თემურ ბასილია მერაბიშვილ-ოქრუაშვილთან შეხვედრისა და ჟვანია-სააკაშვილის გუნდთან დაპირისპირების დეტალებს ამხელს

თემურ ბასილია მერაბიშვილ-ოქრუაშვილთან შეხვედრისა და ჟვანია-სააკაშვილის გუნდთან დაპირისპირების დეტალებს ამხელს

,,არც დემურ დვალიშვილის თვითმკვლელობის საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარეობა და არც ,,მწვანეების' მიერ 102 მილიარდის გათეთრება არ ყოფილა ჩემი დევნის რეალური მიზეზი და რა იყო, გეტყვით!'    

1997 წელს, თემურ ბასილია საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის ეკონომიკურ მრჩევლად დაინიშნა და ამ თანამდებობაზე ,,ვარდების რევოლუციამდე' მუშაობდა. 2004 წელს, შევარდნაძის მაღალჩინოსანი რამდენჯერმე დაკითხეს, თუმცა არ დაუკავებიათ, ამავე წლის ივლისში, ბასილიამ ქვეყანა დატოვა. სასამართლომ დაუსწრებლად, ქრთამის აღების გამო, 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა და მასზე ინტერპოლის წითელი ცირკულარით, ძებნა გამოცხადდა. ზურაბ ადეიშვილის უწყებამ, თემურ ბასილიას კუთვნილ საკრედიტო ბარათს ქრთამი უწოდა და მის მიერ, საკუთარი თანხის გადარიცხვაც ქრთამად ჩაუთვალა. თემურ ბასილიას აშშ-ს ხელისუფლებამ პოლიტიკური დევნილის სტატუსი მიანიჭა და ის ახლა ვაშინგტონში, ოჯახთან ერთად ცხოვრობს. ბოლო დროს, თემურ ბასილია გააქტიურდა, პრესაში მისი რამდენიმე ინტერვიუ გამოქვეყნდა, მაგრამ მის საქმეში იმდენად აბსურდული ბრალდებები იკვეთება და იმდენი კითხვა ჩნდება, რომ გადავწყვიტეთ, თემურ ბასილიას აშშ-ში დავკავშირებოდით.     

- ბატონო თემურ, თავდაპირველად, ბრალი რის გამო წაგიყენეს, თან თუ არ ვცდები, დაკითხვებზეც დადიოდით, ხომ? 
- არა, მხოლოდ ერთხელ ვიყავი, როდესაც დადასტურებული წყაროების საშუალებით გავიგე, რომ საქართველოს მაშინდელი ხელისუფლება ზუსტად ისევე აპირებდა ჩემთან სპეცრაზმის მოგზავნას დასაკავებლად, როგორც იმ პერიოდში ხდებოდა. აქამდე ეს არავისთვის მითქვამს, ახლა თქვენ გეუბნებით პირველად. ეს ინფორმაცია რომ მივიღე, ვანო მერაბიშვილს დავურეკე და შევხვდი, მაგრამ მითხრა, რომ არაფერ შუაში იყო და მაშინდელ გენერალურ პროკურორთან, ირაკლი ოქრუაშვილთან გადამამისამართა. მეორე დღეს ირაკლი ოქრუაშვილსაც შევხვდი, რომელსაც ჩემს სავარაუდო ბრალეულობაზე გარკვეული მოსაზრებები ჰქონდა, თუმცა ავუხსენი, რომ ეს ყველაფერი არარეალური იყო და ასე დავშორდით ერთმანეთს. 

- კონკრეტულად, რა საქმეზე ესაუბრეთ ირაკლი ოქრუაშვილს? 
- არაფერი საქმე არ ყოფილა, ეს უბრალოდ, ფსიქოლოგიური ზეწოლა იყო. გარდა ამისა, თვენახევრის მანძილზე, უშიშროების მანქანები დამდევდნენ, ეს საკმაოდ ღია, დაუფარავი და აგრესიული თვალთვალი იყო. უშიშროებას 15 მანქანა ჰყავდა, მაგრამ 11 მე დამდევდა, მაინტერესებდა, ჩემი დევნის გარდა, სხვა საქმე არ ჰქონდათ, მაგრამ მერაბიშვილსა და ოქრუაშვილს არაფერი აუხსნიათ. იმ პერიოდში, არანაირი საქმე და კონკრეტიკა არ ყოფილა. კონკრეტიკა 2005 წლის 17 ივლისიდან დაიწყო, როდესაც ბათუმში მთავრობის გაფართოებული სხდომა გაიმართა. ეს სხდომა იმითაა ცნობილი, რომ სამეგრელოს გუბერნატორმა თქვა, ბატონო პრეზიდენტო, ხალხი ისე გამდიდრდა, აფხაზებმა რომ კაცი მოიტაცეს, გამოსასყიდი ორ დღეში მოუგროვესო. სწორედ ამ მთავრობის სხდომაზე ბრძანა სააკაშვილმა, რომ თემურ ბასილიას ეპოქა დასრულდა, ჩემი დაჭერა და დასჯა იმავე სხდომაზე დაავალა მაშინდელ გენერალურ პროკურორს. 

- როდის და რა ვითარებაში დატოვეთ საქართველო? 
- 2004 წლის ივლისში, გაერო- დან შემოთავაზება მივიღე და ტაჯიკეთში წავედი. ქვეყნიდან წასვლას არ ვაპირებდი, მაგრამ სამწუხაროდ, 7-8 თვის მანძილზე, უმუშევარი ვიყავი. ჩემი სამსახურში აყვანა არ უნდოდათ, რადგან ეშინოდათ, სხვა არჩევანი არ მქონდა და რადგან ასეთი შემოთავაზება მივიღე, დავთანხმდი. 

- ამბობთ, რომ უშიშროების 11 მანქანა გითვალთვალებდათ, ამ პირობებში, საზღვრის გადაკვეთა არ გაგიჭირდათ? 
- არა, რადგან 2004 წლის თებერვალი- მარტი- აპრილის მანძილზე მითვალთვალებდნენ, თვენახევრის შემდეგ ჩემი დევნა შეწყდა, საზღვარი კი 2004 წლის ივლისში გადავკვეთე. 

- ოფიციალურად ბრალი რა ვითარებაში წაგიყენეს, ანუ ინტერპოლის წითელი ცირკულარით როდიდან დაიწყეს ძებნა? 
- სრულიად შემთხვევით გავიგე, რომ სააკაშვილმა მთავრობის სხდომაზე მეც მახსენა. ეს ის პერიოდია, როდესაც ტაჯიკეთიდან ყაზახეთში, გაცილებით სერიოზულ თანამდებობაზე გადავედი. ტაჯიკეთში ათასწლეულის პროგრამას ვხელმძღვანელობდი, ყაზახეთში კი გაერო- ს ცენტრალური აზიის რეგიონის ეკონომიკური მრჩევლის პოსტზე გადამიყვანეს. ალმა- ათაში გადავედი თუ არა, რამდენიმე დღის შემდეგ, თბილისიდან დედამ დამირეკა - პროკურატურის წარმომადგენლები მისულან და უთქვამთ, ბასილიას ბრალი უნდა წავუყენოთო. ეს სააკაშვილის დავალებიდან 4 თვის შემდეგ მოხდა. 

- ბატონო თემურ, თავდაპირველად, ქრთამის აღებასა და თანხების გაფლანგვაში გდებდნენ ბრალს? 
- არა, ასე არ ყოფილა. ბრალი, რომელიც წამიყენეს, აბსოლუტური უაზრობა იყო, თითქოს სახელმწიფო მინისტრის ყოფილმა მოადგილემ, კობა გვენეტაძემ, ტენდერი ჩაატარა, რომელსაც ამის უფლება არ ჰქონდა. თითქოს კობა გვენეტაძემ ეს დანაშაული მხოლოდ იმიტომ ჩაიდინა, რომ სამსახურებრივი გულგრილობა გამოვიჩინე და ბრალიც ამიტომ წამიყენეს. ერთ-ერთ ეპიზოდში, ენერგეტიკის მარეგულირებელ კომისიას თითქოს ერთ-ერთი პროექტი უნდა გაეგრძელებინა, რომელიც აღარ გააგრძელა და ესეც ჩემი სამსახურებრივი გულგრილობის ბრალი იყო. საქმის მასალებში, ამ აბსურდული ბრალდებების გარდა, უცნაური ფაქტებიც იყო, მაგალითად, მაშინდელმა ფინანსთა მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა, 50 000 აშშ დოლარი გაფლანგა და თურმე ნოღაიდელმა ეს იმიტომ მოახერხა, რომ სამსახურებრივი გულგრილობა გამოვიჩინე. კითხვები ჩნდებოდა - თუ იმ ხალხმა დანაშაული ჩაიდინა, ბრალი ხომ უნდა წაეყენებინათ. 

- როგორ, პროკურატურამ კობა გვენეტაძე და ზურაბ ნოღაიდელი არ დაკითხა? 
- არა! მეტსაც გეტყვით, რამდენიმე წლის შემდეგ, კობა გვენეტაძეს შემთხვევით შევხვდი და ამ საქმის შესახებ არაფერი იცოდა. 

- ბატონო თემურ, ათასწლეულის გამოწვევის პროგრამის ფარგლებში, 5 000 000 აშშ დოლარის გაფლანგვაზეც გედავებოდნენ? 
- არა, ჩემს საქმეში მსგავსი ბრალი არ ყოფილა. ეს აბსოლუტური სიცრუეა, საერთოდ არ წერია პროკურატურის მასალებში, რომ ათასწლეულის გამოწვევის პროგრამის ფარგლებში, თანხის გაფლანგვას მედავებოდნენ. ლაპარაკი იყო ერთ-ერთ პროექტზე, რომლის ერთ, იურიდიულ მიმართულებას მიხეილ სააკაშვილი, მეორეს ზურაბ ნოღაიდელი და მესამეს გიგი უგულავა ხელმძღვანელობდნენ. 

- ,,მილენიუმის' პროგრამას გულისხმობთ?
 - არა, ეს იყო პროექტების განმახორციელებელი ჯგუფის პროგრამა, რომელსაც სწორედ ეს პირები ხელმძღვანელობდნენ. პროკურატურის დოკუმენტებში წერია, რომ ამ პროექტში ფინანსური დარღვევები აღმოჩნდა. თურმე, სააკაშვილის, ნოღაიდელისა და უგულავას ფინანსური დარღვევებიც იმის ბრალი იყო, რომ მე სამსახურებრივი გულგრილობა გამოვიჩინე. პროკურატურის წარმომადგენლებს ვუთხარი კიდეც, რომ პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრსა და ქალაქის მერზე საქმის აღძვრა თუ გინდათ, მე რა შუაში ვარ-თქო, თვითონაც გაოგნებული ვიყავი. ამავე პროექტის ფარგლებში, ბრალი წაუყენეს აშშ-ს განვითარების საერთაშორისო სააგენტოს, მსოფლიო ბანკს, მათ ექსპერტებსა და კონსულტანტებს. არც ერთი მათგანი არათუ არ დაუკითხავთ, წარმოდგენაც კი არ ჰქონდათ, რომ საქართველოს მთავრობა მათ ასეთ ბრალს სდებდა. როდესაც აშშ-ში ჩავედი, ბევრ მათგანთან ვკონტაქტობდი და როდესაც ამის შესახებ ვუთხარი, გაოცდნენ. არადა, ბრალს მდებდნენ, რომ საერთაშორისო საფინანსო კორპორაციას გარკვეული კვლევა უნდა ჩაეტარებინა, რომელიც არ ჩაატარა და თითქოს ესეც ჩემს სამსახურებრივ გულგრილობას უკავშირდებოდა. არადა, კონკრეტულად ის კვლევა, რომელიც პროკურატურის მასალებშია ნახსენები, ინტერნეტშია განთავსებული. 

- გამოდის, თქვენი ბრალდებების 37-ტომეულში, რომელიც პროკურატურამ გამოიძია, აბსურდული ბრალდებებია ასახული? 
- ეს 37 ტომი სრული მაკულატურაა, რადგან არც ერთი ბრალი არ დადასტურებულა. სასამართლოზე ჩემს ინტერესებს ადვოკატი, შალვა შავგულიძე იცავდა, დამოუკიდებელმა ექსპერტებმაც ჩაატარეს კვლევა და საერთოდ, გააცამტვერეს პროკურატურა. სასამართლო პროცესზე, პროკურატურის წარმომადგენლები კედელთან მიაყენეს და პროკურორი იძულებული იყო, მოსამართლისთვის ეთქვა, რომ ბასილიას წინააღმდეგ არავითარი მტკიცებულება არ ჰქონდა. სასამართლოს ეს მასალები, მათ შორის, პროკურორის ეს განცხადებაც ხელთ მაქვს. 

- ბატონო თემურ, კონკრეტულად, რას გედავებათ პროკურატურა, რომ ინტერპოლის წითელი ცირკულარით იძებნებით? 
- ძებნაში 2006 წლიდან ჩამსვეს. თუმცა ძებნას აცხადებს არა ინტერპოლის ცენტრალური ოფისი, რომელიც საფრანგეთში მდებარეობს, არამედ ინტერპოლის ეროვნული ბიურო, რომელიც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვედანაყოფია. პროკურატურამ შსს-ს ქვედანაყოფს გადასცა ჩემი მონაცემები და ასე ჩამსვეს ძებნაში. 

- მიუხედავად იმისა, რომ ბრალი არ დაგიმტკიცდათ, დღემდე რატომ იძებნებით? 
- ყველაზე აბსურდული ბრალდება დამიტოვეს, თითქოს საკრედიტო ბარათი, რომელიც მქონდა და ვიყენებდი, ქრთამი იყო. როდესაც ეს დოკუმენტები აშშ-ში წარვადგინე და ვუხსნიდი, თუ რა ბრალი წამიყენა პროკურატურამ, ამერიკელები შოკში ჩაცვივდნენ, ვერ იჯერებდნენ, რომ შეიძლებოდა, ქრთამად ჩაეთვალათ ის გადარიცხვები, რასაც მე და ჩემი ოჯახის წევრები, საკრედიტო ბარათის საშუალებით ვახორციელებდით აი, ამ აბსურდული ბრალის გამო ვიძებნები დღემდე და პროკურატურის მასალებში, ჩემი ოჯახის წევრების მიერ გადახდილი თანხა, მაგალითად, ჩემი შვილის სწავლის საფასური, ქრთამია. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფრის მიღება საკმაოდ რთული პროცედურაა. ორი აუცილებელი პირობაა, პირველი - უნდა დაასაბუთო, რომ პოლიტიკური მოტივით გდევნიან და მეორე - პიროვნებას, რომელიც თავშესაფარს ითხოვს, ამერიკის ფარგლებსგარეთ, სისხლის სამართლის დანაშაული არ უნდა ჰქონდეს ჩადენილი. მე რომ სადმე დანაშაული ჩამედინა, ამერიკის მთავრობა პოლიტიკური დევნილის სტატუსს ვერ მომცემდა, რადგან ამას კანონმდებლობა კრძალავს. 

- იარაღის ტარებისთვისაც გდებენ ბრალს, ეს ეპიზოდი როგორ გაჩნდა თქვენს საქმეში? 
- ეს კიდევ ერთი აბსურდია, რომელიც 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, 2013 წლის თებერვალში აღმიძრეს, როდესაც ხელისუფლებაში უკვე ,,ქართული ოცნება' მოვიდა. საქმე პროკურატურამ აღძრა, თბილისიდან ჩემი ოჯახის წევრები დამიკავშირდნენ და მითხრეს, რომ პროკურატურის წარმომადგენლები რაღაც იარაღზე გველაპარაკებიანო. ეს ამბავი რომ გავიგე, ამ პერიოდში დაემთხვა, რომ თეა წულუკიანი იყო ჩამოსული ვაშინგტონში და გადავწყვიტე, შევხვედროდი. ვუთხარი, რომ პროკურატურა მის დაქვემდებარებაში იყო, რომელმაც აბსურდული ბრალდება წამიყენა და ვთხოვე, საქმის მასალებს გაცნობოდა. დამპირდა, რომ ამ საქმეს გაეცნობოდა. 

- თქვენ ხომ პარლამენტის წევრი იყავით და იარაღის ტარების უფლება სიცოცხლის ბოლომდე გაქვთ, არჩილ კბილაშვილის უწყებამ კი ამის გამო საქმე აღგიძრათ? 
- დიახ, ასეა. 2013 წლის თებერვალში, აბანოთუბანში, ვიღაც პიროვნება ხულიგნობის ფაქტზე დააკავეს. საერთოდ არ ვიცი, ვინაა ეს პიროვნება, მას არც კი ვიცნობ. დაკავების დროს, იარაღიც ჰქონდა, როდესაც ეს იარაღი შეამოწმეს, ,,აღმოჩნდა', რომ თურმე ,,ჩემია'. არადა, წარმოდგენა არ მაქვს, რაზეა საუბარი. თურმე 1995 წელს მოუციათ ეს იარაღი ჩემთვის. 


- დავუშვათ, იარაღი მართლაც თქვენი იყო, იმ ადამიანის ხელში როგორ აღმოჩნდა? 
- წარმოდგენა არ მაქვს. ბრალს იმის გამო მიყენებენ, რომ თურმე, 1997-1998 წლებში მაშინდელი შს მინისტრის, კახა თარგამაძის ბრძანებით, სახელმწიფოს მიერ გაცემული იარაღები ხელახალ აღრიცხვაზე უნდა დამდგარიყო. თითქოს მე ეს იარაღი აღრიცხვაზე არ დავაყენე და 1998 წლიდან მოყოლებული, საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები მეძებდნენ, რათა ეს იარაღი აღრიცხვაზე აეყვანათ. 1998 წლიდან 2004 წლამდე, სახელმწიფო კანცელარიაში ვიჯექი, ჯერ პრეზიდენტის ეკონომიკური მრჩეველი ვიყავი და შემდეგ სახელმწიფო მინისტრი. აი, ამ 6 წლის განმავლობაში მეძებდნენ თურმე და ვერ მიპოვეს! ზოგადად, იარაღის მოყვარული არ ვარ. ზუსტად აღარ მახსოვს, მაგრამ 2002 წელს, ან 2003 წელს, ერთი იარაღი მაჩუქეს და ის მართლაც ჩემს სახელზეა გაფორმებული. 

- ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების დროს, თქვენს წინააღმდეგ აღძრული საქმე ,,ქართულმა ოცნებამ' გააგრძელა და წითელი ცირკულარით ამ მიზეზით იძებნებით? 
- არ მინდა, ამაში ,,ქართულ ოცნებას', როგორც პოლიტიკურ ორგანიზაციას დავდო ბრალი, რადგან ეს მხოლოდ და მხოლოდ პროკურატურის დანაშაულია! მინდა მჯეროდეს, რომ ჩემს წინააღმდეგ საქმე პოლიტიკური მოტივით არ აღუძრავთ. მეტსაც გეტყვით, როდესაც იარაღის გამო, პროკურატურის წარმომადგენლებმა დედაჩემი და ჩემი და ძალიან შეაწუხეს, იძულებული გავხდი, ერთ-ერთი ამერიკელი მეგობრისთვის მეთხოვა, ჩემი ოჯახის წევრები აღარ შეეწუხებინათ. ჩემი ამერიკელი მეგობარი თბილისში შეხვდა კიდეც არჩილ კბილაშვილს, რომელმაც განაცხადა, რომ ამ საქმის შესახებ არაფერი იცოდა. ჩემი მეგობრის თვალწინ დარეკა, რათა გაერკვია, ვინ იყო ამ საქმის პროკურორი და გამომძიებელი. მეორე დღეს, ჩემი ახლობელი მათაც შეხვდა, რომლებმაც ამ საქმის დოკუმენტები გადასცეს, ეს დოკუმენტებიც ხელთ მაქვს. რამდენიმე თვის შემდეგ, ვაშინგტონში ვიზიტად ჩამოსულ კბილაშვილს მეც შევხვდი, მაგრამ იგივე მითხრა, რაც ჩემს მეგობარს - არ იცოდა, რა საქმეზე ვესაუბრებოდი. 

- ამერიკაში ირაკლი ღარიბაშვილსაც შეხვდით, რომელიც დაგპირდათ, რომ თქვენს საქმეს გადახედავდა, რა რეაგირება მოჰყვა პრემიერ- მინისტრის დაპირებას? 
- ამ დაპირებიდან რამდენიმე თვის შემდეგ, პროკურატურის წარმომადგენლები თბილისში, ჩემი ოჯახის წევრებს დაუკავშირდნენ და უთხრეს, თუ ბატონი თემური ბრალს აღიარებს, საპროცესო შეთანხმებას გააფორმებდნენ. რა თქმა უნდა, კატეგორიული წინააღმდეგი ვიყავი, პროკურატურის წარმომადგენელს პირადად ვესაუბრე და ავუხსენი, რომ ასეთი რამ ჩემთვის მიუღებელია, რადგან პრემიერს პროკურატურისთვის არ დაუვალებია, ის დანაშაული მეღიარებინა, რომელიც არ ჩამიდენია. როგორც ჩანს, პროკურატურაში არ არსებობს კეთილი ნება, რომ თავისი წინამორბედების მიმართ, გარკვეული ქმედებები განახორციელონ. სხვათა შორის, ეკა ბესელიას კომიტეტსაც მივმართე პარლამენტში, რომელმაც საკმაოდ მოკლე დროში შეისწავლა ჩემი საქმე და დასკვნაც გადაუგზავნა პროკურატურას. დასკვნაში დადასტურებულია, რომ ჩემს მიმართ ხორციელდებოდა პოლიტიკური დევნა, წარმოდგენილია მასალები, რომლებშიც მითითებულია პროცედურული დარღვევები, როგორც გამოძიების, ასევე სასამართლო წარმოების პროცესში. ამიტომ ეკა ბესელიას კომიტეტმა რეკომენდაციით მიმართა პროკურატურას, რათა ეს საქმე გადაეხედათ, თუმცა უშედეგოდ. 

- კონკრეტულად, რას ითხოვთ საქართველოს მთავარი პროკურატურისგან? 
- მხოლოდ ერთ რამეს, რომ ჩემს წინააღმდეგ, სააკაშვილის რეჟიმის დროს დაწყებული პოლიტიკური დევნა შეწყდეს! ეს ერთადერთი თხოვნა რამდენიმე პუნქტად ჩამოვაყალიბე, პირველი - გადაიხედოს ჩემს წინააღმდეგ, სასამართლოს მიერ გამოტანილი უკანონო და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება, მეორე - შეწყდეს ჩემი ძებნა, მესამე - იარაღის ეპიზოდი ბოლომდე გამოიძიონ და მეოთხე - საშუალება მომცენ, რათა საქართველოში უსაფრთხო ჩამოსვლა შევძლო. 

- ბატონო თემურ, როდის და რა ვითარებაში მიიღეთ გადაწყვეტილება, ყაზახეთიდან აშშ-ში წასულიყავით და პოლიტიკური თავშესაფარი გეთხოვათ? 
- ეს ჩემი უფროსების გადაწყვეტილება იყო, რადგან მათ საკმაოდ სერიოზული შეტყობინება მიიღეს ადგილობრივი სამართალდამცავებისგან. ჩემი დაკავების მოთხოვნით, საქართველოს მთავრობა ოფიციალურ მოლაპარაკებებს აწარმოებდა ყაზახეთის მთავრობასთან. გაეროს თანამშრომელი გახლდით და დიპლომატიური იმუნიტეტი მქონდა, ამიტომ ვერავინ დამაკავებდა, მაგრამ ყაზახმა სამართალდამცავებმა, სააკაშვილის მთავრობას კატეგორიული უარი განუცხადეს. ამის შემდეგ, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოლაპარაკებები დაიწყეს ტერორისტულ ჯგუფებთან, რათა მოვეტაციბინე, არალეგალურად გადავეყვანე უზბეკეთში, საიდანაც სპეცრეისით, თბილისში ჩამომიყვანდნენ. სწორედ ეს ინფორმაცია შეიტყვეს სპეცსამსახურებმა, რომლებმაც ჩემი უშუალო ხელმძღვანელები საქმის კურსში ჩააყენეს. გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილე ჩემი ხელმძღვანელი იყო, რომელმაც სასწრაფოდ მოითხოვა, ჩემს დასაცავად, უსაფრთხოების ზომები მიეღოთ. დსთ-ს ტერიტორიაზე ჩემი ყოფნა აღარ შეიძლებოდა და სასწრაფოდ, ჩემი ბრატისლავაში ევაკუაცია (სწორედ ასე უწოდებდა ჩემს გამგზავრებას გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილე) გადაწყდა. ბრატისლავიდან აშშ-ში, ჩემი ინიციატივით გავემგზავრე. 

- ბატონო თემურ, რამდენად შესაძლებელია, ჟვანიასააკაშვილისა და თქვენი დაპირისპირების მიზეზი ყოფილიყო ის, რომ როდესაც პარლამენტის წევრი იყავით, იმ საგამოძიებო კომისიას ხელმძღვანელობდით, რომელსაც ეროვნული ბანკის ერთ-ერთი პრეზიდენტის, დვალიშვილის თვითმკვლელობის ფაქტი უნდა გამოეძიებინა? ცნობილია, რომ დვალიშვილს ჰქონდა ჟურნალი, სადაც შევარდნაძის მითითებით, ეროვნული ბანკის მიერ გაცემული ყველა კრედიტი და სესხი იყო აღრიცხული და მან თავი იმიტომ მოიკლა, რომ პროკურატურას ეს ჟურნალი მტკიცებულების სახით გადასცა და ამით შევარდნაძის ელიტა ,,ჩაუშვა'. თქვენ საკმაოდ ბევრი ინფორმაცია გქონდათ და შესაძლოა, ჟვანია- სააკაშვილი ფიქრობდნენ, რომ მათი ან მათთან დაახლოებული პირების ფინანსური მაქინაციების შესახებაც ფლობდით სერიოზულ კომპრომატებს, ამიტომ ხომ არ დაიწყეს თქვენი დევნა? 
- იმ პერიოდში, როდესაც ეს ამბავი მოხდა, სააკაშვილი საერთოდ არ იმყოფებოდა საქართველოში... 

- კიდევ ერთ გახმაურებულ საქმესაც დავამატებ, რომლითაც ზურაბ ჟვანიას თანამოაზრეებს 102 მილიარდი მანეთი რუსეთის ბანკიდან უნდა გამოეტანათ და საქართველოში გაეთეთრებინათ. თქვენ ამ საქმის დეტალებიც იცოდით.
- დიახ, ასე იყო, მაგრამ ყველაფერს თანმიმდევრულად გიამბობთ. მე იმ საგამოძიებო კომისიას ვხელმძღვანელობდი, რომელიც დვალიშვილის თვითმკვლელობის საქმეს იძიებდა და სხვათა შორის, საკმაოდ ბევრი, საინტერესო მასალაც გამოვიძიეთ. სააკაშვილს თავისი ცოდვებიც ეყოფა და მოდით, შევთანხმდეთ, რომ ამ საქმესთან მას კავშირი არ ჰქონია. რაც შეეხება ჟვანიას მიერ 102 მილიარდი მანეთის გათეთრების საქმეს, ეს თანხა კი გამოიტანეს, მაგრამ რეალურად, რამდენიმე თვის შემდეგ დააბრუნეს. სამართლებრივად, ამ საქმეში დანაშაულის ნიშნები არ იკვეთება. 

- ჩემი ინფორმაციით, ჟვანიას თანამოაზრეებმა ამ 102 მილიარდი მანეთის გამოტანა ვერ მოახერხეს, რადგან რუსეთის უშიშროებამ შევარდნაძის მაღალჩინოსნები ჩააყენა საქმის კურსში და ეს თანხა დაბლოკეს. ეს სულ სხვა თემაა, მაგრამ ხომ არ შეიძლებოდა, თქვენი დევნის ერთ-ერთი მიზეზი ყოფილიყო? მართლაც ბევრ ინფორმაციას ფლობდით და ამის გამო, თქვენი ხომ არ ეშინოდათ? 
- არც დვალიშვილის თვითმკვლელობის საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარეობა და არც 102 მილიარდი მანეთის გათეთრება არ ყოფილა ჩემი დევნის რეალური მიზეზი. ჟვანიასა და ჩემი დაპირისპირება ახალი ამბავი არ არის, ეს ყველაფერი 1995 წლიდან დაიწყო და მიზეზსაც გეტყვით. წარმოიდგინეთ, პარლამენტის თავმჯდომარე, რომელიც პრეზიდენტის პარტიის (მაშინდელი მოქალაქეთა კავშირი) ერთ-ერთი ლიდერი იყო, თავისივე პარტიის თავმჯდომარის, ანუ პრეზიდენტის ეკონომიკურ მრჩეველს სატელევიზიო დებატებში იწვევს. ასეთი დებატები ჩვენს შორის რამდენჯერმე შედგა, იგივე დამოკიდებულება ჰქონდა სააკაშვილსაც, რაც სრული აბსურდი იყო. ჟვანიასა და სააკაშვილს სურდათ, მათი გავლენის ქვეშ მოვქცეულიყავი, მაგრამ ქვეყნის წინაშე მათზე მეტი დამსახურება მქონდა და ამიტომ არანაირ კონტროლს, მით უმეტეს, მათ კონტროლს არ დავექვემდებარებოდი. იმ პერიოდში, ჩემი ხელმძღვანელობით, საქართველოს ხელისუფლების ეკონომიკურმა გუნდმა კუპონების დროინდელი ჰიპერინფლაცია დაძლია, მოგვიანებით, ქართული ლარი შემოვიღეთ მიმოქცევაში, ეკონომიკური რეფორმები დავიწყეთ და ქვეყანაში მართლა დაიწყო ეკონომიკური ზრდა. ჟვანიასა და სააკაშვილს სურდათ, პრეზიდენტისთვის ის ინფორმაცია მიმეწოდებინა, რაც მათ სჭირდებოდათ, რასაც მე კატეგორიულად არ ვეთანხმებოდი. ეს იყო დაპირისპირების ძირითადი მიზეზი, რომელიც 1998-1999 წლებში უფრო გაღრმავდა და ,,ვარდების რევოლუციის' შემდეგ, ჩემს პოლიტიკურ დევნაში გადაიზარდა. 

- ბოლო დროს, რამდენიმე ინტერვიუ მიეცით სხვადასხვა მედიასაშუალებას, რატომ გააქტიურდით ან რას ითხოვთ? 
- ერთადერთი მიზეზით გავაქტიურდი, უკვე ორწელიწადნახევარი გავიდა, რაც ხელისუფლებაში ახალი მთავრობა მოვიდა. ეს დრო საკმარისი უნდა ყოფილიყო იმისთვის, რომ პოლიტიკური დევნილებისა და პოლიტიკური მოტივით დაპატიმრებული პირების საქმეებისთვის გადაეხედათ. ძველი ხელისუფლების მიერ ჩადენილი დანაშაული კვლავ ძალაშია, ახალი ხელისუფლების პირობებში კი პროკურატურამ არათუ არ გადახედა ჩემს საქმეს, ახალი და აბსურდული ბრალიც კი წამიყენა და იარაღის ტარებაზე, საქმე ,,შეკერა'. საკმარისზე მეტი საფუძველი მაქვს, პროკურატურას მოვთხოვო, რომ ჩაიხედონ ამ საქმეში, იგივეს ვთხოვ საქართველოს მთავრობასაც.