ანაბრებსაც დაბეგრავენ?

ანაბრებსაც დაბეგრავენ?

როგორია საერთაშორისო პრაქტიკა და რატომ არ უჭერს იდეას მხარს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი

ეკონომიკის ექსპერტების ნაწილი საბანკო დეპოზიტებიდან მიღებული საპროცენტო შემოსავლების დაბეგვრას ითხოვს. საზოგადოებაში ამ საკითხზე აზრთა სხვადასხვაობაა. ზოგი ამგვარ დაბეგვრას დადებითად, ზოგიც უარყოფითად აფასებს. ეკონომიკის ექსპერტების განცხადებით, საბანკო დეპოზიტების საშუალო განაკვეთი 6%, ხოლო კრედიტების საშუალო განაკვეთი 14.5%-ია. ამჟამად, საბანკო სექტორში არსებული დეპოზიტების მოცულობა, დაახლოებით, 13 მილიარდ ლარს აღწევს, მათი 67% დოლარშია განთავსებული.

დეპოზიტებიდან ანუ საბანკო ანაბრებიდან მიღებული საპროცენტო შემოსავლების დაბეგვრის იდეა საბანკო საკითხების ექსპერტს, ლია ელიავას ეკუთვნის, რომელმაც ,,ვერსიასთან' საუბრისას აღნიშნა, რომ ფინანსთა სამინისტრომ შესაბამისი ცვლილებები უნდა განახორციელოს საგადასახადო კოდექსში, რასაც მთავრობას წარუდგენს დასამტკიცებლად. მისი თქმით, საბანკო ანაბრებზე დარიცხული საპროცენტო შემოსავლები იმიტომაც უნდა დაიბეგროს, რომ ეს თანხა ეკონომიკის რეალურ სექტორში ჩაიდოს: ,,ანაბრებზე დარიცხული საპროცენტო შემოსავლის დაბეგვრა საქართველოში უნიკალური მოვლენა არ არის. 2007 წლამდე ამ ტიპის შემოსავალი 10%-იანი განაკვეთით იბეგრებოდა, მაგრამ საგადასახადო კოდექსის ცვლილების შემდეგ, დიდი შეღავათი გაუწიეს საბანკო სექტორს, კომერციულ ბანკებს, რათა მათი საქმიანობა გაადვილებულიყო. დეპოზიტებზე დარიცხული საპროცენტო შემოსავლების დაბეგვრის გაუქმების შედეგად, საბანკო სექტორი უფრო სწრაფად და ინტენსიურად განვითარდა, ვიდრე მთლიანად ეკონომიკა. პრაქტიკულად, ეკონომიკური სტრუქტურა დაირღვა, რადგან არ შეიძლება, ეკონომიკაში მხოლოდ ერთი დარგი განვითარდეს, სხვა დარგები კი დაკნინდეს. დეპოზიტები ანუ ანაბრები, საინვესტიციო- ეკონომიკური საქმიანობაა, რადგან ანაბრის სახით, ბანკში ფულს ინახავ და მოგვიანებით, შემოსავალს იღებ. ყველა ნორმალურ ქვეყანაში, ეკონომიკური საქმიანობა იბეგრება, არ შეიძლება, ერთი ეკონომიკური საქმიანობა დაიბეგროს, მეორე კი უმიზეზოდ, ყოველგვარი ეკონომიკური დასაბუთების გარეშე გათავისუფლდეს გადასახადისგან'.

ლია ელიავამ ,,ვერსიას' განუცხადა, რომ ამ ცვლილების ფისკალური შედეგი საკმაოდ უმნიშვნელო იქნება. თუ ქვეყანაში საბანკო დეპოზიტებზე დარიცხული საპროცენტო შემოსავალი დაიბეგრება, ამით სახელმწიფო ბიუჯეტში დიდი თანხა ნამდვილად არ შევა. სამაგიეროდ, ეს გადასახადი იმის სტიმულს გააჩენს, რომ ფიზიკურმა და განსაკუთრებით იურიდიულმა პირებმა საკუთარი თანხა უმოქმედოდ კი არ შეინახონ საბანკო ანგარიშებზე, არამედ ეკონომიკაში ჩადონ ანუ ფული ეკონომიკისთვის აამუშაონ. ლია ელიავა: ,,ბუნებრივია, გაჩნდება კითხვა, კომერციული ბანკებიც ხომ იყენებენ დეპოზიტებს ეკონომიკის დასაფინანსებლად. სინამდვილეში, კომერციული ბანკები, ძირითადად, სავაჭრო სექტორს აფინანსებენ. მართალია, ვაჭრობაც ეკონომიკის ნაწილია, მაგრამ მთლიანი ეკონომიკა არ არის. ეკონომიკა რომ განვითარდეს და მოსახლეობის კეთილდღეობა გაიზარდოს, ეკონომიკის რეალური სექტორის - სოფლის მეურნეობის, მშენებლობისა და მრეწველობის დაფინანსებაა აუცილებელი, რასაც საბანკო სექტორი ნაკლებად აკეთებს. რატომ არ აისახება მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდის მაჩვენებელი მოსახლეობის ცხოვრების დონეზე? რატომ ვერ გრძნობენ ადამიანები ეკონომიკურ ზრდას თავის კეთილდღეობაზე? ეს იმის ბრალია, რომ მშპ იზრდება მომსახურების, ძირითადად, საფინანსო სექტორის მომსახურების ხარჯზე. არადა, დოვლათს მომსახურება კი არა, ეკონომიკას რეალური სექტორი ქმნის. დეპოზიტები, რომლებიც უქმად დევს ბანკში, ეკონომიკისთვის არ მუშაობს, კომერციული ბანკებიდან მათი ეკონომიკური მეთოდებით ამოღება და ეკონომიკის რეალურ სექტორში გადატანა, მნიშვნელოვნად გაზრდიდა ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობის დონეს'. ლია ელიავას განმარტებით, დეპოზიტების დაბეგვრის პრაქტიკა საკმაოდ გავრცელებულია როგორც განვითარებად, ასევე განვითარებულ ქვეყნებში. რაც შეეხება დეპოზიტებზე დარიცხული საპროცენტო შემოსავლების დაბეგვრის რეჟიმს, განვითარებულ ქვეყნებში ის დიფერენცირებულია და 15%-30%-ის ფარგლებში მერყეობს: ,,ფაქტია, დეპოზიტები უნდა იბეგრებოდეს და ჩვენს ქვეყანაში ეს ისევე აუცილებელია, როგორც დეპოზიტების სახელმწიფო გარანტირების სისტემის შემოღება, რომელსაც მსოფლიოში მხოლოდ საქართველომ ვერ დაადგა თავი. საბანკო დეპოზიტების გარკვეულ მოცულობას ყველა ქვეყანა აზღვევს, რათა საკუთარი კლიენტები საფინანსო ინსტიტუტის, ანუ ბანკის გაკოტრებისგან დაიცვას. თუ ბანკი გაკოტრდება, სახელმწიფო იღებს ვალდებულებას, ფიზიკურ და იურიდიულ პირებს დეპოზიტების გარკვეული ნაწილი აუნაზღაუროს. მაგალითად, აშშ-ში გარანტირებული თანხა 100 000 დოლარის ოდენობის დეპოზიტია, ევროკავშირის ქვეყნებში - 50 000-დან 100 000 ევროს ფარგლებში მერყეობს.

დეპოზიტების დაზღვევის სისტემა ჩვენს მეზობელ სომხეთში, აზერბაიჯანსა და უკრაინაშიც მოქმედებს, მაგრამ, როგორც გითხარით, მსოფლიოს ყველა ქვეყანაში ასეა. საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, რომელმაც ეს სისტემა ვერ შემოიღო. სტრატეგიული გადაწყვეტილებები, რომლებიც ეკონომიკის განვითარებას ხელს შეუწყობს, მთავრობამ გვერდზე გადადო და ძირითადად, წვრილმანებზე, ჯარიმების დადგენაზე გადავიდა, რაც დადებითი ტენდენცია არ არის'. ლია ელიავას ამ ინიციატივას საზოგადოებაში არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა. ეკონომიკის ექსპერტების დიდი ნაწილი ამ იდეას მხარს უჭერს, მაგრამ მოწინააღმდეგეებიც არიან. მართლაც, რატომ უნდა დაიბეგროს დეპოზიტზე დარიცხული საპროცენტო შემოსავალი, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ დასაქმებულმა ადამიანმა, დიდი შრომის შედეგად, თავი მოუყარა თანხის გარკვეულ ნაწილს და კომერციულ ბანკში შეინახა? ხელფასიდან მას ხომ ისედაც ექვითება საშემოსავლო გადასახადი? გამოდის, თუკი ადამიანი საკუთარ ნაშრომს ბანკში ანაბრის სახით შეიტანს, ორმაგად უნდა დაიბეგროს? ლია ელიავა: ,,ასე არ არის. ამ იდეით, დეპოზიტების დაბეგვრას კი არა, დეპოზიტებზე დარიცხული საპროცენტო შემოსავლის დაბეგვრას ვგულისხმობ, რომელიც უნდა დაიბეგროს. ესაა ნამეტი პროცენტი, რასაც ბანკი კლიენტს დეპოზიტებზე ურიცხავს, ის ახლადშექმნილი შემოსავალია. აბსოლუტურად მართალი ხართ, დეპოზიტებსა თუ ანაბრებზე განთავსებული თანხა უკვე დაბეგრილია, ამიტომ დეპოზიტების დაბეგვრა არც მიფიქრია. დეპოზიტი, რომელიც კომერციულ ბანკშია ჩადებული, ინვესტიციაა, რომელსაც შემოსავალი მოაქვს. ეს შემოსავალი კი სხვადასხვა ფორმითა და მექანიზმით მსოფლიოს ყველა ქვეყანაში იბეგრება'. საინტერესოა, დაიბეგრება თუ არა მშობლების მიერ, მცირეწლოვანი შვილის სახელზე გახსნილ ანგარიშზე დარიცხული საპროცენტო შემოსავალი? ლია ელიავამ ,,ვერსიას' განუმარტა, რომ ამ იდეის სახით, ზოგადად ამ ტიპის გადასახადის პრინციპზე საუბრობს, თორემ ისეთი დეტალები, როგორიცაა მშობლების მიერ შვილის სახელზე გახსნილი ანაბარი, შემდგომი გააზრებისა და მსჯელობის საგანია: ,,ამ იდეას საზოგადოების მწვავე რეაქცია იმიტომ მოჰყვა, რომ საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი გაჭირვებულია, რომლებსაც საკუთარი შემოსავალი ხელფასიდან ხელფასამდეც კი არ ჰყოფნით. მეტიც, საქართველოში იმ ადამიანებსაც კი უჭირთ, რომლებიც შემოსავალს ბიზნესიდან იღებენ და ნეგატიური რეაქციაც სწორედ ამის ბრალია. თავის დროზე, როდესაც ხელისუფლებამ საბანკო დეპოზიტებზე დარიცხული საპროცენტო შემოსავლების დაბეგვრა გააუქმა, დიდი შეცდომა დაუშვა, მაგრამ ეს შეცდომა აუცილებლად უნდა გამოსწორდეს. ხელისუფლებამ მოსახლეობას უნდა აუხსნას, რომ ეს ცივილური, ნორმალური ქვეყნის პრაქტიკაა. ჩვენ რომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას მოვაწერეთ ხელი, იმას ნიშნავს, რომ ჩვენი და ევროპის კანონმდებლობა ერთმანეთთან შესაბამისობაში იყოს. გიმეორებთ, დეპოზიტებზე დარიცხული საპროცენტო შემოსავალი ყველგან იბეგრება. უარესსაც გეტყვით, აშშ თავის გადამხდელებს მთელ მსოფლიოში კუდში დასდევს და სწორედ მისი წყალობით, ისეთი ცნება, როგორიცაა საბანკო საიდუმლოება, წაიშალა კიდეც. ამერიკამ შვეიცარიის ბანკებსაც კი გაახსნევინა საკუთარი მოქალაქეების ანგარიშები, რომლებიც უცხოეთის ბანკებში ფულს მალავდნენ და გადასახადებს არ იხდიდნენ. არადა, გადასახადების გადახდა წმიდათაწმინდა მოვალეობაა ყველა ცივილურ ქვეყანაში. საქართველოს მოსახლეობა ამ პრაქტიკას თანდათან უნდა შეეჩვიოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენი ქვეყანა ცივილური ვერ გახდება. ვიმედოვნებ, საქართველოს ეკონომიკა, მისი მართვის მექანიზმები და კანონმდებლობა, ცივილიზებული ქვეყნების პრაქტიკას მაქსიმალურად დაუახლოვდება, სხვა შემთხვევაში, ჩვენს ქვეყანას არაფერი ეშველება'.

საინტერესოა, როგორ აფასებს ლია ელიავას ამ იდეას საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე, რომელმაც ,,ვერსიასთან' ექსკლუზიურ ინტერვიუში, კითხვას, უნდა იბეგრებოდეს თუ არა დეპოზიტებზე დარიცხული საპროცენტო განაკვეთი და რამდენად სწორია ეს ინიციატივა, ამგვარად უპასუხა: ,,2007 წლამდე, საპროცენტო სარგებლით მიღებული შემოსავალი ჩვეულებრივ შემოსავლად ითვლებოდა და დაბეგვრის განაკვეთი 10% იყო. საგადასახადო რეფორმის ფარგლებში, ეს გადასახადი გავაუქმეთ, რამაც პოზიტიური როლი შეასრულა. მეტიც, თუ გვინდა, ჩვენი ქვეყნის განვითარების ერთ-ერთი მიმართულება რეგიონული ფინანსური ჰაბი იყოს, ასეთ იდეებზე არ უნდა ვიფიქროთ! ჩვენს საბანკო სექტორს, ზუსტად იმის გამო, რომ სწორი რეგულირება აქვს, რადგან ბანკები კარგადაა კაპიტალიზირებული, სხვა ქვეყნის მოქალაქეებიც ენდობიან და არარეზიდენტი დეპოზიტების წილი მუდმივად იზრდება საქართველოს საბანკო სისტემაში. საუბარია ასეულობით მილიონზე. ესაა თანხა, რომელსაც უცხო ქვეყნის მოქალაქეები ქართულ საბანკო სივრცეში ინახავენ, რაც ნიშნავს, რომ ეს თანხა ქართული ეკონომიკის დაფინანსებას ხმარდება'.