„კაბელების საქმე“

„კაბელების საქმე“

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, 6 მაისისთვის გადაიდო წინასასამართლო სხდომა ე.წ. „კაბელების საქმეზე“, რომლის განხილვა დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს. 27 აპრილს დაცვის მხარემ წარადგინა მტკიცებულებების ნუსხა, რომლის წაკითხვის შემდეგაც მხარეებმა დააყენეს შუამდგომლობები გარკვეულ მტკიცებულებათა დაუშვებლად ცნობის შესახებ.

თბილისის საქალაქო სასამართლო განიხილავს სისხლის სამართლის საქმეს, რომელსაც მთავარი პროკურატურა პირობითად „თავდაცვის სამინისტროს კაბელების საქმეს“ უწოდებს და რომლის მიხედვითაც, 2014 წლის 28 ოქტომბერს საქართველოს მთავარმა პროკურატურამ თავდაცვის სამინისტროს ერთი ყოფილი და ოთხი მოქმედი თანამშრომელი დააკავა, 4 მილიონ 100 ათასი ლარის გაფლანგვის ბრალდებით. პროკურორმა ნინო აღლემაშვილმა 27 აპრილს გამართული სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ ბრალდებამ სასამართლოს წინაშე რამდენიმე შუამდგომლობა დააყენა და მტკიცებულებათა დაუშვებლად ცნობა მოითხოვა:

„ვფიქრობ, რომ მათი ნაწილი არის კანონდარღვევით მოპოვებული, ნაწილს კი არ აქვს კავშირი საქმესთან. კონკრეტულად, საუბარია ექსპერტიზის დასკვნაზე, რომელიც დაცვის მხარემ მოიპოვა. ექსპერტიზა ჩატარდა კანონის არსებითი მოთხოვნების დარღვევით: კერძო საკუთრება შემოწმდა ისე, რომ მესაკუთრისგან არ იქნა თანხმობა მიღებული“.

პასუხად განსასჯელთა ადვოკატმა იოსებ ბარათაშვილმა თქვა, რომ ექსპერტიზაში, რომელიც კანონის სრული დაცვით ჩატარდა, ორი ექსპერტი მონაწილეობდა. ერთმა ზეწოლას ვერ გაუძლო და ხელი არ მოაწერა დასკვნას, თუმცა ყველა შეკითხვას მოაწერა ხელი მეორე ექსპერტმა და მისი ნამდვილობა დაადასტურა ექსპერტიზის ცენტრის ხელმძღვანელმა. რაც შეეხება დაცვის მხარის შუამდგომლობას, იოსებ ბარათაშვილის თქმით, სხვადასხვა მიზეზის გამო 200-მდე მტკიცებულება უნდა იქნეს ცნობილი დაუშვებლად:

„გარკვეული მტკიცებულებები დაგვიანებით იქნა გადმოცემული, ნაწილი საერთოდ არ გადმოგვეცა დაცვის მხარეს. ნაწილი ბრალდების მხარემ სასამართლოში არ წარადგინა ან დაგვიანებით წარადგინა. ერთ-ერთი უმთავრესი მტკიცებულება, რომლის დაუშვებლად ცნობასაც დაცვის მხარე ითხოვს, ესაა ბრალდების მხარის ექსპერტიზის დასკვნა. უხეშადაა დარღვეული საკანონმდებლო ნორმები დასკვნის მომზადების დროს, ვინაიდან ექსპერტს არ აქვს უფლება დამოუკიდებლად მოიპოვოს მტკიცებულებები. ამიტომ ერთმნიშვნელოვნად დაუშვებელია ასეთი მტკიცებულება. თავის მხრივ, ეს დასკვნა არის ის დოკუმენტი, რომლითაც გამოთვალეს თითქოსდა გაფლანგული თანხის ოდენობა“.

ადვოკატის თქმით, ექსპერტიზის დასკვნა ეყრდნობა წერილს, რომელიც ბუნებაში არ არსებობს და რომელიც ბრალდების მხარეს საერთოდ არ წარმოუდგენია, თუმცა, საპროცესო კოდექსის მიხედვით, შეუმდგომლობებთან დაკავშირებით დაცვისა და ბრალდების მხარეებმა უნდა მოამზადონ წერილობითი პასუხები და წარუდგინონ მოსამართლეს უახლოეს პროცესზე, რომელიც 6 მაისისთვისაა დანიშნული, მანამდე კი განსასჯელები დარჩებიან პატიმრობაში, რაც პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთი ლიდერის, ირაკლი ჩიქოვანის, თქმით, უსამართლობაა იმის გამო, რომ მათი დანაშაული წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება.

„საქმეში კვლავ არ არსებობს მოტივი და რეალურად ვერანაირად ვერ შეძლებდნენ დანაშაულის ჩადენას. აქედან გამომდინარე, ვფიქრობთ, რომ მას შემდეგ, რაც ეს მტკიცებულებები უკვე წარდგენილია სასამართლოში, პრაქტიკულად შესრულებულია ყველა საგამოძიებო მოქმედება, აბსოლუტურად არანაირი აზრი არ აქვს იმ უსაფუძვლო არგუმენტსაც კი, რომელიც პროკურატურას ჰქონდა თავის დროზე, თითქოს ეს ადამიანები შეძლებდნენ გამოძიებაზე ზეგავლენა მოეხდინათ. ეს არგუმენტიც კი არ არსებობს იმისათვის, რომ განსასჯელები დარჩნენ პატიმრობაში“, უთხრა ირაკლი ჩიქოვანმა რადიო თავისუფლებას.

თუმცა, როგორც ადვოკატმა იოსებ ბარათაშვილმა რადიო თავისუფლებას უთხრა, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მიხედვით, ვიდრე არ ამოიწურება მტკიცებულებათა დასაშვებობის საკითხი, დაცვის მხარეს არ შეუძლია დააყენოს შუამდგომლობა აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შესახებ.

„როგორც კი ამოიწურება ეს საკითხი, პირველი შუამდგომლობა, რომელსაც დააყენებს დაცვის მხარე, იქნება ბრალდებულთათვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შესახებ შუამდგომლობა, რასაც მოჰყვება სხვა შუამდგომლობა, კერძოდ, საქმის შეწყვეტის შუამდგომლობა“, უთხრა იოსებ ბარათაშვილმა რადიო თავისუფლებას.