“გვეშველება რამე?!”

“გვეშველება რამე?!”

არჩევნების დღეს ურნასთან მდგარნი და ჩვენს გადაწყვეტილებაში დარწმუნებულნი, შემდეგ კი, იმედგაცრუებულნი, ნიჰილისტურად და აგრესიულად განწყობილნი, დაუსრულებლად ველით კიდევ ერთ შანსს, რომელიც ყველაფერს შეცვლის... “გვეშველება რამე?!” - ეს თანამედროვე საქართველოს თანმდევი რიტორიკული შეკითხვაა. კიდევ ერთი ტრადიციული გამონათქვამი კი ასეთია:ჩვენ გარდა ყველას ეშველა! ამ ფრაზას ისევ სხვისი მისამართით ბრალდებები, რადიკალიზმი, აგრესია და ზიზღი მოყვება. იმის გაცნობიერება, რომ ჩვენი ქვეყანა ჩვენვე ვართ, ისევ შორეული პერსპექტივაა... ვერ ვაცნობიერებთ, რომ სახელმწიფო არაა მამა-მარჩენალი და, მესიის მოლოდინში წამოკოტრიალებულნი, ვვიშვიშებთ: “გვეშველება?!რას ფიქრობენ ქვეყნის მომავალზე ახალგაზრდები? - ამის გარკვევასქართული სიტყვათსუ- პოლიტიკური მეცნიერების სტუდენტებთან შეეცადა... შეკითხვაზე, თუ როგორია იდეალური სახელმწიფოს მოდელი, მეორეკურსელი ზურა გამთენაძე ასე პახუხობს:

- ეროვნული, სადაც, თავისთავად, დემოკრატიაც იქნება და სოციალური კეთილდღეობაც, როგორც ეროვნულობის განხორციელების საშუალება.

 

- სახელმწიფომ საზოგადოებას რა პირობები უნდა შეუქმნას?

- საშუალება უნდა მისცეს, რომ ადამიანებმა თავიანთი შესაძლებლობები და უნარები მაქსიმალურად გამოავლინონ. ამასთან, აუცილებელია პროგრესული გადასახადების დაწესება, განათლების ნომერ პირველ პრიორიტეტად დაყენება და ეროვნული ეკონომიკის გაძლიერება. ყველაფერი სოციალ-ეკონომიკური საკითხებით იწყება, ეროვნულობა კი, ამ პირამიდის წვერია.

- დღეს სახელმწიფოზე ეკლესიის გავლენა იგრძნობა?

- დიახ, რადგან ეკლესია საზოგადოებაში ყველაზე დიდი ავტორიტეტით სარგებლობს და ამ ფაქტორს პოლიტიკაც იყენებს. ეკლესიაც ცდილობს, საკუთარი ინტერესები პოლიტიკის მეშვეობით დაიცვას.

- შენი აზრით, საქართველოში ლიბერალიზმი როგორ ესმით?

- სამი კატეგორიის ხალხია: პირველი, რომელიც ლიბერალიზმში ხსნას ხედავს, რადგან თვლის, რომ ეს თავისუფლება და კიდევ ბევრი სხვა რამეა, მაგრამ არ იცის, რა. მეორე ნაწილი ლიბერალიზმს ხედავს, როგორც ეროვნული დაღუპვის იარაღს; მესამე კი, რომელსაც მე ვეკუთვნი, თვლის, რომ ლიბერალიზმის ფუნდამენტური პრონციპების რაღაც ნაწილის მორგება ქართულ საზოგადოებაზეც შეიძლება.

- მიზანი ინდივიდუალიზმი მიიღწევა თუ კოლექტიური შრომით?

- პირველ რიგში, მიზნის კატეგორიები უნდა გამოვყოთ. თუ მიზანი საზოგადოებასა და სახელმწიფოს ემსახურება, მაშინ კოლექტიური, ანუ მთელი საზოგადოების მუშაობაა საჭირო, მაგრამ თუ საქმე ერთი ადამიანის მიზანს ეხება, მაშინ - ინდივიდუალური მუშაობა. ეს ინდივიდებს უფრო გააძლიერებს, განავითარებს და საზოგადოებაზეც დადებითად იმოქმედებს.

- შენი აზრით, ყველანიპოლიტიკოსებირატომ ვართ?

- ეს უფრო ქართველების სენია. გვიყვარს, როცა სახელმწიფო საქმეებში ჩვენზე უფრო კომპეტენტურებსაც ვასწავლით. “მგზავრის წერილებში” ლელთ ღუნია, მართალია, სწორად მსჯელობს, მაგრამ ქართული ხასიათი მაინც აშკარად ჩანს.

- ხალხი მესიას რატომ ეძებს?

- ამომრჩეველთა დიდი ნაწილი ყოფილი საბჭოთა მოქალაქეა და ახალ დემოკრატიულ წესრიგს მიჩვეული არაა. შესაბამისად, ლიდერის ძებნის სურვილი წარსულის ბრალია.

- ყბადაღებული 9 წელი...

- სამწუხაროდ, ამ 9 წლის განმავლობაში პატარა და გაუთვითცნობიერებული ვიყავი, მაგრამ ამ 9 წლის მიწურულს, უკვე კარგად შემეძლო განმესხვავებინა პოლიტიკური დანაშაული კანონიერებისგან და უფრო მეტად დანაშაულს ვხედავდი, ვიდრე - კანონიერებას.

- “ოცნება”...

- “ოცნებამ” საზოგადოების ნდობა სწორედ იმიტომ დაკარგა, რომ ძალიან დიდი ნდობა ჰქონდა, თავს ზედმეტად ბევრის უფლება მისცა და... 2016 წლის არჩევნებზე ვნახავთ, რომ პარლამენტში, მინიმუმ, სამი პარტია შევა.

- გვეშველება რამე?

- თუკი ამას სერიოზულად  მეკითხები, შემიძლია, დავასაბუთო, რომ გვეშველება. პირველ რიგში, ჩვენი და წინა თაობა უნდა შევადაროთ. ამ შეკითხვას იმიტომ სვამენ, რომ ახლა საშინელ მდგომარეობაში ვიმყოფებით, რომელშიც შეიძლება, წინა თაობა „დავადანაშაულოთ“. ეს წინა თაობა იმყოფებოდა სოციალისტურ გარემოში, რაც გულისხმობდა, რომ სასწავლებლის დამთავრების შემდეგ, გარანტირებული ჰქონდა სამსახური. ეს კი, შრომით ბაზარზე უკონკურენტობას იწვევდა და, შესაბამისად, პიროვნული და კარიერული განვითარება ნაკლებად იყო. ე.წ. საბაზრო საზოგადოებაზე რომ გადავედით, წინა თაობა ინერტული აღმოჩნდა და ძალაუფლების მოპოვება მხოლოდ ერთეულებმა შეძლეს. ჩვენი თაობა შეჩვეულია საბაზრო სისტემას, იცის, რომ თუ შრომის ბაზარზე კონკურენციას ვერ გაუძლო, დაიღუპება. კონკურენციისთვის კი, მუდმივი პიროვნული და კარიერული განვითარებაა საჭიროა, რასაც ჩვენი თაობა თითქმის ყოველდღე აკეთებს. შესაბამისად, როცა სახელმწიფოს მართვა ჩვენ მოგვიწევს, კონკურენტუნარიანი და პიროვნულად განვითარებული საზოგადოება ვიქნებით. ჩვენ ვიქნებით დემოკრატიულ პრინციპებზე აღზრდილნი, არ დავუშვებთ უკანონობას და, აქედან გამომდინარე, გვეშველება!

 

გვეშველება რამე?” - ეს შეკითხვა მეორეკურსელ ლაშა კაკაშვილსაც დავუსვი:

- მჯერა, რომ გვეშველება.

- ოპტიმიზმის საფუძველს რა გაძლევს?

- იყო დრო, როცა ძმა ძმისთვის ცხოვრობდა და გარკვეული მიზნები ერთმანეთის გადათელვით არ მიიღწეოდა. ასე რომ, მჯერა, ჩვენი გამოსწორება ვიღაცას შეუძლია.

- ვიღაცამ უნდა გამოგვასწოროს თუ ერთობლივ ძალისხმევით უნდა გამოვსწორდეთ?

- ვიღაცამ, მაგრამ ვიღაცაში არც ივანიშვილს ვგულისხმობ, არც - სააკაშვილს და არც - რომელიმე პოლიტიკურ ლიდერს.

- საქართველოში ეკლესია და სახელმწიფო გამიჯნულია?

- გარკვეულწილად, კი, თუმცა საერო საკითხებში ეკლესიის გავლენა იგრძნობა. ჩემი აზრით, პრობლემა ადათი და მამა-პაპისეულ გამოცდილებაზე ბრმა მინდობაა. სეკულარიზაცია მხოლოდ დეკლარირებულია.

- ყოველდღიურ ცხოვრებაში პროევროპული კურსი იგრძნობა?

- მთავრობის მხრიდან ვერ ვგრძნობ, საზოგადოების მხრიდან, - მით უმეტეს, თუმცა არ მინდა, ძალიან კრიტიკული ვიყო.

- მომავალი არჩევნები რამეს შეცვლის?

- ევროპისკენ გზას ნამდვილად ვერ გაგვიკვალავს, თუმცა შესაძლოა, შეცვალოს.

- ჩვენი ქვეყნის განვითარებას ყველაზე მეტად რა წაადგება?

- ჩვენი ქვეყნის წინსვლისთვის აუცილებელია ძირეული ცვლილებები ხალხის მენტალობასა და გულში. ვიდრე საზოგადოება არ მიხვდება, რომ მუშაობა ერთადაა საჭირო და არა - ერთმანეთის ხარჯზე, სულ უკან ვივლით.

- დღევანდელი პარლამენტი მოგწონს?

- „ვგიჟდები“.

 

მესამეკურსელ მერაბ დურგლიშვილის თქმით, საქართველო ეკონომიკურად სუსტი და განუვითარებელი ქვეყანაა, არც მაღალი პოლიტიკური კულტურით გამოვირჩევით. გვახასიათებს რადიკალიზმი, რაც ხშირად საჭირო გადაწყვეტილებების მიღებაში ხელს გვიშლის...

- მერაბ, 17 მაისი არის საქართველოს შავი ლაქა?

- რა თქმა უნდა, ეს ჩვენი სიბნელის სააშკარაოზე გამოტანის თარიღია, თუმცა 17-ში ბევრი საგულისხმო ფაქტი მოხდა: ხალხის ძალადობისკენ წამქეზებელი ის ადამიანები იყვნენ, რომლებიც, ჭკვიანი სახეებით, ყოველ დღე ჰუმანიზმს ქადაგებენ. ვერ ვხვდები, რა საჭირო იყო იმ აქციის დარბევა, მით უმეტეს, ამჟამად სექსუალური უმცირესობები ჩვენი ყველაზე დიდი პრობლემა სულაც არაა და ამ თემატიკაზე დროის ხარჯვა არც ღირს.

საერთოდ, მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფომ ნებისმიერი უმცირესობის უფლება დაიცვას...

- სახელმწიფომ ეკლესია უნდა დააფინანსოს?

- არა, რადგან ამით ეკლესიის ავტორიტეტი ზარალდება და, აგრეთვე, ხელისუფლებისთვისაც მარტივია, ეკლესია თავისი მიზნებისთვის გამოიყენოს, როგორც ეს თავის დროზე სააკაშვილმა გააკეთა.

- ჩვენი პოლიტიკური ელიტა როგორია?

- ერთი დახურული სივრცე და კლანია. უცოდინრობის და არაპროფესიონალიზმის ზეიმი.

- ჩვენს საზოგადოებაში რა მოგწონს?

- საზოგადოების ნაწილს სურს, განვითარდეს და ეს ძალიან მახარებს. ზოგი კი, მხოლოდ იმედის ანაბარა დარჩა და ეს იმედი ხშირად აზარმაცებს.

- როგორები უნდა ვიყოთ?

- კონკურენტუნარიანები, კანონმორჩილნი... კმაყოფილი ვიქნები, როცა სახელმწიფო ფუნქციონირების სისტემას შევქმნით და ჩვენი ქვეყნის ბედი ერთეულებზე არ იქნება დამოკიდებული.

- სახელმწიფომ მოქალაქისთვის რა უნდა გააკეთოს?

- ჩემი აზრით, ჩვენ თავს სახელმწიფოზე მეტი ჩვენვე უნდა გავუკეთოთ. სახელმწიფო ვალდებულია, რომ ნებისმიერ მოქალაქეს ჰქონდეს საშუალება, ექიმს გაესინჯოს, წამალი იყიდოს. ღარიბი ქვეყანა ვართ და რთულია, ყველა გაჭირვებული სახელმწიფომ არჩინოს, თუმცა განათლებისა და ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა აუცილებელია.

- 9 წელი...

- 9 წელში საფუძველი ჩავუყარეთ სახელმწიფოს, მაგრამ პოლიციურს, დანაშაულებრივს, ფასადურს. მაშინდელ ხელისუფლებას ჰქონდა ნდობა უცხოეთიდან, მაგრამ ყველაფერი ეს, თავისივე იმპულსური ქმედებებით, გააქრო. რაც ყველაზე ცუდია, ამ ხალხმა თავის თავზე მოირგო ქვეყნის მთავარი ღირსება - კონსტიტუცია. ამ პერიოდში მივუახლოვდით ევროპას, თუმცა თითქმის ყველა ევროპული ღირებულება დამახინჯებული ფორმით ინტეგრირდა.

- “ოცნება”...

- მას ადგილს საზოგადოება მიუჩენს.

- წეღანაც გკითხე და ისევ გეკითხები: გვეშველება რამე?

- ზოგს ახლაც ეშველა და სულ ნაშველია. რაც შეეხება მთლიანობას, რთულია, ოპტიმიზმი დაკარგო... ჩემი აზრით, მაშინ გვეშველება, როცა ხელისუფლებას დამქირავებლის თვალით შევხედავთ. არ მომწონს შეხედულება, რომ ყველაფერი წინა თაობის ბრალია. სწორედ იმ წინა თაობამ მოგვიტანა თავისუფლება და ახლა ერთობლივად უნდა დავიწყოთ წარსულის გადახედვა, აწმყოს ანალიზი.

ვფიქრობ, ჩვენი ბედი ჩვენს ხელთაა, ამიტომ, თუ გვინდა, რომ გვეშველოს, ბევრი უნდა ვისწავლოთ, ვიშრომოთ, არ ვიზარმაცოთ, ცოტა ვიჭორაოთ და ყველაფერი გამოგვივა. რაც მთავარია, ადამიანის პირადი სივრცე უნდა გახდეს ხელშეუხებელი, რათა ვინმემ ზეწოლის ქვეშ არ იცხოვროს!