საქართველოს სამხედრო პოლიციის უფროსი, აფხაზეთის ომის მონაწილე, საქართველოს ასირიელთა კონგრესის ყოფილი თავმჯდომარე, შემდეგში, მოსკოვის გენერალური პროკურატურის მაღალჩინოსანი ბორის ივანოვი 2006 წელს თბილისში, მამისეულ სახლში, სოდ-ის სპეცდანიშნულების რაზმმა დააპატიმრა. იარაღისა და ნარკოტიკების ბრალდებით დაკავებული ბორია ივანოვი ჯერ გირაოთი გაათავისუფლეს, მერე, ძებნილად გამოაცხადეს, დაუსწრებლად გაასამართლეს და რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ, მუხლს, რომლითაც გაასამართლეს, ამნისტია შეეხო. ივანოვის თქმით, სიმართლეს სასამართლოსა და ჟურნალისტების დახმარებით მიაღწია... როგორია დღევანდელი სასამართლო, რა პრინციპით მუშაობენ სპეცსამსახურები, ვინ არიან ქილერები და რას სთავაზობდა გენინსპექციის ყოფილ უფროს ზვიად ჯანყარაშვილს გენერალ-მაიორი ბორის ივანოვი? - ,,ქართული სიტყვა” ბორის ივანოვს ესაუბრა.
- პირველი მოსამართლე, ვინც საქმეს განიხილავდა, ლელა შკუბულიანი გახლდათ. პროცესებზე მისი საცოდაობით ვიწვოდი - სულ პროკურორს შეჰყურებდა და იმას აკეთებდა, რასაც ანიშნებდა. მოსამართლის მანტიაში გამოხვეული ახალგაზრდა ქალის უმწეობამ ჩემი გასაჭირი დამავიწყა... შსს-დან პროკურატურაში გადასულ თანამშრომლებს ავალებდნენ, ჩემს წინააღმდეგ ემოქმედათ - ამ უწყებაში კარგა ხანს ვიმუშავე, ამიტომ ჩემს ფსიქოტიპს იცნობდნენ, ცდილობდნენ წონასწორობიდან გამოყვანას, გაბრაზებას, პროვოკაციის მოწყობას. რომ არა ახალი ხელისუფლება და დღევანდელი სასამართლო, გამამართლებელ განაჩენს ვერ მივიღებდი. ჩემს საქმეს ბევრი მოსამართლე გაეცნო და მინდა, მადლობა ვუთხრა მოსამართლეებს - გერონტი კახეთელიძეს, მაია ივანიძეს, მაია ოშხერელს, პაატა სილაგაძეს, გიორგი ჩავლეიშვილს, თამარ ონიანს...
- როგორც ვიცი, ევროსასამართლოსთვის არ მიგიმართავთ...
- ქვეყნის გარეთ, ევროსასამართლოში საჩივრებით სირბილს არასოდეს დავიწყებდი.
- რატომ?
- ჩემს საჩივარს ასეთი სათაური ექნებოდა: ,,ივანოვი საქართველოს წინააღმდეგ”, არა? - ასეთ რამეს ვერ გავაკეთებდი. ნაგვის გარეთ გატანა არ მიყვარს.
- საქართველო გიყვართ?
- 1996 წლიდან, მოსკოვში ვცხოვრობ, ყოველ ღამე სიზმარში ვნახულობ, ალბათ, გავგიჟდებოდი, კიდევ ერთი წელი რომ არ ჩამოვსულიყავი.
- მიუხედავად იმისა, რაც გადაიტანეთ? ამბობთ, სააკაშვილის პირადი პატიმარი ვიყავიო.
- დიახ, მიმაჩნია, რომ სააკაშვილის პირადი პატიმარი ვიყავი. დიდი დრო დამჭირდა, მაგრამ ჩემი სიმართლე დავამტკიცე. რასაკვირველია, ახალი ხელისუფლების მიერ გამოცხადებული ამნისტია დამეხმარა. ორმოცი წელი სამართალდამცავ სისტემაში ვიმუშავე, მთელი ჩემი გამოცდილება და ბერკეტი გამოვიყენე, რომ გამემარჯვა. ეს მარტივი არ იყო, ვინაიდან სასამართლოსა და პროკურატურაში დღესაც პრობლემებია.
- რას გულისხმობთ?
- სააკაშვილის ხელისუფლების ერთ-ერთი ოდიოზური ფიგურა, გენერალური პროკურორი ზურა ადეიშვილი ქვეყნიდან გაიქცა. ასეთი ცვლილებების დროს, უწყება თვისობრივად ახალი კადრებით უნდა დაკომპლექტებულიყო, მაგრამ ახლადდანიშნულმა არჩილ კბილაშვილმა გვერდით ადეიშვილის მარჯვენა ხელი, ჩხატარაშვილი დაიყენა ნაცვლიშვილთან ერთად. ბესო თხელიძე ,,ნაციონალების” დროს დეპარტამენტის უფროსი გახლდათ, ახალმა ხელმძღვანელობამ კი, საგამოძიებო ნაწილის უფროსობა ჩააბარა. ასე შეიკრიბა ისევ ის ჯგუფი, რომელიც თავის დროზე უკანონობას ჩადიოდა.
- კბილაშვილის მერე სხვა გენპროკურორი გვყავდა, რომელსაც საზოგადოებამ ნდობა არ გამოუცხადა.
- ოთარ ფარცხალაძე შსს-ს საფინანსო გამოძიების უფროსი იყო, ,,ნაციონალების” მიერ დაჯილდოებული მუშაკი, თავისი საქმის მცოდნე... გენპროკურორად დაინიშნა თუ არა, მაშინვე ჩხატარაშვილს მიწვდა, ამას მიყვებოდა ნაცვლიშვილი და სხვები.
- ოთარ ფარცხალაძე გერმანიაში ბოტასების ქურდობისთვის გაასამართლეს.
- მოდით, ერთ ამბავს მოგიყვებით: მოსკოვში, გენპროკურატურაში რომ ვმუშაობდი, აფხაზეთიდან დევნილი, მოსკოვში მცხოვრები ქალბატონი მოვიდა, გვარად ხოფერია და გერმანიის საპატიმროში მყოფი შვილიშვილის რუსეთში ექსტრადირებაში დახმარება მთხოვა. შეულამაზებლად მიამბო შვილიშვილის ისტორია: ლუდის დღესასწაულზე ახალგაზრდები ბარში ისხდნენ, ნაცნობი ქართველები შევიდნენ, ბიჭმა სუფრაზე მიიწვია. ამ დროს მიმტანმა გამოიარა, რომელსაც ლანგარზე ლუდის კათხები ელაგა. ხოფერიამ მიმტანს ლანგარზე ათი მარკა დაუდო და ორი კათხა გამოართვა. მიმტანმა ლანგარი შემკვეთთან მიიტანა, რომელსაც ორი კათხა აკლდა. რაღა ბევრი გავაგრძელო და, ეს ახალგაზრდა ლუდის ძარცვის ბრალდებით დააკავეს და ხუთ წელიწადნახევარი მიუსაჯეს, რაც განზრახ გააკეთეს: გერმანიაში ბევრს ახსოვს სტალინი და ბერია, ყველა ქართველი კი, მათი შთამომავალი ჰგონიათ. ხოფერიას ექსტრადირება მოხდა, ბიჭი ,,ბუტირკაში” მოვინახულე, საშინლად ნაწამები იყო, 50 წლისას ჰგავდა. ყველაფერი გავაკეთე და, ჯანმრთელობის საფუძველზე, ორი თვის მერე გავათავისუფლებინე.
- ეს ამბავი ფარცხალაძესთან რა კავშირშია?
- უბრალოდ, იმის თქმა მინდა, რომ ფარცხალაძის ბოტასების ქურდობაც ლუდის მოპარვას ჰგავს. ვინმემ გაარკვია, რაზე იყო დაჭერილი? ეს ბოტასი უფრო ადრე რატომ არ გამოჩნდა, როცა მაგარ საქმეებს აკეთებდა? ,,ფინთი გოიმებივით” მოექცნენ. ოთარ ფარცხალაძე პროფესიონალია, მთავარი პროკურორის თანამდებობაზე ბევრს გააკეთებდა.
- ...დანაშაულის არარსებობის გამო გაგათავისუფლეს. მოდით, გაიხსენეთ, ყველაფერი როგორ დაიწყო...
- 2006 წელს, მოსკოვიდან თბილისში ჩამოვედი, ბილეთი აღებული მქონდა და მალე უკან უნდა დავბრუნებულიყავი. იმ ავადსახსენებელ დღეს, 25 ივნისს, სტუმრები მყავდა - ტელევიზორს უყურებდნენ, კოდორის ხეობაში მიმდინარე მოვლენებს გადმოსცემდნენ. რეპორტაჟიდან ვერ გავარკვიეთ, ემზარ კვიციანს რა დაემართა. ერთმა სტუმართაგანმა თქვა, ახლავე მის ძმას დავურეკავო. არ მესიამოვნა, ვიცოდი, ბორია ივანოვის ტელეფონი მოსმენაზე იქნებოდა, მაგრამ მომერიდა და არაფერი ვუთხარი. დარეკა, არავინ უპასუხა, მაგრამ ზარი ხომ დაფიქსირდა?!
- ემზარ კვიციანს იცნობდით?
- არა, მხოლოდ ერთხელ მყავდა ნანახი: როცა აფხაზეთს ვტოვებდით, დათო ზეიკიძე და მე, მეომრებთან ერთად, ერთად ვბრუნდებოდით და მაშინ ვნახე ხეობაში. ვიდრე ემზარი იქ იყო, კოდორი ჩვენი იყო. ემზარი გააგდეს, ხეობას ,,ზემო აფხაზეთი” დააწერეს და აფხაზებმაც წაგვართვეს.
- უშიშროება ამ ზარით რატომ დაინტერესდა?
- მოსკოვში, იგორ გიორგაძემ პრესკონფერენციაზე მიმიწვია, აქ კი, კვიციანის ძმასთან ჩემი სახლის ტელეფონიდან დაირეკა, რაც მიხეილ სააკაშვილისთვის საკმარისი მიზეზი გახდა, რომ ჩემი დაპატიმრების ბრძანება გაეცა. როცა თავის კაბინეტში ბრძანებას გასცემდა, მასთან ამირან მესხელი, ვანო მერაბიშვილი, ზურა ადეიშვილი, გიგა ბოკერია და გივი თარგამაძე ისხდნენ. ადეიშვილს უთქვამს, ივანოვი მოსკოვის გენპროკურატურაში მუშაობს და მის დაპატიმრებაზე ამბავი ატყდებაო. ,,დაიჭირეთ, მაგის დედაცო!” - გაიმეორა სააკაშვილმა... შევატყვე, ჩემი სახლის ახლოს წრიალი უცხო ხალხმა დაიწყო. მეგობრებმა მირჩიეს ქვეყნიდან წავსულიყავი, მაგრამ სააკაშვილს თავში რა ჰქონდა, არ ვიცოდი, დას დაიჭერდა, დისშვილებს, ახლობლებს გააწამებდა... მაინც დასაბრუნებელი ვიქნებოდი. ამიტომაც ყველას ვთხოვე, გვერდით დამიდექით-მეთქი და დარჩენა გადავწყვიტე. მთელი უბანი ჩემს სახლთან იყო თავშეყრილი. სახლი დავკეტე, გასაღები მეზობლის გოგონას მივეცი და გავაფრთხილე, კარი უჩემოდ არავისთვის გაეღო. დილიდან ველოდებოდი, როგორც იქნა, საღამოს, შვიდ საათზე მოვიდნენ. სახეზე ერთიც არ მიცნობდა, ამიტომ, აგენტი იურა ცირეკიძე მოიყოლეს, რომელმაც ჩემზე მიუთითა.
- იურა ცირეკიძეს იცნობდით?
- ძალიან კარგად - წლების წინ, პატარა ბიჭის გაუპატიურების გამო იჭერდნენ და გადავარჩინე. მამამისი ჩემი ახლობელი იყო, ამიტომ სიცოცხლე შევუნარჩუნე, არადა, ,,დასაბრედი” იყო. ქამრიანი შარვალი გავიხადე და “სპორტულები” ჩავიცვი, რომ იარაღი არ ჩაედოთ. იმას როგორ ვიფიქრებდი, მე, ბორია ივანოვს, ნარკოტიკს ჩამიდებდნენ.
- რატომ ვერ იფიქრებდით?
- მეგონა, არ იკადრებდნენ, ყველამ იცოდა, რომ ნარკოტიკი და ნარკომანი ჭირივით მეჯავრებოდა. აფხაზეთის პოლიციის უფროსი სერჟანტი სოსო ახალაია, წამლის გამო, სამსახურიდან დავითხოვე - უჯრაში ,,პრომიდოლი” ედო და როგორც მითხრეს, დღეში რამდენიმეჯერ იკეთებდა.
სახლში არც შესულან, შევთავაზე, დაკავებისთვის საბაბს ახლავე მოგცემთ, თუნდაც წვრილმან ხულიგნობას ჩავიდენ და აქაურობა გაჩხრიკეთ-მეთქი.
ნაძირალა გამომძიებელმა მომატყუა, დავამთავრეთ ყველაფერი, ხელები ზურგს უკან უნდა შეგიკრათო. ამ ჭიდაობაში ხელებზე კანი გამისკდა, მკლავებზე კი ძარღვები დამაწყვიტეს. ჯიბე არც მაისურს ჰქონდა, მაგრამ საიდანღაც ცხრა გრამი ნარკოტიკი ,,ამოიღეს”. ამდენი ხალხის წინაშე დამაკავეს და ორთაჭალის ციხეში გადამიყვანეს, კამერაში ,,ჟუჩოკების” წინ ვდგებოდი და სააკაშვილს ვაგინებდი. ბევრი ყვება, რომ ციხეში სცემდნენ, შეურაცხყოფას აყენებდნენ, რა ვიცი, ჩემთან არავინ მოსულა. ,,ნასედკას” თავიდანვე ვუთხარი, მოსახსენებლად რომ წახვალ, უკან აღარ დაბრუნდე-მეთქი. ერთი კვირის შემდეგ, საპროცესოზე ალაპარაკდნენ, მაგრამ დანაშაულის აღიარებაზე უარი ვთქვი, ათი წელი რომ დამჭირდეს, თავს მაინც გავიმართლებ-მეთქი. ამასობაში, გამომძიებელი ყიფიანი, რომელიც დასაპატიმრებლად სახლში გამომეცხადა, თავად დააპატიმრეს.
- რისთვის?
- სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას, ჩხრეკის დროს, ბინიდან რაღაცეები მოუპარავს. მოკლედ, ჩემი საქმე აქეთ-იქით აბურთავეს, სამი თვის მერე, ნაკლებად მძიმე დაზიანების საექსპერტო ცნობა მომცეს. სამხილები, მტკიცებულებები ვერ მომიძებნეს და მითხრეს, გირაოთი გადიო. ხუთასი ათას ლარს მთხოვდნენ, მაგრამ 100 ათასზე ჩამოვიყვანე. სასამართლოზე ნაწილობრივ აღიარებას ითხოვდნენ, მაგრამ აღიარებაზე არ წავსულვარ. თანხის ნახევარი გადავიხადე, სასამართლოს ელექტრონულ ჩანაწერში დავაფიქსირე, რომ მოსკოვში მივდიოდი და თანხის მეორე ნახევარს იქიდან ჩავრიცხავდი. გარდა ამისა, სამკურნალოდ დავრჩებოდი გარკვეული დროით. გამათავისუფლეს და ციხიდან მშვიდად გავედი. Gგენერალური პროკურატურის დეპარტამენტის უფროსი ბესო თხელიძე წასვლას მაჩქარებდა, თურმე, ჩანაფიქრი ჰქონდათ, ჩემზე ძებნა გამოეცხადებინათ. მოსკოვიდან ფული გადმოვაგზავნე და საავადმყოფოში დავწექი. ყველა წესი დავიცავი, ფაქსით მისამართი და დიაგნოზი ვაცნობე. პროფესორმა ჩემი დაზიანებები სერიოზულ ტრავმად შეაფასა და ხანგრძლივი მკურნალობის საჭიროება დააფიქსირა. მაინც ვაპირებდი უკან დაბრუნებას, მაგრამ ჩემმა ადვოკატმა მაცნობა, შენზე ძებნა გამოცხადდა. გამასამართლეს და რვა წლით თავისუფლება დაუსწრებლად აღმიკვეთეს.
- შინ “გეკო”-ს ტყვიები გიპოვეს და ეს სამხილი არ იყო?
- მეზობელი მეთევზე მყავდა, გვარად შონია, რომელმაც მამაჩემს თოფი და “გეკო”-ს ტყვიები უბანში მომრავლებული ვირთხების დასახოცად მოუტანა. მაშინდელი “გეკო”-ს დაჟანგებული ტყვიები ნახეს.
- ისე, ქართული სპეცსამსახურების მუშაობას როგორ აფასებთ?
- კავკასია რთული, წინააღმდეგობრივი და მრავალფეროვანი რეგიონია, ტრადიციულად, კომუნისტებიდან მოყოლებული, საქართველოს ყველაზე ძლიერი სპეციალისტები ჰყავდა. სამწუხაროდ, დღეს ოპერატიული მუშაობა, ჩემი გადასახედიდან, უმდაბლეს დონეზეა. ოპერატიული სამსახური ის კი არაა, ფარული კამერით კადრები გადაიღო, მერე მიხვიდე და ვიღაცას ხელები გადაუმტვრიო, წამალი ჩაუდო და დაპატიმრებულს სხვა დანაშაულებიც აღიარებინო. ოპერმუშაკს აგენტურა უნდა ჰყავდეს, ლოგიკური აზროვნება შეეძლოს, დამნაშავის ფსიქოლოგია ესმოდეს.
ალექსანდრე ჭიკაიძის მინისტრად დანიშვნა როგორ შეიძლებოდა?! უნდა დაფიქრდე, ვიდრე დანიშნავ. შინაგან საქმეთა სამინისტრო ხომ აერთიანებს უშიშროების სამსახურს, საზღვრის დაცვას, საგანგებო სიტუაციების სამსახურებს. ეს უზარმაზარი მონსტრია.
დანაშაულის ძიების საკითხზე ლაპარაკის უფლება არავის აქვს. ბევრი ადვოკატი ყოფილი თანამშრომელია. კანონით, ყველა ქვეყანაში აკრძალულია, რომ დამნაშავეს მიმართულება ადვოკატმა მისცეს.
- ეგ რას ნიშნავს?
- ადვოკატი თავისი გამოსვლით ხშირად ვიღაცას რაღაცას ანიშნებს. არადა, ადვოკატის ფუნქციაა, თავისი დაცვის ქვეშ მყოფის ინტერესები დაიცვას და დანაშაულის დაფარვისკენ არ მიუთითოს. ტელევიზიებმა სენსაცია სხვა რამეზე გააკეთონ.
- კორტებთან ჩატარებული სპეცოპერაციის მონაწილე თერთმეტი სპეცრაზმელი დაკავებულია და სასამართლოს განაჩენს ელოდება. შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა განაცხადა, ვინაიდან სპეცსამსახურელები სხვის დავალებას ასრულებდნენ, მათი სასჯელი მსუბუქი უნდა იყოსო.
- ამის თქმის უფლება არავის აქვს, ვიდრე ჯერ გამოძიება, მერე პროკურატურა შედეგებს არ დადებს და სასამართლო არ გაასამართლებს. თუ მინისტრის სიტყვა ვინმეს გასაგონადაა ნათქვამი, მაშინ სხვა რამეა. მინისტრი შეიძლება, საქმის კურსში იყოს, მაგრამ უფლება არ აქვს, მიუთითოს, როგორ დაისაჯოს დამნაშავე.
- ამბობენ, ბოლოდროინდელი შეკვეთილი მკვლელობების კვალი უკრაინაში დაბანაკებულ ,,ნაცმოძრაობის” წევრებთან მიდისო.
- ქვეყნის შიგნით და გარეთ “ნაციონალური” მთავრობის ძველ სახეებს დიდი ხანია, არეულობის მოწყობა სურთ. ,,ბესპრედელით”, რასაც ოქრუაშვილი ჩადიოდა, როგორც პროკურორი და შემდეგ, როგორც შინაგან საქმეთა მინისტრი, დღეს რატომღაც არავინ ინტერესდება. სამარცხვინოა, რომ კიდევ გუბერნატორობაზე ფიქრობდა ახალი ხელისუფლების პირობებში. სამარცხვინო იყო ქვემო ქართლის გუბერნატორი მიშა ქარელიც, პროფესიით მძღოლი...B,,ნაციონალები” იჭერდნენ, აპატიმრებდნენ, ფულს ,,აწერდნენ”, ბიუჯეტში მცირედი თანხები შეჰქონდათ, დანარჩენს სხვა გზას გაუყენებდნენ ხოლმე. მილიონები წაიღეს საქართველოდან, მაგრამ დანაშაული ვერავის დაუმტკიცეს. არადა, რა უნდა იმის გამორკვევას, საიდან იშოვნა კონკრეტულმა პიროვნებამ ქონება? დიღმის საავადმყოფოების ტერიტორია გაყიდულია, პატრონები ესპანეთში სხედან და ფული შესდით. ამ დროს მთელი საქართველო ბანკებშია ჩადებული. აქ ნაშოვნი ფული ქვეყნის გარეთ ძებნილი ,,ნაციონალებისკენ” მიედინება. ვაზაგაშვილი დაადუმეს, ხარძიანი დაადუმეს. როგორც სტალინი იტყოდა, არ არის ადამიანი, არ არის პრობლემა. არეულ ქვეყანაში კი, ძალაუფლების ხელში ჩაგდება რთული არაა.
მთელ საქართველოს ბიძინა ივანიშვილის იმედი აქვს - მისი პატივისცემით მივიღეთ ის შედეგი, რაც საპარლამენტო, საპრეზიდენტო და თვითმმართველობის არჩევნებში დადგა, მაგრამ თუ ასე გაგრძელდა, ქუჩურ ანგარიშსწორებას, ლინჩის წესით გასამართლებას მივიღებთ.
სააკაშვილის ჩამოყვანა და გასამართლება, ან ამირან მესხელის დაკავება, რომელმაც აქედან უამრავი ფული წაიღო, ძნელი სულაც არაა. ვანო მერაბიშვილი ციხიდან გამოსვლას ცდილობს, მაგრამ არ მგონია, გარეთ გამოსვლა უნდოდეს, დამიჯერეთ, არ გამოვა! სააკაშვილმა, ერთხელ, ხმამაღლა განაცხადა ახალაიას მიერ ჩადენილ ერთ-ერთ უკანონობაზე, დავალება მე მივეციო. ვინ უნდა აგოს პასუხი აფრასიძეების განადგურებაზე?Dდაუწერელი კანონია: დამნაშავეს უნდა აჯობო, დააკავო და გაასამართლო. ეს ოპერმუშაკის სამსახურია. აფრასიძეების დაკავებით შესაძლოა, ბევრი ძველი და ახალი საქმე გახსნილიყო.
- არსებობდა ვარაუდი, რომ ყარაფილაში, შვილის საფლავზე აფეთქებული ვაზაგაშვილის მკვლელობის კვალი შესაძლოა, რუსულ სპეცსამსახურებთან მისულიყო... არეულობის მოწყობა რუსეთის ინტერესშია??
- გამორიცხულია,Yყველაფერი აქ, საქართველოში დაიგეგმა. ვაზაგაშვილის საქმე მუნდირის ღირსებას რომ იტყვიან, ისაა. გამოძიება სწორ კვალზე მიდის. ბიზნესმენ ბესო ხარძიანის მკვლელობა აშკარად შეკვეთილია, აქ ოპერატიულმა სამსახურმა უნდა იმარჯვოს, ვფიქრობ, მალე გაიხსნება. ერთ რამეს მიაქციეთ ყურადღება: დღეს მედიასივრცე გახსნილია, რეპორტიორები უმეტესად შემთხვევის ადგილზე მომენტალურად ჩნდებიან. ისმის თვითმხილველების მიმართ ჟურნალისტის მიერ დასმული შეკითხვა: ,,რა უთხარით პოლიციას?” მკვლელი მარტო არ არის, მას დამხმარეები ჰყავს, რომლებიც ყველაფერს, მათ შორის, მედიასივრცესაც აკონტროლებენ, სწავლობენ საზოგადოებრივ აზრს და ალიბს ამის მიხედვით ამუშავებენ, წარმართავენ პროცესებს, რომ სამართალდამცავებისთვის საქმის გახსნა გაძნელდეს. მივეჩვიეთ წინასწარ ლაპარაკს ისეთი ადამიანებისგანაც, რომელთაც საქმის გამოძიებასთან ხელი არ აქვთ. როგორ შეიძლება, სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე ვინმემ განაცხადოს, რომ ესა თუ ის პიროვნება დამნაშავეა? ზოგჯერ, საქმეს სულ მცირე ინფორმაციის გაჟღერებაც გააფუჭებს.
- იცით, მკვლელობები როგორ იგეგმება?
- მკვლელობა ხშირად შეკვეთილია, იშვიათად, ისეთი სიტუაცია იქმნება, რომ მკვლელობა ხდება. დღეს უამრავი ტექნიკური საშუალებაა, რაც საქმის გახსნას შველის. მკვლელობისთვის მზადება ასეთი მიმდევრობით წინასწარ მიდის: როცა ქილერს დავალებას აძლევენ, ჯერ მსხვერპლის სურათს აჩვენებენ. თუკი მასთან რაიმე ტიპის ნაცნობობა აქვს, ან სულაც, მის უბანში ცხოვრობს, ამ შემთხვევაში, საქმე რთულდება - ადვილად ამოიცნობენ. შეთანხმების მერე, ქილერი იმ ტერიტორიას სწავლობს, სადაც მსხვერპლი უნდა გამოჩნდეს, არკვევს, არის თუ არა ვიდეოკამერები, ან სხვა სათვალთვალო პუნქტი, როგორ დაიცვას თავი ჩავარდნის შემთხვევაში, როგორ ავარდეს, ვთქვათ, სადარბაზოში, როგორ აიყვანოს მძევალი, რა პირობები წამოაყენოს, ან როგორ გაიქცეს შემთხვევის ადგილიდან. ისიც უნდა გათვალოს, დამკვეთს როგორ გაექცეს, ხშირად ქილერს დაუთქვამენ ადგილს, სადაც ოპერაციის დამთავრების მერე უნდა მივიდეს გასამრჯელოს ასაღებად. ესეც ხიფათია - ზოგჯერ მახეა დაგებული, მოწმეს თავიდან იშორებენ და შემკვეთები ქილერს კლავენ. ამიტომ მან სხვა გზაც უნდა დაამუშაოს, რომ სიტუაციას გაეცალოს. გასარკვევია, ცხონებული ბესო ხარძიანი ვინმემ ,,გაყიდა” თუ ცნობილი გრაფიკით მოძრაობდა?! ამოსაღებია წინა თვეების ვიდეომასალა, სადაც აუცილებლად ჩანს, მკვლელი მიდამოს როგორ ზვერავს შეცვლილი გარეგნობით. ხარძიანის შემთხვევა კარგად მიცემული საქმეა, მაგრამ მკვლელი კვალს აუცილებლად დატოვებს.
- დღეს ქილერის “მომსახურება” რა ღირს?
- სხვადასხვა ფასია, გააჩნია, შეკვეთა რა ტიპისაა და ვინ არის ,,დასაბრედი”. ზოგჯერ, ეს თანხა ნახევარი მილიონია, ზოგჯერ - 100-150 ათასი დოლარი.
- ვინ არიან ის ადამიანები, ვინც “ქილერები” ხდებიან?
- საქართველოში პოტენციურად ბევრი ადამიანია, ვინც ქილერობას დათანხმდება, ამ ადამიანებს ,,სისხლის სუნი” უკევ შეგრძნებული აქვთ, იციან იარაღის ხმარება, გამოცდილება ,,ცხელ წერტილებში” ყოფნისას მიიღეს. ომის ვეტერანებს ქვეყანა განსაკუთრებულად უნდა მოუფრთხილდეს, ამავე დროს, მეთვალყურეობის ქვეშ ჰყავდეს, ზოგს კანტუზია აქვს, ზოგი მკურნალობას საჭიროებს, ზოგს საცხოვრებელი პირობები არ აქვს.Oმათ სახელმწიფოსგან სათანადო დაფასება და პატივი სჭირდებათ, მათ ოჯახებს - ხელის შეწყობა, რომ უსახსრობის, გამო ვინმემ ხელი ქილერობას არ მიჰყოს.Aამიტომაც მგონია, რომ უცხოეთიდან მკვლელის ჩამოყვანის საჭიროება არაა.
- გამოდის, რომ საქართველოში ქილერები არიან და პროფესიონალი ოპერები - არა?
- კრიმინალის წინააღმდეგ ბრძოლაში უდიდეს როლს გამოცდილება, ინფორმაციის ბაზა თამაშობს.
- ბევრ რეზონანსულ საქმეზე დასკვნა არა და არ იდება... დასკვნების დადება პოლიტიკურ ნებაზეა დამოკიდებული?
- რა, დანაშაული Pპოლიტიკოსმა ჩაიდინა? ყველა საქმის გახსნა და სასამართლომდე მიტანა შეიძლება. საქართველოში ბოლო ხანს მომხდარი მკვლელობები აშკარად ორგანიზებულია, კარგა ხანია, ერთი ჯგუფი მუშაობს დაკვეთებზე. ჩემს საქმეში ლევან გულვერდაშვილის, დავით მძელურის, ვლადიმერ გეთიაშვილის სახელები ფიგურირებდა. უნდა გენახათ, სასამართლო პროცესებზე როგორები მოდიოდნენ: უკანასკნელ მოდაზე ჩაცმულები, ორ-ორი მანქანით, სამი-ოთხი გაფორმებული იარაღით. მოკლედ, ფულიანი ხალხია. დავალებებს ასრულებდნენ და უხდიდნენ კიდეც. ესენი იყვნენ ე.წ. მუხროვანის ამბოხის მონაწილე გია კრიალაშვილის მკვლელები, მაგრამ რა? - ყველა მათგანი დღესაც შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურებში მუშაობს, ზოგი დაწინაურებულია კიდეც - ლევან გულვერდაშვილი ქალაქის კრიმინალური სამსახურის უფროსობიდან სამმართველოს უფროსი გახდა, ახლა განყოფილების უფროსის პოსტს იკავებს. წესიერი გამოძიება რომ დაიწყოს, ყველა მათგანი ციხეში აღმოჩნდება. ეს იყო ჯგუფი, რომელსაც ხან აქეთ გადაისვრიდნენ, ხან - იქით, ნებისმიერ საქმეს აკეთებინებდნენ. მათთვის მნიშვნელობა არ ჰქონდა, ვინ იქნებოდა ქვეყნის პრეზიდენტი, მთავრობის ხელმძღვანელი.Mმჯერა, საქართველოში სამართლიანობის აღდგენის პროცესი დაიწყება და ყველა დაისჯება, თუმცა ძალიან ძნელია საქმის კეთება, როცა პროფესიონალები არ გყავს. ხშირად გაჰყვირიან, პროკურორები საქმეს არ ხსნიანო. ვინ ეკითხება პროკურორს საქმის გახსნას? აქ მთავარი ოპერმუშაკია.
- შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქვეყანაში დაუსჯელობის სინდრომია გამეფებული?
- არა, უბრალოდ, მუშაობა არ იციან. სტრუქტურებში ისევ ის ხალხი მუშაობს, ვინც თავად ჩადიოდა დანაშაულს და ვინც საქმის კურსში იყო, რომ დანაშაული ხდებოდა. დანაშაულებრივი ბრძანება კი, მაღალი დონიდან გაიცემოდა..
- ბოლო დროს, პოლიციაზე თავდასხმის ფაქტები დაფიქსირდა. ბევრი ამბობს, რომ ქვეყანაში პოლიციის მიზანმიმართული დისკრედიტაცია მიმდინარეობს...
- ერთ რამეს ვიტყვი: პოლიციელს დამცველი უნდა ჰყავდეს.
- ბატონო ბორის, სააკაშვილი რუსული პროექტია?
- ეჭვი მაქვს, რომ ასეა, თორემ მის დაჭერას რა უნდა? არ აჭერინებენ, სააკაშვილის მეშვეობით, უკრაინის დანგრევას ელოდებიან. ეჭვი ხომ არ გეპარებათ, რომ უკრაინას დაანგრევენ?
- როგორ?
- მეგობრებთან ერთად, იარაღს შეიტანს და უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომის გაჩაღებით დიდ ფულს გააკეთებს. ხანდახან მიფიქრია, ,,ნაციონალების” ბევრ ლიდერზე რუსეთში საქმეა აღძრული და ალბათ, რუსებსაც აწყობთ ,,ნაციონალების” იქ ყოფნა, თორემ რომ მოინდომონ, რუსეთში ჩაიყვანენ და გაასამართლებენ-მეთქი.
- რაღაც აკლია თქვენს ამბავს... სააკაშვილს, სინამდვილეში, თქვენგან რა უნდოდა?
- ზუსტად ვიცი, რაც მოხდა. მიხეილ სააკაშვილის საკრებულოს დეპუტატობის დროს, ქალაქის პოლიციის სამმართველოს პირველი მოადგილე ვიყავი, დამირეკეს, რომ ჩემთან მისი წარმომადგენელი მოვიდოდა. საქმე ეხებოდა ნაძალადევის პოლიციის სამმართველოდან, პოლიციის მიერ დაკავებული ნარკომანის და ნარკოგამსაღებლის გათავისუფლებას, რომელზეც სანქცია უკვე გაცემული იყო. როცა საქმე ნარკოტიკებსა და გაუპატიურებას ეხება, კომპრომისზე არ მივდივარ. სააკაშვილის მოგზავნილს უარი ვუთხარი, სანქცია გაცემულია, აწი, პროკურატურას სთხოვეთ-მეთქი. ეს ბოღმა სააკაშვილს გულში ედო. ციხეში ,,კლიუჩნიკი” პატიმარი მომიგზავნეს, რომელსაც ჩემი მოწამვლა ჰქონდა დავალებული, მაგრამ გადავრჩი.
- კი, მაგრამ იგორ გიორგაძესთან პრესკონფერენციაზე მისვლა კომპრომატი არ იყო?
- საქართველოდან ჩამოსულ ყველა ადამიანთან ვურთიერთობდი. სააკაშვილს უთქვამს, ეს ივანოვი მოსკოვსა და თბილისს შორის მიდი-მოდის, ჩვენი მტერია, დააკავეთო.
- ფიქრობთ, რომ სააკაშვილის მხრიდან პირადი ანგარიშსწორება იყო?
- ყველაფერი ერთად, გაახსენდა, რომ იგორ გიორგაძესთან, რომელსაც პრეზიდენტობა უნდოდა, პრესკონფერენციას დავესწარი. ქვეყნის ,,მოღალატე” ემზარ კვიციანთან, უფრო სწორად, მის ძმასთან ჩემი სახლიდან ზარი განხორციელდა. ამ არგუმენტებით გადაწყდა ჩემი დაპატიმრება.
- მართალია, ნარკოტიკების შენახვის ბრალდებით დაგაკავეს, მაგრამ სინამდვილეში, დაკავების სარჩული თქვენი რუსულ სპეცსამსახურებთან გაიგივება იყო, არა?
- რა დაბრალება უნდოდათ, რუსული სპეცსამსახურის თანამშრომელი ვიყავი, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ საქართველოს საზიანოდ რამეს ჩავდიოდი. ჩემს სამშობლოს პატიოსნად ვემსახურე!
რუსეთიდან რომ დავბრუნდი, მასალები გავამზადე საქართველოში მოქმედ დანაშაულებრივ ჯგუფზე, რომელიც ჩემს საქმეში ფიგურირებდა, რადგან გამოძიების დროს არ ჩანდნენ არც ხელმძღვანელები, არც - შემსრულებლები. ერთ ძველ მეგობარს ვთხოვე, გენერალურ ინსპექციაში მიმყოლოდა, ან ჩემთან ერთად ემუშავა მასალებზე, რომ შემდეგ რეაგირებისთვის პროკურატურისთვის გადაგვეცა. იმ კაცმა მორიდებით მითხრა, ცოტა რთულიაო. უკან მაინც არ დავიხიე, გენერალური ინსპექციის მაშინდელ უფროსთან, ზვიად ჯანყარაშვილთან მისვლა გადავწყვიტე.
- რისთვის?
- იმ ხალხის მხილება მინდოდა, ვინც ,,ნაციონალების” დროს დამსჯელ რაზმებში მუშაობდა, ხელს და ჯიბეებს ითბობდა, ხალხს ამწარებდა. ყველაფერი მზად მქონდა - სამხილები, ფოტოები, მონაცემები. კარგა ხანს ვიარე ამ საბუთებით, ჯანყარაშვილის მოადგილესთან, თვაურთან, რომელიც გადაწყვეტილებას ვერ იღებდა. ყოფილი ,,გაიშნიკი” ჯანყარაშვილი კი მე, გენერალ-მაიორ ბორის ივანოვს მემალებოდა. ერთ-ერთი მიღების მერე, თვაურმა გამომაცილა და საერთო მისაღებიდან ,,მივლინებაში წასული” გენინსპექციის უფროსის ზვიად ჯანყარაშვილის ჩრდილი შევნიშნე. მას მერე აღარ მივსულვარ.