ვზივარ და ვფიქრობ: სად იყო ღმერთი უფრო ახლოს - აქ, გარეთ თუ იქ, საკანში?
ამიტომ გადავწყვიტე, დავწერო...
ნარზე წამოწოლილი უხმო ბუტბუტით, ჩუმად ნათქვამი ნაწყენი ხმით, გისმენს და შენთან ერთად ტირის...
ტირის იმიტომ, რომ შეგქმნა, მოგავლინა და უნდა, რომ გიშველოს...
მაგრამ, რომ გიშველოს, შენთან უნდა იყოს სულ მუდამ და შენც მას უნდა დაჰყვებოდე თან...
სადაც უნდა ეძებდე - ეკლესიაში, სასწაულში... უნდა ჩაიხედო სარკმლის ანარეკლში, შენს თავს დააკვირდე და მიხვდე, შენ სასწაული ხარ, სასწაული, რომელიც მოგავლინა...
უნდა მოიხედო უკან და გაიხსენო, თუ როგორია ქვეყანა - ბოროტებით სავსე და მაინც, სიკეთე იმარჯვებს...
მაგრამ, ღმერთი არ არის ბოლომდე დამთმობი...
და აი, გაბრაზდები...
გაბრაზდები და მიხვდები, რომ მან გაგწირა და აქ მოგიყვანა!
გაებუტები...
განურისხდები....
აიყრი გულს მასზე...
დაწვები ნარზე გაბრაზებული და გადაბრუნდები კედლისკენ...
უცებ, ეშმაკიც მოვა დ გეტყვის:
- რა გინდა მოგცე? - ქვეყანა? თავისუფლება? რის სანაცვლოდ, მითხარი და მოგცემ! შენ? შენ რას მომცემ?
სანაცვლოდ გაიღე რამე, ჩაიდინე რამე ვერაგი და შენ ყველაფერი გექნება....
მერე, იძინებ და გრძნობ, რომ მარტო არ ხარ...
საკანში კიდევ ერთი უჩინარია, დაგყურებს, გეფერება და გაგრძნობინებს, რომ მარტო არ ხარ...
იცის, რომ ნუგეში გწყურია.
ის ღმერთია...
ღმერთია საკანში, რომელსაც გაებუტე, განურისხდი, მაგრამ არ მიგატოვა, დარჩა შენთან სამარადისოდ...
ღმერთი მხოლოდ საკანში გპატიობს ყველაფერს, რადგან იქ შენსავით იტანჯება...
იტანჯება, რადგან თავისი საყვარელი არსება დასაჯა...
იტანჯება იმაზე მეტად, ვიდრე შენ ბრაზობ მასზე....
ასე დაგყვება ახლად ფეხადგმული ბავშვივით და გეფერება...
გეხვეწება... რომ მასთან იყო, არ მიატოვო...
არ უნდა მას შენი ლოცვა, უნდა, რომ მისი გესმოდეს და ხვდებოდე, რომ ასე იყო საჭირო და ამიტომ დაგსაჯა...
***
გაბრაზებულმა, რაღაცაზე განაწყენებულმა, ერთხელ, ვიჩხუბე, ვიჩხუბე ბოლომდე - ერთი ქალი ვცემე. სახეში შემოვარტყი და დავუბარე, რომ საკნიდან არ გამოსულიყო...
მერე კი, მთელი დღე, ეზოში ვიჯექი და ნიშნისმოგებით ვუყურებდი ყველას: მეც შემიძლია ჩხუბი, რაც მე მინდა, იმას გავაკეთებ...
მერე, რა, რომ “კარცერი” არ ამცდება?!
გამოვალ და ისევ გავაგრძელებ...
ასე ამაყად და მედიდურად ვიჯექი და ვბობოქრობდი...
ვიღაცები მიწონებდნენ, ვიღაცები მარიდებდნენ თვალს.
მორიგემ დაიყვირა:
- მოსიაშვილი, გარეთ, პაემანზე!
წავედი...
არ ვიცოდი, ვინ იყო...
ნატული დამხვდა... ჩემი და!
ჩემი იდეალი...
პირველად მნახა 5 წლის მერე...
მითხრა, რომ არ შეეძლო, არ ვენახე...
და იტირა...
ვეკითხებოდი:
- რა გატირებს, კუტა?
- ხომ ხარ კარგად?
- კარგად ვარ! ყველაფერი კარგადაა?
ის კი, ტიროდა და ტიროდა... ლამაზ, თხელ თითებს სახეზე მისვამდა და მეფერებოდა...
წასვლისას მთხოვა:
- მაკა, სითავხედე თავმდაბლობით უნდა შეცვალო და გახსოვდეს, ღმერთი შენთანაა. უბრალოდ, ღმერთს თავხედები არ უყვარს!
წავიდა....
მე კი, დავჯექი და დავიწყე ფიქრი, თუ რა მითხრა და რატომ...
მერე, მეორე სართულზე ავედი და იმ ქალს ვთხოვე პატიება, რომელსაც დილით სახეში გავარტყი...
ქალმა იტირა... და მითხრა, რომ ჩემზე ორი დიდი შვილი ჰყავდა, ბიჭები და მათი დანახვის რცხვენოდა, ახლა კი, უკვე თავისუფალი იყო... შეეძლო, მათთვის შეეხედა...
ასეთია ღმერთი საკანში...
იქ ღმერთი კეთილია და მოსიყვარულე!
აქ კი, - ცოტა ბრაზიანი და პრინციპული!
P.S. რამდენიმე დღის წინ, მამა ალექსანდრე ძამუკაშვილს შევხვდი.... მამაოები არ მიზიდავს, მაგრამ ის სხვა მამაოა, სულ სხვანაირი... მეჭორავა, ჩაით გამიმასპინძლდა და როცა შინ ვბრუნდებოდი, გამახსენდა, თუ რა კეთილია ღმერთი საკანში!
აღდგომას გილოცავთ ყველას! განსაკუთრებით თქვენ, ვინც “ოსმალეთში” ხართ, ანუ პატიმრებს!