ხალხისთვის უკანონოდ წართმეული ქონების მნიშვნელოვანი წილი ძვირადღირებულ ავტომანქანებზე მოდის, რომელთა ნაწილი ,,ნაცელიტამ” პირადად მიისაკუთრა. თუ გავიხსენებთ, რომ ძველი ხელისუფლების წარმომადგენლების მიმართ წარმოებული საქმეები, ერთმანეთის მიყოლებით, კრახით სრულდება, ასეთი მანქანების დაბრუნებაზე ოცნება ისეთივე არარეალურია, როგორც - ,,ნაცების” მიერ მითვისებული მილიონების უკან დაბრუნება. იყო შემთხვევები, როცა წართმეული ავტომანქანები ,,გააქრეს”, ან რომელიმე უწყების საკუთრება გახდა (მათი დიდი ნაწილი დღესაც სახელმწიფო სტრუქტურების ბალანსზეა). წართმეული ავტოების კანონიერი მესაკუთრეებისთვის დაბრუნების პრეცედენტი, ერთი-ორი, საჩვენებელ-სატელევიზიო “გამოხტომის” გარდა, ჯერ არ შექმნილა. რა ხერხებით და მეთოდებით ართმევდა სააკაშვილის ხელისუფლება ხალხს ძვირადღირებულ ავტომანქანებს და რატომ არ ეთმობა ეს მანქანები დღევანდელ ხელისუფლებას? - ამ თემებზე “ქართული სიტყვის” ტრადიციული რესპონდენტი, წარსულში ჟურნალისტი, ადვოკატი ელზა ჯმუხაძე საუბრობს, რომელსაც წარმოებაში არაერთი მსგავსი საქმე აქვს.
- ელზა, შენი პრაქტიკიდან გამომდინარე, “ნაციონალები” ხალხს ავტომანქანებს როგორ და რა მიზეზით ართმევდნენ?
- მიზეზი, ანუ ბრალდება, რომლითაც ხალხს იჭერდნენ და გამოუვალ მდგომარეობაში აყენებდნენ, ათასნაირია, მაგრამ თავიდანვე შეიძლება ითქვას, რომ პირის დაპატიმრების მიზეზი ხშირად ის ხდებოდა, რომ მას ძვირადღირებული, ანუ თვალშისაცემი ავტომანქანა ჰყავდა!
- ეგ როგორ?
- როგორ და, - მშვენივრად: დაინახავდნენ თუ არა, რომ ვიღაც ძალიან მაგარი მანქანით მოძრაობდა, იმაზე ფიქრს იწყებდნენ, რა შარი მოედოთ. მერე, ამ შარს რამე ,,სამართლებრივ ჩარჩოში” მოაქცევდნენ, ორგვერდიან კლიშე-ბრალდებას შეთხზავდნენ და უბედურს ბორკილებს დაადებდნენ. ამის შემდეგ, წინასწარი დაკავების საკანშივე იწყებოდა კაცის ფსიქოლოგიური ,,დამუშავება” - ,,კაპეზეზე” რომელიმე ,,ისპალნიტელ” სტაჟიორს (მათი უდიდესი ნაწილი დღეს პროკურატურის სისტემაში დაწინაურებული და წარჩინებულია) შეაგზავნიდნენ და დააბარებდნენ, აბა, ძმაო, ზემოდან შემოგითვალეს, რა გირჩევნია, გლდანში გაგიშვათ თუ დროზე მოხვალ ჭკუაზეო?! ხალხი, რომელმაც იცოდა, ,,გლდანში გაშვება” რასაც ნიშნავდა, მაშინვე ყველაფერზე თანხმობას აცხადებდა, ანუ დანაშაულსაც იბრალებდა და ქონებასაც ,,საკუთარი ნებით”, სახელმწიფოს გადასცემდა. მათ, ვინც არ იცოდა, გლდანის ციხეში ,,კარანტინის დაშლა” რას ნიშნავდა, ამ ,,ბედნიერებას”, ორ დღეში აზიარებდნენ, რის შემდეგაც ადამიანი, თუ ხე და ქვა არ იყო, ყველაფერზე ხელს აწერდა! ათასჯერ ითქვა და ერთხელ არავის მოუვიდა აზრად, დაედო კონკრეტული სტატისტიკა, ამოეღო საჯარო რეესტრიდან ან შსს-ს მომსახურების სააგენტოდან მონაცემები იმის შესახებ, კონკრეტულ პერიოდში ერთდროულად რამდენი ადამიანი გაგიჟდა და საკუთარი ძვირადღირებული უძრავი თუ მოძრავი ქონება სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადასცა; რამდენი ასეთი ,,გარიგება” შედგა შუაღამისას, საპატიმრო დაწესებულებაში გაცემული მინდობილობების საფუძველზე...
- მინდობილობის გაცემა საპატიმრო დაწესებულებაშიც შესაძლებელია?
- კანონით, დასაშვებია, რადგან არის შემთხვევები, როდესაც პატიმარს წარმოეშვება აუცილებლობა, მის სახელზე რიცხული ქონება გაყიდოს, ან სხვა ფორმით გაასხვისოს და ამაში, თუ ბრალად ვინმესთვის ქონებრივი ზიანის მიყენება არ აქვს წარდგენილი, ხელი არ უნდა შეეშალოს. მოკლედ, საპატიმრო დაწესებულებაში სხვადასხვა შინაარსის მინდობილობაზე პატიმრის ხელმოწერა სოციალური მუშაკის თანდასწრებითაა შესაძლებელი. დანაშაული ის კი არაა, რომ პატიმარს მისი კუთვნილი ქონების გასხვისებასთან დაკავშირებით მინდობილობის გაცემა შეუძლია, დანაშაული ის გახლავთ, თუ ამას პატიმარი იძულებით აკეთებს. სადაც საქმის მასალებით ჩანს, რომ ბრალდებულმა ძვირადღირებული ქონება პირადი სარგებლის მიღების მიზნით, შვილზე კი არ გაასხვისა, არამედ, მოძალადე სახელმწიფოს სასარგებლოდ გააჩუქა, უტყუარად დასტურდება, რომ ჩადენილია დანაშაული, რასაც სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად, იძულება და მითვისება ჰქვია.
- ეს ქმედება დასჯადია, არა?
- დიახ, მაგრამ ამ ქვეყანას პატრონი არც მაშინ ჰყავდა, როცა ეს ამბები ხდებოდა და არც დღეს უჩანს გულშემატკივარი, როცა ასეთი დანაშაულებრივი გზით ჩამორთმეული ქონება კანონიერი მესაკუთრეების 99,9 პროცენტს ჯერ კიდევ არ დაბრუნებია! წეღან სტატისტიკა ვახსენე და, საინტერესო კიდევ ის ფაქტია, რომ ჩამორთმეული მანქანების თითქმის ასი პროცენტი აუცილებლად ძვირადღირებულია...
- ესე იგი, “ნაციონალები” იაფფასიან მანქანებს არ ართმევდნენ?
- არა! ჩამორთმევამდე ეს მანქანები ოფიციალურადაა შეფასებული და ამის გადამოწმება პრობლემას არ წარმოადგენს. მიუხედავად იმისა, რომ ამ შეფასების დროსაც ერთგვარ ეშმაკობას მიმართავდნენ, მაინც ჩანს, რომ ძვირადღირებულ მანქანებზე იყვნენ ჩასაფრებულნი.
- რა ეშმაკობას გულისხმობ?
- შეფასებისას ფიქსირდებოდა ავტომანქანის მნიშვნელოვნად შემცირებული, გამესამედებული, ან განახევრებული ფასი და ამის შემოწმებაც არ არის პრობლემა, რადგან არსებობს ოფიციალური სტატისტიკა, რა ღირდა სრულიად კონკრეტულ დროს ესა თუ ის, ამა თუ იმ წლოვანების ავტომანქანა. მოკლედ, ობიექტური გამოძიების პირობებში, ყველაფერ ამის დადგენა ადვილადაა შესაძლებელი, მაგრამ, როგორც მოგეხსენებათ, ამგვარი ობიექტური გამოძიების მაგალითი ჯერ არ არსებობს. არადა, საჩივრები შეტანილია და ე.წ. ნადარეიშვილის დეპარტამენტიც კარგა ხანია, შეიქმნა, თანაც გვარწმუნებენ, რომ ამ დეპარტამენტის მიზანი სწორედ უკანონოდ ჩამორთმეული ქონების კანონიერი მესაკუთრეებისთვის დაბრუნებაა და მეტი არაფერი.
- ასეთი საჩივრები შენც გაქვს შეტანილი?
- როგორც კი ხელისუფლება შეიცვალა, პირადად მე, რამდენიმე საჩივარი შევიტანე, რომელიც კონკრეტულ გამომძიებლებს დაეწერა და მათთან კომუნიკაციის ბედნიერებაც მქონდა. ისინი მპირდებოდნენ, რომ ჩატარდებოდა გამოძიება და სამართლიანობა აღდგებოდა. ამასობაში, ორ წელზე მეტი გავიდა, მაგრამ კონკრეტული შედეგები არ დამდგარა. ასე ,,შემოგვესწრო” ახალი დეპარტამენტიც და საქმეებმაც მის დაქვემდებარებაში გადაინაცვლა. ახლა ორი ვარიანტია: ან უნდა დავსხდეთ და ველოდოთ, როდის ინებებენ და მიადგებიან ჩვენს საქმეებს, ან თავიდან უნდა შევიტანოთ საჩივრები - საქმეების წარმოება იქნებ, ამ გზით დავაჩქაროთ.
- ახალი საჩივრების შეტანა არ გირჩევნია?
- საჩივრის თავიდან დაწერა და შეტანა პრობლემა არაა - ასეც მოვიქცევი, მაგრამ იცი, რა მაინტერესებს? - რატომღა უნდა ვწერო ახალი საჩივრები და თავიდან ,,ვაქსეროქსო” საქმეების მასალები, პროკურატურა მაკულატურას აგროვებს? ერთადერთი, რაც პროკურატურაში გამართულად მუშაობს, კანცელარიაა და, თუ საქმის კეთება მართლა უნდათ, მიჰყვნენ რიგითობით, მოიძიონ სადაა ,,გაჩხერილი” ესა თუ ის საქმე და ამ ხალხს საშველი დააყენონ!
- ელზა, მოდი, რამდენიმე კონკრეტული მაგალითი განვიხილოთ, შენს კლიენტებს მანქანები თუ რატომ და როგორ წაართვეს...
- ილიკოსა და ილარიონისა არ იყოს, ,,სოდის მიღების უამრავი ხერხი არსებობს”. მაგალითად, დავით ნატრიაშვილს მცირე ბიზნესი - ავტომანქანების პროფილაქტიკა ჰქონდა, რომელიც თავის დროზე ერთ მიყრუებულ ადგილას მოეწყო, მაგრამ იმის გამო, რომ კარგი ხელოსნები მუშაობდნენ, ბევრი, მათ შორის ,,ძლიერნი ამა ქვეყნისანიც” აკითხავდნენ. ალბათ, სწორედ ამიტომ მოხვდა ნატრიაშვილი “ნაცების” თვალსაწიერში და ერთ დღესაც მოედავნენ, დოკუმენტი გააყალბე და მიწის ნაკვეთი მიითვისეო...
- ლაპარაკი რა ნაკვეთზე იყო?
- პროფილაქტიკის მიმდებარედ, ერთი პატარა, ნაგავსაყრელად გადაქცეული ხრამი მდებარეობს, რომელიც არავის არაფერში სჭირდებოდა და ნატრიაშვილმა იქაურობა საკუთარი ხარჯით გაასუფთავა. ამის შემდეგ, იფიქრა, მივმართავ საჯარო რეესტრს და, თუ შესაძლებელია, ამ ნაკვეთს დავირეგისტრირებ და პროფილაქტიკას გავაფართოვებო. მოაგროვა სათანადო საბუთები და ნაკვეთი კანონით დადგენილი წესით დაირეგისტრირა, მაგრამ ხომ უნდა გაეტყავებინათ და დაეხრჩოთ? - ჰოდა, გაატყავეს და დაახრჩვეს კიდეც: მოედავნენ, ნაკვეთი კანონის დარღვევით გაქვს დარეგისტრირებულიო. ,,ფინანსურმა” დაიჭირა და ნატრიაშვილმაც, რომელმაც გლდანი უკვე ნახა, რაც იყო, ერთადერთ გამოსავალად “აღიარება” მიიჩნია, დავაშავეო. დადგა ფეხზე ნათესაობა, მოაგროვა ფული და გირაოს გადახდის შემდეგ, ნატრიაშვილი ციხიდან, წესით, უნდა გამოეშვათ, მაგრამ მოულოდნელად, ,,ფინანსურმა” შემოთვალა, ეზოში რომ ,,ინფინიტი” გიდგას, ვიდრე მაგასაც არ გვაჩუქებ, გირაოსა და საპროცესოზე არც იოცნებოო. ბევრი რომ არ გავაგრძელო, იმ დროს, როდესაც ნატრიაშვილი ჯერ კიდევ ციხეში იყო, შუაღამისას, ნატრიაშვილებს მანქანის წასაყვანად მიადგნენ, მაგრამ რატომღაც ვერ დაქოქეს და ბუქსირით წაიღეს. ,,უფროსმა” მანქანა რომ ნახა, მოეწონა და ამის შემდეგ ნატრიაშვილს შვილის სახელზე მინდობილობა დააწერინეს, რომელსაც ამ მინდობილობით უფლება ჰქონდა, ავტომანქანა გაესხვისებინა. ნატრიაშვილის შვილი ღამის საათებში წაიყვანეს, ხელი რაღაცაზე მოაწერინეს. მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ ეს ,,რაღაც” ავტომანქანის სახელმწიფოსთვის უსასყიდლოდ გადაცემის დოკუმენტი იყო. მხოლოდ ამის შემდეგ გახდა შესაძლებელი ნატრიაშვილის ციხიდან გამოყვანა. ამას მოჰყვა საპროცესო შეთანხმება, რაც დაამტკიცა სასამართლომ, ანუ ნატრიაშვილმა ხელი მოაწერა, რომ დამნაშავეა და თანახმა იყო, სწორედ იმ რაოდენობის ჯარიმა გადაეხადა, რაც გირაო ჰქონდა შეტანილი. მოკლედ, ნატრიაშვილს დიდი ფულიც გადაახდევინეს და ძვირადღირებული ,,ინფინიტიც” (რომელსაც ბრალდებასთან არაფერი აკავშირებდა, ანუ პირდაპირ, განაჩენით ვერ ჩამოართმევდნენ) “შეიტყაპუნეს”!
როდესაც ხელისუფლება შეიცვალა და ხალხს იმედი გაუჩნდა, რომ უკანონოდ წართმეულ ქონებას დაიბრუნებდა, ნატრიაშვილმა მომმართა თხოვნით, დავხმარებოდი. დავიწყე ინფორმაციის მოძიება, თუ სად და ვის ხელში იყო ნატრიაშვილისთვის ჩამორთმეული მანქანა. აღმოჩნდა, რომ ავტომანქანა აღრიცხვიდან უკვე მოხსნილია.
- ეს რას ნიშნავს?
- წეღან აღვნიშე, საქმეში ვინმეს რომ ჩაეხედა, ნატრიაშვილის ავტომანქანას აშკარად ეტყობოდა, ,,ვერხით” იყო წართმეული, რადგან ამ ავტომანქანის ბრალდებასთან დაკავშირება წარმოუდგენელი იქნებოდა - იმას ხომ ვერ მოედავებოდნენ, მიწის ნაკვეთს რომ იფორმებდი, მაინცდამაინც ამ მანქანით დადიოდი, ამიტომ დანაშაულის ჩადენის იარაღია და უნდა ჩამოგართვათო?! სწორედ ამიტომ ვვარაუდობ, რომ ავტომანქანა, ყოველი შემთხვევისთვის, თვალს მოაფარეს - რომელიმე მეზობელ ქვეყანაში გაყიდეს და აღრიცხვიდანაც ამიტომ მოხსნეს. სხვათა შორის, ამ თემაზე მუშაობისას არაერთი ინფორმაცია მოვიძიე და ვიცი, რომ ასეთი მანქანების თავიდან მოშორების საქმეებს ერთ თავიანთ ,,ნდობითაღჭურვილ” ფირმას აკეთებინებდნენ, რომლის შესახებაც ხალხმაც იცის. ასე რომ, გამოძიებისთვის არც ამ ფირმის მიგნება და მეტი დეტალის დაზუსტებაა რთული.
- ნატრიაშვილის მანქანა ეგებ, ავარიაში მოჰყვა და ამიტომ ჩამოწერეს?
- როდესაც ვეძებდი, სად იყო ნატრიაშვილის ავტომანქანა, მივმართე შსს-ს მომსახურების სააგენტოს, რომელმაც მომცა ცნობა, თუ ვის სახელზე იყო რეგისტრირებული. იმის გარკვევა, თუ რატომ მოიხსნა ის აღრიცხვიდან, ჩემს კანონიერ შესაძლებლობას აღემატება და ეს გამოძიების პრეროგატივაა. ამიტომ არ შემიძლია, დაზუსტებით ვთქვა, რა მოხდა. მხოლოდ ის ვიცი, რომ როდესაც ნატრიაშვილს წაართვეს, ავტომანქანა, პრაქტიკულად, ახალი და მშვენიერ მდგომარეობაში იყო. შესაბამისად, გაცილებით ძვირი ღირდა, ვიდრე ოფიციალური საბუთითაა შეფასებული, მაგრამ ახლა ამის მტკიცება შეუძლებელია, ამიტომ ისღა დაგვრჩენია, მოვითხოვოთ ფულადი კომპენსაცია სწორედ იმ ფარგლებში, რის საშუალებასაც დოკუმენტი იძლევა. თუ გავითვალისწინებთ, რომ მანქანა ლარებშია შეფასებული და ეს ჩვენი ცოდვით სავსე ლარი თანდათან ხელში გვაკვდება, ადვილი წარმოსადგენია, ნატრიაშვილი, თუ მის საქმეს ოდესმე საშველი დაადგება, ანუ დაზარალებულად ცნობენ, საბოლოოდ რას მიიღებს. იმის მოლოდინიც ნამდვილად არ მაქვს, რომ ნატრიაშვილს ერთბაშად აუნაზღაურებენ ზიანს. სავარაუდოდ, თანხას განუწილვადებენ, ანუ ნატრიაშვილმა თავისი მანქანის ფულით ,,სამაკატკა” თუ მაინც იყიდა, მადლობელი უნდა დარჩეს, მაგრამ ჩემს პრაქტიკაში ამაზე უარესი ფაქტიც მქონია...
- ამაზე უარესი რაღა უნდა იყოს?
- ,,ჭირს მოგცემ, ჭირს დაგავიწყებო!” - მარიკა, ეს ანდაზა, ალბათ, გაგიგონია და სწორედ ასე გვჭირს ადვოკატებს: საქმე რომ შემოდის, ხანდახან ისეთ ამბავს მოისმენ, გეგონება, ამაზე უარესი აღარაფერი მოხდება, მაგრამ მეორე დღეს ისეთი საოცრების მოწმე გახდები, გუშინდელი ამბავი თამაშად მოგეჩვენება.
მოკლედ, თბილისში ერთი უბედური, მარტოხელა ახალგაზრდა ცხოვრობდა. ის უბედური მხოლოდ იმიტომ კი არ იყო, რომ ცხოვრება “ნაციონალების” დროს მოუწია, არამედ, ნარკოდამოკიდებულიც გახლდათ! მართალია, მისი გვარის დასახელება არ შემიძლია, რადგან გარდაცვლილია და მისი სამართალმემკვიდრისგან არ მაქვს მონიჭებული შესაბამისი უფლება, მაგრამ შემიძლია, ის ამბავი გავახმაურო, რაც მას და მის ძალიან შეძლებულ მამას დამართეს, თუმცა, ვიდრე ამბის მოყოლას დავიწყებ, ვიტყვი, რომ საქართველოში, სამწუხაროდ, არაერთი ნარკომანია, მაგრამ “ნაციონალების” სამიზნე ის ხდებოდა, ვისი ოჯახიდანაც სერიოზული ,,კუშის” გამოსვლა იყო მოსალოდნელი. სწორედ ამ ნიშნით შეარჩიეს ის ახალგაზრდაც და, ერთ მშვენიერ დღეს, სწორედ იმ დროს დააკავეს, როცა ძალიან ძვირფასი ავტომანქანით მოძრაობდა... მანქანაში გამზადებული ,,ბაიანები” ჩაუყარეს...
- ელზა, თუკი ეს ახალგაზრდა ნარკომანი იყო, წამლის ,,ჩადება” რაღაში დასჭირდათ?
- ნარკომანის ფაქტზე დაჭერა ძნელი, რა თქმა უნდა, არაა, მაგრამ ასეთ დროს წამლის ,,ჩადებას” სხვა მიზანი აქვს: მთავარია რაოდენობა, რათა ბრალდება და, შესაბამისად, ჯარიმის ოდენობა მძიმე და დიდი იყოს. წამლის ,,ჩადება” იმითაც დასტურდებოდა, რომ ნარკოტიკი შპრიცებში იყო. არადა, ყველამ, ვინც იმ კაცს იცნობდა, იცოდა, ნემსის გაკეთების ეშინოდა და ნარკოტიკს სხვა გზით იღებდა. იმის მტკიცება, რომ წამალი ,,ჩადებული” იყო, ძალიან ადვილი იქნებოდა ექსპერტიზით: ჯერ ერთი, დადასტურდებოდა, რომ შპრიცებზე არ იქნებოდა ბრალდებულის თითის კვალი და მეორეც, ბრალდებულის სხეულზე ერთ ნანემსარსაც ვერ აღმოაჩენდნენ...
- ექსპერტიზები ჩატარდა?
- იმ დროს, როდესაც თავის მართლების გზით წასვლა სრულიად უპერსპექტივო იყო და ყველა ,,ჩათრევას” ,,ჩაყოლას” ამჯობინებდა, ექსპერტიზას ვინ ჩაატარებდა?! ერთი სიტყვით, დააკავეს ნარკომანი ,,ფაქტით”, და მაშინვე ჩამოართვეს ძვირადღირებული ავტომანქანა, როგორც ,,დანაშაულის იარაღი”. სხვათა შორის, ასეთი ფაქტები დღესაც ხდება და ვერ გამიგია, ავტომანქანა რა შუაშია? - ნარკომანი, რომელსაც ჯიბეში ,,ფაქტი” აქვს, მეტროთი რომ გადაადგილდებოდეს, მეტროს ვაგონი განაჩენში უნდა მოვაქციოთ და ,,ჩამოვართვათ”? თუმცა, ეს ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ყველაზე ნაკლები უბედურებაა: იმ ბიჭს თბილისში ოჯახის წევრები არ ჰყავდა, მამამისი რუსეთში იყო, სადაც დიდი ბიზნესი ჰქონდა. დაკავების შემდეგ, ბრალდებულს მამასთან დაარეკინეს და ათქმევინეს, რომ გირაოს 50 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარი სჭირდებოდა. მამამ გირაოს გადახდაზე თანხმობა განაცხადა. ამის შემდეგ, კიდევ ერთხელ დაარეკინეს შვილს მილიონერ მამასთან და ათქმევინეს, ეს თანხა საკმარისი არაა, მე რომ მანქანა მყავდა, ოთხი ეგეთი მანქანის საყიდელი ფული დამჭირდებაო. მოკლედ, გამოიძებნა ახლობელი და სრულიად უქონელი სანდო კაცი, რომელმაც გახსნა ანგარიში ერთ-ერთ ბანკში და მოსკოვიდან გადმოირიცხა ოთხი მანქანის საყიდელი თანხა. დაჯდა თუ არა ფული ანგარიშზე, ,,სამართალდამცავებმა” ის კაცი მანქანაში ჩაისვეს, აყიდინეს ოთხი ძვირფასი ავტომანქანა და მაშინვე ყველა სახელმწიფოსთვის აჩუქებინეს. ახლა მითხარით, რად უნდოდა ამ საქმის გამოძიებას ორწელიწადნახევარი?!
- დღემდე იძიებენ?
- ამდენი ხანია, საჩივარი პროკურატურაში დევს, მაგრამ ჩვენთვის ჯერ ერთხელაც არავის დაუძახია!
- სამოქალაქო წესით რომ გეჩივლა?
- სამოქალაქო წესით რომ იჩივლო, ჯერ ერთი, კოლოსალური ბაჟი უნდა გადაიხადო, რისი საშუალებაც ისედაც დაზარალებულ ხალხს არ აქვს. მეორეც, ისიც პრობლემაა, რომ ასეთ საქმეებს სამოქალაქო სასამართლოში პერსპექტივა არ გააჩნია, რადგან არსებობს ნივთის სახელმწიფოსთვის საკუთარი ნებით გადაცემის შესახებ დოკუმენტები. კანონით, როდესაც რაიმე სახის გარიგებას დადებ და აღმოაჩენ, რომ ეს გარიგება არ გაწყობს, ამის გასაჩივრება გარიგებაზე ხელმოწერიდან, მაქსიმუმ, ორი თვის განმავლობაშია შესაძლებელი, ანუ იმ იძულებით დადებული ,,გარიგებების” ბათილობის მოთხოვნის კანონით დადგენილი ვადა გასულია. თუ სანივთო სამართლის გზით წავალთ, შედავების ვადა არსებობს, მაგრამ სამოქალაქო სასამართლოს იმ გარიგების საპირწონედ ვერაფერს წარუდგენ - პროცესზე სახელმწიფო მოხელე მოპასუხის სტატუსით მოვა და გეტყვის, რით ამტკიცებ, რომ გარიგება იძულებითაა დადებულიო. ხელისუფლებას ის მაინც რომ გაეკეთებინა, კანონში ცვლილება შეეტანა და პირდაპირ ეთქვა, რადგან ამა და ამ პერიოდში ხალხისთვის ქონების ჩამორთმევა მასობრივი ძალადობის გზით ხდებოდა, ამ პერიოდში უძრავ-მოძრავი ქონების შესახებ დადებული ყოველგვარი გარიგება ბათილიაო, საქმე გაიოლდებოდა და სამართლიანობაც აღდგებოდა. ეს არ მოხდა, რადგან ხელისუფლებამ ვერ გამონახა გზა, მათთვის, ვისი ბრალეული ქმედებებითაც ხალხი დაზარალდა, ზიანის ასანაზღაურებლად საჭირო თანხები გადაეხდევინებინა. ახლა კი, გამოდის, რომ ზიანის ანაზღაურების მოვალეობა სახელმწიფომ უნდა იკისროს. ამიტომ, ბიუჯეტის გაპარტახებისა ეშინოდათ და დღესაც ეშინიათ. ეჭვი მაქვს, სამართლიანობის აღდგენის პროცესი ამდენ ხანს იმიტომაც იწელება - ესენი ვარაუდობენ, არჩევნებს თუ წავაგებთ, იმას მაინც მოვიგებთ, რომ ამ ზიანის ანაზღაურების ვალდებულება სხვა ხელისუფლების თავში სახლელი გახდებაო. ერთი სიტყვით, სამოქალაქო წესით ასეთი დავების წამოწყება კიდევ უფრო უპერსპექტივოა, ვიდრე დავის სისხლის სამართლებრივი წესით განხილვაა. სწორედ ესაა, ,,ვაის გავეყარე, ვუის შევეყარეო”. დღეს ასეთი ფაქტის წინაშე ვდგავართ: გამოძიება თუ არ იტყვის, რომ ქონების სახელმწიფოსთვის გადაცემის შესახებ დოკუმენტები, რეალურად, იძულების გზითაა შექმნილი, ადამიანის დაზარალებულად ცნობა შეუძლებელია და სამოქალაქო სასამართლოშიც ასეთი დავა წაგებისთვისაა განწირული.
კიდევ ერთი საოცრება, რაც ამას წინათ, თამაზ ელიზბარაშვილმა მითხრა: როგორც იცით, როცა თამაზი ბრალდებული იყო, ერთი ძვირადღირებული მანქანა სახელმწიფოსთვის აჩუქებინეს. როდესაც გამართლდა, ელიზბარაშვილს სამართლებრივი საფუძველი შეექმნა, ზიანის ანაზღაურება მოეთხოვა. რადგან ელიზბარაშვილმა იცის, რომ ეს ზიანი ბიუჯეტის ასანაზღაურებელია, ზიანის ოდენობად სიმბოლური თანხა - ერთი ლარი დაასახელა და პირველ ინსტანციაში პროცესი მოიგო კიდეც, მაგრამ მოპასუხე, ანუ ეკონომიკის სამინისტრო ამ გადაწყვეტილებას, თურმე, ასაჩივრებს! აბა, მითხარით, ამას რა შეიძლება დავარქვათ, თუ არა ის, რომ ან ამ ხელისუფლებას არ უნდა სამართლიანობის აღდგენა, ან ეკონომიკის სამინისტროში ხელისუფლების დაუძინებელი მტრები ბუდობენ. ამ ხელისუფლებისთვის ,,ყელში დანის გამოსმის” ასეთ “მამალ” ფაქტს სხვაგვარ ლოგიკურ ახსნას ვერ ვუძებნი!
- მოკლედ, მანქანების ჩამორთმევა ფარული იძულებით ხდებოდა?
- ეს ფარული კი არა, აშკარა იძულება იყო, რაც რიგითი ჩინოსნების და სტაჟიორ-პროკურორების ხელით ხორციელდებოდა, თუმცა ამ ძალადობის სათავეში, რა თქმა უნდა, ცნობილი ,,ბობოლები” იდგნენ, ანუ დანაშაული ორგანიზებული იყო და დამნაშავეებს მფარველები მაღალ ეშელონებში ჰყავდათ. ყველაფერი ეს კი პირდაპირ ჯდება მაფიის, როგორც ასეთის, სამართლებრივ განმარტებაში.
- ყველაფრის მიუხედავად, დღეს ვერავის ვერანაირ ბრალს ვერ უმტკიცებენ...
- დამნაშავე ხელისუფლების თუნდაც ის რიგითი წარმომადგენლები, რომლებიც იმ საეჭვო გარიგებებს ხელს აწერენ, ჯერ ერთი, არავის დაუკავებია და მეორეც, ეჭვი მაქვს, რომც დააკავონ, მათ, ვინც თავის ლეკვებს ხალხის ძარცვა-გლეჯის დავალებას აძლევდა, თავცოცხალი არ ჩაუშვებენ. მაფიოზები ამ გზით, ანუ ერთმანეთის დაცვით საკუთარ თავსაც იცავენ.
ისე, “ოცნება” “ნაციონალების” ,,ყეფამ” იმასთან დაკავშირებით, რომ, თითქოს ძველი ხელისუფლების წარმომადგენლების პოლიტიკური ნიშნით დევნა მიმდინარეობს, მგონი, მართლა დააშინა!
- ,,სოდის მიღების”, ანუ მანქანების ჩამორთმევის სხვა ხერხებზე რას იტყვი, ელზა?
- მანქანების იძულებით წართმევა ხალხის დაყაჩაღების ერთადერთი მეთოდი ნამდვილად არ გახლდათ - მანქანების სხვა, უფრო ,,დახვეწილი” მეთოდით ჩამორთმევის ფაქტებიც ვიცი: ამ შემთხვევაში, დანაშაულში ჩართულნი იყვნენ უცხოეთში ,,მოღვაწე”, როგორც წვრილ-წვრილი მაფიოზები, ასევე, სავარაუდოდ, საბაჟო, საგადასახადო და პოლიციის უწყებებიც...
- მაგალითად?
- ეს სქემა საკმაოდ გამართულად მუშაობდა და ჩვენს მოსახლეობას დიდი ზიანიც მიაყენა: ამ დანაშაულებრივი კარტელის ერთი ნაწილი უცხოეთში ეძებდა, პოულობდა და ნაღდ ფულზე ურიგდებოდა ისეთ პირებს, ვისაც ნახმარი, თუმცა ჩვენი პარამეტრებით, პრაქტიკულად, ახალი მანქანის გამოცვლა სურდა. მოგეხსენებათ, უცხოეთში, დაზღვევის გარეშე, მანქანით ვერ ივლი. დაზღვეულ მანქანებს ნაღდ ფულზე საკმაოდ სარფიანად ყიდულობდნენ მანქანების მაფიის წარმომადგენლები. სარფიანად იმიტომ, რომ უცხოელებმა, რომლებიც ასეთ გარიგებებში შედიოდნენ, მშვენივრად იცოდნენ, კანონს რომ არღვევდნენ და ამიტომ ცოტას და ნაღდს სჯერდებოდნენ. როგორც კი ამ გზით შეძენილი მანქანები ქვეყნის საზღვარს გადაკვეთდნენ, მესაკუთრეს ეცნობებოდა ეს ამბავი, ისიც მიდიოდა პოლიციაში და წერდა განცხადებას, რომ მანქანა მოპარეს. მანქანა, რა თქმა უნდა, საერთაშორისო ძებნაზე ,,ჯდებოდა”, ,,დაზარალებულს” კი, სადაზღვევო კომპანია ზიანს უნაზღაურებდა, ანუ უცხოელი ყველა ვარიანტში მოგებული, თან კანონთან მართალი რჩებოდა.
- ძებნილი მანქანები საზღვარზე როგორ შემოდიოდა?
- საზღვარზე შემოსვლისას, ასეთ მანქანებს ,,მწვანე გზა” ჰქონდათ, რაც იმას ნიშნავდა, რომ მებაჟეები ,,ვერ ამჩნევდნენ” ე.წ. ,,შასის” გადაკეთებულ ნომრებს იმ დროს, როდესაც ამის შემოწმება სულ ათწუთიანი პროცედურითაა შესაძლებელი: არსებობს ქიმიური ნივთიერება, რომელსაც გადაუსვამ, სადაც საჭიროა და მაშინვე გამოჩნდება, ეს ,,შასის” ნომერი გადაკეთებულია თუ არა. ასევე ,,ვერ ამჩნევდნენ” გადაკეთებულ ციფრებს მანქანების განბაჟების დროს, ანუ შსს-ს მომსახურების სააგენტოში აღრიცხვაზე უპრობლემოდ დგებოდა ძებნილი მანქანები, ამ მანქანებზე გაიცემოდა ტექნიკური პასპორტები და ქართული სანომრე ნიშნები. ეს მანქანები პირველად, აუცილებლად, სანდო, ანუ მაფიის წევრ ხალხზე იყიდებოდა მანქანების ბაზრობაზე. შესაბამისად, ძებნილ მანქანებზე კვლავ უპრობლემოდ გაიცემოდა ახალი სანომრე ნიშნები. ეს იმისთვის ხდებოდა, რომ ბოლოს, ნამდვილად კეთილსინდისიერ შემძენს მანქანის წარმომავლობასთან დაკავშირებით ეჭვი არ გასჩენოდა.
- როცა ხედავ, რომ მანქანა ქვეყანაში უპრობლემოდაა შემოყვანილი და ორჯერ-სამჯერაა გაყიდული, აზრად არ მოგივა, რომ შესაძლებელია, მოპარული იყოს...
- დიახ, ასეა. საბოლოოდ, როდესაც მანქანა უკვე ისეთ პირზე გაიყიდებოდა, ვისაც მაფიასთან კავშირი არ ჰქონდა, მასაც უპრობლემოდ უფორმებდა შსს-ს მომსახურების სააგენტო და ერთ-ორ თვეს აცდიდა, რის შემდეგაც პირდაპირ, ქუჩაში აჩერებდნენ და პატიოსან მესაკუთრეს უცხადებდნენ, თქვენი მანქანა უცხოეთშია მოპარული, ძებნილია და უნდა ჩამოგართვათო.
- ისინი, ვისაც მანქანებს ასე უნამუსოდ ართმევდნენ, რას აკეთებდნენ?
- პრაქტიკულად, ვერაფერს - ძალიან კულტურულად და ზრდილობიანად მიჰყავდათ ექსპერტიზაზე, რათა საკუთარი თვალით ენახათ, თუ როგორ იყო ე.წ ,,შასის” ნომრები გადაკეთებული; ასევე, აჩვენებდნენ დოკუმენტს, რომ მანქანა მართლაც, ძებნილია. თუ ვინმე მაინც გაურჩდებოდა, თვალების გადაბრიალებაც კი საკმარისი იყო პატიოსან, პოლიციასთან ურთიერთობაში გამოუცდელი ადამიანისთვის საიმისოდ, რომ ყველაფრისთვის თავი დაენებებინა, შინ ფეხით დაბრუნებულიყო და უკან აღარ მიეხედა. ასეთი ადამიანების უდიდესი ნაწილი ბედნიერიც გახლდათ, რომ დაჭერას გადარჩა.
- ნუთუ, ერთიც არავინ ჩიოდა?
- ასეთი ,,გიჟი” მხოლოდ თამაზ ელიზბარაშვილი ვიცი: თავი მოიკლა, ათი იმ მანქანების ღირებულება დახარჯა და ორი მანქანიდან მხოლოდ ერთი დაიბრუნა. სწორედ ეს არ აპატიეს და გამოგონილი ბრალდებით დაიჭირეს...
- მეორე რატომ ვერ დაიბრუნა?
- ამას კიდევ სხვა მიზეზი ჰქონდა: ასეთ მანქანებთან დაკავშირებით შემოიღეს ისეთი რეგულაცია, რაც დაზარალებული, კეთილსინდისიერი შემძენისთვის მანქანის დაბრუნებას ისევე არ გულისხმობდა, როგორც ეს, მაგალითად, სომხებმა გააკეთეს...
- სომხებმა რა გააკეთეს?
- მოგეხსენებათ, იმხანად სომხეთში საქართველოდან ინტენსიურად გადიოდა (იყიდებოდა) ავტომანქანები. როდესაც მაფიოზების შემოტანილი მოპარული მანქანები სომეხი მყიდველების ხელში აღმოჩნდა, იქაც მოუნდომეს გაყოლა და ჩამორთმევა, მაგრამ სომხებმა შემოუთვალეს, ხომ არ “გძმარავთ”, ჩვენ არ გვაინტერესებს, ძებნილია თუ არა ეგ მანქანები, ჩვენ ქართული სანომრე ნიშნებით ვიყიდეთ და ჩვენს ხალხს არ დაგაზარალებინებთო.
- საქართველოში რა რეგულაცია აამოქმედეს?
- კეთილსინდისიერ შემძენებს თვალებზე ააფარეს კანონი, რომლის თანახმადაც, ძებნილი ავტომანქანის აღმოჩენის შემთხვევაში, ავტომანქანის კანონიერ მესაკუთრეს, ანუ უცხოელს, ორი თვის ვადაში შეეძლო ჩამოსულიყო და მანქანა წაეღო, წინააღმდეგ შემთხვევაში, მანქანა სახელმწიფო საკუთრებად ცხადდებოდა.
- მესაკუთრეები ჩამოდიოდნენ?
- ასეთი პრეცედენტი მხოლოდ თამაზ ელიზბარაშვილის ერთი მანქანის შემთხვევაში მოხდა და მხოლოდ ერთი მანქანაც ამ კაცმა სწორედ ამიტომ დაიბრუნა: როდესაც სადაზღვევო კომპანია ,,დაზარალებულს” (ამ შემთხვევაში, უცხოელ მესაკუთრეს) ზიანს უნაზღაურებს, იმ წუთიდან ავტომანქანაზე მოთხოვნის უფლება გააჩნია უკვე არა მესაკუთრეს, არამედ, - სადაზღვევო კომპანიას, ანუ მესაკუთრე ,,თამაშიდან გადის”. ელიზბარაშვილმა ორივე მანქანასთან დაკავშირებული სადაზღვევო კომპანია მოძებნა, მაგრამ საქართველოში მხოლოდ ერთის წარმომადგენელი ჩამოვიდა, ისიც - ელიზბარაშვილის დაჟინებული თხოვნით.
- მეორე რატომ არ ჩამოვიდა?
- რეალურად, არავის სჭირდებოდა და არავის უღირდა, ჯერ ერთი, ამხელა გზაზე და შემდეგ, საქართველოში ,,ნათლახუნები” ძველი მანქანისთვის გზის ხარჯის გაღება და იმ მანქანის უკან წაყვანა. როგორც ვიცი, იმ სადაზღვევო კომპანიის წარმომადგენელს, რომელიც საქართველოში ჩამოვიდა, გზის და აქ ცხოვრების ხარჯები ელიზბარაშვილმა დაუფარა, რადგან ელიზბარაშვილი პრინციპზე იდგა, უკანონოდ ჩამორთმეული უნდა დავიბრუნოო. მოკლედ, ჩამოვიდა ადამიანი ესპანეთიდან, ჩაიბარა ავტომანქანა და მიჰყიდა ელიზბარაშვილს, მაგრამ მანქანის გადაფორმების დროს, კიდევ ერთი პრობლემა წარმოიშვა.
- კერძოდ?
- როგორც გითხარით, მანქანა შემოტანილი და განბაჟებული გადაკეთებული ,,შასის” ნომრებით ჰქონდათ. მას შემდეგ, რაც ძრავის რეალური ნომრები დადგინდა, დოკუმენტურად, გამოვიდა, რომ ეს მანქანა განბაჟებული არ იყო და ვერც განბაჟდებოდა, რადგან საბაჟოზე ეს ნომრები არსად ფიქსირდებოდა. გამოდიოდა, რომ მანქანა დე ფაქტო საქართველოში იყო, დე იურე კი, არ არსებობდა. მე და ელიზბარაშვილმა ვწერეთ და ვიკითხეთ. ბოლოს, ეს საქმე შემოსავლების სამსახურის დავების საბჭოს განვახილინეთ, რომელმაც, თავი რომ მოვაბეზრეთ, დაუშვა გამონაკლისი და შექმნა პრეცედენტი, რომელიც, ეჭვი მაქვს, არავის გამოუყენებია. ეს პირდაპირ ნიშნავს, რომ ის მოპარული, ძებნილი მანქანები, რომლებიც კეთილსინდისიერ შემძენებს ჩამოერთვათ და რომლებსაც უცხოელმა მესაკუთრეებმა ორი თვის ვადაში არ ჩამოაკითხეს, ზემოხსენებული რეგულაციის თანახმად, სახელმწიფო საკუთრებაში გადავიდა. აი, სწორედ ასეთ, ხალხის ფულით ნაყიდ, ნაძარცვ და ძებნილ შავ “ჯიპებზე” იყო ამხედრებული “ნაციონალური” ხელისუფლება, ასეთ საერთაშორისო მასშტაბის აფიორებს ატრიალებდა, ასეთი სანდო და საიმედო კავშირები ჰქონდა უცხოელ აფერისტებთან და სწორედ ამიტომაც, დღეს “ნაციონალები” ყველას ისევ თავის ჭკუაზე ატრიალებენ! თუ რამის თავი გვაქვს, ეს და ამის მსგავსი ათასი კიდევ სხვა ინტერ-დანაშაული უნდა გასკდეს და ,,ნამსხვრევები” თვალებში იმ უცხოელებს უნდა შეეყაროთ, თავგამოდებულები რომ იფარავენ დამნაშავეებს და ლამისაა, თავზე დაისხან!
- რამდენიც უნდა ვილაპარაკოთ, ძებნილთა სიიდან მაინც პანტაპუნტით შლიან “ნაციონალებს”...
- ძებნილთა სიაში ისინი იმიტომ არ მოხვედრილან, რომ ,,ნაციონალები” იყვნენ. მათ მიმართ სისხლის სამართლის საქმეებზე მტკიცებულებები მყარი და დამაჯერებელი უნდა იყოს, რაც უპირობოდ ნიშნავს, რომ დადგება და საბოლოოდ კანონიერ ძალაში შევა გამამტყუნებელი განაჩენები. ამ განაჩენებით მისჯილი სასჯელის ვადის ათვლა იმ წუთიდან დაიწყება, რა წუთშიც მსჯავრდებულებს სადმე დააკავებენ. თუ მთლად თავზე ტალახი არ დავისხით, იმდენი მაინც ხომ უნდა მოვახერხოთ, რომ ამ ხალხზე ძებნა საქართველოშიც არ გავაუქმოთ? ჰოდა, თუ სხვა საშველი აღარაფერია, ,,მოჰკვლიათ დედები” აწ და მარადის, უკუნითი უკუნისამდე - ირბინონ საქართველოს გარშემო, რომელ ქვეყანაშიც უნდათ, იქ დაისვან თავზე და, ვისაც ვინ მოსწონს, უკლებლივ ყველა მშვიდობაში მოიხმარონ!