სიცოცხლე პრეზიდენტმა შთაბერა. გიორგი მარგველაშვილი და ოპოზიცია ერთმანეთს წინა კვირას შეხვდა და ამის შესახებ ოპოზიციის ლიდერებმა ექსკლუზიურად ,,ვერსიასთან' ისაუბრეს, თუმცა სამთავრობო არეულობამ ყველა სხვა თემა გადაფარა და შესაძლოა, ,,ძველ ახალ' მთავრობას აღარც ახსოვს, რომ ,,ოპოზიციონერი პრეზიდენტი' მაისის ბოლოს კიდევ ერთ სიურპრიზს უმზადებს. ამის შესახებ ,,ვერსიას' ავლაბრის რეზიდენციიდან გამოსულმა ოპოზიციის ლიდერებმა უთხრეს, ჩაბეტონებულები ვიყავით, მაგრამ ბოლოს ავფართხალდით და ახლა ინტერპარტიულმა ჯგუფმა პროცესი ისე დაძრა, ვინმემ გულითაც რომ მოინდომოს, გაჩერება შეუძლებელიაო.
,,გულით მინდოდა, ეს ჯგუფი დაშლილიყო, შეხვედრებზეც იშვიათად დავდიოდი - ძირითადად, ძველი მეგობრები ვნახულობდით ერთმანეთს, ახლა კი რაღაც შანსები გამოჩნდა, მაგრამ ცაიტნოტში ვართ. მთავარია, სექტემბრის ბოლოს, ,,ოცნებამ' არ გვითხრას, ვერაფრის შეცვლას ვასწრებო', - გულახდილად განაცხადა გოჩა ჯოჯუამ და დასძინა, საერთაშორისო კონფერენცია, რომელსაც პრეზიდენტი საკუთარი ინიციატივით იწვევს, მაისის ბოლოს უნდა ჩატარდეს და მარგველაშვილმა ხელისუფლებას კოდექსის შეცვლა მთელი მსოფლიოს დამოწმებით უნდა მოსთხოვოს. ,,ამის მერე, შესაძლოა, ეს მოძრაობა დარბაზებიდან ქუჩაშიც გადავიდეს. ალბათ, აქციებში პრეზიდენტი მონაწილეობა ვერ მიიღებს, მაგრამ ოპოზიციას მისი სოლიდარობა ექნება', - ამბობს ჯოჯუა. როგორც მოგვიანებით ,,ვერსიამ' ოპოზიციის სხვა ლიდერებთან დააზუსტა, შეიქმნა ჯგუფი, რომლის შემადგენლობაშიც არიან: ჯონდი ბაღათურია, მამუკა კაციტაძე, ზურაბ ხარატიშვილი და პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი პატარაია. მარგველაშვილის მომდევნო, ,,საარჩევნო სიურპრიზს' სწორედ ეს ოთხეული მოამზადებს, მანამდე კი, ,,ვერსია' იმის გარკვევას შეეცადა, რას ნიშნავს ინტერპარტიული ჯგუფის წევრების ,,შეცვლილი განწყობა' და ქმედება: ხან იშლებიან, ხან არა, ხან შეხვედრებზე მხოლოდ მეგობრების სანახავად დადიან, მეორე დღეს კი პრეზიდენტის რეზიდენციაში სხედან ან ,,ოცნების' სხვადასხვა მაღალჩინოსანს ხვდებიან.
საგულისხმოა, რომ ჯგუფი, რომელიც 2 წელია აცხადებს, არჩევნების მაჟორიტარული წესი უნდა გაუქმდესო და ამისთვის უამრავი არგუმენტი მოჰყავს, მაჟორიტართა კორპუსს ერთხელაც არ შეხვედრია, ყოველ შემთხვევაში, ოფიციალურად, თუმცა საინტერესო არაოფიციალური მხარეა, მაგალითად, ის, რომ ,,ქართული დასის' ლიდერი ჯონდი ბაღათურია, როგორც ,,ვერსიამ' გაარკვია, ,,ოცნების' მაჟორიტარებს ხვდება. ასეთ შეხვედრებს პოლიტიკურ კულუარებში სხვაგვარად თარგმნიან ანუ მაჟორიტარები ოპოზიციას ფულს აძლევენ და საარჩევნო კოდექსზე მომუშავე ჯგუფის მუშაობას ასე ანეიტრალებენო. ინტერპარტიული ჯგუფის წევრები მეგობრულ საუბრებში ამბობენ, რამდენიმე ოპოზიციონერი ხელისუფლებას იმიტომ ხვდება, რეალური ვითარება გააცნოს და აუხსნას, რომ პიროვნულად, მაჟორიტარების საწინააღმდეგო არაფერი გვაქვსო. ,,ვერსიის' ინფორმაციითვე, კახა კუკავა ,,ოცნების' დაყოლიებას ცდილობს, ჯონდი ბაღათურიას კი ამბიცია აქვს, რომ პიროვნული ურთიერთობებით მოაგვარებს საქმეს მაჟორიტარებთან, რომლებიც არასაპარლამენტო ოპოზიციას საჯაროდ დასცინიან. ჯონდი ბაღათურიამ ,,ვერსიას' PშP-ს ყოფილ გენდირექტორსა და ამჟამად დმანისის მაჟორიტარ კახა ოქრიაშვილთან შეხვედრა დაუდასტურა: ,,მთავარია, საარჩევნო საკითხების რეფორმირებას სათავეში პრეზიდენტი თავად ჩაუდგა, რამაც ჩვენს მოძრაობას მართლა ახალი იმედი მისცა. გადაწყდა, პრეზიდენტი, საკუთარი ინიციატივით, ფართო შემადგენლობის კონფერენციას მოიწვევს, მთავრობის, პარლამენტის, ოპოზიციისა და არასამთავრობო- საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობით... დიახ, შევხვდი და ველაპარაკე კახა ოქრიაშვილსაც, ზურაბ ტყემალაძესაც, გიორგი ვოლსკისაც, ირაკლი კობახიძესაც და გაირკვა, რომ პარტია ,,ოცნებაში' საარჩევნო ცვლილებების მიმართულებას სწორედ ირაკლი კობახიძე და კახა კალაძე ხელმძღვანელობენ. დასამალი არაფერია, უბრალოდ, ხალხისთვის სათქმელი არ მქონდა, რადგან ჯერჯერობით, კოალიციის შემადგენელი პარტიები არ ჩამოყალიბებულან. თავის მხრივ, ისინი ბიძინა ივანიშვილის ჩამოყალიბებას ელოდებიან. ჩვენი საუბრები ძალიან შორს არ წასულა, თუმცა არ ვფიქრობ, რომ ეს უპერსპექტივო საქმეა - კონსენსუსი შესაძლებელია. ამ ინტერპარტიული ჯგუფიდან რამდენიმე ადამიანი კი არა, მე ვხვდები ხალხს და თანაც, არა ბიზნესმენ მაჟორიტარებს, არამედ პოლიტიკური ფრაქციების ხელმძღვანელებს. ოქრიაშვილიც ფრაქციის თავმჯდომარეა და ამ რანგში შევხვდი. ბიზნესმენობა რა შუაშია, ყველაზე დიდი ბიზნესმენი ბიძინაა და აღარ ველაპარაკოთ? ისე, ოქრიაშვილზე ვერავინ იტყვის, რომ მხოლოდ ბიზნესითაა დაკავებული, პოლიტიკურ ინტერესს ყოველთვის იჩენდა და მიკროფონთანაც მიდის ხოლმე. მაჟორიტარული წესის გაუქმებაზე, პრეზიდენტის გამოსვლისას, უარყოფითი აზრი უკვე დააფიქსირა, მაგრამ მაინც ვერ ვიტყვი, რომ ჩვენს შორის არაპროდუქტიული საუბარი იყო. ვცდილობთ, მაჟორიტარებს ცალკე ავუხსნათ, რომ პოლიტიკაში მათი ყოფნის წინააღმდეგი კი არ ვართ, არამედ, არჩევნების ეს სისტემაა უსამართლო'.
გაგანია სამთავრობო ცვლილებებისას, სამართლიანი არჩევნები, როგორც ჩანს, აღარავის ახსოვს, შემოდგომაზე კი, შესაძლოა, ეს საკონსტიტუციო ცვლილება ვეღარც მოესწროს. ამ ფონზე მოვლენათა განვითარების მხოლოდ ორი სცენარი არსებობს: თუ პრეზიდენტის ძალისხმევის მიუხედავად, არაფერი შეიცვალა, გამოდის, ფულისტომრიან მაჟორიტარებს რამდენიმე ტომარა ოპოზიციისთვისაც გაუმეტებიათ ან ინტერპარტიული ჯგუფის ლიდერებმა, ფულის ნაცვლად, გარანტია მიიღეს, რომ შემდეგი მოწვევის პარლამენტში ერთორ მანდატს ,,ჩაახუტებენ'. აკი, ოპოზიციამ გააჟღერა კიდეც, ხომ არ აჯობებს, ,,ოცნებას' ამჯერად დავუთმოთ და 2016 წლის არჩევნები ძველი კოდექსით ჩავატაროთო...