საქართველოს პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ მინისტრთა ახალ კაბინეტში, რეალურად, ორი - გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვისა და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრები იცვლება. მთავრობის სხვა წევრებს, მათ შორის, არც ეკონომიკურ გუნდს ცვლილებები არ შეეხება. რამდენად სწორია ეს გადაწყვეტილება იმ ფონზე, რომ ლარის დევალვაცია 2014 წლის ნოემბრიდან დაიწყო და დღემდე გრძელდება? ამ პერიოდში საქართველოს ეროვნული ვალუტა დაახლოებით, 31%-ით გაუფასურდა. ეკონომიკის ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ სავალუტო კრიზისი უკვე კრახში გადაიზარდა, ოღონდ მთავრობა ამას ოფიციალურად არ აღიარებს. მეტიც, აღმასრულებელი ხელისუფლების ეკონომიკურ გუნდში არაფერი იცვლება. ,,ვერსია' დაინტერესდა, როგორ აფასებენ ეკონომიკური გუნდის მუშაობას საქართველოს პარლამენტის წევრები და ექსპერტები. საინტერესოა, ლარის დევალვაციის ფონზე, რა უნდა გაეკეთებინა მთავრობას და რა ვერ გააკეთა? რა პრეტენზიები აქვთ ეკონომიკური გუნდის წევრებთან და რას ითხოვენ მთავრობის ახალი გუნდისგან?
საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი, ფრაქცია ,,ქართული ოცნების' წევრი და საფინანსო- საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ნოდარ ებანოიძე ეკონომიკური გუნდის მუშაობას დადებითად აფასებს: ,,მთავრობის ეკონომიკური გუნდი საკმაოდ წარმატებულად ახორციელებს ადმინისტრირებას, ეკონომიკა ცოცხალია, რაც იმის შედეგია, რომ პირველი კვარტლის მაჩვენებლებით, შემოსავლები საკმაოდ მაღალია - შარშანდელთან შედარებით, დაახლოებით, 14%-იანი ზრდა გვაქვს. მთავრობას შეიძლება ვეკამათოთ ერთი მიმართულებით, სწორი იყო თუ არა, როდესაც ლარის სტაბილიზაციის კურსის ნაცვლად, ეკონომიკური აქტივობის არშენელების მიმართულებით გადადგა გარკვეული ნაბიჯები. მაინტერესებს, რამდენად კოორდინირებულია მთავრობის ეკონომიკური გუნდისა და საქართველოს ეროვნული ბანკის მუშაობა? შარშან, როდესაც მსგავსი აფეთქება იყო, გამოჩნდა, რომ კოორდინირებულად იმოქმედეს და ერთობლივი მოქმედებით გაუმკლავდნენ პროცესს. როდესაც პარლამენტში 2015 წლის ბიუჯეტი შემოვიდა, ცხადია, აუდიტის სახელმწიფო სამსახურისა და ეროვნული ბანკის მოხსენებაც ახლდა. ეკონომიკის 5%-იან ზრდასთან დაკავშირებით, სკეპტიკური აზრი არ გამოთქმულა'.
საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელმა, ფრაქცია ,,ნაციონალური მოძრაობის' წევრმა ლევან ბეჟაშვილმა ,,ვერსიას' განუცხადა, რომ მთავრობის ეკონომიკური გუნდის საუკეთესო შემფასებელია ის ვითარება, რომელიც ქვეყანაშია. მისი თქმით, საზოგადოება ნათლად ხედავს, რომ მთავრობის უგნურმა ეკონომიკურმა პოლიტიკამ მოსახლეობა გააღარიბა, ლარი გააუფასურა, რაც ეკონომიკურ მაჩვენებლებზეც აისახება: ,,ვხედავთ, რომ მინისტრები ნელ-ნელა იპარებიან, რადგან იციან, ხელისუფლებას ამ პრობლემების გამკლავების უნარი არ შესწევს. ხან ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების, ხან ოჯახური პირობების გამო ცდილობენ, მყისიერად დატოვონ თანამდებობა. მოვისმინეთ პრემიერ- მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის განცხადება, რომელიც ცდილობდა, ტონი შეენარჩუნებინა და საზოგადოებისთვის ეჩვენებინა, თითქოს არაფერი ხდება და მთავრობა ერთიანია. ამ მთავრობას დამტკიცების დღიდან ექსპერტები, არასამთავრობო ორგანიზაციები, საზოგადოება და ჩვენ ვუწუნებდით, რომ მათ არ გააჩნდათ ხედვა, რის გამოც ხალხი უკომპასო მთავრობასაც კი უწოდებდა. ამ ორი წლის განმავლობაში, სახელმწიფომ უამრავი მაკონტროლებელი ორგანო შექმნა, სხვადასხვა ადმინისტრაციული პროცედურა დაამძიმა, სავიზო პოლიტიკა გააუარესა, გადასახადები გაზარდა, რის გამოც ქვეყანაში ინვესტიციები აღარ შემოდის. დღევანდელ ეკონომიკურ ვითარებასა და ინვესტიციების ნაკლებობას ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური მდგომარეობაც განაპირობებს, როდესაც პოლიტპატიმრები გაჩნდნენ და ბუნებრივია, ეს ყველაფერი უარყოფით სურათს ქმნის'. საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი, ფრაქცია ,,ქართული ოცნების' წევრი ანი მიროტაძე აცხადებს, რომ თუ ივნისის ბოლოს, ლარის კურსის სტაბილიზაციას და იმ პირველ სასიკეთო შედეგებს ვერ იგრძნობს, რაც თავის დროზე, ვიცე- პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა პარლამენტს წარუდგინა, პირველი იქნება, ვინც ხელისუფლებას კატეგორიულად მოსთხოვს პასუხს: ,,იქიდან გამომდინარე, რომ ქვეყანაში საკმაოდ ბევრი სირთულეა, ამას გარკვეული შეცდომებიც ახლავს. არ ვფიქრობ, რომ ეს დიდი შეცდომებია, მაგრამ ცოტა უფრო მეტად უნდა გაეთვალათ ის პრობლემები, რომლის წინაშეც აღმოვჩნდით. ვგულისხმობ ლარის კურსის გაუფასურებას, რამაც თითოეულ ოჯახზე იმოქმედა. ადამიანებს სამართლიანად უჩნდებათ კითხვა და პრეტენზიები ჩვენს მიმართ, ნორმალურია. პოლიტიკური შეხედულებების მიუხედავად, პირადად მაქვს კითხვები ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან და არა იმიტომ, რომ გიორგი ქადაგიძე ყოფილი ხელისუფლების დროს აირჩიეს. მეჩვენება, რომ მან არ ან ვერ გათვალა საფრთხეები. პრეტენზია სწორედ მთავრობის ეკონომიკური გუნდისა და ეროვნული ბანკის არაკოორდინირებულ მუშაობასთან მაქვს. რეგიონის პრობლემები და ჩვენს ძირითად სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში არსებული პროცესები საქართველოს ეკონომიკაზე აისახა, მაგრამ ქვეყანას ხელისუფლება იმიტომ ჰყავს, ასეთი რისკები წინასწარ გათვალოს'.
საპარლამენტო ფრაქცია ,,თავისუფალი დემოკრატების' წარმომადგენელმა, დავით ონოფრიშვილმა ,,ვერსიას' განუცხადა, რომ როდესაც სავალუტო კრიზისზე ვსაუბრობთ, დიდი მნიშვნელობა აქვს ეკონომიკური გუნდის მუშაობას, თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანია ზოგადად, მთავრობის ერთიანი მოქმედება. მისი თქმით, მთავრობამ ვერ მოახერხა, სავალუტო კრიზისის შესაბამისად ემოქმედა, უუნარო აღმოჩნდა და ამ კრიზისის სიმწვავე დროულად ვერ შეაფასა: ,,ჯერ კიდევ იანვრის ბოლოს, როდესაც სავალუტო კურსმა ვარდნა დაიწყო, მთავრობა ამბობდა, რომ ყველაფერი კარგად იყო, თუმცა ეროვნული ბანკი გარკვეულ შეშფოთებას გამოთქვამდა. მთლიანობაში, ხელისუფლების უმთავრესი პრობლემა ცუდი მმართველობაა, როდესაც დროულად ვერ იღებს გადაწყვეტილებას, სუსტია და სხვადასხვა სახის კრიზისებთან გამკლავება უჭირს. საქართველო საბაზრო, ღია ეკონომიკის ქვეყანაა, პატარაა და მეტ-ნაკლებად, ყოველთვის დამოკიდებული იქნება საგარეო შოკებზე და არა ,,შოკუნიებზე', როგორც ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა. მთავრობა მზად უნდა იყოს, ასეთი შოკები აირიდოს ან მინიმუმამდე დაიყვანოს, რაც ჩვენს სინამდვილეში არ მომხდარა. გარდაუვალია, ენერგომატარებლებზე ანუ გაზსა და დენზე ტარიფები გაიზრდება, რაც კიდევ ერთი წნეხი იქნება მოსახლეობისთვის. არ ვიცით, კონკრეტულად, რა ნაბიჯების გადადგმას აპირებს მთავრობა ამ მიმართულებით, ამიტომ ლოგიკური იქნებოდა, ეს მთავრობა გადამდგარიყო. ახალი მთავრობა უნდა ჩამოყალიბებულიყო, ახალი პრემიერ- მინისტრის ხელმძღვანელობით, რომელსაც მეტი ნდობა ექნებოდა საზოგადოებაში'. ,,ეკონომიკური განვითარების ცენტრის' ერთ-ერთი დამფუძნებელი, ეკონომიკის ექსპერტი რომან გოცირიძე აცხადებს, რომ ზოგადად, მთავრობის ეკონომიკური გუნდის პასუხისმგებლობის ცნება არასწორია, რადგან მთავრობის ეფექტურობა მთელი გუნდის შეთანხმებულ მუშაობაზეა დამოკიდებული. მისი თქმით, ხელისუფლებაში მოსულმა ,,ქართულმა ოცნებამ' მთავრობა თავიდანვე არასწორად დააკომპლექტა, რადგან ერთი- ორი მინისტრის გარდა, მოსახლეობა არავის იცნობდა: ,,ამ ხელისუფლების პირველი, დიდი შეცდომა იყო ის, რომ ვერ გაიგო, რა მოხდა 2013 წლის დეკემბერსა და 2014 წლის იანვარში, რატომ გაუფასურდა ლარი. ამას იმ პერიოდში, ეროვნული ბანკის მიერ, 440 მილიონი დოლარის ინტერვენცია დასჭირდა, რაც შეცდომა იყო. გარდა ამისა, როგორც კი ეროვნულმა ბანკმა პირველი სერიოზული მინიშნება გააკეთა მოსალოდნელი კრიზისის შესახებ, მთავრობამ მისი განცხადება დაგმო და პოლიტიკური შეკვეთის შესრულება დააბრალა. არადა, ეროვნული ბანკის კონსტიტუციური მოვალეობაა, მთავრობის მრჩეველი იყოს. სწორედ ამიტომ გამორჩათ პირველი, სერიოზული გაფრთხილება, რაც ლარის მოსალოდნელ დევალვაციას უკავშირდებოდა. 2013 წელს განვითარებულ ნეგატიურ მოვლენებს, 2014 წელს, რუსეთის კრიზისისა და უკრაინის მოვლენების სახით, გარეფაქტორებიც დაემატა. ამიტომ ამ პერიოდში, ეროვნული ბანკის მიერ, ნოემბერში დაწყებული და დღემდე განხორციელებული 260 მილიონი დოლარის ინტერვენციას, ლარის კურსის სტაბილიზაციაზე გავლენა არ მოუხდენია. რაც შეეხება სამთავრობო ცვლილებებს, ეს პოლიტიკური მოტივით კი არა, ტექნიკური აუცილებლობითაა გამოწვეული. იმის გამო, რომ მთავრობაში მეშვიდე მინისტრი გადადგა, პარლამენტმა ახალ შემადგენლობას ნდობა უნდა გამოუცხადოს. ბუნებრივია, ეს უარყოფით გავლენას მოახდენს ქვეყნის საინვესტიციო იმიჯზე. ასეთი ცვლილება განსაკუთრებით ცუდია ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის _ ,,იბიარდის' ფართომასშტაბიანი ღონისძიების წინ, რომელიც 13-15 მაისს უნდა გაიმართოს. საქართველოში ჩამოსულ 50-მდე ქვეყნის ფინანსთა მინისტრსა და ცენტრალური ბანკების ხელმძღვანელებს, გაუფასურებული ლარი და გაწვალებული მოსახლეობა ხვდება. არასტაბილური ფინანსური მდგომარეობის მქონე ქვეყანა კი ყველაზე ცუდი სავიზიტო ბარათია'. ექსპერტმა ეკონომიკის საკითხებში ლევან კალანდაძემ, ,,ვერსიას' განუცხადა, რომ მთავრობას საკმაოდ რთულ პირობებში უწევს მუშაობა. მისი თქმით, ის გამოწვევები, რაც ქვეყნის ეკონომიკის წინაშე დგას, მნიშვნელოვნად ართულებს სრულფასოვანი რეფორმების გატარებას და ეკონომიკურ სურათს ძაბავს. კალანდაძის შეფასებით, ეკონომიკაში პოზიტიური ფაქტორებიც გვაქვს და ნეგატიურიც: ,,რაც შეეხება პოზიტივს, 2013 წელთან შედარებით, 2014 წელს, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 15%-ით გაიზარდა. მნიშვნელოვანია, რომ წინა წელს არსებული ხარვეზები საბიუჯეტო პროცესის დაგეგმვისა და განხორციელების თვალსაზრისით, ანუ დეფიციტური ხარჯვის პოლიტიკა, წელს მოხსნილია. ბოლო კვარტლის შედეგების მიხედვით, ფინანსთა სამინისტროს დეფიციტური ხარჯვითი პოლიტიკა აღარ განუხორციელებია და ამ თვალსაზრისით, საბიუჯეტო პროცესი, როგორც ლარის გაუფასურების ფაქტორი, აღმოფხვრილია. როდესაც ხელისუფლების ეფექტურობას ვაფასებთ, ხშირად ისმის კითხვა, რომ მან გარკვეულ მაჩვენებლებს ვერ მიაღწია და ამიტომ მთავრობა უნდა გადადგეს. ამ მოსაზრებას არ ვეთანხმები, რადგან ეკონომიკური თვალსაზრისით, ჩვენთვის მნიშვნელოვანია არა ხელისუფლების ცვლილება, არამედ არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება. ხელისუფლების ცვლილება თავისთავად წარმოშობს ბევრ, ტექნიკურ პრობლემას, ესაა დროში გაწელილი პროცესი, ამიტომ ხელისუფლების პოლიტიკური ცვლილება კიდევ უფრო დაამძიმებს ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ და ბიზნესგარემოს. დღეს კრიზის- მენჯმენტის აუცილებლობის საკითხი დგას, გადაწყვეტილებები ძალიან სწრაფად, ფორსირებულად უნდა მივიღოთ, მოკლევადიან პერიოდში ,,შოკური თერაპია' უნდა განვახორციელოთ. ხელისუფლების ცვლილება კიდევ უფრო დაძაბავს მდგომარეობას და ლარის კურსთან მიმართებაში, ერთ-ერთ რისკფაქტორადაც მოგვევლინება'.