“ყველას ვერ დაგვიჭერენ!” - კანონპროექტი, რომელიც კომუნისტების ეპოქაში გვაბრუნებს

“ყველას ვერ დაგვიჭერენ!” - კანონპროექტი, რომელიც კომუნისტების ეპოქაში გვაბრუნებს

საქართველოს პარლამენტი აპირებს, ქვეყანაში შუღლის გაღვივების კანონზე იმსჯელოს, რომლის თანახმადაც, მარტივად რომ ვთქვათ, გარკვეული შინაარსის მოსაზრების (პოზიციის) საჯაროდ დაფიქსირების საფუძველზე, პირის, ან პირთა ჯგუფის (ასევე, იურიდიული პირის) მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყება გახდება შესაძლებელი, რაც, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, 2 წლამდე პატიმრობით დასრულდება. რას მოგვიტანს სოციალური აქტივობის დანაშაულად შერაცხვა, შესაძლებელი იქნება თუ არა ზემოხსენებული ნორმის ისე ინტერპრეტირება, რომ უდანაშაულო ადამიანი დამნაშავედ გამოცხადდეს და ყველაფერ ამას კონსტიტუციით გარანტირებული გამოხატვის თავისუფლების უფლება ხომ არ შეეწირება? - “ქართული სიტყვააგრძელებს საუბარს ადვოკატ ელზა ჯმუხაძესთან.

- ელზა, ახალი საკანონმდებლო ინიციატივა რას მოგვიტანს, მალე ყველას დაგვიჭერენ?

- თავიდანვე ახალი ხელისუფლება ძველს ისე გულიანად ჩაეხუტა, რომ მგონი, ,,ხარი ხართან დააბი” დაემართა. ვფიქრობ, ტოტალიტარიზმისა და ავტორიტარიზმისკენ მიდრეკილება ან ,,გადამდებია”, ან ამ სავალალო ,,გადახრას” მაღალი თანამდებობა და თბილი სავარძლის დაკარგვის შიში იწვევს. ერთი წუთით წარმოვიდგინოთ, ასეთი საკანონმდებლო ინიციატივა “ნაციონალებს” რომ წამოეყენებინათ, როგორ ,,გაიწეწავდნენ თმას” საპარლამენტო უმრავლესობის ის თვალსაჩინო წარმომადგენლები, რომლებიც, ვიდრე პარლამენტარები გახდებოდნენ, ჟურნალისტები, ან უფლებადამცველები იყვნენ. დღეს კი, ამ კანონპროექტთან დაკავშირებით არათუ ჩუმად არიან, მგონი, ოცნებობენ, თავიანთი მალე გაიტანონ და ჩვენი სოციალური აქტივობის, ან თამამი აზრის გამოხატვის გამო ყველანი ,,ჩაგვაყუდონ”!

- ანუ, კანონპროექტი, მართლაც, ყველას ხელის ერთი მოსმით დაპატიმრებას გულისხმობ?

- ყველას ხელის ერთი მოსმით დაჭერა, ვინც ხელისუფლების მოსაწონ აზრებს არ აფრქვევს, ძალიანაც რომ უნდოდეთ, არ გამოუვათ, რადგან სხვა ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, საქართველოში არაერთი ისეთი უცხოელი დამკვირვებელია, რომლის აზრიც ყველა დონეზე ანგარიშგასაწევია. საბედნიეროდ, დღეს იმის საშუალება აღარაა, ერთი ფეხი დემოკრატიული ღირებულებებისკენ, მეორე კი, აშკარა ტოტალიტარიზმისკენ ისე გადადგა, “ცენტრიდან” უხერხული დასანახი არ გახდე! მსოფლიოში არის ქვეყნები, სადაც არათუ საკუთარი აზრის საჯაროდ გამოთქმა, სხვის მიერ საჯაროდ გამოთქმული მოსაზრების გაცნობა და ინტერნეტიც კი აკრძალულია. საქართველომ კომუნისტური წარსული გამოიარა, სადაც ცენზურის სიმკაცრის მიუხედავად, ხალხი წარმატებით ახერხებდა საკუთარი აზრის ქვეტექსტით გადმოცემას. მართალია, ამისთვის იჭერდნენ, მაგრამ მათ, ვინც სიმართლეს შეფარვით, ალეგორიით ამბობდა და ვისაც ამ სიმართლის გაგონება სწყუროდა, რისკად უღირდათ, ტოტალიტარიზმს ამ გზით დაპირისპირებოდნენ. საბედნიეროდ, მჯერა: ჩვენი ქვეყანა ასეთ ბნელსა და უკუნში ვეღარასოდეს აღმოჩნდება, მაგრამ საამისოდ მხოლოდ გულის მოფხანის მიზნით ლაყბობა შედეგს ვერ მოგვიტანს. ილია ჭავჭავაძე ჯერ კიდევ როდის ამბობდა, გულის ფხანა რაღა დარდუბალაა, ფხანა ქეცმა იცისო. მოკლედ, თუ არ გვინდა, ,,პოლიტიკური ქეცი” შეგვეყაროს, მეტად უნდა გავაქტიურდეთ და ხელისუფლებას ჩვენი ,,საინფორმაციო ღრუს” დახშობის საშუალება არ უნდა მივცეთ! ვიღაცის არმოსაწონი სოციალური აქტივობის გამო, სასჯელის დაწესება იმ დროს, როდესაც ძალოვანი უწყების შესაფასებელი იქნება, ვისი და როგორი საჯაროდ გამოთქმული მოსაზრება შეიძლება შეფასდეს დანაშაულად, არათუ წარსულში დაგვაბრუნებს, იმ შავ-ბნელ წარსულს იქითაც გადაგვისვრის. თვით კომუნისტებიც კი, რომელთაც ლამის ჩვენი სიზმრების გაშიფვრაში ბადალი არ ჰყავდათ, ნებისმიერ კანონპროექტსა და ამ კანონპროექტის შესახებ სპეციალისტების, ასევე, საზოგადოებრიობის თვალსაჩინო წარმომადგენლების მოსაზრებებს ჯერ გაზეთში აქვეყნებდნენ და კანონად მხოლოდ ამის შემდეგ ამტკიცებდნენ...  

- ნებისმიერ და ამ კანონპროექტთან დაკავშირებითაც აქტიურად გამოითქმის მოსაზრებები, ანუ ჯერ კიდევ გვაქვს დრო საკუთარი აზრი გამოვთქვათ, არა?

- მოსაზრებები კი გამოითქმის, მაგრამ უბედურება ისაა, რომ მხოლოდ ერთმანეთს შევჩივით და რეალურად, ამ მოსაზრებებს კენჭისყრის დროს არავინ ითვალისწინებს. სამწუხაროდ, პარლამენტში ყველაფერს ერთი, ე.წ. გუნდური პრინციპით განიხილავენ: გუნდი თუ შეთანხმდა, რომ ამა თუ იმ კანონპროექტს მხარი უნდა დაუჭიროს, დაუჭერს კიდეც. ასეთი მიდგომა სავალალოა, რადგან საბოლოოდ, არაერთი უკანონობის და სისულელის დაკანონება ხდება. პოლიტიკური გუნდი ერთ აზრზე უნდა იდგეს პრინციპულ პოლიტიკურ და არა - ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით. თუ ყველაფერი ერთი ,,დირიჟორის” ჯოხის აქნევაზეა დამოკიდებული და პოლიტიკური გუნდის წევრები მხოლოდ ამ ,,ჯოხს” ხედავენ, ამას პოლიტიკური გუნდი კი არა, მწყემსის მეთვალყურეობის ქვეშ მყოფ ცოცხალ არსებათა სიმრავლის გამომხატველი სხვაგვარი სახელი ჰქვია, რის დაკონკრეტებასაც ახლა, უბრალოდ, საკუთარ თავს არ ვაკადრებ, თორემ ამ კანონპროექტის ძალაში შესვლისა კი არ მეშინია!

- ეს კანონპროექტი უკანონობას და სისულელეს აკანონებს?

- როდესაც არსებობს და მოქმედებს კანონმდებლობა, რომლითაც ნებისმიერი სახის მუქარა, ასევე, ყოველგვარი ომის, ძალადობის, ხელისუფლების დამხობის, ყველა სახის დისკრიმინაციის და სხვა ძალადობრივი ხასიათის დანაშაულობების ჩადენა და ამ დანაშაულისკენ მოწოდება, ასევე, შეკვეთა-ორგანიზება ისედაც დასჯადია, საჭირო ნამდვილად აღარაა სპეციალური ნორმის შემოღება. მასმედიის საშუალებებმა ძალიან კარგად იციან, რომ სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების გამოყენება ამა თუ იმ სახის შუღლის გასაღვივებლად და დანაშაულის ჩასადენად არ შეიძლება. ამიტომაც გაზეთი, რადიო, ტელევიზია თუ საინფორმაციო სააგენტო ასეთი შინაარსის განცხადების გაკეთების საშუალებას არავის აძლევს. ეს ძალიან კარგია, რადგან ქვეყანაში ყველა ჯურის, ზნისა და ხასიათის ადამიანის თავის ნებაზე მიშვება სერიოზულ პრობლემებს ქმნის, მაგრამ ის, რის დაკანონებაც ახლა უნდათ, ნამეტანია და, მე თუ მკითხავთ, საზოგადოებაში შუღლს, დაპირისპირებას და ქაოსს სწორედ ეს კანონი გამოიწვევს.

- ელზა, ამას რატომ ამბობ?

- ყველა ნორმალურ ქვეყანაში, ადამიანებს აქვთ და უნდა ჰქონდეთ თავისუფალი სიტყვის საჯაროდ თუ კულუარულად თქმის საშუალება. გამოხატვის თავისუფლება დემოკრატიულ ღირებულებათა შორის ერთ-ერთი უმთავრესია. ამ კანონპროექტის ყველა დეტალს ახლა ვერ ჩავუღრმავდები, მაგრამ მთავარზე აუცილებლად უნდა ვთქვა და ეს ,,მთავარი” ისაა, რომ კანონის ამოქმედების შემთხვევაში, ჩვენი ნებისმიერი მწვავე გამონათქვამი შესაძლებელია, სანანებელი გაგვიხდეს. სიტყვა ისეთი რამაა, რომლის უკან დაბრუნებაც ჭირს, თორემ სხვადასხვაგვარად გაგება თავისუფლად შეიძლება. როგორც წეღან გითხარით, სოლიდური და თავმოყვარე მედიასაშუალებები ყოველთვის მშვენივრად აკონტროლებენ, რომ ვინმე გადარეულმა ეს საშუალებები ომის გამოსაცხადებლად და ძალადობრივი ხასიათის მოწოდებებისთვის არ გამოიყენონ, მაგრამ თუ ამ მედიასაშუალებებში, ასევე, სოციალურ ქსელებში გამოთქმული მოსაზრებების შეფასების კანონიერი უფლება ძალოვან უწყებებს მიეცემათ, ნებისმიერ მწვავე გამოსვლაში შეიძლება, დანაშაულისა და სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების ნიშნები დაინახონ, ანუ გამოვა, რომ ან ხალხი დაშინდება და დადუმდება, ან ჩვენს სასამართლოებს მეტი საქმე აღარ ექნებათ, გარდა იმისა, რომ ხალხი საკუთარი აზრის გამოთქმის გამო კონა-კონა გაასამართლონ და ყველას ორ-ორი წელი ჩამოგვირიგონ. ,,ზეციური საქართველო” გამიგია, მაგრამ ამ კანონის ამოქმედების შემთხვევაში, ჩვენ, ყველას ,,სატუსაღო საქართველოში” გადასახლების დიდი პერსპექტივა გაგვიჩნდება! ბარემ, ადგნენ და სამზარეულოებშიც ჩამოგვისხდნენ, სადაც, სტატისტიკურად, პოლიტიკური ამბები ყველაზე აქტიურად ირჩევა...

- ადამიანმა თამამი აზრი სუფრაზე, ანუ გარკვეულწილად საჯაროდ რომ გამოთქვას და ეს ვინმემ ფარულად ჩაწეროს, რა მოხდება?

- პაპაჩემი, სოლომონ ჯმუხაძე, ქაქუცა ჩოლოყაშვილის შეფიცული ძმების თანამზრახველი იყო და სულით ხორცამდე სძულდა კომუნისტები. ერთხელ, სუფრიდან ამდგარა და ნასვამს ჩაულაპარაკია, წავალ, კომუნისტებს გადავაფსამო. ნახევარ საათში თავზე დაადგნენ და იმ სუფრიდანვე აიყვანეს! ასე რომ, თუკი ეს უკვე ავადსახელგანთქმული კანონი ძალაში შევა, ნებისმიერი ფორმით გამოთქმული ნებისმიერი დაუფიქრებელი სიტყვა შეიძლება, შარად გვექცეს. მალე, ალბათ, იმასაც მოახერხებენ, რომ ასეთი შინაარსის ფარული ჩანაწერი კანონიერად სცნონ ისევე, როგორც ეს სხვა, ძალადობრივი ხასიათის დანაშაულის შემთხვევაში, დღესაც შესაძლებელია.

- მაგალითად?

- ვიცით, რომ მუქარა, თუ ის რეალურია, კანონით დასჯადია, ამიტომ, თუ ადამიანმა მოახერხა და მუქარა, თუნდაც, ფარულად ჩაიწერა, ამ ჩანაწერის პროცესუალურად დამაგრება შესაძლებელია. არაერთხელ შევსწრებივარ, როდესაც ქორწილში, გასვენებასა თუ ავტობუსის გაჩერებაზე მყოფი ხალხი ერთმანეთს შესჩივის გაჭირვებას და ამ დროს ბევრჯერ ხელისუფლების მისამართით საკმაოდ ხმამაღლა ამბობს, ეს პარლამენტიც და მთავრობაც თავპირისმტვრევით გასარეკიაო. კანონმა რომ მოგვცეს საშუალება, ჩავეძიოთ და სიტყვასიტყვითი მნიშვნელობით გავშიფროთ ეს გამონათქვამი, შესაძლოა, თავისუფლად მივიდეთ დასკვნამდე, რომ ამის მთქმელს არეულობისა და რევოლუციის მოწყობა უნდა, ამიტომ  დასაჭერია.

- ფილმი ,,მონანიებაგამახსენდა: ყველამ ლონდონდან ბომბეიმდე გვირაბის გათხრა დავიბრალოთ, მთელი მოსახლეობა რომ ბრალდებული აღმოჩნდება, ხელისუფლება მიხვდება, რომ ისი ბრალდებები აბსურდამდეა მისული და თავს დაგვანებებენო...

- ნამდვილად კარგი პარალელია: იმ შემთხვევაში, თუკი ეს კანონპროექტი კანონად გვიქციეს, სხვა გამოსავალი აღარ დაგვრჩება, გარდა იმისა, რომ ჩვენს მოქალაქეობრივ მოვალეობად მივიჩნიოთ, ვისაც ქვეყანა გვიყვარს, ყოველდღიურად თითო ისეთი ,,პოსტი”, ან კომენტარი მაინც “დავაგდოთ” “ფეისბუქზე”, რომელზედაც პროკურატურა იძულებული იქნება, რეაგირება მოახდინოს. მერე ვნახავთ, როგორ მოასწრებენ ყველა კონკრეტულ ,,ფაქტზე” გამოძიების ჩატარებას, მთელი საქართველოსთვის ბრალდებების წარდგენას, ამ ბრალდებების სასამართლოში მხარდაჭერას და ბოლოს, ამდენი პატიმრის შენახვას!

- მოკლედ, ისე იქცევიან, ადამიანს ეგონება, ამ ქვეყანაში სამართალდამცავებს სხვა საქმე არ აქვთო, არა?

- ისე იქცევიან, რომ  საშუალება მიეცეთ, ყველას, ვისაც რამე არ მოსწონს, ხმა ჩააკმენდინონ, იმის ნაცვლად, რომ მაქსიმალურად ეცადონ, ხალხს სალაპარაკო არ მისცენ! დარწმუნებული ვარ, ამ კანონპროექტის შემოქმედთ და მის მხარდამჭერებს იმის იმედი აქვთ, რომ ამ გზით ხალხს გააჩუმებენ, რაც, კიდევ ვიმეორებ, არ გამოუვათ. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ გამწარებული ადამიანი ისეთია, პირი რომ ამოუკერო, ლაპარაკს სხვა ადგილით დაიწყებს!

- ნეტავ, ისინი, ვინც ეს კანონპროექტი შექმნეს ან ვინც მის მხარდაჭერას აპირებენ, მარსზე ხომ არ ცხოვრობენ, საკუთარ ხალხს არ იცნობენ?

- ხანდახან მგონია, პარლამენტსა და სხვაგანაც სპეციალურად ხდება ისეთი ამბები, რაც წყალს პირდაპირ ყოფილი ხელისუფლების წისქვილზე ასხამს. ამიტომ ვფიქრობ, რომ ვინც პერიოდულად და პერმანენტულად ასეთ ,,სიბრძნეებს” გვახვევს, ნამდვილად იმისთვის ირჯება, რომ ხალხმა ,,მეოცნებეების” ხელისუფლებაში მოყვანა ინანოს. ვისაც ასეთი იმედი აცოცხლებს, ერთი რამ კარგად უნდა იცოდეს: ხალხს, შესაძლოა, ახალი ხელისუფლება არ მოსწონდეს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ,,ნაციონალების” მობრუნება უნდა!

- არ შემიძლია, დღევანდელი საუბარი ისე დავასრულოთ, განსახილველი კანონპროექტის ერთ ძალიან საჩოთირო პასაჟზე, კერძოდ, იურიდიული პირის ლიკვიდაციის შესაძლებლობაზე არ გკითხო: ამ კონტექსტში სიტყვა ,,ლიკვიდაციარას ნიშნავს?

- კანონპროექტის მიხედვით, შესაძლებელი იქნება იმ იურიდიული პირის ლიკვიდაცია, რომელსაც ამავე კანონის მიხედვით, დაუმტკიცდება ისეთი რამის საჯაროდ თქმა, რაც შუღლსა და დაპირისპირებას გამოიწვევს. თავიდანვე უნდა ითქვას, რომ შუღლისა და დაპირისპირების გამოწვევა შეუძლია არა სიტყვას, არამედ, იმ სიტუაციას, რომელშიც და რომლის გამოც ეს სიტყვა ითქმება. შესაბამისად, თუ სამართლიანობაზეა საუბარი, მაშინ ისინიც უნდა დავსაჯოთ, ვინც თავისი ქმედებითა თუ უმოქმედობით ასეთ დაძაბულ სიტუაციას შექმნის. ასეთ შემთხვევაში, თუ ლაპარაკი იქნება თამამი აზრის და პოზიციის გამო ადამიანის, ან იურიდიული პირის დასჯაზე, ავტომატურ რეჟიმში დაისჯებიან ისინიც, ვინც ადამიანი ან ორგანიზაცია მდგომარეობიდან გამოიყვანა და ხმამაღალი სიტყვა ათქმევინა. ეს ისე, ლირიკისთვის, ახლა კი, რაც შეეხება იურიდიული პირის ლიკვიდაციის თემას, კანონით, სამოქალაქო ურთიერთობაში ჩვენ, ყველანი ფიზიკური პირები ვართ, მაგრამ თუ ჩვენი საქმიანობა რაიმე ორგანიზაციის სახელით მოვინდომეთ, საამისოდ უნდა გავიაროთ სათანადო რეგისტრაცია, რის შემდეგაც, უკვე იურიდიული პირები ვიქნებით. შესაბამისად, თუ გავაკეთე რაიმე არასასურველი, საკანონმდებლო ნორმის შეუსაბამო განცხადება, უნდა მომისაჯონ ორი წელი, ხოლო თუ ვარ იურიდიული პირი, ანუ მაქვს ორგანიზაცია და განცხადება გავაკეთე ამ ორგანიზაციის სახელით, ორ წელსაც მომისჯიან და ორგანიზაციის ლიკვიდაციას (გაუქმებასაც) მოახდენენ. ასე რომ, მოსალოდნელია, დაიხუროს მედიასაშუალებები და სხვადასხვა სახის ორგანიზაციები მხოლოდ იმიტომ, რომ ვიღაცას ამ ორგანიზაციის სახელით და საშუალებით საჯაროდ გამოთქმული პოზიცია არ მოეწონება. ამ კანონპროექტის კონტექსტში ,,ლიკვიდაცია”, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს, სიკვდილით დასჯას, მაგრამ როდესაც კაცს გაუუქმებ ორგანიზაციას, რომლითაც ეს კაცი არსებობს და სულდგმულობს, ყველანაირი გაგებით, ეს, რეალურად, სიკვდილის ტოლფასია. მოკლედ და კონკრეტულად: ამდენი ,,მახათის გაყრას” ურჩევნიათ, სისხლის სამართლის კოდექსში არსებული ის ნორმა აამოქმედონ, რაც კომპიუტერულ დანაშაულს შეეხება და მას სჯის, ვინც უკანონოდ შეაღწევს სხვის კომპიუტერში და მოიპოვებს პერსონალურ ინფორმაციაზე უკანონოდ წვდომის საშუალებას. ამის გაკეთება არ უნდათ, რადგან იციან, რომ ნახევარი საქართველო მეორე ნახევრის კომპიუტერში დაძვრება, უსმენს “სკაიპს”, შიფრავს “ფეისბუქში” პირად მიწერ-მოწერას და შემდეგ, ყველაფერ ამას ადამიანის დისკრედიტაციისთვის იყენებს!