ლევან ყიფიანი სავარაუდოდ, პოსტიდან გადაყენებულია

ლევან ყიფიანი სავარაუდოდ, პოსტიდან გადაყენებულია

სპორტის მინისტრი ლევან ყიფიანი დაკავებული თანამდებობიდან სავარაუდოდ, გადაყენებულია. როგორც for.ge-ს პოლიტიკურ კულუარებში განუცხადეს, პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ყიფიანს პოსტი დაატოვებინა.

წყაროს ცნობით, მთავრობის ხელმძღვანელმა ყიფიანის თანამდებობიდან გადაყენების გადაწყვეტილება წუხელ მიიღო.

for.ge აღნიშნული ინფორმაციის გადამოწმებას თავად ლევან ყიფიანთან შეეცადა, თუმცა, მან ჩვენს არც სატელეფონო ზარებს და არც მოკლე ტექსტურ შეტყობინებას არ უპასუხა.

ყიფიანისგან განსხვავებით, პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საკითხთა კომიტეტის წევრებმა for.ge-ს სატელეფონო ზარებს უპასუხეს, თუმცა, მათ მინისტრის პოსტიდან წასვლის თაობაზე ინფორმაცია არც უარყვეს და არც დაადასტურეს. კანონმდებლები დაგვპირდნენ, რომ დღის განმავლობაში ინფორმაციას დააზუსტებენ და შეფასებას მოგვიანებით გააკეთებენ.

იმ შემთხვევაში, თუკი ლევან ყიფიანის პოსტიდან წასვლა დადასტურდება, მთავრობა ნდობის გამოცხადებისთვის პარლამენტში შევა, რადგან კონსტიტუციის მიხედვით, მინისტრთა კაბინეტის 1/3-ის შეცვლის შემდეგ, ანუ, პოსტიდან მეშვიდე მინისტრის წასვლის შემდეგ, დეპუტატები მთავრობისთვის ნდობის გამოცხადებაზე მსჯელობენ.

აღსანიშნავია, რომ წყაროს ცნობით, შესაძლოა, ყიფიანის გარდა, პოსტების დატოვება თავდაცვის მინისტრ მინდია ჯანელიძესა და სოფლის მეურნეობის მინისტრს, ოთარ დანელიასაც მოუწიოთ.

თუკი ჯანელიძე-დანელიას პოსტიდან გაშვებას ოპოზიცია ითხოვდა, ყიფიანს პარლამენტის სპორტის კომიტეტის 11 წევრი დაუპირისპირდა და მათ შორის კონფლიქტი 25 მარტს გამართულ დახურულ სხდომაზე გამწვავდა, რომელიც ექსკლუზიურად for.ge-მ გააშუქა.

შეგახსენებთ, რომ სპორტსმენმა დეპუტატებმა სპორტის სამინისტროს 2014 წლის საქმიანობა არადამაკმაყოფილებლად შეაფასეს და დოკუმენტი შემდგომი რეგირებისთვის პრემიერ-მინისტრს გადაუგზავნეს. ამასთანავე, დეპუტატები დაიმუქრნენ, რომ თუკი ირაკლი ღარიბაშვილი ყიფიანს თანამდებობაზე დატოვებდა, ისინი მინისტრის თანამდებობრივი პასუხისმგებლობის საკითხს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დასვამდნენ.

სპორტსმენ დეპუტატებს ყიფიანის პოსტიდან გაშვებასთან დაკავშირებით ლოდინი დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში მოუწიათ, მაგრამ მათ ამ ვადაში, საქმის კურსში სავარაუდოდ, ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი ჩააყენეს, რომელსაც ბიზნეს-ცენტრში ეწვიენ. ამას გარდა, კანონმდებლებმა ყიფიანის უწყების მიმართ საკუთარი უკმაყოფილება განცხადების სახით ჩამოაყალიბეს და საკუთარი კითხვები ათ პუნქტად გამოქვეყნეს, რომელთა შორის პრეტენზიები სამინისტროს მიერ საბიუჯეტო სახსრების განაწილებას, ასევე მასობრივი სპორტის განვითარებასა და უწყებაში დასაქმებული კადრების კვალიფიკაციას უკავშირდებოდა.

იმ შემთხვევაში თუკი, მინისტრთა კაბინეტს ნდობის გამოცხადება დასჭირდება, უმრავლესობას 76 დეპუტატის მობილიზება დასჭირდება, რადგან მთავრობას ხელახალი დამტკიცებისთვის სწორედ ამ რაოდენობის ხმები სჭირდება.