“ის გაუწონასწორებელი და მიდრეკილია გარემოცვის მანიპულირებისა და ფაქტების ახსნის შეთქმულების თეორიისკენ. არ ჰყავს მეგობრები და ადამიანებთან კონტაქტს რთულად ამყარებს. ამასთან, გამოირჩევა საკუთარი თავის მაღალი შეფასებით, სადიზმით, დაბალი ტოლერანტობით, აგრესიული ქცევითა და უპასუხისმგებლობით”, - აცხადებს ბელარუსული წარმოშობის ფსიქიატრი დიმიტრი შიგელსკი, რომელიც ამჟამად აშშ-ში ცხოვრობს. ფსიქიატრმა მას ფსიქოპათის დიაგნოზი დაუსვა. “ეს მოზაიკური ფსიქოპათიაა”, - ამბობს შიგელსკი. აღსანიშნავია, რომ ანალოგიური დიაგნოზი ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს, 1976 წელს დაუსვეს - მაშინ სოფლის საბჭოში მივიდა და მოითხოვა, თანამდებობაზე დამნიშნეთო. “ალბათ, გგონიათ, ეს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ფსიქოანალიზია, მაგრამ სინამდვილეში, ბელარუსის პრეზიდენტის, ლუკაშენკოს ანამნეზია, თუმცა სააკაშვილი და ლუკაშენკო ერთმანეთს ჰგვანან და მათ შორის ფსიქოლოგიური კავშირიც ამიტომ შედგა”, - აცხადებს “ქართულ სიტყვასთან” ექსკლუზიური ინტერვიუების ციკლში უშიშროების თადარიგის პოლკოვნიკი, უსაფრთხოების ექსპერტი კონსტანტინე ფორჩხიძე, რომელიც სააკაშვილ-ლუკაშენკოს “სამედიცინო ცნობებით” მას შემდეგ დაინტერესდა, რაც თბილისში, ოფიციალური ვიზიტით, ბელარუსის პრეზიდენტი ჩამოვიდა. ქართველი სპეცსამსახურელი, გონივრულ ეჭვზე დაყრდნობით, ამბობს, რომ ლუკაშენკო საქართველოში - არც მეტი, არც ნაკლები - პუტინმა “საიდუმლო მისიით” გამოაგზავნა... იმას, თუ რა არის ამ “საიდუმლო მისიის” არსი და რატომ ცდილობს “ოცნება” “აფრასიძეების საქმეში” შს ყოფილი მინისტრის, ამჟამად, “ნაცმოძრაობის” დეპუტატის, გია ბარამიძის “გაპრავებას”, წინამდებარე ინტერვიუდან შეიტყობთ.
- ბატონო კონსტანტინე, მთავრობის გადაწყვეტილებით, სამხედრო აღლუმი არც წელს გაიმართება და 26 მაისს “სახალხო სეირნობით” აღვნიშნავთ...
- ძალიან კარგი, თუკი აღლუმი წელსაც არ ჩატარდება, რადგან ეს დამატებითი ხარჯია - რამდენიმე მილიონი ჯდება. ამიტომ, ჯობია, ეს თანხა ჯარის ბრძოლისუნარიანობის ამაღლებაზე დაიხარჯოს. აქამდე, სააღლუმო არმია გვქონდა და ამ არმიას რაც შეეძლო, 2008 წლის აგვისტოს ომითაც დამტკიცდა.
“ნაციონალების” დროს თავდაცვის სამინისტროს კაპიტალური ხარჯები, პრაქტიკულად, სახელმწიფო ბიუჯეტის ნახევარს შეადგენდა და ამიტომაც, კორუფციის კუთხით ბევრი კითხვის ნიშანი ჩნდებოდა. ანალოგიური შეკითხვები მხოლოდ ქართველ კი არა, ნატო-ს ექსპერტებსაც ჰქონდათ. ასე, მაგალითად, 2009 წელს, ანუ ბაჩო ახალაიას მინისტრობის დროს, ნატო-მ თავდაცვის სამინისტროში კორუფცია არ უარყო. საერთოდ, ამ უწყებაში კორუფცია ყველაზე ნაკლებად დიმიტრი შაშკინის დროს იყო...
ამას წინათ, გენერალურმა შტაბის უფროსმა განაცხადა, დღეს თავდაცვის სამინისტროს მწირი ბიუჯეტი აქვსო. მე თუ მკითხავთ, ეს მწირი კი არა, არასწორად დაგეგმილი ბიუჯეტია.
- შეიძლება, მაგრამ აღლუმის უფულობის გამო არჩატარება გამართლებული მაინც არ მგონია, რადგან აღლუმი, სხვა თუ არაფერი, ჩვენდამი მტრულად განწყობილი ქვეყნებისთვის მესიჯია, ბრძოლისუნარიანები ვართო...
- ჯერ ერთი, აღლუმი მაშინ უნდა ჩატარდეს, როცა ქვეყანა, მინიმუმ, გაერთიანებული იქნება.
მეორეც, აღლუმი დედაქალაქის მთავარ პროსპექტზე კი არა, შეგიძლია, სამხედრო ტერიტორიაზე გამართო და მასზე დასასწრებად დიპლომატიური კორპუსი მიიწვიო.
მესამეც, აღლუმი არმიის ბრძოლისუნარიანობას არ აჩვენებს, ეს კომუნისტური მენტალობის გადმონაშთია, თორემ როდის გინახავთ, რომ აშშ-ში დამოუკიდებლობის დღე სამხედრო ტექნიკის, ასე ვთქვათ, მარშით აღენიშნოთ? მიშასაც საბჭოთა მენტალობა ჰქონდა და აღლუმებს ამიტომ ატარებდა.
- სააკაშვილის პრორუსულობა თქვენი აკვიატებაა, არა?
- როგორ გეკადრებათ! სააკაშვილი ტიპური საბჭოთა ჩინოვნიკი და ავტორიტარია, რაც მის აღზრდასა და განათლებაშიც ჩანს. ხალხს ჭკუას ნუ ურევენ, განათლება დასავლეთში მიიღოო, მას ტვინი რუსეთში გამოურეცხეს და მთელი ცხოვრება ამ გამორეცხილი ტვინითაა. მისი მეგობრებიც ასეთივე “ტიპები” არიან.
- ვის გულისხმობთ?
- მაგალითად, კაცი ლუკაშენკოზე რომ იტყვის, ჩემი მეგობარიაო, რაღაზე უნდა ვილაპარაკოთ? ლუკაშენკო საქართველოში პირველად ახლა ჩამოვიდა და, არ გაინტერესებთ, მიშასთან როდის და სად დამეგობრდა? ვანო, თუ გახსოვთ, არაერთხელ მითქვამს, რომ მიშა ბელარუსში ხშირად ჩადიოდა...
- ესე იგი, აქცენტს ისევ იარაღით უკანონო ვაჭრობაზე აკეთებთ?
- რა თქმა უნდა, მიშასა და ლუკაშენკოს ერთობლივი ბიზნესინტერესები ჰქონდათ და აქვთ.
- თუკი ასეა, ბუნებრივად ჩდება შეკითხვა: ხელისუფლება, რომელმაც სააკაშვილი პოლიტიკური არენიდან “გააჩოჩა”, ლუკაშენკოს ზარ-ზეიმით რატომ ხვდება? სხვათა შორის, ბელარუსის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, საქართველოში პირველად ვარ, თუმცა ადრე, საბჭოთა კავშირის დროს, აფხაზეთში ვიყავიო...
- ვიღაცებმა, მათ შორის, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ლუკაშენკოს ეს განცხადება ხბოს აღტკინებით აიტაცეს, აი, საქართველოს დამოუკიდებლობას აღიარებსო, მაგრამ ლუკაშენკო, ბოდიში მომითხოვია და, “გოთვერანია” - საბჭოთა პერიოდს ხაზი სპეციალურად გაუსვა და ეს ერთგვარი მესიჯი იყო.
- რას გულისხმობთ?
- ლუკაშენკო საქართველოში პუტინის დავალებით ჩამოვიდა. არაერთხელ მითქვამს, რომ პუტინმა 2015 წლის ბოლომდე ევრაზიული კავშირი უნდა შეაკოწიწოს და თუ ვერ მოახერხა, ეს მისი პოლიტიკური კრახი იქნება. უკრაინასთან ომშიც ამიტომ ჩაერთო. პუტინი, ამ ეტაპზე, საქართველოზე სამხედრო აგრესიის განხორციელებას არ შეეცდება, რადგან საამისოდ არც ძალა აქვს და არც - რესურსი; ამასთან, ჩვენი მეზობელი ქვეყნები ნატო-ს წევრები არიან, მსოფლიოს ცხელი წერტილი, ე.წ. ისლამური სახელმწიფოც ჩვენთან ახლოსაა და რუსეთის სამხედრო აგრესიის შემთხვევაში, არავინ იცის, მოვლენები როგორ განვითარდება. აქედან გამომდინარე, პუტინი იმის გარკვევას ცდილობს, საქართველოს ხელისუფლებასთან ვაჭრობა რაზე შეიძლება.
- ჩვენი უშიშროების საბჭოს მდივანმა, ირინა იმერლიშვილმა ხაზი გაუსვა, მერე, რა, რომ ბელარუსი ევრაზიული კავშირის წევრია, მასთან ურთიერთობა მაინც უნდა გვქონდესო...
- ჯერ ერთი, კარგად ვიცით, ეს ქალბატონი თავის დროზე რომელი პოლიტიკური გუნდის წარმომადგენელი იყო. მეორეც, გავლენა არ აქვს, არაფრისმაქნისი ორგანოა და რა უშიშროების საბჭოზეა ლაპარაკი? თუკი ძალოვან უწყებებს კოორდინაციას ვერ უწევ, თანამდებობაზე ჯდომა და იარლიყის მიწებება, უშიშროების საბჭოს მდივანი ვარო, არაფერს ნიშნავს.
- გეთანხმებით, მაგრამ ეს ქალბატონი გენერლის კი არა, სისტემის ბრალია...
- დიახ, მაგრამ რას ნიშნავს, ლუკაშენკოს ვიზიტი ევროკავშირთან ურთიერთობას არ გაგვიფუჭებსო? უშიშროების საბჭოს მდივანი რომ გქვია, ხომ უნდა იცოდე, რომ ლუკაშენკოს, ასევე, მისი ბიზნესისა და სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლებს ევროპაში გადაადგილება და საქმიანობა აკრძალული აქვთ?! შესაბამისად, ლუკაშენკოს ბიზნესმენების, როგორც ინვესტორების, საქართველოში შემოსვლა, ბუნებრივია, დასავლეთს გააღიზიანებს!
მოკლედ, ჩვენმა ხელისუფლებამ ის ბიზნესმენები, რომლებიც ლუკაშენკოს დასაყრდენ ფიგურებად ითვლებიან, საქართველოში არ უნდა შემოუშვას!
- მაშასადამე, ოფიციალურ თბილისს ბელარუსის პრეზიდენტისთვის ვიზიტზე უარი უნდა ეთქვა?
- ყოველ შემთხვევაში, თავი უნდა შეეკავებინა.
- როგორ?
- ეს ვიზიტი რიგის სამიტის წინ შედგა, რაც სამიტის შედეგებზე აუცილებლად იმოქმედებს.
- რატომ?
- აგიხსნით: ევროკავშირის ე.წ. შავ სიაში ლუკაშენკოს სამი ძირითადი ბიზნესფიგურაა: პირველი “ბელტეხექსპორტის” ერთ-ერთი დამფუძნებელი და გენდირექტორი ვლადიმერ პეფტიევია, რომელზეც წინა ინტერვიუებში ვრცლად ვისაუბრეთ და რომელიც ახლა არაბეთის გაერთიანებულ ემირატებში ცხოვრობს. ის ლუკაშენკოს, პრაქტიკულად, მთავარი “კასირია”.
“შავ სიაშია”, ასევე, კომპანია “ტრაიპლის” მფლობელი იური ჩიჟი. ეს კომპანია ოფიციალურად მრეწველობის სექტორში ოპერირებს, თუმცა ფარულად იარაღის ბიზნესთანაა დაკავშირებული. სხვათა შორის, ბელარუსში სამხედრო ტექნიკის დიდი ქარხანაა, რომელსაც თავის დროზე ქართველი ბორია ჭყონია ხელმძღვანელობდა. ეს ქარხანა ძირითადად საჰაერო თავდაცვის სისტემებს აწარმოებს.
კიდევ ერთი სერიოზული ფიგურა, რომელზეც ევროკავშირს სანქციები აქვს დაწესებული, “გრანდინვესტბანკის” რუსეთის ფილიალის დირექტორთა საბჭოს წევრი და “ეს-ენ-გე”-ს ქვეყნებში კომპანია “იუნივესტის” გენერალური წარმომადგენელი ანატოლი ტერნავსკია.
წარმოგიდგენიათ, ამ “ტიპებმა” საქართველოში ოპერირება რომ დაიწყონ, ევროკავშირს როგორი რეაქცია ექნება?!
- ბატონო კოტე, რატომ გგონიათ, რომ ლუკაშენკოს თბილისური ვიზიტის მთავარი მიზანი ამ ადამიანების საქართველოში შემოყვანაა?
- ბელარუსში ბიზნესი, როგორც ასეთი, ლუკაშენკოზეა აწყობილი, ანუ ზუსტად ისეა, “ნაციონალების” დროს ქართული ბიზნესი სააკაშვილზე რომ იყო მიბმული. ევროპამ ლუკაშენკოს “უკანასკნელი დიქტატორი” ტყუილად არ დაარქვა. ამ კაპიტალის საქართველოში შემოსვლა საფრთხილო ამიტომაცაა, თუმცა ამ ეტაპზე კაპიტალი ნაკლებად მნიშვნელოვანია. ვინც უნდა ამტკიცოს, ეს ვიზიტი პუტინისგან არ მოდისო, ფაქტია: ლუკაშენკო მისი შუამავალია. კაცს საქართველო 21 წელია, არ გახსენებია, თან ამბობდა, მიშა ჩემი მეგობარიაო და არავის აინტერესებს, მეგობარს ერთხელ რატომ არ ესტუმრა?
- თუკი ლუკაშენკო ევროპისა და, საერთოდ, ცივილური მსოფლიოსთვის, რბილად რომ ვთქვათ, პერსონა ნონ-გრატაა, რამდენიმე თვის წინ, ე.წ. უკრაინული კრიზისის მოსაგვარებლად ოთხეულის შეხვედრა ბელარუსში რატომღა გაიმართა?
- მნიშვნელობა არ ჰქონდა, ეს შეხვედრა სად გაიმართებოდა.
- შეიძლება, მაგრამ მედიატორობის სურვილი, როგორც მახსოვს, ლუკაშენკომ გამოთქვა...
- კი ბატონო, მაგრამ შეხვედრის ფარული ინიციატორი რუსეთი გახლდათ...
მოკლედ, ლუკაშენკოს თბილისში ვიზიტი რუსეთის მხრიდან ზონდირება, ანუ პოზიციების მონიშვნაა.
- ისე, კოტე ბატონო, თვალში მომხვდა: ლუკაშენკო, თბილისში ჩამოვიდა თუ არა, ვაკის პარკში, უცნობი ჯარისკაცის საფლავზე მივიდა. ევროპელ-ამერიკელი სტუმრები ასე არ იქცევიან. ამ ჟესტით ლუკაშენკომ ხაზი პრორუსულობას გაუსვა?
- რა თქმა უნდა...
- დიპლომატიაში როგორაა: ე.წ. მოსანახულებელი ადგილების ნუსხას მასპინძელი ქვეყანა ადგენს, თუ სტუმარი ითხოვს, ესა და ეს მაჩვენეთო?
- ე.წ. მოსანახულებელი ადგილების სია იმის მიხედვით დგება, თუ რა მიზანს ისახავს ვიზიტი. უცნობი ჯარისკაცის საფლავზე მისვლით, ლუკაშენკომ ხაზი გაუსვა, წარსული გვაერთიანებს და შეგვიძლია, ევრაზიულ კავშირშიც ისევ ერთად ვიცხოვროთო.
ისე, ვანო, თუ დააკვირდით, ამ ვიზიტისას, ქართული მხარიდან მთავარი ფიგურა პრეზიდენტი მარგველაშვილი იყო. მნიშვნელობა არ აქვს, კონსტიტუციაში რა წერია, ნებისმიერი მაღალი რანგის სტუმარს მეტი კომუნიკაცია სახელმწიფოს რეალურ პირველ პირთან აქვს ხოლმე...
- ლუკაშენკო პრემიერსაც შეხვდა...
- კი ბატონო, ყველაფერ ამაზე გარკვეული ეჭვი მაქვს.
- ანუ?
- მარგველაშვილი არცერთ პოლიტიკურ ძალასთან ასოცირდება. ის დამოუკიდებელი, ლეგიტიმური ფიგურაა.
- რომელ ლეგიტიმურობაზე ლაპარაკობთ, კოტე ბატონო, ვერ ხედავთ, პრეზიდენტს ასახლებენ?!
- ამას მნიშვნელობა, ამ შემთხვევაში, არ აქვს და რაც უნდა იყოს, გიორგი მარგველაშვილი ხალხის მიერ არჩეული პრეზიდენტია! მოდით, შეკითხვა ასე დავსვათ: ვინ აფორმებს მნიშვნელოვან საერთაშორისო ხელშეკრულებებს?
- ამაზე “დიდი ომები” გადავიტანეთ, დაგავიწყდათ?
- არ დამვიწყებია, მაგრამ იმის თქმა მინდა, რომ ხელშეკრულებების გაფორმება მარგველაშვილსაც შეუძლია, მით უმეტეს, მას რუსეთთან ძალიან კარგი კავშირები აქვს და ამის თაობაზეც გვისაუბრია. მოკლედ, არ მგონია, რომ ყველაფერი ეს ბიძინა ივანიშვილმა, მაშინ, როცა მარგველაშვილი პრეზიდენტობის კანდიდატად დაასახელა, არ იცოდა.
- ვთქვათ, იცოდა, მერე?
- ივანიშვილი ძალიან ჭკვიანი ადამიანია...
- ლუკაშენკოს ვიზიტთან ივანიშვილის სიჭკვიანე რა კავშირშია?
- ყევლაფერ ამაში თავის პოლიტიკურ პარტიას არ გარევს...
- კოტე ბატონო, დამაბნიეთ, რის თქმას ცდილობთ?
- მაცადეთ და გაიგებთ: ნეგატივის შემთხვევაში, ანუ თუკი ხალხმა საქართველოს ევროკავშირის რელსებიდან ევრაზიული კავშირის რელსებზე გადასვლა ცუდად აღიქვა, ეს დარტყმას პირდაპირ პრეზიდენტს მიაყენებს!
ისე, ისიც ნაკლებად მჯერა, რომ კულუარებში ვიღაც-ვიღაცასთან დაპირისპირებულია და, ვთქვათ, ივანიშვილი მარგველაშვილს არ ელაპარაკება. ყველაფერი ეს პოლიტიკური თამაშია და, მოდი, რა, ყველანი შეგვეშვან!
საქართველოს ევროატლანტიკურ კურსზე რეფერენდუმია ჩატარებული და არავის აქვს უფლება, ქვეყნის საგარეო კურსის შეცვლაზე გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მიიღოს, რადგან რეფერენდუმის გადაწყვეტილება გადასინჯვას არ ექვემდებარება!
- ერთი სიტყვით, ბატონო კოტე, უმჯობესი იქნებოდა, რომ ლუკაშენკო საქართველოში რიგის სამიტის შემდეგ ჩამოსულიყო, არა?
- რა თქმა უნდა...
- ეს ვიზიტი, ეგებ, ნატო-სთან ვაჭრობაა?
- შეიძლება, მაგრამ ეს ვიზიტი მაინც, რუსეთის ზონდირება მგონია, ანუ მას აინტერესებს, გაარკიოს, რის სანაცვლოდ დათმობს ჩვენი ხელისუფლება ევროკავშირსა და ნატო-ს. ადრეც მითქვამს, რომ საგარეო კურსის შეცვლაზე ხელისუფლება, შეიძლება, ქვეყნის გაერთიანების შემთხვევაში ან, სულაც აფხაზეთსა და სამაჩაბლოსთან კონფედერაციის შექმნის სანაცვლოდ დასთანხმდეს. ლუკაშენკოს ვიზიტი სწორედ ამ თემის მოსინჯვა იყო. მთავარია, ხელისუფლება მყარად დადგეს და სატყუარას არ წამოეგოს!
- რა ამის პასუხია და, გურჯაანის ამბებმა რაღაცნაირად 7 ნოემბერი გამახსენა, ანუ 7 ნოემბერი ბუქარესტის სამიტს უსწრებდა, გურჯაანის “კვერცხაობა” რიგის სამიტს უსწრებს. ბატონო კოტე, ხომ არ გეჩვენებათ, რომ ვიღაცები ლოკალურ კონფლიქტებს მნიშვნელოვან საერთაშორისო სამიტებს მიზანმიმართულად ამთხვევენ?
- იცით, რა მიკვირს? - ყველაფერ ამას “ნაცმოძრაობა” რატომ აკეთებს? ამასთან, არ გამოვრიცხავ, რომ გურჯაანის ამბები დაპირისპირებულ მხარეებს შორის წინასწარ იყო შეთანხმებული. საერთოდ, ფილოსოფიის კანონია: თუკი მოწინააღმდეგე გუნდში მეკავშირე არ გყავს, მიზანს ვერ მიაღწევ, თორემ გამგეობას პრობლემის გადაწყვეტა მარტივად შეეძლო: მაჟორიტარი დეპუტატი, რომელსაც ბიუჯეტი ოფისისა და სხვა ხარჯებისთვის თანხას აძლევს, გამგეობის შენობიდან ადრევე გაეყვანა. საინტერესოა, გამგეობის შენობაში მაჟორიტარის ოფისი ორ წელზე მეტია, უკანონოდ რომ იყო, “ოცნება” ხმას რატომ არ იღებდა? გამოდის, რომ კვერცხების ორგანიზება ვიღაცამ მოახდინა. ისე, კარგად გამიგეთ და, ხალხმა “ნაცმოძრაობა” დაივიწყა - ქუჩაში არავინ არავის კვერცხით არ დასდევს.
- სხვათა შორის, “ნაცებისგან” ერთმა დაჩაგრულმა მითხრა, “ნაცები” ჩემს სოფელშიც მოვიდნენ, მაგრამ აზრადაც არ მომსვლია, კვერცხები მესროლაო... მოკლედ, გურჯაანის ინციდენტი დიდი პოლიტიკის კონტექსტში უნდა განვიხილოთ თუ, უბრალოდ, “ოცნება” ხვდება, რომ მისი მთავარი კოზირი “ნაცმოძრაობაზე” თავდასხმაღაა და ტემპერატურას ამიტომ სწევს?
- “ოცნებას” ხელისუფლებაში ყოფნის წელიწადნახევარიღა რჩება. კი ბატონო, 2012 წლის პირველი ოქტომბრის შემდეგ, ბევრი რამ გაკეთდა, თუნდაც ის რად ღირს, რომ ხალხს ქუჩაში “წამალს”, იარაღს აღარ უდებენ და “პაჩკა-პაჩკა” არ იჭერენ, რისთვისაც მადლობლები ვართ, მაგრამ “ოცნება” უნიათო სხვა მიმართულებითაა და შანსს აჩენს, რომ ერთ დღეს “ნაცმოძრაობა” ხელისუფლებაში მობრუნდეს, მეტიც, მას ქულებსაც “აკრეფინებს” და გამოდის, რომ “ნაცმოძრაობის” მოტორი და მეკავშირე სწორედ “ოცნებაა”!
მოდით, სიმართლე ვთქვათ...
- რა სიმართლე?
- გახსოვთ, პოლიტიკაში რომ შემოვიდა, ბიძინა ივანიშვილმა რა განაცხადა?
- რა?
- რა და, - შუა უნდა გაიკრიფოსო. როცა ამას ამხელა წონის ფიგურა ამბობს, ეს იმას ნიშნავს, რომ პოლიტიკურ ავანსცენაზე მხოლოდ “ოცნება” და “ნაცმოძრაობა” უნდა იყოს. შესაბამისად, პირდაპირ თუ არა, ქვეცნობიერად მაინც იგულისხმება, რომ “ნაცმოძრაობა” ხელისუფლებაში შესაძლოა, ისევ მოვიდეს. მოკლედ, ეს განცხადება შეცდომა იყო...
- ბატონო კოტე, რა ამის პასუხია და, თავის დროზე იეჭვეთ, რომ ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალების კვალი შესაძლოა, ჩრდილოეთამდე მივიდეს. ახლა ირკვევა, რომ გამოძიება არაქართული გარეგნობის ადამიანს ეძებს. ასევე, არსებობს დაუდასტურებელი ცნობა, რომ ბესო ხარძიანის მკვლელობაშიც არაქართული გარეგნობის “ტიპი” ფიგურირებს. ეს, უბრალოდ, დამთხვევაა?
- არ მგონია... ისევ ჩემს აზრზე ვრჩები, რომ ასეთი მკვლელობები სპეცსამსახურების გარეშე არ ხდება! ეს ორგანიზებული შეკვეთილი მკვლელობებია!
- ეს მკვლელობებიც რიგის სამიტის კონტექსტში ხომ არ უნდა განვიხილოთ?
- რატომაც არა?! ყველა პირობა არსებობს, რომ რიგის სამიტზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება არ მიიღონ და საქართველოს ევროპასთან უვიზო მიმოსვლის საკითხი გადაიდოს.
ისევ ლუკაშენკოს დავუბრუნდეთ, დარწმუნებული ვარ, სააკაშვილის წვლილიცაა, რომ ბელარუსის პრეზიდენტი საქართველოში ჩამოვიდა.
- ზოგი იმასაც ეჭვობს, რომ უკრაინაში ვიზიტისას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი ფარულად სააკაშვილს შეხვდა...
- ბევრი საეჭვო დეტალია...
საქართველოს პირველი პირი რომ ვიყო, ლუკაშენკოს ვიზიტზე უარს ვეტყოდი. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, საქართველოს რუსეთთან ურთიერთობაში შუამავლები არ სჭირდება - შეგვიძლია, პირდაპირი მოლაპარაკება დავიწყოთ, თორემ ლუკაშენკოს თავისი სატკივარი აქვს. ბოლოს და ბოლოს, ევროპაში პერსონა ნონ-გრატაა და მთელი თავისი კაპიტალი, პეფტიევის საშუალებით, მალტაზე გადაიტანა...
...თუკი ახლო აღმოსავლეთის თემა გააქტიურდა, საქართველო უფრო მნიშვნელოვანი გახდება - რუსული ჯარი, თუ საქართველოსა და აზერბაიჯანს არ გაივლის, ახლო აღმოსავლეთამდე ვერ მივა. მგონია, რომ ლუკაშენკოს ვიზიტისას საუბარი ამ საკითხზეც იქნებოდა. ახლო აღმოსავლეთის კონტექსტში ბათუმის პორტიც აუცილებელია, თან ლუკაშენკო აჭარაშიც ჩავიდა. გგონიათ, რომ ესეც შემთხვევით მოხდა?
- მოკლედ, სახეზე დიდი პოლიტიკური აჯაფსანდალია... რამდენიმე დღის წინ, მთავარი პროკურორის მოადგილე შოთაძემ განაცხადა, აფრასიძეების საქმეზე გია ბარამიძის დაკითხვის აუცილებლობა ჯერ არ იკვეთებაო. რა ხდება, “ოცნება” ბარამიძესაც “აპრავებს”?
- არ იკვეთება კი არა, ეს პროკურატურა ცოტა აზრზე მოვიდეს! ბარამიძის დაკითხვაზე თავს იქნებ, იმიტომ იკავებენ, რომ მისი შს მინისტრობისას ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსი “ოცნების” ერთ-ერთი სახე იყო? როგორ წარმოგიდგენიათ, ისეთ სპეცოპერაციაში, როგორიც აფრასიძეების წინააღმდეგ ჩატარდა, ორგანიზებული დანაშაულის მთავარი სამმართველოს უფროსი ჩართული არ იქნებოდა? სპეცოპერაციას ოპერატიული უზრუნველყოფა სჭირდება. ეს ადამიანი გია ბარამიძის მეგობარია, თუმცა, როცა “ოცნებაში” მივიდა, მალავდა, რომ ბარამიძესთან რაღაც კავშირი ჰქონდა. ასევე, გია ლორთქიფანიძესთანაც მეგობრობდა. მოკლედ, ყველაფერი ეს გადაჯაჭვულია. თუ სამართალს მისდევ და პროკურატურის წარმომადგენელი ხარ, ჯერ ის უნდა დაადგინო, აფრასიძეების სპეცოპერაციასთან შეხება რომელ ხელმძღვანელებს ჰქონდათ, მაგრამ ესენი პირდაპირ სპეცრაზმის ხელმძღვანელს მიადგნენ, რომელიც დავალებას ასრულებდა. თუ სპეცრაზმმა დანაშაული ჩაიდინა, რას ჰქვია, ბარამიძის დაკითხვის აუცილებლობა არ იკვეთებაო? იქნებ, “ქართულ ოცნებაში” მფარველები ბარამიძესაც ჰყავს? ყველამ ყველაფერი კარგად ვიცით და ნუ გვაბრმავებენ! ის შედეგი, რაც დღესაა, სწორედ იმის ბრალია, რომ თავის დროზე “ოცნებაში” გაურკვეველი “ტიპები” შეყარეს! დარწმუნებული ვარ, ივანიშვილი ყველაფერს გამოასწორებს და ისინი, ვინც დღევანდელი სიტუაცია შექმნეს, პასუხს აგებენ! ისე, ვისურვებ, რომ ივანიშვილი პრემიერად კი არა, პოლიტიკურ პარტია “ქართულ ოცნებაში” დაბრუნდეს. ივანიშვილს, როგორც პოლიტიკურ ფიგურას, ალტერნატივა არ ჰყავს, რომელიც ქვეყანაში პოლიტიკურ სტაბილურობას შეინარჩუნებს! თუ ყველაფერს სწორ ანალიზს გავუკეთებთ, მგონი, ივანიშვილი სწორედ ამ ნაბიჯის გადადგამს, ანუ პარტიაში დაბრუნდება... მან შსს-ში თავისი კადრები დანიშნა. კარგი იქნება, თუკი თავდაცვის სამინისტროშიც მისი კადრები მოვლენ. მე თუ მკითხავთ, კარგი იქნება, თუკი თავდაცვის მინისტრად ქვემო ქართლის ამჟამინდელი გუბერნატორი, პაატა ხიზანიშვილი დაინიშნება, რომელსაც ამ სფეროში მოღვაწეობის დიდი გამოცდილება აქვს. ასევე, გენერალური შტაბის ხელმძღვანელობაც შესაცვლელია.
...ე.წ. რუსულ კონტექსტში ლავროვის განცხადებაც უნდა გავიხსენო, რომელმაც ისევ განაცხადა, 2008 წლის აგვისტოს ომი სააკაშვილს ამერიკელებმა დააწყებინესო. ამ ფონზე, დადგა დრო, კონდოლიზა რაისისთვის გაგზავნილი ტეფტის რაპორტი გამოქვეყნდეს. ახლა, კარტებს ბოლომდე გავხსნი და გეტყვით, რომ ეს რაპორტი უკრაინელ ჟურნალისტებს მივაწოდე და მალე იქაურ მედიაში გამოქვეყნდება... მოკლედ, ამ განცხადებებით ლავროვი ცდილობს, რუსეთმა მიშა შეინარჩუნოს.
- ეს რას ნიშნავს?
- იმას, რაც ქართველმა ხალხმა მიშასგან აიტანა, უკრაინელები არ აიტანენ. მიშას უკრაინიდან გააგდებენ. ეს რუსებმა იციან და ამიტომ ცდილობენ, შეინარჩუნონ და სააკაშვილის ხელით უკრაინის სრული ოკუპაცია მოახდინონ!
- ლავროვის ზემოხსენებული განცხადებით, რუსები მიშას უკრაინაში როგორ შეინარჩუნებენ?
- ლავროვმა ხაზი გაუსვა, სააკაშვილი ჩვენი კი არა, ამერიკელების კადრიაო და ამით უკრაინელები მისდამი კეთილგანწყობას შეინარჩუნებენ, მაგრამ თუ დადასტურდება, რომ ამერიკელები მიშას ომის დაწყებას არ ურჩევდნენ, ეს რუსული ვერსიის კრახი იქნება!