...ზუსტად 33 წლის წინ თბილისი საპროტესტო ტალღამ წალეკა. სხვათა შორის, მშობლიური ენისთვის სახელმწიფო სტატუსის ჩამორთმევა მხოლოდ ქართველებმა გააპროტესტეს... საერთოდ, ამ თემაზე ბევრი თქმულა და დაწერილა. ცხადია, კიდევ ბევრი ითქმევა და დაიწერება, თუმცა ედუარდ შევარდნაძემ “ქართული სიტყვას” 1978 წლის 14 აპრილის მოვლენათა უცნობი დეტალები გაუმხილა...
მაშ ასე, 2011 წელი, 7 აპრილი, კრწანისის რეზიდენცია... რკინის ჭიშკრის მოპირდაპირე მხარეს 20-მდე ადამიანი დგას. ალბათ, მიხვდით - ე.წ. ზვიადისტები არიან... მეგონა, “ანტიშევარდნაძისტულმა პროტესტმა” ჩაილურის წყალი დალია, მაგრამ დაცვის ბიჭებისგან ვიგებ, “პროტესტანტები” შევარდნაძის “მოსანახულებლად”, თურმე, კვირაში სამჯერ მიდიან, ორ-სამ საათს დგანან და მერე იშლებიან... რაღა დაგიმალოთ და, “პროტესტანტთა” მოსმენამ ისე შემიყოლია, რომ კინაღამ დამავიწყდა, კრწანისის რეზიდენციაში რისთვის ვიყავი მისული... ისე, “ზვიადელთა” უღიმღამო თავყრილობის ხმა ედუარდ შევარდნაძის სამუშაო ოთახამდე ნამდვილად არ აღწევს...
ბატონო ედუარდ, როგორ ხართ?
- (იღიმება) რაც ახლა მკითხე, ეს ინტერვიუს ფორმატი არ არის...
შეიძლება, მაგრამ სტუმარი ვარ და, სხვა თუ არაფერი, პროტოკოლი მოითხოვს, რომ სტუმარმა მასპინძელი მოიკითხოს...
- (ისევ იღიმება) ადრე სტუმარი რომ მოდიოდა, საჩუქარი მოჰქონდა...
რა საჩუქრები მოჰქონდათ სტუმრებს?
- ხელცარიელი არ მოდიოდნენ... შენ კი პატარა დიქტოფონი მოიტანე...
- ბატონო ედუარდ, რაღა დაგიმალოთ და, ხელცარიელი არც მე მოვსულვარ - ე.წ. ზვიადისტები “მოვიყვანე” და ჭიშკართან უღიმღამო მიტინგს მართავენ...
საუბარში ედუარდ შევარდნაძის თანაშემწე ერთვება:
ბატონო ედუარდ, სხვებს ერთი სული აქვთ, როდის შემოვიყვან. ვანომ კი მითხრა, არ შეიძლება, ცოტა ხანს კიდევ მოვუსმინოო?!
ედუარდ შევარდნაძე: ვანო, შენც შეუერთდი...
მაგ საქმიდან არაფერი გამოვა, ბატონო ედუარდ, რამეთუ “ზვიადისტებს” არც მე ვუყვარვარ...
- რატომ?
არ ვიცი...
- (იცინის)
კარგი, ახლა საქმეზე გადავალ... 33 წლის წინ ქართული ენა დიდ განსაცდელს გადაურჩა. მართალია, ამ თემაზე არაერთხელ გილაპარაკიათ, მაგრამ მოდით, კიდევ გაიხსენეთ... სხვათა შორის, ჯანსუღ ჩარკვიანმა მიამბო, თუ როგორ გააგზავნეთ ის და ნოდარ დუმბაძე უნივერსიტეტში ხალხის დასამშვიდებლად...
- “პირველი განდობილები”, მართლაც, ეგენი იყვნენ... ვუთხარი, წადით უნივერსიტეტში, ბავშვები დაამშვიდეთ და იქ დაელოდეთ, თუ რას ვიტყვი სესიაზე დედაენასთან დაკავშირებით-მეთქი... სხვათა შორის, როცა გაზეთში პირველად გამოქვეყნდა პროექტი, რომ საბჭოთა კავშირში ერთი ენა უნდა ყოფილიყო, ამას მწერლები ნორმალურად შეხვდნენ...
რატომ?
- არ ვიცი... გაუთავებლად მხოლოდ რეზო ჯაფარიძე ყვიროდა და ამის შესახებ ჩემს წიგნშიცაა ლაპარაკი... მოსკოვთან დიდი მოლაპარაკება მიდიოდა. ერთიანი ენის შემოღების ინიციატორი იდეოლოგიის მდივანი სუსლოვი იყო, მაგრამ ამ მოლაპარაკებით არაფერი გამოვიდა და ბრეჟნევთან მივედი, ჩვენ კარგი ურთიერთობა გვქონდა... ავუხსენი, თუ რას ნიშნავს ქართველი კაცისთვის “დედა ენა”, რომ ლენინისა და სტალინის დროსაც კი ქართულ ენას ჰქონდა სახელმწიფო ენის სტატუსი. ბრეჟნევმა მითხრა, მე ამ საქმის სპეციალისტი არ ვარ, სუსლოვს დაელაპარაკე და თუ არაფერი გამოვა, მერე ჩავერევიო... ჭკუა ვიხმარე და ჩერნენკოსთან მივედი, რომელიც მაშინ ბრეჟნევის თანაშემწე იყო. სხვათა შორის, ჩერნენკო ძალიან ნიჭიერი და განათლებული ადამიანი გახლდათ... მერე, თბილისშიც ჩამოვიდა... ჩერნენკოსაც ავუხსენი, თუ რას ნიშნავს ქართველისთვის დედა ენა. ისიც ვუთხარი, როცა ბავშვი ლაპარაკს იწყებს, პირველად “დედას” ამბობს-მეთქი. ჩერნენკომ მითხრა, ბრეჟნევს დაველაპარაკებიო... სუსლოვი ერთს კი შემპირდა, პროექტს დავუმატებთ ფრაზას, რომ პარტია იზრუნებს მშობლიური ენების განვითარებაზეო...
ამ დროს თბილისში აქციები უკვე დაწყებული იყო?
- არა... სხვათა შორის, ხმა გაავრცელეს, შევარდნაძე თანამდებობას ტოვებსო... საკითხი სესიაზე უნდა განხილულიყო... სესია შეიკრიბა, დარბაზი სავსეა, რვაასი კაცი მაინც იქნება... მოხსენებით გამოვდივარ... მაშინ საქართველოს ცკ-ს მეორე მდივანი კოლბინი იყო, რომელიც ჩემს გვერდით იჯდა და ვუთხარი, ქუჩაში რაც მოხდება, შემატყობინე-მეთქი. სესიის დაწყებიდან არ გასულა დიდი დრო და კოლბინმა პირველი წერილი მომაწოდა, სადაც ეწერა, უნივერსიტეტიდან დაიძრა ახალგაზრდობაო. მეორე წერილში კი ეწერა, “გე-პე-იც” (ტექნიკური უნივერსიტეტი) დაიძრაო. მესამე წერილი კი საჭირო აღარ იყო, რადგან უკვე შენობაშიც ისმოდა შეძახილები: “დედაენა!”, “დედაენა!”
დედა ენის შესახებ საკითხი ბოლოსთვის მქონდა შემონახული, თან გადაწყვეტილი მქონდა, რომ ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი დარჩებოდა... მოკლედ, ვთქვი, ქართული ენა ინარჩუნებს სახელმწიფო ენის სტატუსს-მეთქი. თავიდან ხალხი ვერ მიხვდა, რა ხდებოდა... სხვათა შორის, სესიას ინაურიც ესწრებოდა, ის რამდენჯერმე გავიდა დარბაზიდან ... დეპუტატები უფრო დაიძაბნენ, იცოდნენ, როცა ინაური გარეთ გადიოდა, ესე იგი, რაღაც ხდებოდა... გამოსვლა ასე დავამთავრე: ჩვენ ვითათბირეთ და მივედით დასკვნამდე, რომ ქართული ენა ინარჩუნებს სახელმწიფო ენის სტატუსს. ხალხი ფეხზე წამოდგა, ტაშს უკრავდა და ტიროდა... მართალია, გამოვაცხადე, ქართული ენა სახელმწიფო ენის სტატუსს ინარჩუნებს-მეთქი, მაგრამ ბავშვებმა არ დაიჯერეს... სხვა გზა არ იყო, თავად გავედი მათთან და დავარწმუნე, გადაწყვეტილება მიღებულია და ქართული ენა ინარჩუნებს სახელმწიფო სტატუსს-მეთქი. ახლაც მახსოვს, რუსთაველის პროსპექტზე თავის თანამშრომლებთან ერთად გამოსული ლალი ჯავახიშვილი, ივანე ჯავახიშვილის შვილი, უბრწყინვალესი პიროვნება... ეს იყო ჩვენი საზოგადოების დიდი გამარჯვება.
სტატუსის გამოცხადების დროს ინაური დარბაზში იმყოფებოდა?
- არა, მერე შემოვიდა... ის, რომ ქართული ენა სახელმწიფო ენის სტატუსს შეინარჩუნებდა, არავისთან, მათ შორის, არც ინაურთან შემითანხმებია. ეს საკითხი თავის თავზე ერთ კაცს უნდა აეღო...
არც კრემლში იცოდნენ, რომ ამ ნაბიჯის გადადგმას აპირებდით?
- არა... ეს ჩემი ინიციატივა იყო...
და ეს ინიციატივა იყო თუ არა რისკი, ანუ კარიერა ეჭქვეშ დააყენეთ?
- კარიერა კი არ დავაყენე ეჭქვეშ, არამედ, ციხე მელოდებოდა!.. ჩერნენკომ, რომელიც ქართველებისა და ჩემს მიმართ სიმპატიით იყო განწყობილი, მართლა, იმუშავა... ამ ამბებიდან გავიდა რამდენიმე დღე და მოსკოვში გამომიძახეს, სუსლოვთან. არ გინდა იქ ჩასვლა? ადრე სუსლოვი, თუ არ ვცდები, კრასნოდარში მუშაობდა, სტალინმა დაადგა თვალი, ჯერ ბალტიისპირეთში გააგზვანა ცეკა-ს პირველ მდივნად, მერე კი მოსკოვში გადაიყვანა... ჩავედით მოსკოვში... სუსლოვთან ვართ მე, კოლბინი, მეორე მდივანი იყო, გილაშვილი და პატარიძე.
სუსლოვი საქართველოზე დასკვნას კითხულობს, სადაც ერთი-ორი სიტყვითაა ნათქვამი, რომ რესპუბლიკაში სოფლის მეურნეობა და მრეწველობა ვითარდება, ამის შემდეგ კი, მოთხრილები ვიყავით, საქართველოში ცოცხლობს შოვინიზმი და ნაციონალიზმიც ადრინდელივით ჰყვავისო... სუსლოვმა მოხსენების კითხვა დაამთავრა... ამ დროს დარეკა ბრეჟნევმა, უფრო სწორად, სუსლოვმა ითხოვა მასთან დალაპარაკება. სუსლოვმა ბრეჟნევს უთხრა, გთხოვთ, პოლიტბიუროს ხვალინდელი სხდომის დღის წესრიგში საქართველოს საკითხიც შეიტანოთო. ”კონკრეტულად, რა საკითხი?” - იკითხა ბრეჟნევმა. ენასთან დაკავშირებით ჩვენი ნების წინააღმდეგ წავიდნენო, - მიუგო სუსლოვმა. თუ ბრეჟნევი იტყოდა, რომ საკითხი დღის წესრიგში უნდა შეეტანათ, ეს იმას ნიშნავდა, რომ ან მომხსნიდნენ, ან პარტიიდან გამრიცხავდნენ. დარბაზში სიჩუმეა. ბრეჟნევმა ჰკითხა სუსულოვს, შევარდნაძეს ელაპარაკეო? ველაპარაკეო, უპასუხა სუსლოვმა. მაშინ საკმარისიაო, უთხრა ბრეჟნევმა და ეს იმას ნიშნავდა, რომ ყველაფერი კარგად იყო... მეორე დღეს თბილისში წამოვედი. სხვათა შორის, ბრეჟნევი “შევარდნაძეს” ასე ამბობდა - “შევარნაძე”...
ამის შემდეგ სუსლოვთან ურთიერთობა არ გაგიფუჭდათ?
- არა, რატომ უნდა გამფუჭებოდა? კარგად ვმუშაობდი... საქართველო ერთ-ერთი მოწინავე რესპუბლიკა იყო... მაშინ საქართველოს “ექსპერიმენტების რესპუბლიკას” ეძახდნენ... ჰოდა, გადავრჩი...
ისე, ბატონო ედუარდ, სიტყვამ მოიტანა და, საქართველო დღესაც ხომ ექსპერიმენტების ქვეყანაა. აი, მაგალითად, დღეს ერთობ აქტუალურია უცხოეთიდან ინგლისური ენის პედაგოგების ბითუმად ჩამოყვანა. ვიღაცები ამ კუთხით 1978 წლის აპრილის მოვლენებთან პარალელსაც ავლებენ... თქვენი აზრით, ქართული ენა მართლა საფრთხეშია?
- ამაზე ვერ გიპასუხებ... თუ არ ვცდები, ინგლისური ენის ცოდნა ყველა სახელმწიფო უწყებაში სავალდებულოა... ეს ქართული ენის განვითარებას ხელს არ შეუწყობს, მაგრამ ასე არ გაგრძელდება... ჩვენ დამოუკიდებელი სახელმწიფო ვართ და ისეთი საკითხები, როგორიცაა, მაგალითად, ენა, ჩვენი გადასაწყვეტია. უბრალოდ, ინიციატივებს ჩვენით ვიჩენთ...
და რატომ ვიჩენთ ინიციატივას, რომ ინგლისური ენა სავალდებულო იყოს?
- ეს სააკაშვილს ჰკითხე...
სააკაშვილის კარი ქართველი ჟურნალისტებისთვის დაგმანულია, ედუარდ ბატონო!..
- მეც, რამდენიმე წელია, მასთან არ მილაპარაკია...
ბოლოს როდის ნახეთ?
- ბოლოს ჩემი მეუღლის პანაშვიდზე ვნახე - სომხეთის პრეზიდენტ კოჩარიანთან ერთად მოვიდა...
მართალია, არ გინახავთ, მაგრამ სააკაშვილს რაღაცებს ურჩევთ. მაგალითად, საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, პრეზიდენტს ებარელი ბიზნესმენების გათავისუფლების რეკომენდაციას აძლევთ...
- მე ჩემს აზრს გამოვხატავ... ებრაელების მიმართ ბევრი სიკეთე მაქვს გაკეთებული... 26 საუკუნეა, ერთად ვცხოვრობთ და ქართველ კაცს ებრაელებისთვის შებრუნებული სიტყვა არ უკადრებია... როცა საბჭოთა კავშირში მცხოვრებმა ებრაელებმა ისრაელში მოინდომეს დაბრუნება, პირველი ჯგუფი საქართველოდან წავიდა და ქალაქ აშკელონში დასახლდა. იქ, თუ არ ვცდები, ორჯერ ვიყავი... შეხვედრა რომ დამთავრდა და ქუჩაში გამოვედი, ქართველმა ებრაელებმა ხელში ამიყვანეს და ასე მატარეს.
ბატონო ედუარდ, ხელში აყვანილი ქართველებმა რატომ არ გატარეს?
- იყო დრო, როცა ქართველებიც მატარებდნენ...…
ახლა გამახსენდა... ამას წინათ ერთ-ერთ უცხოურ საინფორმაციო
საშუალებას განუცხადეთ, სააკაშვილი კარგად ვერ გამიზრდიაო. მითხარით, რა სიკეთე გაქვთ მისთვის და, საერთოდ, მათთვის გაკეთებული, ვისაც დღეს აღარ ახსოვხართ?
- ეს ადამიანზეა დამოკიდებული... ჟვანია, სააკაშვილი, ბურჯანაძე და მთელი ეს თაობა, რომელიც ჩემს დროს მოვიდა ხელმძღვანელობაში, მართლაც, ჩემი გაზრდილია...
იქნებ, მათ გაზრდაში თქვენ დაუშვით შეცდომა?
- არა!.. როცა პარლამენტში შეიარაღებული ხალხი შემოიჭრა, მათ შორის, სააკაშვილი და სხვებიც, ორი გამოსავალი მქონდა - ან ძალა გამომეყენებინა (არმია პრეზიდენტს ემორჩილება), ან გადავმდგარიყავი. ახლა ვუყურებ, თუ რა ხდება ჩრდილოეთ აფრიკაში, ახლო აღმოსავლეთში, ებღაუჭებიან პოსტებს, ყველგან სისხლი დაიღვარა, იქაც კი, სადაც პრეზიდენტები გადადგნენ - ეგვიპტეში, ტუნისში... შევარდნაძემ კი მაშინ, 2003 წელს, გაიმარჯვა!
ნინო ბურჯანაძე და “ქართული პარტია” რევოლუციისთვის ემზადებიან... თქვენი აზრით, სისხლი საქართველოშიც დაიღვრება?
- ვერ გეტყვი...
ვერც იმას მეტყვით, საჭიროა თუ არა რევოლუცია?
- ეს ხალხმა უნდა გადაწყვიტოს!
თქვენც ხომ ხალხის ნაწილი ხართ, ბატონო ედუარდ?
- მე ჩემთვის ვარ! ექვსი წიგნის ავტორი ვარ... ვკითხულობ შუაღამემდე... ხან შენისთანა ხალხი მოდის, რაღაცებს მეკითხება... ესაა ჩემი ცხოვრება... მაგრამ, ახლაც გავიმეორებ, არც ერთ რევოლუციას სიკეთე არ მოუტანია...
შუაღამემდე რას კითხულობთ ხოლმე?
- წიგნებს, გაზეთებს, ჟურნალებს... ჩემს მოგონებებსაც ვკითხულობ... სხვათა შორის, მინდა, ახალ წიგნზე დავიწყო მუშაობა, მაგრამ იმდენი ჟურნალისტი და უცხოელი სტუმარი მოდის, რომ ვერ მოვიცალე, ახალ წიგნს რომ “ჩავუჯდე”... გირჩევ, ჩემი წიგნი წაიკითხო...
წაკითხული მაქვს, ბატონო ედუარდ! მახსოვს, “ჩემს არჩევანში” წერთ, ომის დროს ბიძაჩემის თანაშემწედ ვმუშაობდი, რომელიც სოფლის ფოსტალიონი იყო და ჩემდაუნებურად უბედურების მაცნედ ვიქეციო... რა ამის პასუხია და, ხალხში ლეგენდა დადის, როცა გადადგა, შევარდნაძემ თქვა, მოგენატრებითო... მართლა თქვით ეს ფრაზა?
- ეს ხალხის შეთხზულია, თუმცა ამის თქმის საფუძველი არსებობდა...
თქვენი აზრით, ხალხს ენატრებით?
- არ ვიცი, თუმცა გაზეთებში ამაზე ბევრს წერენ, ძალიან ბევრს...
...ბატონო ედუარდ, წეღან მეუღლის პანაშვიდი ახსენეთ... გენატრებათ ქალბატონი ნანული?
- ვდარდობ... ის რომ არ ყოფილიყო, იმის ნახევარს ვერ გავაკეთებდი, რაც გავაკეთე... პარლამენტში რომ შემოიჭრნენ და საგანგებო მდგომარეობა გამოვაცხადე, შინ მისულს ნანულიმ მითხრა, შენ რა, გინდა სისხლი დაღვაროო? ვუპასუხე, სისხლს არ დავღვრი და ხვალიდან პრეზიდენტი აღარ ვიქნები-მეთქი. შენი ყოველთვის მჯეროდაო, - მომიგო ნანულიმ...
სიზმარში გინახავთ?
- ხშირად...
ქალბატონ ნანულისთან ბოლო საუბარი გახსოვთ?
- გერმანიაში უნდა წავუსლიყავი... ნანული გულიკო ჩაფიძის კლინიკაში იწვა... ვუთხარი, გერმანიაში არ წავალ-მეთქი. იცი, რა მითხრა? თუ არ წახვალ ცოცხალი არ დაგხვდებიო... წავედი, მაგრამ მოხსენება ვეღარ წავიკითხე - შეტყობინება მოვიდა, ნანული გარდაიცვალაო... თვითმფრინავი არ იყო... პანტიკო თორდიამ გამომიგზავნა... ამ ეზოში დავასაფლავეთ...
ბატონო ედურად, ორი კითხვაც და მეტს აღარ შეგაწუხებთ...
- (იღიმება) ერთი...
კარგი, ერთი იყოს...
- რა გინდა, მითხარი...
ნინო ბურჯანაძე, დავით ბაქრაძე და ირაკლი ალასანია - ამ სამიდან პრეზიდენტობის რეალური შანსი რომელს აქვს?
- ეს ჩემი საქმე არ არის...
ცოტა ახალგაზრდა რომ იყოთ, პრეზიდენტობას ისევ დააპირებდით?
- არც თავის დროზე ვიყავი ცუდი პრეზიდენტი და, ახლაც რომ ვიყო, საქმე ცოტა სხვანაირად იქნებოდა.
რას ნიშნავს “სხვანაირად”?
- უკეთესად... მომეშვი ახლა...
კარგი... ნახვამდის!