„თელასის“ ფინანსური მენეჯერის მკვლელობის 13-წლიანი საიდუმლო - გია გვიჩიანი ენერგომაფიის გვარებს დაასახელებს!

„თელასის“ ფინანსური მენეჯერის მკვლელობის 13-წლიანი საიდუმლო - გია გვიჩიანი ენერგომაფიის გვარებს დაასახელებს!

2006 წლის 7 მარტს, „თბილგაზისიმჟამინდელი დირექტორი, გია გვიჩიანითელასისფინანსური მენეჯერის, ნიკა ლომინაძის მკვლელობის ბრალდებით დააკავეს (ლომინაძის ცხედარი 2002 წლის 13 აგვისტოს, საკუთარ სახლში იპოვეს). მიუხედავად იმისა, რომ მკვლელობის მხოლოდ ერთი მოწმე არსებობდა, გვიჩიანს უვადო პატიმრობა მიუსაჯეს, რომელიც, მოგვიანებით, 15 წლით შეუცვალეს... “დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლო გია გვიჩიანის უდანაშაულობას მალე დაამტკიცებს”, - ამბობსქართულ სიტყვასთანსაუბრისასთბილგაზისყოფილი დირექტორის ადვოკატი ირმა ჭკადუა:

- ამ ქვეყანაში კანონი, ერთხელ და სამუდამოდ, ყველაზე მაღლა უნდა დადგეს. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ ადამიანმა შეიძლება, დანაშაული ჩაიდინოს, მაგრამ ამ დანაშაულის მიზეზების დადგენა პროცედურების დარღვევით არ უნდა ხდებოდეს. გია გვიჩიანი, ნიკა ჩემიას მსგავსად, რომელსაც მკვლელობის შესრულება დააბრალეს, აბსოლუტურად უდანაშაულოა. ლომინაძის მკვლელობის დღეს, ნიკა ჩემია თბილისში არ იმყოფებოდა.

- აბა, სად იყო?

- ჩემიას უტყუარი ალიბი აქვს - მკვლელობის მომენტში, ოჯახთან ერთად, რკინიგზის სადგურზე იმყოფებოდა და ბათუმისკენ მიემგზავრებოდა, რაც დადასტურებულია. მკვლელობის მოწმე არ არსებობს და გია გვიჩიანი მხოლოდ ერთი კაცის, ნოდარ გვიჩიანის ბრალეულობის საფუძველზე დააკავეს, რომლის ჩვენების მიხედვითაც, ლომინაძის მკვლელობა ჩადენილია “მაკაროვის” ტიპის იარაღით, თუმცა მოკლულს თავზე მიყენებული ჭრილობის ზომა “მაკაროვის” ტყვიის კალიბრზე ვიწროა. მოსამართლე ნაირა გიგიტაშვილმა გია გვიჩიანი დაცვის გარეშე გაასამართლა და ბრალი ექსპერტებს დასდო, არაკომპეტენტურები იყვნენო. მოსამართლის თქმით, ძვალი, თურმე, იწელებოდა და იკუმშებოდა, ანუ მისი აზრით, ძვალი ელასტიურია და ტყვიამ მცირე ჭრილობაც, თურმე, ამიტომ დატოვა. ასეთი დასკვნა, მგონი, ფანტასტიკის სფეროსაც სცდება. საერთოდ, ამ საქმეში იმდენი ხარვეზია, რომ ყველას ჩამოთვლა ძნელია. ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რომ გვიჩიანის დაკავება  პოლიტიკური მოტივით მოხდა.

- ქალბატონო ირმა, რას გულისხმობთ?

- გირგვლიანის მკვლელობამ დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია - შსს-ს მაღალჩინოსნები დააკავეს და უცებ თვალში გია გვიჩიანი ამოიღეს, რომელიც საინფორმაციო გადაცემების მთავარი პერსონაჟი გახდა - გადაცემები ამ თემით იწყებოდა, რადგან უნდოდათ, ხალხში ვნებათაღელვა ჩაეცხროთ და გირგვლიანის თემა გადაეფარათ. როცა დააკავეს, მაშინდელი პრეზიდენტი და პრემიერი აკეთებდნენ განცხადებას,  გვიჩიანი დამნაშავეა და საკადრისად უნდა დაისაჯოსო. წინა ხელისუფლების დროს, ბუნებრივია, უდანაშაულობის პრეზუმფციას არ იცავდნენ და ამიტომ ისეთი საქმეები იკერებოდა, რომლებიც სახელმწიფოს ინტერესში შედიოდა. მაგალითად, გავიხსენებ ჟვანიას გარდაცვალების დღე, როცა დილაადრიან ბრიფინგი ჩაატარეს და ბატონებმა - მერაბიშვილმა და ადეიშვილმა საზოგადოებას ამცნეს, რომ ჟვანია თითქოს გაზის გაჟონვით გარდაიცვალა. მოკლედ, ყველაფერი ეს კანონიერმა სასამართლომ უნდა გამოასწოროს, რადგან არ შეიძლება, უდანაშაულო ადამიანს უვადო პატიმრობა ჰქონდეს მისჯილი. გია გვიჩიანის პატიმრობის გამო, მამამისი გულის შეტევით გარდაიცვალა, ასევე, გარდაიცვალა ნიკა ჩემიას დედა. ამ ადამიანების ცოდვა წინა ხელისუფლების კისერზეა.

- გია გვიჩიანი თვალში რატომ ამოიღეს?

- გია გვიჩიანის იზოლირება ენერგომაფიამ შეუკვეთა და ამ ადამიანების გვარებს ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი საპატიმროდან გამოსვლის შემდეგ დაასახელებს და იმასაც განმარტავს, თუ რატომ იყო საქართველო წლების განმავლობაში ჩაბნელებული.

- მოკლული ნიკა ლომინაძის ოჯახი რას ფიქრობს?

- პირველ რიგში, სახელმწიფომ უნდა აიღოს ვალდებულება და დაზარალებულთა ოჯახები შეცდომაში არ უნდა შეიყვანოს. წინა ხელისუფლების დროს, დაზარალებულები, პრაქტიკულად, დაზომბირებულები ჰყავდათ. როგორც ვიცი, მათი ინტერესები ადვოკატ ლალი აფციაურს უნდა დაეცვა, მაგრამ ადვოკატის მომსახურებაზე უარი თქვეს. იმის გამო ხომ არა, რომ სისხლის სამართლის საქმეში სიღრმისეულად არ ჩაეხედათ? მინდა, ნიკა ლომინაძის ოჯახს ვუთხრა: გია გვიჩიანი ყველაფერს აკეთებს, რომ ეს დანაშაული გამოძიებელი იქნას, ხომ უნდა იცოდეთ, სინამდვილეში, თქვენი შვილი ვინ მოკლა?! ნამდვილი მკვლელი ქუჩაში დადის და ქართულ მართლმსაჯულებას, ასევე, ნიკა ჩემიასა და გია გვიჩიანს, რომლებიც სასჯელს მის მაგივრად იხდიან, დასცინის! აღნიშნული საქმე რომ თეთრი ძაფითაა ნაკერი, ეს უკვე ყველამ იცის. დღეს გადამწყვეტი სიტყვა სასამართლოსა და პროკურატურას ეკუთვნის.

- გია გვიჩიანის ადვოკატებმა უზენაეს სასამართლოს თხოვნით მიმართეთ...

- დიახ, ჩვენ, ნიკა ჩემიასა და გია გვიჩიანის ადვოკატები იუსტიციის უმაღლეს საბჭოს უზენაესი სასამართლოს სამი მოსამართლის მიმართ დისციპლინური დევნის დაწყების მოთხოვნით მივმართეთ. საქმე ისაა, რომ გიორგი შავლიაშილმა, მაია ოშხარელმა და პაატა სილაგაძემ სააპელაციაო სასამართლოს გადაწყვეტილება, დაჩქარებული წესით, ძალაში დატოვეს, რომლის მიხედვითაც, გვიჩიანი და ჩემია გამტყუნდნენ და უვადო პატიმრობა 15-წლიანი სასჯელით შეეცვალათ. ხსენებულმა მოსამართლეებმა აღნიშნული განაჩენის თარიღი გააყალბეს და 13 მარტით დაათარიღეს, სინამდვილეში კი, განაჩენი 25 მარტის შემდეგ იქნა გამოტანილი, როცა ადვოკატებმა ჯერ უზენაეს სასამართლოს მივმართეთ განცხადებით და საქმის დიდი პალატის პირობებში განხილვა მოვითხოვეთ.

- განაჩენის გაყალბება ვისი მითითებით მოხდა?

- მე, გელა ნიკოლაიშვილმა და მალხაზ ჯანგირაშვილმა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება გასული წლის ზაფხულში გავასაჩივრეთ. მიუხედავად ამისა, უზენაესი სასამართლო ჩვენს საჩივარს კარგა ხანი არ იხილავდა. 25 მარტს, უზენაეს სასამართლოს საჩივრის განხილვის თაობაზე კიდევ ერთხელ მივმართეთ და საზოგადოების ცნობილი სახეების ხელმოწერებიც წარვადგინეთ. პასუხმა არ დააყოვნა და მეორე დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, სადაც მოსამართლეებმა - მაია ოშხარელმა, გიორგი შავლიაშვილმა და პაატა სილაგაძემ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვეს. ყველაფერი ეს კი, კოტე კუბლაშვილის ინტერესებში შედიოდა - ამით კუდი ბოლოჯერ მოიქნია. უნდა აღვნიშნო, რომ მოსამართლე გიორგი შავლიაშვილი გია გვიჩიანის უვადო პატიმრობის მისჯის დროს საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე იყო და წინა ხელისუფლების დაკვეთას ასრულებდა.

- ყველაფერი ეს წარსულში მოხდა. უზენაეს სასამართლოს ახალი თავმჯდომარე ჰყავს. ნინო გვენეტაძის იმედი გაქვთ?

- ჩემს მიერ დასახელებულმა სამმა მოსამართლემ ეს სამარცხვინო გადაწყვეტილება ნინო გვენეტაძის მოსვლამდე მიიღეს, ახლა კი, შავლიაშვილი თავის გადარჩენას ყოველნაირად ცდილობს. იმედი მაქვს, ქალბატონი ნინო მომხდარს სწორ და სამართლებრივ შეფასებას მისცემს, თან განაცხადა, რომ რიგი საქმეების ზეპირი განხილვა მოხდება. 9 წლის განმავლობაში, უზენაესი სასამართლო, პრაქტიკულად, უმოქმედოდ იყო და ერთი სისხლის სამართლის საქმეც არ განუხილავს.

მოვითხოვთ, რომ ჩემიასა და გვიჩიანის საქმე დიდმა პალატამ განიხილოს. დიდი პალატის შემადგენლობაში შესაძლოა, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე და 8 მოსამართლეც შევიდეს. ამიტომ, იმედი მაქვს, რომ უზენაესი სასამართლო გვიჩიანისა და ჩემიას მიმართ, ბოლოს და ბოლოს, გამამართლებელ გადაწყვეტილებას მიიღებს.