მიდიან თუ იპარებიან მინისტრები?

მიდიან თუ იპარებიან მინისტრები?

28 აპრილს, ბევრისთვის მოულოდნელად, მთავრობა კიდევ ერთმა მინისტრმა დატოვა. გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის აწ უკვე ყოფილი მინისტრი ელგუჯა ხოკრიშვილი ოჯახთან, საზღვარგარეთ აპირებს გამგზავრებას. რაზე მიანიშნებს მინისტრების გადადგომის პროცესი? ვინ შეიძლება იყოს შემდეგი? და ახლოვდება თუ არა დრო, როცა პარლამენტს მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხის განხილვა მოუწევს?

სამშაბათს, 28 აპრილს, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა წერილობითი განცხადება გამოაქვეყნა, კმაყოფილება გამოხატა სამთავრობო გუნდთან ერთად გატარებული რეფორმებით და მადლობა გადაუხადა თანამშრომლებს „მნიშვნელოვანი ღონისძიებებისა და ცვლილებების დაგეგმვასა და განხორციელებაში“ შეტანილი წვლილისთვის. ელგუჯა ხოკრიშვილმა ამავე განცხადებაში დაასახელა გადადგომის მიზეზიც:

"ამ ეტაპზე პრინციპულად მნიშვნელოვანია, ვიყო ჩემს ოჯახთან, რომელიც ცხოვრობს საქართველოს საზღვრებს გარეთ. აღნიშნული გადაწყვეტილება მაძლევს შესაძლებლობას განვიხილო საინტერესო შემოთავაზებები, რომელიც საშუალებას მომცემს გავაგრძელო პროფესიული საქმიანობა და ვიცხოვრო ჩემს შვილთან ერთად. ცხადია, ამ გადაწყვეტილების მიღებამდე ვესაუბრე მთავრობის მეთაურს და მადლობელი ვარ, რომ მან ჩემი პოზიცია გაიზიარა".

განცხადება უკვე დააკმაყოფილა პრემიერ-მინისტრმა, რომელსაც ყოფილი მინისტრისთვის მხოლოდ საქებარი სიტყვები ემეტება. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა უთხრა ჟურნალისტებს, ელგუჯა ხოკრიშვილი კომპეტენტური და უწესიერესი ადამიანია, გულდასაწყვეტია, რომ მუშაობის გაგრძელება ვეღარ შეძლო, მაგრამ მან ოჯახთან ყოფნა გადაწყვიტა და ეს საპატიო მიზეზია.

ოფიციალურად დასახელებულ მიზეზში ეჭვი არ შეაქვს საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელ დავით ბერძენიშვილს. მისი განმარტებით,ელგუჯა ხოკრიშვილს ამ გადაწყვეტილების მიღება უკვე კარგა ხანია სურდა და ამის თაობაზე 27 აპრილს კოალიცია „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომაზეც იყო საუბარი.

თუმცა ამ მხრივ საპარლამენტო უმრავლესობაში აზრთა სხვადასხვაობაა. მათ შორის, ვისთვისაც ელგუჯა ხოკრიშვილის მიერ დასახელებული გადადგომის მიზეზი არადამაჯერებელია, ოპოზიციური ფლანგის წარმომადგენლების გარდა, მაგალითად, საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელ დეპუტატ ანი მიროტაძესაც ვხვდებით.

„იმ ვერსიის, რომ მას უნდა ოჯახთან ერთად ცხოვრება, არ მჯერა... მაგრამ მჯერა იმ ვერსიის, რომ მთავრობის ხელმძღვანელმა მიიღო მისი გათავისუფლების გადაწყვეტილება და, ჩემი ვარაუდით, ალბათ, იმიტომ, რომ ის ჯეროვნად ვერ ასრულებდა მასზე დაკისრებულ მოვალეობას“, – უთხრა მიროტაძემ ჟურნალისტებს.

დავით ბერძენიშვილისგან განსხვავებით, ანი მიროტაძე სავსებით შესაძლებლად მიიჩნევს, რომ ახლო მომავალში გაჩნდეს მთავრობის ახალი შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საჭიროება. ერთი კვირის განმავლობაში, ერთმანეთის მიყოლებით, ორი მინისტრის გადადგომამ ასეთი ეჭვები ბევრს გაუჩინა. გავიხსენოთ, რომ მთავრობა ერთი კვირის წინ - და, კერძოდ, 21 აპრილს – კიდევ ერთმა წევრმა, რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, დავით შავლიაშვილმა დატოვა. მისი გადადგომის მიზეზად ჯანმრთელობის მდგომარეობა დასახელდა, რაც ბევრისთვის ასევე არადამაჯერებელი იყო.

მოვლენათა განვითარების მიმართ ინტერესი მძაფრდება იმ ვარაუდების ფონზე, რომ პოსტიდან შესაძლოა გადააყენონ სპორტის მინისტრი ლევან ყიფიანი, რომელსაც მწვავედ აკრიტიკებს და მტკიცედ უპირისპირდება შესაბამისი საპარლამენტო კომიტეტი. თუკი ეს ასე მოხდება, სპორტის მინისტრი იქნება მე-7 გამოცვლილი მინისტრი მთავრობის შემადგენლობაში და გაჩნდება მთავრობის განახლებული შემადგენლობისთვის პარლამენტში ნდობის გამოცხადების საჭიროება.

მთავრობის შემადგენლობის შეცვლა ერთადერთ სწორ გამოსავლად მიაჩნიაპრემიერ-მინისტრის ყოფილ მრჩეველს (ბიძინა ივანიშვილის დროს) გია ხუხაშვილს. როგორც მან რადიო თავისუფლებას უთხრა, პრობლემა სასწრაფოდ უნდა დაიძლიოს იმისთვის, რომ სამთავრობო კრიზისი სახელისუფლებო კრიზისში არ გადაიზარდოს:

„სახელმწიფოებრივი საჭიროებიდან გამომდინარე, ეს პროცესი გარდაუვალია და მე ამაზე დიდი ხანია ვსაუბრობ... და რადგანაც ხელისუფლება სიჯიუტეს იჩენს, როგორც ჩანს, ასეთი ფორმით ვითარდება მოვლენები, ანუ, ასე ვთქვათ, ნელ-ნელა იპარება მთავრობა... ნაცვლად იმისა, რომ ის გამოწვევები, რაც დღეს რეალურად აქვს სახელმწიფოს, უფრო პირდაპირ და უფრო ჯანსაღად იქნეს გადაწყვეტილი“.

რაც შეეხება გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის პოსტზე ელგუჯა ხოკრიშვილის 9-თვიანი მუშაობის შეფასებას, როგორც, მაგალითად, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი, პოლიტიკის ანალიტიკოსი ქეთი გუჯარაიძე ეუბნება რადიო თავისუფლებას, აწ უკვე ყოფილ მინისტრს პრაქტიკულად გამოკვეთილი კვალი არ დაუტოვებია, ინერციით აგრძელებდა წინამორბედების მიერ დაწყებულ საქმეს:

„ეს არის საზოგადოებისა და მონაწილეობის პროცედურების არარსებობა. ეს პროცედურები, ფაქტობრივად, ნულამდე იქნა დაყვანილი ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების მმართველობის პერიოდში. 2005 წლიდან მოყოლებული, პროცედურები საერთოდ მოისპო და ამ ხელისუფლებამ და გარემოს დაცვის (სამინისტროს) ვერც ერთმა ხელმძღვანელმა ვერ შეძლო დემოკრატიის უზრუნველმყოფი მექანიზმების აღდგენა და ეს იქნება მომავალი მინისტრის ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევა“.

ჯერჯერობით ცნობილი არ არის, თუ ვინ დაიკავებს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის პოსტს. როგორც პრემიერ-მინისტრმა თქვა 28 აპრილს, ახალი მინისტრის ვინაობა რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი. ირაკლი ღარიბაშვილი აკონკრეტებს მხოლოდ იმას, რომ ამ პოსტზე არ განიხილება ბიძინა გიორგობიანის კანდიდატურა. გიორგობიანი ამჟამად მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის უფროსია.