უძრაობის ხანა ქართულ პოლიტიკაში

უძრაობის ხანა ქართულ პოლიტიკაში

NDI-ს 2014 წლის გამოკითხვებზე გასული წლის სექტემბერშიც დავწერე, თუმცა მაშინ ძირითადი აქცენტი იმაზე გავაკეთე, თუ რამდენად ჰქონდა ირაკლი ალასანიას პოტენციალი, დაპირისპირებოდა „ქართულ ოცნებას“. იმ დროისთვის უკვე ცხადი იყო, რომ ალასანიას დამოუკიდებელ კანდიდატად ჩამოყალიბების შანსი ჰქონდა. ვერ ვიტყვი, შემთხვევითობა იყო თუ ამ მსჯელობის უკან მდგარი ლოგიკა სწორი აღმოჩნდა (ან ეს შეიძლებოდა სულაც ყოფილიყო სოციოლოგიაში კარგად ცნობილი „თვითამხდენი წინასწარმარტყველება“), მაგრამ ფაქტია, რომ ეს პროგნოზი ახდა - ალასანიას პარტია ცალკე ძალად ჩამოყალიბდა. ამავე დროს, კვლავ აქტუალურ საკითხად დარჩა მესამე ძალის გამოჩენის შესაძლებლობა, რომელიც იმავე NDI-ს გამოკითხვების შედეგებში იკითხება.

მოცემული დიაგრამა ახლა ისე აქტუალურია, როგორც არასდროს. 2014 წლის აგვისტოში, საქართველოს მასშტაბით, საარჩევნო უფლების მქონე გამოკითხულთა შორის 30 % მიიჩნევს, რომ მათ შეხედულებებთან ახლოს არც ერთი პარტია არ დგას. ალასანიას გარდა, ამ 30 %-ის ამოვსების შანსი ირმა ინაშვილს და ნინო ბურჯანაძეს აქვთ. ამ სამის ერთმანეთთან შესაძლო კავშირზე უკვე უამრავი ჭორი გავრცელდა. ერთ-ერთმა მათგანმა, ინაშვილმა მტკიცედ უარყო ალასანიასთან და ბურჯანაძესთან ყოველგვარი შესაძლო გაერთიანების პერსპექტივა. ამის მიუხედავად, ცხადია, სპეკულაციები მაინც გრძელდება და, ბუნებრივია, ამის მთავარი მიზეზი ის არის, რომ ყველას კარგად გაააზრებული აქვს, რომ ვერც ერთი მესამე პარტია დღეს ამომრჩევლების ამ 30 %-ს ვერ მიიზიდავს. „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ კი თავის შესაძლებლობების მაქსიმუმს აკეთებენ, მაგრამ ქართული პოლიტიკისადმი ამომრჩევლების გაუცხოებას ვერაფერი შველის.

მართალია, ამგვარი საყოველთაო გამოკითხვები წელს ჯერ არ ჩატარებულა, მაგრამ მედიაში, სოციალურ ქსელებში და საჯარო სივრცეებში არსებული განწყობებით თუ ვიმსჯელებთ, მოსახლეობის არც თუ ისე მცირე ნაწილი კვლავ ნიჰილიზმით არის შეპყრობილი. ქართული პოლიტიკაც თითქოს ერთი ადგილიდან არ იძვრის და პარტიებიც ვერაფერს ახალს ვერ სთავაზობენ ამომრჩეველს. საბჭოთა კავშირში ასეთი ინერტულობის პერიოდს უწოდეს „უძრაობის პერიოდი“ (უფრო ზუსტად, გორბაჩოვმა უწოდა ასე ბრეჟნევის მმართველობის ხანას). დღევანდელი ქართული პოლიტიკა დაახლოებით მსგავსი უძრაობის, სტაგნაციის პერიოდში იმყოფება. ეს არის მდგომაროება, როცა თვისებრივად ახალი არაფერი ხდება. ასეთ მდგომარეობას ქართველი ამომრჩეველი შეჩვეული არ არის. 1991 წლიდან დღემდე ქართულ პოლიტიკაში თითქმის ყოველთვის რაღაც ისეთი ხდებოდა, რაც ქვეყანას რადიკალურ ცვლილებებს უქადდა. რამდენჯერმე ამგვარი რადიკალური ცვლილებები მართლაც განხორციელდა. დღეს კი არაფერი მიანიშნებს იმაზე, რომ ქართულ პოლიტიკაში რამე მნიშვნელოვანი შეიცვლება. ამას რამდენიმე მიზეზი შეიძლება მოვუძებნოთ.

ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი ის არის, რომ ქართულმა პარტიებმა საკუთარი თავი ამოწურეს. „ქართული ოცნება“ იყო მთავარი იმედგაცრუება ამომრჩევლისთვის და საზოგადოებისთვის. ამომრჩეველი ელოდა იმაზე გაცილებით მეტს, რაც მიიღო. მოლოდინი გაჩნდა, ერთი მხრივ, იმ დაპირებებიდან გამომდინარე, რაც „ქართულმა ოცნებამ“ გასცა და, მეორე მხრივ, იმიტომ, რომ ამომრჩეველი უპირობოდ ენდობოდა „ოცნების“ პოლიტიკოსების ინტელექტს, მორალს და პასუხისმგებლობის გრძნობას (განსაკუთრებით, მილიარდერი ბიძინა ივანიშვილის). თავის მხრივ, „ნაციონალური მოძრაობა“ ვერაფერს სთავაზობს ამომრჩეველს, ძველი, დისკრედიტებული და უარყოფილი რიტორიკისა და სახეების გარდა. „მესამე ძალებს“ რაც შეეხება, მათი ერთი ნაწილი აშკარად პრორუსულია და საფრთხეს წარმოადგენს ქართული დემოკრატიისთვის და სუვერენიტეტისთვის, მეორე ნაწილს კი შინაარსისგან დაცლილი, ერთფეროვანი და ტრაფარეტული რიტორიკა აქვს. ასეთ პირობებში, უფრო სავარაუდოა, რომ ყველა პარტიის მიმართ სკეპტიკულად განწყობილი ამომრჩეველი თუ არ გაიზრდება, დიდად არ შემცირდება მაინც.

უძრაობის მეორე ძირითადი მიზეზი არის ჩვენს რეგიონში შექმნილი გეოპოლიტიკური ვითარება. საქართველოს დასავლურ სტრუქტურებში გაწევრიანებას აფერხებს პუტინის ექსპანსიონისტური პოლიტიკა, რომელსაც ჯერჯერობით ბოლო არ უჩანს. უკრაინაში მიმდინარე ომი, ბალტიისპირეთში გამძაფრებული რუსული ინტერვენციის შიში და საქართველოს სეპარატისტული რეგიონების ინტერვენცია - ყველაფერი იმას მიანიშნებს, რომ რუსეთის მთავრობა ჯერჯერობით შეჩერებას არ აპირებს. პარალელურად, რუსეთის ეკონომიკა 2015 წლის პირველი სამი თვის მანძილზე 2 %-ით შემცირდა. ეს 2008-2009 წლების მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის შემდეგ რუსეთის ეკონომიკის პირველი შემცირებაა. თითქოს რუსეთში ეკონომიკურმა კრიზისმა დადებითად უნდა იმოქმედოს რეგიონის სტაბილურობაზე, მაგრამ სინამდვილეში რუსული სამხედრო აგრესია გრძელდება, რეგიონის ქვეყნების ეკონომიკური მდგომარეობა კი რუსული კრიზისის გავლენით კიდევ უფრო უარესდება. ჯერჯერობით ძნელი სათქმელია, როდის შემოტრიალდება ეს ყველაფერი რუსეთის ავტორიტარული რეჟიმის საწინააღმდეგოდ.

აქვე აღსანიშნავია ისიც, რომ, მართალია, საქართველოში შექმნილ „ზასტოიზე“ ორივე, შიდა და გარე ფაქტორები, დიდ გავლენას ახდენს, მაგრამ შიდა ფაქტორების მნიშვნელობა მაინც უფრო დიდია. უპირველეს ყოვლისა, ქართულ პოლიტიკაში ინოვაციების და ინოვაციური მიდგომების ნაკლებობაა. იდეების დეფიციტი არის ის, რაც დღეს საქართველოს პარლამენტს, მთავრობას და პარლამენტს გარეთ დარჩენილ პოლიტიკურ პარტიებს მომხიბვლელობას უკარგავს. და პრინციპში, ჯერჯერობით არცერთ მხარეს არ აქვს სურვილი და საკმარისი მოტივაცია იმისთვის, რომ საკუთარ თავში რამე შეცვალოს. აქედან გამომდინარე, ახლა ჯერი ალბათ ამომრჩეველზე და საზოგადოებაზეა. საკითხავია ის, თუ როდემდე გავუძლებთ უძრაობას.