უშიშროების თადარიგის პოლკოვნიკი, უსაფრთხოების ექსპერტი კონსტანტინე ფორჩხიძე “ქართული სიტყვის” ექსკლუზიური ინტერვიუების ციკლში ე.წ. ჩეჩნურ ხაზზე ლაპარაკს აგრძელებს და ერთობ სკანდალურ ინფორმაციასაც ასაჯაროებს. კერძოდ, ქართველი სპეცსამსახურელი 2005 წლის მაისში, საქართველოში აშშ-ის მაშინდელი პრეზიდენტის, ჯორჯ ბუშის ვიზიტს იხსენებს და ამბობს, რომ არშემდგარი ტერაქტი, რომლის გამოც ვინმე ვოვა არუთინოვს უვადო პატიმრობა შეუფარდეს, სინამდვილეში, სპეცსამსახურების დაგეგმილი იყო. ფორჩხიძის ვერსიით, რომლის გასამყარებლადაც ჩეჩენი ჟურნალისტის, საიდაევის მემუარებს იშველიებს, ტერაქტის ინსცენირების მიზანი საქართველოზე კრემლის მხრიდან სამხედრო აგრესიის მიტანა იყო... ამასთან, უშიშროების თადარიგის პოლკოვნიკი ინტერპოლის მიერ ყოფილი მთავარი პროკურორის, ზურაბ ადეიშვილის წითელი ცირკულარით ძებნის მოხსნასაც ეხება და განმარტავს, რომ ეს ხელისუფლების უნიათობის შედეგია...
კონსტანტინე ფორჩხიძე: - პანკისში დღეს შექმნილი ვითარება გამოძახილია, უფრო სწორად, ხეობაში, წლების განმავლობაში მიმდინარე რუსეთისა და დასავლეთის, ასევე, ირანული და თურქული სპეცსამსახურების ბრძოლის შედეგია. ამ ბრძოლას, რომელიც გავლენის მოპოვებასა და გაფართოებას ემსახურება, იარაღისა და ნარკოტიკების ტრაფიკი ახლავს.
- დასავლური სპეცსამსახურები იარაღის და ნარკოტიკის ტრაფიკს ებრძოდნენ თუ ყველაფერ ამაში უშუალოდ მონაწილეობდნენ?
- თავდაპირველად, ჩართული იყვნენ, რადგან ორგანიზებას ჩეჩნეთის ე.წ. წინააღმდეგობის მოძრაობას უწევდნენ. ეს მოძრაობა რუსეთისკენ იყო მიმართული.
- დასავლეთში ევროპას გულისხმობთ, აშშ-ს თუ ორივეს ერთად?
- უფრო - აშშ-ს... ყველაფერ ამაში არაბული სამყაროც, კერძოდ, საუდის არაბეთიც მონაწილეობდა. საერთოდ, ე.წ. ვაჰაბიტური მოძღვრების მთავარი ბაზა სწორედ საუდის არაბეთია.
- იმის თქმა გინდათ, რომ ვაჰაბიტების უკან დასავლური სპეცსამსახურები დგანან?
- თავის დროზე ასე იყო, მაგრამ 11 სექტემბრის ტერაქტის შემდეგ, რომელიც “ალ ქაიდამ” ჩაიდინა, აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამსახურისა და, შესაბამისად, ქართული სპეცსამსახურების დამოკიდებულება კარდინალურად შეიცვალა, თუმცა ჩვენმა სპეცსამსახურებმა, ფული რომ ეშოვათ, იმ აწყობილ “კანალებზე”, რომლებზეც წინა ინტერვიუებში ვისაუბრეთ, მოქმედება დამოუკიდებლად დაიწყეს, მაგრამ აქ მთელ სპეცსამსახურზე კი არა, ცალკეულ პირებსა და ემისრებზეა ლაპარაკი. ყველაფერი ეს კი, იმაზე მიანიშნებს, რომ წლების განმავლობაში, ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია არ გვქონდა... ხაზს ვუსვამ: ყველაფერი ეს 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტამდე, ანუ მანამდე ხდებოდა, ვიდრე “ალ ქაიდას” მიმართ “სი-აი-ეს”-ის, ანუ აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის დამოკიდებულება შეიცვლებოდა. არადა, “ალ ქაიდა”, უფრო სწორად, “ალ ქაიდას” წინამორბედი თავის დროზე სწორედ დასავლურმა სპეცსამსახურებმა ავღანეთში საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ საბრძოლველად შექმნეს.
მოკლედ, ჩეჩნეთში, საქართველოს გავლით, “სი-აი-ეს”-ის წარმომადგენლები მოქმედებდნენ. ერთ-ერთი ასეთი სეიმ ისლამი, ანუ მოჰამედ შაბაანი იყო, რომელიც წინა ინტერვიუებშიც ვახსენეთ და რომელსაც “ისლამის მახვილს” ეძახდნენ. ის 1961 წელს ეგვიპტეში დაიბადა, ავღანეთში, სუდანსა და სომალიში აშშ-ის საფარქვეშ იბრძოდა. მოგვიანებით, “ისლამის მახვილმა”,
როგორც ადრეც გითხარით, ჩეჩნეთში ტერორისტული ორგანიზაცია “კავკასია” დააარსა. ამასთან, ჩრდილოეთ კავკასიაში კურირებას “ალ ქაიდას” ქსელსაც უწევდა და ჩეჩენ საველე მეთაურებს პარტიზანულ მოძრაობას ასწავლიდა.
- “ისლამის მახვილი” საქართველოში ნამყოფია?
- ნამყოფი კი არა, წლების განმავლობაში, საქართველოში წინ და უკან დასეირნობდა! ყურადღება მიაქციეთ: “ისლამის მახვილი” ავღანეთში “სი-აი-ეს”-ის ოფიციალური ინსტრუქტორი იყო და ეს, წესით, ჩვენს სამართალდამცავებს უნდა სცოდნოდათ.
- შეიძლება, იცოდნენ, მაგრამ ამბობთ, რომ ყველაფერი სტრატეგიულ მეკავშირეებთან იყო შეთანხმებული. შესაბამისად, ჩვენი სპეცსამსახური რას გააკეთებდა?
- ვანო, ადრეც მითქვამს და ახლაც ვიმეორებ: არსებობს ორი მეგობარი ქვეყანა, მაგრამ არ არსებობს ორი მეგობარი სპეცსამსახური. მიუხედავად ამისა, საქართველოს გარკვეული ტერიტორიები, იქიდან გამომდინარე, რომ ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია არ გვქონდა, სხვადასხვა ქვეყნის სპეცსამსახურთა პოლიგონად გადავაქციეთ. ჩვენი ქვეყნის ინტერესებს ზოგიერთი მაღალჩინოსანი მერკანტილური მოსაზრებით უგულვებელყოფდა და დღევანდელი სიტუაცია სწორედ ამის შედეგია!
სხვათა შორის, მიუხედავად იმისა, რომ 2002 წელს, პანკისში დიდი სპეცოპერაცია ჩატარდა, სეიფ ისლამი, იგივე “ისლამის მახვილი” თბილისში ცხოვრობდა, მაგრამ კაციშვილი არ შეხებია.
- ჩვენმა ძალოვანებმა ამის შესახებ ეგებ, არაფერი იცოდნენ?
- კარგი, რა?! სპეცსამსახურებს ადრეც და ახლაც ძალიან ბევრი ინფორმაცია აქვთ და გადასარევად იციან, პანკისიდან ხალხის სირიაში რეკრუტირებას ვინ და რა ჯგუფები აწარმოებენ. არსებობენ “ტიპები”, რომლებიც ამ საქმიანობას წლებია, ეწევიან. ერთ-ერთი ასეთი “ტიპი” ვინმე მუსაა, რომლის გვარიც, სამწუხაროდ, არ ვიცი, თუმცა ვიცი, რომ მოსოლს ეძახიან. ის თურქეთში “კავკასიის ემირატის” წარმომადგენელია. “კავკასიის ემირატის” წინამორბედი ე.წ. ჩეჩნურ-კავკასიური კომიტეტი იყო, რომლის სათავეშიც, როგორც მოგვიანებით გაირკვა, რუსული სპეცსამსახურები იდგნენ, მაგრამ ამ პროექტმა არ გაამართლა. ამიტომ, ახალი პროექტი - “კავკასიის ემირატი” “შემოაგდეს”, რომელსაც დოკუ უმაროვი ხელმძღვანელობდა. სხვათა შორის, დოკუ უმაროვი, წლების განმავლობაში, თბილისში, ატც-ს, ანუ ანტიტერორისტული ცენტრის წინ ცხოვრობდა... ზემოხსენებული მოსოლი თურქეთში სწორედ დოკუ უმაროვის პირადი წარმომადგენელია და, როგორც ვიცი, თურქეთიდან, ერაყსა და ქურთისტანიდან ჩეჩნეთის ე.წ. მეორე ომის დროს მებრძოლთა რეკრუტირებას ეწეოდა. გამორიცხავთ, რომ პანკისელების სირიაში წასვლაშიც სწორედ ეს ხალხი არაა ჩართული?
- ყველაფერი ეს, შეიძლება, რუსეთის დასუსტებას ემსახურებოდა და ემსახურება...
- არაა გამორიცხული, მაგრამ ამ სქემებში ჩართული ზოგიერთი ადამიანი პირდაპირ რუსებზე მუშაობდა და ამიტომ, სხვა შედეგი მივიღეთ, თან არ დაგავიწყდეთ, რომ რუსებისგან შემოჩეჩებულ “ტიპებს” საქართველოს მოქალაქეობასაც აძლევდნენ.
- ვის გულისხმობთ?
- მაგალითად, ისმაილ საიდაევს... ერთი სიტყვით, ამ ადამიანებმა ქართული სპეცსამსახურები, პრაქტიკულად, დაანგრიეს. როცა ეროვნული უსაფრთხოების სამსახური გქვია, შენი ერის ინტერესებით უნდა იმოქმედო. გასაგებია, რაღაც თემებზე თანამშრომლობა აუცილებელია, მაგრამ იმაზეც უნდა იფიქრო, ამ თანამშრომლობამ 15-20 წლის შემდეგ, რა შეიძლება მოიტანოს...
- ...ბატონო კოტე, არაოფიციალური საუბრისას, ე.წ. ჩეჩნურ კონტექსტში, 2005 წელს, ჯორჯ ბუშის თბილისური ვიზიტი და არშემდგარი ტერაქტი ახსენეთ. რატომ?
- საიდაევის აღსარებას ვერ ვენდობი.
- ეს რაღა შუაშია? მოდით, ყველაფერი თანმიმდევრულად მიამბეთ...
- საიდაევმა საქართველოში თავის მოღვაწეობაზე მემუარები გამოაქვეყნა, სადაც საქართველოში ბუშის ვიზიტსაც იხსენებს და მიანიშნებს, რომ არშემდგარ ტერაქტში სპეცსამსახურებთან პირდაპირ თუ ირიბ კავშირზე მყოფი “ტიპები” იყვნენ ჩართულნი.
- ანუ, ტერაქტის მცდელობის უკან, რომლის გამოც ვინმე ვოვა არუთინოვს უვადო პატიმრობა მიუსაჯეს, სპეცსამსახურები იდგნენ?
- არაფერს ვამტკიცებ, მაგრამ შესაძლოა, ასეც იყოს, მით უმეტეს, რომ ამ არშემდგარ ტერაქტზე ბევრი შეკითხვა არსებობს. სხვათა შორის, იური ვაზაგაშვილის აფეთქებისა არ იყოს, ამ ე.წ. ტერაქტშიც “ფ1” ფიგურირებს. ეს “ფ1” ტერაქტების განხორციელების ყველაზე კარგ იარაღად აქციეს!
- ბუშის ვიზიტის დროს ხელყუმბარა არ აფეთქდა...
- სწორედ ესაა საეჭვო.
- რატომ?
- იმიტომ, რომ მილიონში ერთი შანსია, “ფ1” არ აფეთქდეს.
- ჰოდა, საქმე ეგებ, სწორედ ამ “ერთ შანსთან” გვაქვს?
- გამორიცხულია. ვეჭვობ, რომ ყველაფერი ინსცენირება იყო.
- ინსცენირების მიზანი?
- აქცენტი ე.წ. ჩეჩნურ ხაზზე უნდა გაკეთებულიყო, რაც რუსეთის საქართველოში შემოსვლის საბაბი გახდებოდა.
- ასეთი ეჭვი რატომ გაქვთ?
- საიდაევი, რომელიც, როგორც ირკვევა, არუთინოვის მეზობლად ცხოვრობდა, ამბობს, რომ მასთან ვინმე დათო ცინდელიანი მივიდა. ცინდელიანი, როგორც ვიცი, ზემოხსენებული ჩეჩნურ-კავკასიური კომიტეტის ერთ-ერთი დამფუძნებელი იყო.
- ცინდელიანი სპეცსამსახურელი იყო?
- არ ვიცი, მაგრამ საიდაევმა, როგორც თვითონ ამბობს, ცინდელიანს თავის დროზე ურჩია, რომ სპეცსამსახურთან ურთიერთობაში შესულიყო, რათა სცოდნოდათ, უშიშროებას რა თემატიკა აინტერესებდა.
მოკლედ, საიდაევს ცინდელიანი სთავაზობს, რომ თავისუფლების მოედანზე წასულიყვნენ, სადაც ჯორჯ ბუშს ხალხისთვის უნდა მიემართა, მაგრამ საიდაევმა ფეხი აითრია...
ნიშანდობლივია, რომ მოგვიანებით, დავით ცინდელიანი უგზოუკვლოდ დაიკარგა. ამის თაობაზე ინფორმაცია საქართველოში, შესაძლოა, გარკვეულ ჯგუფს აქვს...
- მაშასადამე, ეჭვობთ, რომ ცინდელიანი უშიშროებამ გააქრო?
- ყოველ შემთხვევაში, სპეცსამსახურთან გარკვეული შეხება ჰქონდა...
- ერთი სიტყვით, თქვენი ვერსიით, კოტე ბატონო, ვოვა არუთინოვი სპეცსამსახურმა “დაამუშავა” და ტერაქტის მცდელობის ინსცენირება მოაწყობინა?
- შეიძლება... არ ვიცით, არუთინოვს კონტაქტი ვისთან ჰქონდა, ან “ლიმონკა” როგორ შეიძინა...
- როგორც მახსოვს, გამოძიებამ დაადგინა, რომ მარტო მოქმედებდა...
- ჯერ ერთი, ასეთ რაღაცებს მარტო ვერავინ აკეთებს, მეორეც, როგორც მახსოვს, გავრცელდა ინფორმაცია, რომ არუთინოვმა ციხეში წვერი მოუშვა და ისლამი მიიღო.
- ამ დეტალს ხაზს რატომ უსვამთ?
- იმიტომ, რომ ვიღაც ისრების ჩეჩნურ ხაზზე გადატანას ცდილობდა.
- თქვენი ლოგიკით, რუსული სპეცსამსახურები ცდილობდნენ, ბუშის ვიზიტისას არშემდგარი ტერაქტი ჩეჩნებისთვის დაებრალებინათ და ანტიტერორისტული ოპერაციის საბაბით, საქართველოში რუსული არმია 2005 წელსვე შემოსულიყო, არა?
- დიახ...
- თუკი ასეა, საინტერესოა, რუსებმა არუთინოვს გამართული, ანუ ისეთი “ფ1” რატომ არ მისცეს, რომელიც აფეთქდებოდა?
- ალბათ, დიდ მსხვერპლს მოერიდნენ...
არაფერს ვამტკიცებ: უბრალოდ, ხაზს ვუსვამ, რომ არსებობს ინფორმაცია, რომელიც საიდაევმა გაავრცელა და ამ ინფორმაციას შესწავლა უნდა.
სხვათა შორის, არუთინოვის აყვანის სპეცოპერაციისას ჩემი მეგობარი, უგანათლებულესი ზურა ქვლივიძე შეეწირა, მაგრამ დღემდე არავის გაუცია პასუხი შეკითხვაზე: ზურა ვის პოლიტიკურ თამაშებს შეეწირა?
ისე, პრეზიდენტის დაცვის ერთ-ერთმა ყოფილმა თანამშრომელმა თავის დროზე განაცხადა, რომ არუთინოვი იმ დღეს თავისუფლების მოედანზე საერთოდ არ ყოფილა. მაინტერესებს, არაფეთქებულ “ფ1”-ს ექსპერტიზა ჩაუტარდა თუ არა, ანუ ექსპერტმა დაადგინა თუ არა, რატომ არ აფეთქდა და რა ტექნიკური წუნი ჰქონდა. ასევე, არავინ იცის, ხელყუმბარაზე დნმ-ის კვალი აღმოჩნდა თუ არა.
- ბატონო კოტე, მახსოვს, ბუშის ვიზიტის დროს, თბილისში ყველა და ყველაფერი კონტროლდებოდა და ამ კონტროლს ამერიკელები კურირებდნენ. ასეთ დროს, ე.წ. მიტინგზე ხელყუმბარით შესვლა შესაძლებელია?
- გამორიცხულია! ყოველ შემთხვევაში, ძალიან მცირე შანსი არსებობს, რომ მიტინგზე ვინმე ისე შეპარულიყო, რომ “ფ1” შეეტანა.
- არსებობს ალბათობა, რომ რუსებს მეკავშირეები იმ ამერიკელებს შორისაც ჰყავდათ, ვინც საქართველოში ბუშის ვიზიტს, ასე ვთქვათ, აკონტროლებდნენ?
- თეორიულად ყველაფრის დაშვება შეიძლება და არსებობის უფლება ამ შეკითხვასაც აქვს...
ისე, საიდაევი ღიად მიანიშნებს, დავით ცინდელიანი იმიტომ გაუჩინარდა, რომ ბევრი ინფორმაცია ჰქონდაო...
- ესე იგი, “კავკასიის იმარატის” უკან კრემლი იდგა?
- არა. რუსები ჩეჩნურ-კავკასიური კომიტეტის უკან იდგნენ. შემდეგ, საქართველოში “კავკასიის იმარატი” დარეგისტრირდა. სხვათა შორის, ამ ხაზთან შეხება ბორის კაკუბავასაც ჰქონდა...
- რუსულ სპეცსამსახურებს საქართველოში მსგავსი ორგანიზაციის დაფუძნება რისთვის სჭირდებოდათ?
- ეს ჩვეულებრივი არასამთავრობო სექტორი იყო, რომლითაც ინფორმაციას იღებდნენ. ამ ჯგუფმა ჰუმანიტარული ორგანიზაცია “მილენიუმიც” შექმნა, რომელმაც კავშირი იმ ამერიკულ ორგანიზაციასთან დაამყარა, რომელიც პანკისში ჩასახლებულ ჩეჩენ დევნილებს ჰუმანიტარულ ტვირთს აწვდიდა.
ყველაზე დიდი უბედურება კი ისაა, რომ ამ ტიპებთან თანამდებობის ძალიან მაღალი პირები, მაგალითად, ავთო იოსელიანის მოადგილე და სხვებიც კონტაქტობდნენ. ყოველ შემთხვევაში, საიდაევი ავთო იოსელიანის ერთ-ერთ მოადგილეს, გენერალ კიკნაძეს ასახელებს.
მთელი ამ ამბის შედეგი, იცით, რა არის?
- რა?
- პანკისიდან სირიაში ხალხის წასვლაზე რომ აღარაფერი ვთქვათ, საქართველოს მუსულმანი მოქალაქეებისთვის, ანუ ტრადიციული მუსულმანებისთვის არატრადიციული რადიკალური ისლამი - სალაფიტური მოძღვრება, ანუ ვაჰაბიზმი შემოვიდა, რომელმაც პანკისის ხეობიდან ტრადიციული ისლამი, პრაქტიკულად, განდევნა. გასაგებია, რომ რუსებს, ამერიკელებსა თუ თურქებს თავიანთი ინტერესები ჰქონდათ, მაგრამ საქართველოს სპეცსამსახურები ჩვენს ინტერესებს რატომ არ ატარებდნენ?
- ბატონო კოტე, საქართველოში ვაჰაბიზმის შემოსვლა რომ დაიწყო, ჯერ კიდევ სპეცსამსახურში მუშაობდით და ეს შეკითხვა ახლა კი არ უნდა დასვათ, არამედ, თავის დროზე თქვენივე ხელმძღვანელებისთვის უნდა დაგესვათ!
- ჯერ ერთი, სხვა ხაზით ვმუშაობდი. მეორეც, უფრო მწვავე შეკითხვებსაც ვსვამდი. ის ხალხი, ვისაც პასუხს ვთხოვდი, ცოცხალია და ზოგიერთი ისევ მუშაობს.
- რა პასუხს იღებდით?
- არ შეიძლება, თეთრი ყვავი იყოო და... ამის გამო სამსახურიდანაც გამიშვეს - ხუთი თვე უმუშევარი ვიყავი...
- ისე, დღესაც უმუშევარი ხართ... ბატონო კოტე, ამ თემებთან დაკავშირებით დაკითხვაზე რომ დაგიბარონ, რა ჩვენებას მისცემთ?
- რა ჩვენებას და, - საიდაევის მემუარებს დავუდებ და გამოიკვლიონ.
- საიდაევი საქართველოს მოქალაქე აღარაა?
- არ ვიცი...
ყველაზე საინტერესო ვახა იბრაგიმოვი, ადამ ფაშაევი და ისაა ადამოვი არიან, რომლებმაც “ნორდ ოსტის” ტერაქტი მოამზადეს.
- აქცენტს იმაზე აკეთებთ, რომ “ნორდ ოსტის” ტრაგედიაც რუსულმა სპეცსამსახურებმა დაგეგმეს?
- ამას ხელაღებით ვერ ვიტყვი, მაგრამ საიდაევი, ზემოხსენებული გვარების გარდა, კიდევ ორ პიროვნებას ასახელებს, რომელთაგან ერთ-ერთი, ვინმე “მუსლიმი” მოსკოვში ფეხმძიმე მეუღლესთან ერთად, თბილისიდან ჩაფრინდა. ვინმე იასერი, მეტსახელად “პალესტინელი” კი, ჩვენმა ატც-მ დააკავა, ერთი კვირა იზოლატორშიც იჯდა და, წესით, ამერიკელების ხელში უნდა აღმოჩენილიყო, მაგრამ ალბათ, გარკვეული მერკანტილური ინტერესებიდან გამომდინარე, პანკისში გაუშვეს და იმ ჯგუფს შეუერთდა, რომელიც “ნორდ ოსტს” ამზადებდა. იცით, ეს რისთვის გაკეთდა? - “ნორდ ოსტში” ქართული კვალი გამოჩენილიყო და რუსეთს საბაბი მისცემოდა, რომ საქართველოს ტერიტორიაზე სამხედრო ღონისძიებები განეხორციელებინა.
- თუკი საიდაევი რუსული სპეცსამსახურების საფარქვეშ მოქმედებს, მთელ საიდუმლოს რატომღა ასაჯაროებს?
- არის მომენტები, როცა სპეცსამსახურს აგენტურა აღარ სჭირდება, თამაშიდან გაჰყავს და ინფორმაციის ლეგალიზაციის სრულ უფლებასაც აძლევს. ამით ვიღაცისთვის გზა თავისუფლდება. საიდაევსა და ხიზრი ალდამოვთან დაკავშირებითაც ეს გაკეთდა, მეტი არაფერი, მაგრამ მნიშვნელობა არ აქვს, საიდაევს ვინ მართავს, მისი იფორმაცია შესწავლილი უნდა იქნას! ამავე კონტექსტში, საგულისხმოა, რომ ისინი, ვისაც პანკისთან რაღაც შეხება ჰქონდათ, სხვადასხვა ძალოვან უწყებაში დღესაც მუშაობენ. მაგალითად, ლევან გაბუნია - თავდაცვის სამინისტროში, გია გაბუნია, რომელიც თავდაცვაში დაზვერვას ხელმღვანელობდა და ლევანის ბიძაშვილია - “გალფ”-ში. ის თავის დროზე იგორ გიორგაძის დაცვის წევრი იყო.
- დაცვის წევრობა კომპრომატი არაა!
- კარგი, რა, თქვენი ჭირიმე! დაცვაში ისეთ “ტიპს” არ იღებენ, რომელსაც არ ენდობიან! გაიხედეთ, დღეს საკვანძო თანამდებობებზე ბიძინა ივანიშვილის დაცვის ყოფილი წევრები, ანუ ისინი არიან, ვისაც ყველაზე მეტად ენდობა!
- ...ბატონო კოტე, მართალია, სირიაში ქრისტიანთა მასობრივ ხოცვაზე საქართველოში აჟიოტაჟია ატეხილი, მაგრამ ამ თემაზე მსოფლიო მედია დუმს. ისიც ითქვა, რომ კადრები, რომელიც ერთ-ერთმა ქართულმა არხმა გაუშვა, ორი წლის წინაა გადაღებული. ერთი ვერსიით, “ნაციონალები” ცდილობენ, “სირიული ისტერიით” “ოცნება” არაჰუმანურობაში დაადანაშაულონ...
- ნამდვილად არ ვიცი, სირიაში, რეალურად, რა ხდება, მაგრამ არაა გამორიცხული, რომ საქართველოში, სირიელ დევნილებთან ერთად, ჩვენთვის არასასურველი პირებიც შემოვიდნენ... ისე, რა მნიშვნელობა აქვს, ეს კადრები როდისაა გადაღებული? - თუ ადამიანებს დახმარება სჭირდებათ, ჩვენი შესაძლებლობებიდან გამომდინარე, უნდა დავეხმაროთ! საერთოდ, ასეთი თემები “ნაცმოძრაობისთვის” ძალიან მნიშვნელოვანია.
- რატომ?
- ყველაფერს ხელისუფლებას შემოუტრიალებს და იტყვის, ვამპირების ხელისუფლებააო. ეს ჩვეულებრივი პიარია...
- ამასობაში, ცნობილი ხდება, რომ ზურაბ ადეიშვილს ინტერპოლი აღარ ეძებს... ისე, ეკა ბესელიამ თქვა, ადეიშვილმა ამას პირადი კონტაქტებით მიაღწიაო...
- უიმე, უიმე, უიმე!
ადეიშვილის ინტერპოლის ცირკულარიდან ამოღება, პირველ რიგში, ხელისუფლების უნიათობის დასტურია.
- უკაცრავად, ინტერპოლთან ხელისუფლება რა შუაშია?
- ხელისუფლებას, რომელსაც იმის თავი არ აქვს, რომ დამნაშავე პასუხისგებაში მისცეს, ხალხის ნდობას ნამდვილად არ იმსახურებს! ამასთან, ადეიშვილს მფარველები, როგორც ჩანს, მხოლოდ საზღვარგარეთ კი არა, საქართველოშიც ბლომად ჰყავს, სხვა შემთხვევაში, მის მიერ ჩადენილ დანაშაულობებზე გამოძიება ორწლინახევრის განმავლობაში უნდა დასრულებულიყო და სასამართლოს გადაწყვეტილებაც დამდგარიყო. სწორედ ესაა მიზეზი, რომ ინტერპოლი ადეიშვილს აღარ ეძებს.
- ანუ, სასამართლოს განაჩენი რომ გამოეტანა, ინტერპოლი ზემოხსენებულ გადაწყვეტილებას ვერ მიიღებდა?
- რა თქმა უნდა, ვერ მიიღებდა. ბოლოს და ბოლოს, ხომ შეეძლოთ, დაუსწრებლად გაესამართლებინათ? ისე, დევნილის სტატუსი ბევრს აქვს, მაგრამ საერთაშორისო ცირკულარით მაინც იძებნება.
- თემურ ბასილაიამ განაცხადა, თავის დროზე ინტერპოლმა ძებნა არ მომიხსნა და მითხრა, ამ მოთხოვნით საქართველომ უნდა მოგვმართოსო...
- ასეა...
- ესე იგი, ჩვენმა პროკურატურამ დართო ნება, რომ ინტერპოლს ადეიშვილზე ძებნა მოეხსნა?
- ალბათ... ისე, ინტერპოლი ვალდებულია, ძებნიდან მოხსნის გადაწყვეტილების მოტივაცია ძებნის ინიციატორ მხარეს, ამ შემთხვევაში, მთავარ პროკურატურას გააცნოს. მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, მთავარმა პროკურატურამ გადაწყვეტილება, რომელიც 9 აპრილს მიიღო, უნდა გაასაჯაროოს, ანუ თავისი ინტერპრეტაცია კი არ უნდა დადოს, არამედ, ინტერპოლის სრული ტექსტი გამოაქვეყნოს, რომელიც პასუხს ბევრ შეკითხვაზე გასცემს. სხვათა შორის, თბილისის ყოფილმა პროკურორმა, მაია მწარიაშვილმაც ინტერპოლის სრული დოკუმენტის გასაჯაროება მოითხოვა. რა გამოდის? - ჩვენი დასავლელი მეგობრებისთვის, ადეიშვილი დამნაშავე არაა. დამნაშავე არც ყველაზე დიდი დამნაშავე მიხეილ სააკაშვილია. ესე იგი, მთავარი პროკურატურა სისტემურ დანაშაულში არ მონაწილეობდა. მაშინ, ვანოც გამოუშვან და გიგიც. რა, სისტემა მხოლოდ ვანომ და გიგიმ შექმნეს?! სისტემა მიხეილ სააკაშვილმა შექმნა და საბრალდებო სკამზე სწორედ ის უნდა დაჯდეს!
- ამ სააკაშვილს ვერ იჭერენ და რა ქნან?!
- ვერ კი არა, არ იჭერენ! რასაც ახლა გეტყვით, სიტყვა-სიტყვით დაწერეთ: თავის დროზე ირაკლი სესიაშვილს შევხვდი და მასალები ვაჩვენე, რომლითაც სააკაშვილის დაჭერა შეიძლება. ამ შეხვედრას დეპუტატი დავით ლორთქიფანიძე და ხუთი სხვა პირი, მათ შორის, სამხედროებიც ესწრებოდნენ. საუბრის დამთავრების შემდეგ, ბატონმა სესიაშვილმა თქვა, სააკაშვილი რომ დავიჭიროთ, ევროპა რას იტყვისო. ამას შეხვედრის ყველა მონაწილე დაადასტურებს!
- ირაკლი სესიაშვილს როდის შეხვდით?
- 2013 წლის სექტემბერში, ანუ სააკაშვილის მიმართ არდაჭერის პოზიცია მაშინვე არსებობდა. არადა, იმ სერიოზულ თემებზე, ანუ იარაღით უკანონო ვაჭრობაზე გამოძიება ნებისმიერ წესიერ ქვეყანაში აქამდე დამთავრებული იქნებოდა! ბოლოს და ბოლოს, მხოლოდ 2009 წლის ოქტომბერში, ბაჩო ახალაიამ ჰაერში 57 მილიონი გრივნა გაისროლა, მაგრამ არ იძიებენ. რატომ?.. ეს მასალები “ვიკილიქსმაც” “გამოყარა”...
- “ნაციონალებს” “ვიკილიქსის” მასალების უტყუარობაში ეჭვი ეპარებათ...
- ამ მასალებში თავდაცვის სამინისტროს წერილის ნომრები, თარიღები და გვარებია მითითებული, თან ყველაფერი ეს მხოლოდ “ვიკილიქსის” კი არა, უკრაინული მასალებითაც დასტურდება. ჩავიდნენ და იულია ტიმოშენკო დაკითხონ!
- “ოცნების” მომხრეთა არგუმენტით, დროა საჭირო, თორემ ყველა დამნაშავე დაისჯება...
- გამოძიებას მკაცრად განსაზღვრული დრო აქვს - 9 თვე. თუ კანონმორჩილები ვართ, კეთილი ინებე და ამ ვადაში ჩაეტიე. თუ ამ ვადაში მტკიცებულებებს ვერ პოულობენ, მაშინ დაიხურონ ქუდები, სახლში წავიდნენ და ისეთები მოვლენ, ვინც დამნაშავეებს პასუხს აგებინებენ!
გაიძახიან, ადეიშვილი პოლიტიკური დევნილიაო. ჩაიხედონ საქართველოს კონსტიტუციაში, სადაც წერია, ადამიანის გამწესება პროკურორად, მოსამართლედ, შს და თავდაცვის სამინისტროების თანამშრომლად, მას საჯარო მოხელედ აქცევს და ვალდებულია, პოლიტიკას ჩამოსცილდესო. ადეიშვილი საჯარო მოხელე იყო და ევროპელებს სწორედ ეს უნდა აუხსნან, ანუ შეიძლება, “ნაცმოძრაობასთან” ასოცირდება, მაგრამ პოლიტიკურ საქმიანობას არ ეწეოდა და, შესაბამისად, არ შეიძლება, პოლიტიკური სტატუსი ჰქონდეს. ამათი უნიათობა სწორედ იმაშია, რომ ნორმალურად ახსნაც არ შეუძლიათ!
- ამასწინათ, ერთ-ერთმა “ნაციონალმა” განაცხადა, ჩვენ ცრუ მოწმეები მაინც მოგვყავდა, “ოცნებას” კი, ესეც არ შეუძლიაო.
- ეს აღიარებითი ჩვენებაა და ამ განცხადებით საგამოძიებო უწყებები უნდა დაინტერესდნენ.
- ადეიშვილის ინტერპოლის ცირკულარიდან ამოღების გამო, ჩვენი რომელიმე ჩინოვნიკის პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დაისვას?
- პირველ რიგში, ინტერპოლის წერილი სრულად უნდა გასაჯაროვდეს. ამის შემდეგ გაირკვევა, ვისი პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს.
- განაჩენის გამოტანის შემდეგ, ქართულ მხარეს შეუძლია, ადეიშვილზე ინტერპოლს ძებნის გამოცხადებით ხელმეორედ მიმართოს?
- რა თქმა უნდა...
მოკლედ, ადეიშვილთან დაკავშირებით ნურც “ნაცმოძრაობა” და ნურც “ოცნება” პოლიტიკურ მოტივებს ნუ “გვტენის”! ისე, არავინ იცოდა, რომ ადეიშვილს უნგრეთში, “ეფ-ბე-ერ”-ის სკოლასთან პირდაპირი კავშირი ჰქონდა? ჰოდა, თუ იცოდი, ამ პირადი კონტაქტის გამოყენების საშუალება რატომ მიეცი? ადეიშვილი სპირტის კი არა, ისეთ საქმეში უნდა “შეტენო”, სადაც უტყუარი მტკიცებულებებია. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ბესო ხარძიანის ქონების გადაფორმება მაშინდელი მთავარი პროკურორის გარეშე მოხდა? თუკი ამაში ამერიკელებს დავარწმუნებთ, შეკითხვები აღარ ექნებათ და ადეიშვილის დაცვაზე ერთი ლობისტიც აღარ დასთანხმდება! თანამდებობაზე რომ ხარ, პრიორიტეტები უნდა შეარჩიო და, პირველ რიგში, “ნაციონალების” მიერ შექმნილ პირამიდას თავი მოჰკვეთო!
- ისე, ბატონო კოტე, ჩეჩნების არ გეშინიათ?
- ჩეჩნების მე კი არა, მათ უნდა ეშინოდეთ, ვინც მათ იყენებდა და მერე, რუსებს გადასცა! ეს, მინიმუმ, არაკავკასიური და არაადამიანური საქციელია!
- სპეცსამსახური და ადამიანობა? - გამაოცეთ!
- ბოდიში, თქვენ შემოგევლეთ, რა?! რატომ გგონიათ, რომ სპეცსამსახურებში კაციჭამიები არიან?! სპეცსამსახურში სწორედ ისეთები უნდა იყვნენ, რომელთაც ქვეყანა უყვართ!