ფროიდის გავლენა პატიმრებზე

ფროიდის გავლენა პატიმრებზე

რატომ აზიარა სროკზე მყოფმა ექიმმა მსჯავრდებულები გერმანულ ფსიქოლოგიას 
მას შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილმა ნულოვანი ტოლერანტობა გამოაცხადა და პარლამენტის ტრიბუნიდან ომახიანად თქვა, ყველა ციხეშიო, ეს მითითება ძალოვანებმა თავისებურად გაიგეს და ნულოვანი ტოლერანტობის გარდა, მართლაც ,,ყველა ციხეში' გაუშვეს. ასე და ამგვარად, გვერდიგვერდ სასჯელს პროფესორები, ინჟინრები, ეკონომისტები, ფინანსისტები და ჩვეულებრივი კრიმინალები იხდიდნენ. ახლა შეიძლება შეგვედავოთ, არაჩვეულებრივი კრიმინალები არ არსებობენო, მაგრამ ასეთებიც არიან. მოკლედ, საზოგადოების ინტილიგენციის ნაწილისა და კრიმინალური სამყაროს წევრების გაბაასება ყოველთვის საინტერესო იყო; მით უმეტეს, რომ ინტელიგენცია გარეთ მიღებული ცოდნით იწონებდა თავს, კრიმინალებს კი, თუ რამე აქვთ წაკითხულ-ნასწავლი, ყველაფერი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში.

,,ბიძაჩემო, მუცელში, მარჯვენა მხარეს რაღაც მტკივა და მითხარი ერთი რა მჭირს. ახლა არ დამიწყო, ყაჩაღებს არ ვმკურნალობო. ჰიპოკრატეს ფიცი გაქვს დადებული', - ცნობილ ექიმ ნოდარ შ-ს თავზე რუსთავის რეგიონის მაყურებელი, მელიქა დაადგა.

,,მარჯვენა მხარეს ღვიძლია და ყაჩაღობასთან ერთად ,,წამალსაც' რომ იშხაპუნებდი, მაგის ბრალი იქნება. რაც შეეხება ჰიპოკრატეს, შინაგანად თუ არ გაქვს ხალხის დახმარების სურვილი, გინდა დაიფიცე, გინდა დაიგინე, არაფერი გამოვა', - ნოდარი ნარზე არც განძრეულა, ისე უპასუხა.
,,მაიცა, კაცო, ხელს არ მომკიდებ?!' - დაინტერესდა მელიქა.

,,სად?!' - არანაკლებ დაინტერესდა ნოდარი.
,,რა სად, კაცო, მუცელზე, მარჯვენა მხარეს მტკივა-თქო', - მელიქა აშკარად გაბრაზდა.
,,ჰოდა, მეც გეუბნები, ღვიძლი იქნება, რა. ჯიგარი ანუ. თქვენ, კაიბიჭები თავიდან ყველა ჯიგრები ხომ იბადებით და მერე გეზრდებათ ხელები და ფეხები... ჰო, ყურებიც. ჰოდა, ეგ გტკივა, რა', - მშვიდად უპასუხა ექიმმა.

,,კაიბიჭებზე რა თქვი?!' - დაიძაბა მაყურებელი.
,,ის, რაც ორი დღის წინ ზონის მაყურებელმა თქვა. მე კი არ ვთქვი, გავიმეორე. გამეორება კიდევ, მოგეხსენება, ცოდნის დედაა. ვიღრმავებ ასე ცოდნას, თორემ აქედან სულ შტერი ხომ არ გავალ, რაღაც უნდა ვისწავლო. მაგალითად, გარეთ არ ვიცოდი, მაყურებელი რა იყო, რა ფუნქცია-მოვალეობები ჰქონდა, ახლა კი ჰიპოკრატეს ფიცზე უკეთ ვიცი. ისე, შენ ფროიდი თუ გაქვს წაკითხული?', - უცებ შეცვალა საუბრის ტონი ნოდარმა.

,,არა, მე უცხო ტიპები არ მიყვარს. ვაჟა მკითხე, გალაკტიონი, ჭაბუა ამირეჯიბი', - გაიბღინძა მელიქა.
,,კარგი, გკითხავ. თუთაშხიამდე რა დაწერა ჭაბუამ, თუ იცი შენ?!' - გაუღიმა ნოდარმა.
მელიქამ თვალები გადმოყარა, მერე დაიმორცხვა და არ ვიციო, ჩუმად თქვა.
,,ჰოდა, მეც მაგას ვამბობ, მარტო ჩვენს ნაჭუჭში ნუ ჩაიკეტები, სხვა რამეებიც წაიკითხე. აი, ახლა შენ რომ ფროიდი გქონდეს წაკითხული, მაგარ რამეებზე ვილაპარაკებდით, მაგრამ, აბა?! აჰა, შენ წიგნი, წადი, წაიკითხე, მოდი და ვიბაზროთ. იმდენ რამეს ისწავლი, აქედან, ჩემსავით პროფესორი თუ არა, დოცენტი უეჭველი გახვალ', - უთხრა ნოდარმა და წიგნი გაუწოდა.
მელიქა ექიმს კარგად დააკვირდა სახეზე, ხუმრობის ვერაფერი შეატყო, წიგნი გამოართვა და წავიდა. სანამ კამერიდან გავიდოდა, ექიმს გამოხედა და კითხა: ,,შემახსენე, რაზე ზიხარ?!'
,,იმაზე, რაზეც შენ ღვიძლი გტკივა, ანუ დედიჩემისას ვჭამდი, რა', - გაუღიმა ნოდარმა.
ერთი კვირის შემდეგ პატიმარ #0578-ის კამერაში რუსთაველი სოსო შევიდა. პატიმარი წიგნს კითხულობდა. სოსომ, მელიქა გეძახის, სასწრაფოდ მოვიდესო. #0578 მელიქას ბავშვობიდან იცნობდა, ამიტომ სოსოს შეუბღვირა, თავად ვერ ამოეთრაო? და მაინც გაჰყვა.

,,ბიჭო, რამდენი ხანია იმ ახალ კამერაში გადახვედი, სადაც ის სირი ნოდარა ცხოვრობს?!' - ჰკითხა მელიქამ.
,,რომელი სირი? პროფესორი რომ არის, სამედიცინო რუსეთში რომ აქვს დამთავრებული წითელ დიპლომზე და ექიმთა საერთაშორისო ორგანიზაციის ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატი იყო დაჭერამდე, იმ სირზე მეუბნები?!' - კითხვა დაუბრუნა #0578-მა.

,,ჰო, მაგაზე. არ მინდა ახლა მაგის თანამდებობები, რამდენი ხანია-მეთქი!' - მელიქა აშკარად გაბრაზებული იყო.
,,ჯერ ერთი, თანამდებობები კი არა, რეგალიები. რეგალია რას ნიშნავს, უცხო სიტყვათა ლექსიკონი რომ აქვს ქუთაისის მაყურებელს კამერაში, გამოართვი და რეგვენის ქვეშ იქნება ახსნილი. ისე, რეგვენის ახსნასაც თუ წაიკითხავ, არ იქნება ცუდი. იმ კამერაში რაც ვარ, კი იქნება ასე ორი-სამი კვირა', - დაუზუსტა #0578-მა.
,,მერე, როგორი როჟაა?' - მელიქამ რეგვენობა გაატარა.
,,რა ვიცი, არის რა. ზონის ექიმები კონსულტაციებზე ხშირად მოდიან, რამდენჯერმე გაყვანილიც ჰყავდათ, როგორც მითხრეს, სხვა ზონაზე ტიპები გასინჯა, მართლა ცუდად არიან თუ იგონებენო. რა არის რო?!' - დაინტერესდა #0578.
,,რა არის და, ამას წინათ წიგნი მომცა, ფროიდი თუ რაღაც ჩემი სირი. მოვკვდი პარაშაში სირბილით და ახლა უნდა გავუხურო, მაგრამ როგორ გავუხურო, იმას ხომ არ ვეტყვი, თან წიგნს ვკითხულობდი და... რაღაც მომაფიქრებინე, რა', - უთხრა მელიქამ.

იქვე მდგომმა სოსომ ყურები ცქვიტა, ჩუმად იკითხა, სად არის ის წიგნიო და ფურცვლა დაიწყო.
,,რა მოგაფიქრებინო, გაგიჟდი? ან რამ გამოგაშტერა, სად ფროიდი და სად მასტურბაცია... კაცი შენს განათლებაზე ზრუნავს და შენ უნდა ცემო? გადამრევ, რა. გაეშვი და ამ დებილს გამოართვი ეს წიგნი, თორემ გაყვება პარაშაში წყალს', - სოსოზე უთხრა #0578-მა.
,,მაინც ვცემ', - დაიმუქრა მელიქა და სოსოს იმედგაცრუებული ხმაც გაისმა - ,,ნახატები არ არის'...
რამდენიმე დღის შემდეგ, ნოდარას კამერაში მელიქა შემოვიდა. #0578 მიხვდა, რუსთავის მაყურებელი შარზე იყო, ამიტომ ფეხზე ადგა და ნოდარის ნართან ახლოს გაჩერდა. მელიქამ ვიღაცები მოიკითხა, მერე კამერის შუაგულში დადგა და დაიწყო.
,,გუშინ ღვიძლი ამტკივდა ისევ, ,,ბალნიჩკაზე' გადამიყვანეს, მაგრამ ვერაფერი მიშველეს, ისევ მტკივა. ამ ექიმების დედაც, რა, მკითხავები არიან, არაფერი  იციან. მაგათი ცოლ-შვილი უნდა იხმარო სათითაოდ და მერე დაგისვამენ დიაგნოზს', - მელიქა აშკარად დაუკრეფავში გადავიდა, მაგრამ ნოდარს წარბიც არ შერხევია.
,,უი, ბატონო ნოდარ, თქვენც აქ ხართ? არ გამახსენდა, ექიმებს რომ ვაგინებდი', - ნოდარს მიუტრიალდა მელიქა.
,,არა უშავს, აგინე რამდენიც გინდა, მე რომ დამიჭირეს, მაშინ ჩამომართვეს ექიმობის უფლება და ამიტომ ექიმი აღარ ვარ, პატიმარი ვარ და იმედია, პატიმრებს არ დაუწყებ ლანძღვას', - გაუღიმა ექიმყოფილმა.
,,ექიმი აღარ ხარ? აბა, ,,არესტანტები' რომ მოდიან და რჩევებს აძლევ, ესე იგი, აბოლებ?!' - მელიქა ნართან მივიდა.
,,არა, არ ვაბოლებ, ექიმი აღარ ვარ ოფიციალურად, თორემ, უფლებასთან ერთად, ცოდნაც კი არ წაურთმევიათ, შე კაცო', - გაუღიმა ნოდარმა.
ასეთ გაგრძელებას არავინ ელოდა - მოულოდნელად, მელიქამ ფეხი მოიქნია, მაგრამ სანამ ნარზე წამოწოლილ ნოდარს ჩააზელდა, #0578 გადაუდგა წინ და ფეხი დაუჭირა.
,,მაყურებელი მოქმედებს და შენ აჩერებ?!' - უღრიალა მელიქამ #0578-ს.

,,მაყურებელი კი არა, ახლა თუ გაგიგდე წიხლქვეშ, რაც სიგრძე გაქვს, სიგანეს მოგცემ. რა ,,პრავებს აკაჩავებ', რა გინდა საერთოდ? რატომ წევ ხელს? პრეტენზია გაქვს რამე?!', - #0578 აშკარად არ აპირებდა დათმობას.
,,მაყურებელი რომ ებაზრება, ნარზე არ უნდა იკოტრიალოს', - იფეთქა მელიქამ.
,,არ კოტრიალობს, ღვიძლი ტკივა, ცუდად არის და წევს. დაამტკიცებ, რომ ასე არ არის?!' - უკვე #0578-იც ყვიროდა.
მელიქა შეცბა, მერე ბავშვობის მეგობარს შეხედა და უთხრა - ,,ხომ ვიცი, ეს პასუხი ახლა მოიფიქრე. ამას მაინც ვცემ, ადრე თუ გვიან, მაშინ მაინც ვცემ, შენ რომ არ იქნები აქ', - და კამერიდან გავიდა.
ორი დღის შემდეგ #0578-ს სოსომ მიაკითხა.
,,ვნახე უცხო ენათა ლექსიკონში რეგალია, მაგრამ რეგვენის განმარტება არ იყო', - ამაყად უთხრა #0578-ს.
,,ნოდარ, ფროიდი ვის გაატანე, ახალი კლიენტია', - გასძახა #0578-მა ,,საკამერნიკს'.
,,არ მინდა ფროიდი, ნახატები არ არის და კითხვის თავი არ მაქვს', - იუარა სოსომ.
,,კარგი, თუ ფროიდი არ გინდა და აუცილებლად ნახატები უნდა იყოს, მაშინ ილუსტრირებული ,,ვეფხისტყაოსანი' წაიკითხე', - გაუღიმა #0578-მა.
,,ეგ წაკითხული მაქვს', - ამაყად თქვა სოსომ.

,,კარგი მაშინ, აბა, მითხარი როგორ იწყება და დაგიჯერებ', - არ მოეშვა #0578.
,,იყო არაბეთს როსტევან...' - დაიწყო სოსომ, მაგრამ #0578-მა გააჩერა.
,,დამიჯერე, ფროიდი გინდა, ფროიდი. ხომ ხედავ, მელიქა როგორ დააჭკვიანა', - უთხრა სოსოს და წიგნი ძალით ჩატენა ხელში.
,,არ წაიკითხავს', - ჩუმად თქვა ნოდარმა.
,,ვიცი, მაგრამ მაგის კამერაშია მელიქა და ის გადაიკითხავს, დამიჯერე, ბავშვობიდან ვიცნობ', - ღიმილით უპასუხა #0578-მა.
პატიმარი #0578