ცხოვრება რუსული სამხედრო აკომპანიმენტით

ცხოვრება რუსული სამხედრო აკომპანიმენტით

ფართო საზოგადოებამ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ გაიგო, რომ საჩხერის რაიონში ერთი სოფელი არსებობს, რომელსაც პერევი ჰქვია... დღეს სოფელი რუსი სამხედროების მიერაა ოკუპირებული. ისე, გაერო- წარმომადგენლები და სხვა უცხოელებიპერევ”- დღემდე ,,შეშფოთებითამბობენ - არაქართველთათვისპერევირთული სათქმელია...

მიუხედავად იმისა, რომ რუსები საზღვარგარეთის პასპორტს სთხოვენ და ავიწროვებენ, სოფელი არც 2008 წელს და არც მერე ერთ მოსახლესაც არ დაუტოვებია.

პერევი საკმაოდ მრავალრიცხოვანი სოფელია - 175 კომლი ცხოვრობს. ადგილობრივთა შემოსავლის ძირითადი წყარო სეზონური ვაჭრობაა - წაბლს, ჯონჯოლს, სოკოს ყიდიან, თუმცა 2008 წლის მოვლენების შემდეგ, ხალხი ტყეში წასვლას ვეღარ ახერხებსს. ოკუპაციის ზონაშია მოქცეული სახნავ-სათესი, სათიბი და სავარგულებიც. ხალხის თქმით, ნაკვეთები მიღება-ჩაბარების აქტით ჰქონდათ მიღებული, მაგრამ სამწუხაროდ, საშუალება აღარ აქვთ, რომ კუთვნილი მიწა გამოიყენონ.

ადრე მოსახლეობა თავს მეცხოველეობითაც ირჩენდა, მაგრამ საძოვრების დაკარგვის გამო, იძულებული გახდა, საქონლის რაოდენობა შეამციროს - თუკი პირუტყვმა საზღვარი ,,უკანონოდ” გადაკვეთა, ოკუპანტები ისაკუთრებენ.

ერთ-ერთი პერეველის თქმით, საზღვრის ,,უკანონო“ გადაკვეთის გამო, მოსახლეობასაც ხშირად აპატიმრებენ, ცხინვალში მიჰყავთ, სადაც, ბოლო ერთი წელია, 2 000 რუბლით აჯარიმებენ და ჯარიმის გადახდის შემდეგ, სოფელ ერგნეთში, ქართულ მხარეს გადმოსცემენ ხოლმე.

პერეველთა თქმით, როგორც ოკუპირებული სოფლის მოსახლეებს, 2008 წლიდან გარკვეულ დახმარებას აძლევენ. ასე, მაგალითად, მარტოხელა დედებს 500-500 ლარი გადასცეს... ორი წლის წინ კი, როცა ოკუპანტებმა პერევი დატოვეს (სინამდვილეში, უკან მხოლოდ რამდენიმე მეტრით დაიხიეს) პირველადი მოხმარების პროდუქტები დაურიგეს. წელს კი, შინაგან საქმეთა სამინისტრომ 50-55 გაჭირვებული ოჯახი შეარჩია და 150 ლარის სურსათ-სანოვაგე გადასცა.

სამწუხაროდ, ბევრს, რომელსაც სოციალურად დაუცველის სტატუსი ჰქონდა, დახმარება მოუხსნეს. ამის მიზეზი კი, ისეთი პირველადი გამოყენების ნივთების ქონა გახდა, მაგალითად, როგორიცაა ტელევიზორი, ან მაცივარი.

პერევის ყველაზე დიდი პრობლემა უგზოობა და ხიდების გაუმართაობაა: წვიმის დროს, მდინარე ყვირილა დიდდება და გადმოდის, რის გამოც მოსახლეობის კუთვნილი მიწები, ეზოები, სახლები იტბორება. სანიაღვრე სისტემის არქონის გამო, ხალხი შეწუხებულია. ადგილობრივი ხელისუფლება ხალხს არსებული პრობლემის გადაჭრას ჰპირდება, მაგრამ დაპირება ჯერჯერობით დაპირებად რჩება.

პერევის მოსახლეობა აღდგომას ე.წ. ადმინისტრაციული საზღვრის მიღმა წელს მერვედ შეხვდა. ადილობრივებს უფლება არ აქვთ, საფლავზე გავიდნენ.

- ასე ვართ, შვილო. ამ ეშმაკის მოციქულებმა ცხვირწინ მავთულხლართები გაგვიბეს და საშუალებას არ გვაძლევენ, საფლავზე გავიდეთ და ჩვენი მიცვალებულების სული მოვიხსენიოთ, - უთხრა “ქართულ სიტყვას” ერთ-ერთმა პერეველმა...