“თავიდან მჯეროდა, რომ სააკაშვილი მანიაკ მკვლელს სამაგალითოდ დასჯიდა

“თავიდან მჯეროდა, რომ სააკაშვილი მანიაკ მკვლელს სამაგალითოდ დასჯიდა"

მთავარმა პროკურატურამ 2004 წლის 24 ნოემბერს, დიდუბეში მოკლული ბუტა რობაქიძის დედას, ია მეტრეველს მოწმეთა დაცვის პროგრამაში ჩასმა შესთავაზა, რის მიზეზიც პატიმრობაში მყოფი ლაშა შავიძის განცხადება გახდა, რომელიც იური ვაზაგაშვილის მკვლელობის მერე გააკეთა. ლაშა შავიძე სასჯელს იხდის, როგორც ნარკოტიკების მომხმარებელი. ამასთან, კრიმინალურ საქმეებშიც იყო შემჩნეული. შავაძის თქმით, სურვილი აქვს, წინა ხელისუფლების პოლიციის მაღალჩინოსნების უკანონო ქმედებებს ფარდა ახადოს. პატიმრის თქმით, 2008 წელს პირადად შეახვედრეს აფხაზეთის შს სამმართველოს მაშინდელი უფროსის მოადგილე ირაკლი ფირცხალავას, რომელმაც ია მეტრეველის მოკვლა დაავალა. სცენარის მიხედვით, მაღაზიაში შესული ქალბატონის დაყაჩაღების ინსცენირების დროს, მისთვის ტყვია პირდაპირ შუბლში უნდა დაეხალა. გარდა ამისა, ლაშა შავიძეს ისეთი პიროვნება უნდა ეპოვნა, ვინც იტყოდა, ზურა ვაზაგაშვილმა გამიტაცა, დამჭრაო და .. სამაგიეროდ, შავიძეს ციხეში საუკეთესო პირობები, ანუ .. მწვანე ბილეთი ექნებოდა და არც ნარკოტიკი მოაკლდებოდა. თუ ამ დავალებების შესრულებაზე უარს იტყოდა, პატიმარს ოცწლიანი სასჯელი ელოდა. როგორც ლაშა შავიძე აცხადებდა, დავალებას ირაკლი ფირცხალავა, კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის პირველი სამმართველოს უფროსი გიორგი ხიზანიშვილი და კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის უფროსი კახა ლეგაშვილი აძლევდნენ. ყველაფრის საქმის კურსში კი, ვანო მერაბიშვილის მოადგილე, გია ლორთქიფანიძე იყო, თუმცა გეგმის განხორციელებას ხელი 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომმა შეუშალა... ,,ქართული სიტყვაია მეტრეველს ესაუბრა:

- ლაშა შავიძე თვალით არასოდეს მინახავს - მხოლოდ სატელეფონო საუბრები გვაქვს. იური ვაზაგაშვილის სიკვდილის მერე, პირველად დამირეკა და კატეგორიულად გამაფრთხილა, რომ ჩემს სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. როგორც აღმოჩნდა, სათანადო სტრუქტურის წარმომადგენლებს ჩემი ლიკვიდაცია ჯერ კიდევ 2008 წელს ჰქონდათ დაგეგმილი. სწორედ ამ მიზნით ,,დაამუშავეს” - ყველა დეტალი შეათანხმეს, მაგრამ ომმა ხელი შეუშალათ და უთხრეს, ახლა მაგისთვის არ გვცალიაო. ასე გადაიდო ჩემი მოკვდინების საკითხი. ამის მერე ეს ბიჭი ქვეყნიდან იყო წასული, იმალებოდა კიდეც, მაგრამ ნარკოტიკების მოხმარებისთვის დააკავეს და ახლა საპატიმროშია.

- ბოლოს როდის დაგიკავშირდათ?

- ხშირად მირეკავს. სხვათა შორის, ახლაც მეუბნება, რომ ფრთხილად ვიყო.

- მასში ეჭვი არ გეპარებათ?

- არა. მის დაცვაზე პირადად ვიზრუნე, სასჯელაღსრულების უწყება და კახი კახიშვილი მარწმუნებს, რომ მისი უსაფრთხოება დაცულია.

- საფრთხის შეგრძნება გაქვთ? შავიძის სკანდალური განაცხადის მერე ფარული თვალთვალი ხომ არ შეგინიშნავთ?

- განსაკუთრებული არაფერი შემინიშნავს, მაგრამ დღეს უსაფრთხო ვისი სიცოცხლეა? ერთადერთი შვილი მომიკლეს და ათი წელია, არ ვჩერდები, სამართალს ვითხოვ.

- პროკურატურის მიერ შემოთავაზებულ მოწმეთა დაცვის პროგრამაზე უარი რატომ თქვით?

- იცით? - უკვე იმ ზღვარზე ვარ, რომ არაფრის აღარ მეშინია, რაღა ფასი აქვს ჩემს სიცოცხლეს?! დღესაც ვერ ვივიწყებ იმ დღეს, თუ როგორ გაივსო ჩემი სახლი ნიღბიანი სპეცრაზმელებით, რომლებსაც, თურმე, ტყვიების ,,ჩადება” უნდოდათ, რათა თავიანთი მხეცური საქციელის მოტივი გაემყარებინათ. ვერ ვივიწყებ, თუ როგორ ვეძებდი საავადმყოფოში, როგორც მითხრეს, დაჭრილ ჩემს ერთადერთ შვილს, რომელიც ცოცხალი აღარ იყო. დიდი ხანია, ყველაფრისთვის მზად ვარ, ამიტომაც მოხდეს, რაც მოსახდენია. სიკვდილის აღარ მეშინია!

- გამოძიებაში მოგვიანებით ჩაერთეთ, თავიდან ბუტას ბაბუა აქტიურობდა. ის ბუნებრივი სიკვდილით გარდაიცვალა?

- ბუტას ბაბუა სიმსივნის დიაგნოზით გარდაიცვალა.

- ქალბატონო ია, ,,ქართული ოცნებისდაპირებული ყბადაღებული სამართლიანობის აღდგენა არ შეგეხოთ, არა?

- ჩემთვის სამართალი ნამდვილად არ აღდგა, თუმცა პროკურატურა, ასევე, სასამართლო ისეთი აღარაა, როგორიც იყო. ახალგაზრდა სპეციალისტები თავს არ ზოგავენ და იმედი მაქვს, სამართალი საბოლოოდ გაიმარჯვებს, მაგრამ სასამართლო დარბაზში, პროცესებზე ჯდომა გაუსაძლისია - ყველა პროცესი მომაკვდინებელია, მაგრამ ჩემზე აღარაა ლაპარაკი, ახლობლები ისე ცუდად ხდებიან, რომ სამედიცინო დახმარება სჭირდებათ.

- რას გულისხმობთ?

- იმ ავაზაკების ქცევებს.

- და როგორ იქცევიან?

- ფირცხალავას და მიქაძის ადვოკატები, ამაზრზენი დემაგოგიით, მოსამართლეებსა და პროკურორებს შეურაცხყოფას აყენებენ. თავს ისე გრძნობენ, თითქოს ისევ ძველი დროა, თითქოს ქვეყანა მათია და შეტევაზე გადმოდიან, მაგრამ რა ვქნა, ვუძლებ, ჩემი შვილის ხსოვნისა და ბუტას მეგობრების გამო, რომელთაც ცხოვრება დაუმახინჯეს.  

- ანუ, ამ სისტემაში არაფერი შეცვლილა?

- ზუსტად მაგის მეშინია, რომ მათ სტრუქტურებში, სისტემაში მფარველები ჰყავთ და სწორედ მათი ხელშეწყობით მოკლეს იური ვაზაგაშვილი. მიკვირს, სტრუქტურები ამ საშინელი ამბის მერე მაინც რატომ ვერ გაწმინდეს, ვერ გამოაცხადეს დამნაშავე რეჟიმად სააკაშვილის მმართველობის ცხრა წელი, ვერ გაასამართლეს მთლიანად სისტემა? იქამდე მივედით, რომ ,,ნაციონალები” ძალას ახლიდან იკრებენ. მათ დიდძალი ფული აქვთ - ქვეყნის შიგნით ბიზნესებს ფლობენ, თანხები უცხოეთიდანაც შემოსდით და ამის საშუალება მათ დღევანდელმა ხელისუფლებამ მისცა. ღმერთმა ნუ ქნას, რომ ,,ნაციონალები” ისევ დაბრუნდნენ, დარწმუნებული ვარ, სიცოცხლის ფასად რომ დაუჯდეს, ამას ხალხი არ დაუშვებს. როგორი იმედით ვუყურებდი ხელისუფლებაში მოსულ ,,ქართულ ოცნებას”, როგორ მინდა, რომ ყველაფერს თავი გაართვას. “ოცნების” გვერდით ვიდექი, მაგრამ რეალობა ასეთია - ქუჩებში ისევ ღიად გვხოცავენ. ამისთვის მეც და ბატონი იურიც მთელი ცხრა წელი მზად ვიყავით, მაგრამ ის, რაც მაშინ ვერ გაბედეს, ახლა გაბედეს. იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ მკვლელობების სერია გაგრძელდება, ოღონდ არ ვიცი, შემდეგი ვინ იქნება. ის, რაც ქვეყანაში დღეს ხდება ,,ნაციონალების” ხელწერას ჰგავს. მსოფლიოს აჩვენებენ, რომ კრიმინალი გაიზარდა, დესტაბილიზაციაა და ამ ქმედებებით ქვეყანას მტრობენ. სამწუხაროდ, თითქმის ყველა ტელევიზია ერთმანეთს ეჯიბრება, მსოფლიოს დაანახოს, თუ როგორი არადემოკრატიულია საქართველო.

- რაც დრო გადის, ბუტა რობაქიძის საქმეში სიმართლის დამტკიცება უფრო არ ძნელდება?

- ამ საქმეში ყველაფერი, შავზე თეთრით, გარკვევით წერია. საზოგადოებისთვის ცნობილ ბოლოდროინდელ კადრების ავთენტურობაზე შუალედური დასკვნა მოვიდა, რომლის მიხედვითაც, კადრები გაყალბებულია. ასეც რომ არ იყოს, რამდენი წელია, ბუტას მეგობრებს ებრძვიან, ცდილობენ, როგორმე დაიყოლიონ, რათა თქვან, რომ მანქანაში თითქოს ერთი იარაღი მაინც იდო.

ერთი წუთით დავუშვათ, რომ ერთი იარაღი იყო, მაგრამ იმ კადრებს რას უშვრებიან, სადაც მთელი არსენალი - ავტომატი, საიდანაც ვითომ ბუტა ისროდა, “ლიმონკები”, ტყვიები, ნიღბებია წარმოდგენილი?

- საკუთარ ტყუილში გაიხლართნენ?

- სწორედ ასეა. ამ ერთი იარაღის თემას ებღაუჭებიან. კადრებში კარგად ჩანს, თუ როგორი დაბნეულები არიან. თავად ბაშალეიშვილი ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ გახლდათ, მაგათი დასაწვავი ,,ვარდების რევოლუციის” წლისთავი იყო და ყველანი ნაქეიფრები იყვნენ. ბაშალეიშვილს პათოლოგიური სიმთვრალე ჰქონია - დათვრება და იარაღს ეტანება, თურმე. სხვა დროსაც, სიმთვრალეში, კაცი დაუჭრია, რომლის შესახებ ბუტას ბაბუამ იცოდა. მაიზერ ლიპარტელიანს ბაშალეიშვილზე ბუტას მამისთვის უთქვამს, ასე უაზროდ ისვრის და ამის შესახებ ბევრჯერ ვთქვი, მაგ პათოლოგის პოლიციაში გაჩერება არ შეიძლებაო. ეს იმ კატეგორიის ხალხია, რომელსაც შეცდომის აღიარების უნარი არ აქვს.

- ბუტას მკვლელობის მონაწილე პოლიციელები არ გაწირეს და ამით საპატრულო პოლიციის იმიჯი დაიცვეს, არა?

- პატრული ,,ნაციონალების” ყველაზე საუკეთესო პროექტი იყო, რითიც თავს იწონებდნენ. ბუტას მკვლელობის მერე, მიხეილ სააკაშვილმა პატრულის დღეც დააწესა და მადლობას უხდიდა. დიახ, პოლიციის იმიჯი არ უნდა შელახულიყო და ბრძანებაც გასცეს, ამ საქმეს ბოლომდე მიაწექითო. ვიცი, რომ ოქრუაშვილიც ამ ,,მიწოლაში” სააკაშვილის თანამონაწილე იყო.

- იმასაც ამბობდნენ, რომ ბაშალეიშვილმა შემთხვევით გაისროლა...

- გრიგოლ ბაშალეიშვილმა ჩემს შვილს დამიზნებით ესროლა!

,,ვარდების რევოლუციას” ჩვენც სიხარულით შევხვდით - მაშინ სხვა განწყობა მქონდა და ვფიქრობდი, რომ ჩვენს ცხოვრებაში ახალი ერა დაიწყო. ბუტაც მეუბნებოდა: ,,იცი, დედა, რა კარგები არიან პატრულის თანამშრომლები? - ზრდილობიანები, თავაზიანები”. იმ ღამეს გიორგობის მისალოცად, პატივისცემის გამოსახატავად გადმოვიდა მანქანიდან და ტყვია დაახალეს. თავიდან მჯეროდა, რომ სააკაშვილი მანიაკ მკვლელს სამაგალითოდ დასჯიდა, მაგრამ ამას სააკაშვილის ისტერიული განცხადებები მოჰყვა ნულოვან ტოლერანტობაზე და ახალგაზრდებს ქუჩაში ახვრეტინებდნენ. სააკაშვილის მერე, ვანო მერაბიშვილმა განაცხადა, ხელი არ აგიკანკალდეთო. მეორე დღესვე თბილისში, პეკინის ქუჩაზე, საკუთარ სადარბაზოსთან ბიჭი მოკლეს, ამას მოჰყვა გამცემლიძის მკვლელობა. იმავე პერიოდში, ქუთაისში, ოცი წლის ბიჭი, რომელსაც შვილი შეეძინა და ნასვამი შინ ბრუნდებოდა, სარდაფის ძარცვის ბრალდებით, ადგილზე დახვრიტეს. იური ვაზაგაშვილს ქუჩაში მოკლული 160 ახალგაზრდის მონაცემები ჰქონდა შეგროვილი.Yვინც ვაჟკაცობით გამოირჩეოდა, ყველა ,,მიაჩმორეს”, დააგლახავეს, ციხეში ჩასვეს, გააუპატიურეს, დააქციეს.

- დღეს სხვა სურათია ,,დაჩმორებული”, დაჭრილი და მოკლული პოლიციელების სახით.

- ვერ ვიტყვი, რომ დღეს პოლიცია ,,დაჩმორებულია”. პოლიცია აღარაა პოლიტიზირებული და არ აქვს ბრძანება: “დახოცეთ!” ეკა ბესელიას შეწყალებულ პატიმრებს ტყუილად აბრალებენ დანაშაულების ჩადენას, კრიმინალი ,,ნაციონალებისგან” მოდის, თუ ვინმე ავაზაკი და მკვლელი იყო, ციხეებიდან მათ გამოუშვეს.

- ოდესმე ირაკლი ოქრუაშვილი შეგხმიანებიათ?

- არც შემხმიანებია და ბოდიშიც არასდროს მოუხდია. არადა, იმ დროს შს მინისტრი იყო და თუნდაც ამიტომ ეკისრება პასუხისმგებლობა. 2012 წელს, როცა პოლიტპატიმართა კომისიის წევრი გახლდით, ოქრუაშვილის თაობაზე მკითხეს და ვთქვი, რომ ყველა ქართველს უნდა მიეცეს უფლება, თავის ქვეყანაში ჩამოვიდეს და თუ რამე სამართალგადაცდენა აქვს, აქ გასამართლდეს-მეთქი.

- ოქრუაშვილისთვის სტატუსის მინიჭებაში თქვენი სიტყვა გადამწყვეტი იყო?

- არა...

- ზურა ადეიშვილს ინტერპოლმა ძებნილის სტატუსი მოუხსნა. თავის დროზე თქვენი ოჯახის რომელიმე წევრი ადეიშვილს ხომ არ შეხვედრია?

- მაგ ნაძირალაზე რა უნდა ვთქვა?! მასთან შეხვედრას ბუტას ბაბუა ცდილობდა, მაგრამ ვერ მოახერხა - თავს არიდებდა.

- შს მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა კორტებთან ჩატარებული სპეცოპერაციის მონაწილე თანამშრომლებზე თქვა, რახან სხვის დავალებას ასრულებდნენ, მსუბუქად უნდა დაისაჯონო...

- ეს აღმაშფოთებელი და არასწორია. რას ნიშნავს ,,მსუბუქად დაისაჯონ”? აქციების დარბევისას, სპეცრაზმელები სურათებს იღებდნენ, თუ როგორ სცემენ წაქცეულ, დაშავებულ მოქალაქეებს, შემდეგ, უფროსებს წარუდგენდნენ და ამაში პრემიებს იღებდნენ. გამოდის: რომ უბრძანონ, ბავშვსაც მოკლავენ?! სპეცრაზმელი ისეთივე დამნაშავეა, როგორც - ბრძანების გამცემი. გამიხარდა, როცა ბიძინა ივანიშვილის კომენტარი მოვისმინე, მსუბუქად კი არა, როგორც ეკუთვნით, ისე უნდა დაისაჯონო.

- თქვენს საქმეში ვინ დაისაჯა?

- არავინ. ბაშალეიშვილი, არასწორი მუხლით, სამი წლით იჯდა, გამოვიდა და გარეთ დასეირნობს. დანარჩენები გირაოთი არიან გამოსულები, ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმეში არაფერია გამოსაძიებელი, შემსრულებლები დააკავეს, მაგრამ შემკვეთები ჯერ არ ჩანან. სასამართლო პროცესების სამართლიანი განაჩენით დასრულებას მოთმინებით ველი.