რამდენიმე დღის წინ, უცნობმა ცხელ ხაზზე, ანუ 112-ზე დარეკა და შეატყობინა: ხარაგაულის რაიონის ერთ-ერთ სასწავლო დაწესებულებაში (“ქართული სიტყვა”, ეთიკური მოსაზრებით, სასწავლებელს არ ასახელებს) მესამე კლასელი ბიჭი გააუპატიურეს. ეს ის ბრალდებაა, რომელსაც ბავშვის ოჯახის წევრებიც იზიარებენ. რა მოხდა იმ დღეს ხარაგაულის ერთ-ერთ სასწავლებელში, დაიწყო თუ არა საქმის გამოძიება და, საერთოდ, ეს პირველი შემთხვევაა თუ არა? “ქართული სიტყვა” სავარაუდო დაზარალებულის ბიძას, სასწავლებლის დირექტორსა და იმ მასწავლებელს ესაუბრა, რომელმაც იმ დღეს ბიჭები ერთად დაინახა.
სავარაუდო დაზარალებულის ბიძა: “- სკოლაში სექსუალური ძალადობა, დაახლოებით, 7 საათზე ჩემს მესამეკლასელ დისშვილსა და მის მეთერთმეტე კლასელ თანასკოლელს შორის მოხდა. დირექტორმა ეს ამბავი დამალა... ათი დღის მერე გავიგე - როცა უკვე პოლიცია ჩაერია, მანამდე არავინ გამაგებინა. დირექტორმა მითხრა, სკოლის ერთ-ერთმა მასწავლებელმა დამირეკა, სახლიდან ჩამოვედი და ეს ამბავი გავარკვიე, მაგრამ არაფერი გითხარი, რადგან არც არაფერი მომხდარა და შენი ბავშვი იტყუებაო. ჩემს დისშვილს ბრალს იმაშიც დებენ, ფსიქიკურად დაავადებულიაო. ბავშვი ამბობს, იმ ბიჭმა მესამე სართულზე ამიყვანა და ძალა იქ იხმარაო. იმასაც ამბობს, რომ ასეთი ფაქტი მეორედაც განმეორდა - რამდენიმე დღის შემდეგ... გავიგე, რომ ამ სკოლაში ასეთი შემთხვევა პირველი არაა.
ცხელ ხაზზე განხორციელებული ზარის შემდეგ, პოლიციაში დამიბარეს და მითხრეს, რომ ბავშვი ექსპერტიზაზე წამეყვანა... ექსპერტიზის ჩატარებას, როგორც მითხრეს, 175 ლარი სჭირდებოდა და ოჯახს ამის საშუალება არ ჰქონდა. ამიტომ, ხარაგაულის გამგეობის განათლების განყოფილების უფროსთან, დათო კიკნაძესთან მივედი, რომელმაც პოლიციის უფროსთან დარეკა და განუცხადა, რომ ჩემს ოჯახს იცნობდა და იცოდა, ექსპერტიზის ფული არ გვქონდა. ამიტომაც, უთხრა პოლიციის უფროსს, რომ მათი ხარჯებით წაეყვანათ ბავშვი ქუთაისში, ექსპერტიზაზე. დაიწყო გამოძიება... სკოლიდან დაიკითხნენ ბავშვები, დამრიგებელი, აღმზრდელი... ჩემი დისშვილი ქუთაისში წაიყვანეს. მეც წავყევი. იქ გვიან მოგვიხდა ჩასვლა და 3 დღის შემდეგ დაგვიბარეს... პარასკევი იყო და მე არ მეცალა. ამიტომაც ბავშვი დედამ წაიყვანა. უთხრეს, რომ 1 კვირაში იქნებოდა პასუხი და დაგვირეკავდნენ. მას შემდეგ არავინ დაგვკავშირებია... მესამე დღეს, თავად წავედი პასუხის გასაგებად და მითხრეს, რომ დასვენების დღეებია და პასუხი არ მოსულაო...
მხოლოდ იმას ვითხოვ, რომ საქმე არ მიაფუჩეჩონ, არ მიჩქმალონ, ყურადღება მოგვაქციონ, გაირკვეს სიმართლე და, ბოლოს და ბოლოს, ან დადებითი პასუხი გვითხრან, ან უარყოფითი!”
“ქართული სიტყვა” სკოლის დირექტორს დაუკავშირდა, რომელმაც გაიგო თუ არა, რასთან დაკავშირებით ვურეკავდით, გვითხრა:
“ასეთ ფაქტს ადგილი არ ჰქონია. უბრალოდ, პოლიციამ გამოძიება 112-ზე შესული ანონიმური ზარიდან გამომდინარე დაიწყო. მიმდინარეობს გამოძიება. ბავშვი ექსპერტიზაზე ჰყავდათ და პასუხი მალე გვეცოდინება.
- ქალბატონო, ბავშვის ბიძის თქმით, მისთვის გითქვამთ, რომ დაგირეკათ მასწავლებელმა, რომელმაც ბავშვები დაინახა...
- ასეთი არაფერი მომხდარა, გენაცვალე. ასეთ ფაქტს ადგილი არ ჰქონია. უბრალოდ, ალბათ, რაღაც სხვას უკეთებთ ინტერპრეტაციას. მათ შორის იყო მხოლოდ სიტყვიერი შეურაცხყოფა.
- ანუ, მასწავლებელს არ დაურეკავს და ამის შემდეგ, სკოლაში არ მისულხართ?
- მეტს ვერაფერს გეტყვით აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით.
- როგორ? არ იცით, მასწავლებელმა დაგირეკათ თუ არა და სკოლაში მიხვედით თუ არა?
- გეუბნებით, გენაცვალე, რომ მიმდინარეობს გამოძიება, აღნიშნულ ფაქტს ადგილი არ ჰქონია. მასწავლებელმა, შეიძლება, მრავალჯერ დამირეკოს და ჩავიდე სკოლაში. იმას, რაზეც გამოძიება მიმდინარეობს, ადგილი არ ჰქონია”.
სასწავლებლის დირექტორს იმ მასწავლებლის ტელეფონის ნომერი ვთხოვე, ვინც ბიჭები, ბიძისა და დაზარალებულის თქმით, სექსუალური ძალადობისას, დირექტორის თქმით კი, სიტყვიერი შეურაცხყოფისას დაინახა.
ვნახოთ, რას იტყვის, პედაგოგი:
- გამარჯობა, ქალბატონი ეს და ეს (ეთიკური მოსაზრებით, არც პედაგოგის გვარ-სახელს ვასახელებთ), ბრძანდებით?
- დიახ, ვინ ბრძანდებით?
- გითხრეს, რომ დაგირეკავდით?
- ბატონო?.. ააა... თქვენ ხართ? ხო... კი... კი... მითხრეს...
- რა გითხრეს?
- ისაო... არ ვიცი... ვიღაც ჟურნალისტი დაგირეკავსო... და ტელეფონი გქონდეს ჩართულიო...
- დირექტორმა გითხრათ?
- ხო, ხო...
დავინახე, როგორ აყენებდნენ ერთმანეთს სიტყვიერ შეურაცხყოფას და უწმაწურ სიტყვებს ეუბნებოდნენ... სხვა რა უნდა დამენახა, სხვა არაფერი ყოფილა?! ისე იყვნენ ერთმანეთისთვის ამ სიტყვების ძახილით გართულნი, რომ ჩემი იქ ყოფნა ვერც კი შეამჩნიეს. მეც დავურეკე დირექტორს, რომელიც მოვიდა და მიიღო ზომები... გაესაუბრა ამ ბავშვებს, მოახდინა რეაგირება. არ დავსწრებივარ მათ საუბარს... სხვა არაფერი ვიცი... რასაც ამბობენ და თქვენც გაიგებდით, მე ეგ ფაქტი არ მინახია და არც წავსწრებივარ და არც შემიმჩნევია... სულ კუდში დავსდევ მაგათ, ერთი წუთით არ ვტოვებ. სხვა მეტი არაფერი ვიცი, არაფერი შემიჩნევია და არაფერი მინახავს. ისე, ეს ბავშვი (ვინც, სავარაუდოდ, ძალადობის მსხვერპლია) კი იძახის ხოლმე ხშირად უზრდელ სიტყვებს და მოსწავლეები მოდიან ჩემთან საყვედურით. მასეთ სიტყვებს ახლანდელ დროში არავინ მოგითმენს, გენაცვალე. ახლანდელ ბავშვებს გული გარედან ახატიათ, ასე რომ ვთქვათ... შვილებს ამოვიწყვიტავ, თუ ეგ ფაქტი მენახოს ან რაღაცა... რა ვიცი... მე რატო უნდა შევცვალო ჩვენება, ყველგან ამას ვამბობ და ვიტყვი. ასე რომ არ იყოს, ოჯახს ხომ არ ამოვიწყვიტავდი... არაფერს წავსწრებივარ მე მასეთს და საიდან გავარდა ეგ ხმა ან ვინ თქვა, აზრზე არა ვარ”.
მოკლედ, რა მოხდა ხარაგაულის რაიონის ერთ-ერთ სასწავლებელში - რეალურად დაფიქსირდა მესამეკლასელ ბიჭზე ძალადობის ფაქტი თუ ბავშვი იტყუება? - გამოძიება მიმდინარეობს და იმედია, სიმართლე დადგინდება...