მოკლედ: 2015 წლის 18 თებერვალს, გარდაცვლილ თამაზ ავდალიანის ნაცვლად, უმრავლესობის სიით, პარლამენტარი ხდება. მანამდე კი, 2012წლის დეკემბერს, ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტად ირჩევენ, თუმცა ფედერაციის წარმომადგენლები უპირისპირდებიან - კარს უჭედავენ და 2014წლის 1 დეკემბერს თანამდებობას ტოვებს. უფრო ადრე, 2010 წლის ივნისში, ნინო ბურჯანაძის “დემოკრატიულ მოძრაობაში” წევრიანდება... ასეთია მსოფლიოს ორგზისა და ევროპის ექვსგზის ჩემპიონის პოლიტიკური ბეგრაუნდი. საერთოდ, მის სახელს ბევრი სკანდალი უკავშირდება. მაშ ასე, ბურჯანაძიდან - ივანიშვილთან, ტატამიდან - პარლამენტში: რატომ დაუპირისპირდნენ და მოითხოვეს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტობიდან მისი გადაყენება და კითხულობს თუ არა კანონებს? - “ქართული სიტყვა” ლუკა კურტანიძის პოლიტიკურ ხედვებს წარმოგიდგენთ:
- ფედერაციაში, წლების განმავლობაში, ბევრი პრობლემა დაგროვდა - ინფრასტრუქტურა, სტრატეგიული ადგილები განიავდა და გაიყიდა. ზოგი ადგილი კი, ბაზრად აქციეს. მეც მათ შორის ვიყავი, ვინც ყველაფერ ამით უკმყოფილო იყო, მაგრამ ამ პრობლემების მოგვარება წელიწადსა და 9 თვეში ვერ მოესწრებოდა... მძიმე მემკვიდრეობა გადმოვიბარე - ანგარიშზე რამდენიმე ლარი დამხვდა, ფედერაციის სტრუქტურა მთლიანად მოშლილი იყო. ჩემი მოვალეობის შესრულება ღირსეულად დავიწყე და ვთვლი, რომ ყველაფერი გავაკეთე, რაც ჩემზე იყო დამოკიდებული. ფედერაციაში ჩემი მოსვლის შემდეგ, პირველად მოვიპოვეთ უფლება, რომ ევროპის ჩემპიონატისთვის გვემასპინძლა და ხარისხში მაქსიმალური შეფასებაც დავიმსახურეთ. ასევე, 6 სპორტული კომპლექსის მშენებლობა დავიწყეთ, რომელიც ზაფხულში დამთავრდება და ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებს უმასპინძლებს. მოჭიდავეებმა და მწვრთნელებმაც, შედეგებიდან გამომდინარე, პრემიებიც მიიღეს - დაახლოებით, ნახევარ მილიონამდე პრემია გაიცა... მსოფლიოში ერთ-ერთ წამყვან ფირმა “ჯომასგან” საჭიდაო ფორმების სრული კომპლექტი შევიძინეთ... მოკლედ, ბევრი ისეთი დადებითი რამ მოხდა, რაც საქართველოში არასოდეს თუ არა, ათწლეულების განმავლობაში არ მომხდარა. კარგი მენეჯმენტით კი შევძელით, რომ ბიუჯეტის ეკონომია გაგვეკეთებინა და როცა ახალი პრეზიდენტი მოვიდა, სტრუქტურულად გამართული ფედერაცია გადავაბარე, რომლის ანგარიშზეც ნახევარ მილიონამდე ლარი იყო. ამიტომაც, ჭიდაობის ფედერაციაში ჩემი ორწლიანი მოღვაწეობით თამამად ვამაყობ, თუმცა ყველაფერი ეს, სპორტსმენებისთვის, მწვრთნელებისა და საზოგადოებისთვის ცოტა აღმოჩნდა - უფრო მეტი მოითხოვეს და ეს გასაგებია, რადგან მეც, როგორც სპორტსმენი, მაქსიმალისტი ვარ, თუმცა ლუკა კურტანიძე ბოლომდე იხარჯებოდა და ყველაფერს აკეთებდა, რისი გაკეთებაც შეიძლებოდა. მიუხედავად ამისა, მსოფლიო ჩემპიონატზე ცუდი შედეგი ვაჩვენეთ. ყოველ შემთხვევაში, მე, როგორც ფედერაციის პრეზიდენტმა, არადამაკმაყოფილებლად ჩავთვალე და ამიტომაც მივიღე რადიკალური გადაწყვეტილება - ორი მწვრთნელი - ბეგი დარჩია და რეზო მინდორაშვილი გადავაყენე, რასაც, როგორც მწვრთნელებისგან, ასევე, სპორტსმენებისგან უკმაყოფილება მოჰყვა. ეს დაპირისპირება გაღვივდა და არასაამაყო ფორმა მიიღო. როცა შევხედე, ჩემს მიმართ როგორი კრიტიკული შეფასებები იყო და საზოგადოება რიგგარეშე ყრილობის ჩატარებას ითხოვდა, ამის საშუალება მივეცი - ჩემი უფლებამოსილება მაშინდელ საბჭოს გადავეცი. ახლა კი, რეალობა ასეთია: ძალიან უნდა ეცადონ, რომ იმაზე მეტი შეძლონ, რაც მე გავაკეთე.
- ბატონო ლუკა, ამბობთ, რომ სპორტსმენებს უფრო მეტი უნდოდათო. მეტი რა უნდოდათ - შედეგი თუ პრემია?
- ვფიქრობ, უფრო მეტი პირობები. ვეთანხმები, რომ უფრო მეტს იმსახურებენ, რადგან სპორტსმენებს, განსაკუთრებით, მოჭიდავეებს, ყოველთვის, გაჭირვება იყო თუ არა, ქვეყნის წინსვლაში თავიანთი წვლილი შეჰქონდათ და ბოლომდე იბრძოდნენ.
- ფედერაციის წარმომადგენლებთან ურთიერთობა გაქვთ? ვთქვათ, რჩევას თუ აძლევთ?
- ვაძლევ, იმ ხალხს ვაძლევ, ვინც რჩევას ითხოვს, თორემ ჩემს აზრს ნამდვილად არავის ვახვევ. ალბათ, ჩემზე მეტი იციან, სხვა მიდგომები და შეფასებები აქვთ. ვნახოთ... მათ მოღვაწეობას საზოგადოება შეაფასებს. ვცდილობ, ის, რაც მოხდა და რამაც ტკივილი მომაყენა, ვითარების შესაფასებლად არ გამოვიყენო და ყველაფერს რეალურად შევხედო. რეალობა კი ისაა, რომ ხელისუფლების წარმომადგენელი ვიყავი და, მიუხედავად ამისა, გადავდექი, რადგან საზოგადოება ითხოვდა. სხვათა შორის, ამას ადრე ვერავინ წარმოიდგენდა. ახლა პარლამენტში ვარ, თუმცა სიმართლე გითხრათ, შინაგან საქმეთა სამინისტროდან, სადაც სპორტული ღონისძიებების დაგეგმვა და ხელმძღვანელობა მევალებოდა, წამოსვლა ძალიან გამიჭირდა. იქ 90-იანი წლებიდან ვიყავი, ახლა თადარიგში ვარ და პოლიციელის მუნდირს ვაფასებ!
- „ოცნებამდე“ ნინო ბურჯანაძესთან იყავით...
- დიახ...
- რატომ მაინც და მაინც ბურჯანაძე? მის პოლიტიკურ მსოფლმხედველობას იზიარებთ?
- სახალხო კრებაში ვიყავი, რომლის ხელმძღვანელიც ნონა გაფრინდაშვილი გახლდათ. სახალხო კრებაში, ჩემთან ერთად, რეზო ესაძე, გურამ ფირცხალავა, ოთარ მეღვინეთუხუცესი, სოსო ჯაჭვლიანი, გია ბურჯანაძე და სხვებიც იყვნენ... ეს ხალხი, ვფიქრობ, მთელი ერისთვის საამაყოა. როცა ოპოზიცია დაქსაქსული იყო, სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ ჩვენ გააფთრებულნი ვიბრძოდით. ასე რომ, ჩემი იქ ყოფნა ბურჯანაძესთან საერთო პოლიტიკურ ხედვასა თუ ინტერესს არ ეფუძნებოდა. საერთო პოლიტიკური ხედვა ვერც გვექნებოდა, რადგან მე მებრძოლი ადამიანი ვარ და ყოველთვის ვაფიქსირებდი, რომ ქვეყანაში საშინელი მდგომარეობა იყო. ჩვენი გაერთიანება მხოლოდ რეჟიმის შეცვლის სურვილით იყო განპირობებული. ჩემი ამოსავალი წერტილი ყოველთვის საქართველო იყო და იქნება!
საერთო პოლიტიკური ხედვა ბატონ ბიძინა ივანიშვილთან მაქვს, რომელიც ჩვენს ეროვნულ ღირებულებებზეა დაფუძნებული და კიდევ ერთი: ბატონი ბიძინა ყველასგან იმით განსხვავდება, რომ ვიდრე პოლიტიკაში შემოვიდოდა, სათქმელს თავისი საქმეებით ამბობდა. მას ერის კაცს ვუწოდებ - ერისთვის სამაგალითოს. ენით აღუწერელი ღვაწლი აქვს სამშობლოზე და მის კეთილ საქმეებზე, შეიძლება, ტომებიც დაიწეროს. ყოველი წამი გათვლილი აქვს და იმ პროექტებზე მუშაობს, რომლებიც ქვეყნის წინსვლის საწინდარია. “ნაციონალები” ბატონ ბიძინას უნდა უმადლოდნენ, რომ დღეს არსებობენ - რომ არა ბატონი ბიძინა, ხალხის უდიდეს აგრესიას ვერავინ შეაჩერებდა: დაიწყებოდა მათი დევნა სადარბაზოებში, ოჯახებში... ბიძინა ივანიშვილი ეროვნულ დიდსულოვნებას დაეყრდნო და 2012 წლის პირველი ოქტომბრის გამარჯვების შემდეგ, ამნისტია გამოაცხადა. ის დიდსულოვანი ადამიანია და მათ თანაარსებობის საშუალება, ე.წ. კოჰაბიტაცია ამაზე დაყრდნობით მისცა. სწორედ ამით ჩაუყარა ბატონმა ბიძინამ საფუძველი თაობათა შუღლის შეწყვეტას.
- “თაობათა შუღლში” რას გულისხმობთ?
- გახსოვთ, ადრე რა ხდებოდა? - ახალი მმართველები მოვიდოდნენ და ძველი ხელისუფლების წარმომადგენლებს მასობრივად იჭერდნენ და დევნიდნენ, როგორც პოლიტიკურად, ასევე, ფიზიკურადაც. ბატონმა ბიძინამ ახალი რეალობა შექმნა. ჩვენ მისი დიდსულოვნების ფარქვეშ მოვექეცით და ამ ადამიანის გვჯერა! პოლიტიკაში მოსვლამდე ყველაფერი გააკეთა და მერე, მორიდებით თქვა, სამშობლოს გადასარჩენად მოვდივარო. როგორ შეიძლება, მის წინ დადგე და მისი სიტყვა არ გაითვალისწინო? ასე რომ, მისი პირადი დამსახურებაა, “ნაციონალები” ფიზიკურად რომ გადარჩნენ, თორემ სხვა რეალობაში, დამერწმუნეთ, ვერ გადარჩებოდნენ. სააკაშვილის რეჟიმმა საზოგადოების გაუგონარი დამცირებისა და წამების კადრები დატოვა.
- ჯერ ერთი, “ოცნებამ” ყოფილი ხელისუფლების არაერთი მაღალჩინოსანი დაიჭირა. მეორეც, საზოგადოება იმას, რასაც თქვნ დიდსულოვნებას ეძახით, ახალი ხელისუფლების მთავარ შეცდომად მიიჩნევს და სამართლიანობის აღდგენას ითხოვს...
- ფაილები, რომლებიც განადგურდა, რაღაც სახით უნდა შეენახათ და იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ახლა პარლამენტში არიან და რევანშისტულ განცხადებებს აკეთებენ, იძულების წესით უნდა გვეჩვენებინა! მჯერა, ამის მერე ბევრი მათგანი აღიარებდა და ბოდიშს მოიხდიდა. დღეს ეს კადრები განადგურებულია, „ნაციონალები“ კი, - შეგულიანებულნი, მაგრამ ჩვენი მეგობარი ქვეყნების წარმომადგენლებმა, ევროპასა და აშშ-დან, გვირჩიეს, ისე მოვქცეულიყავით, როგორც ბატონმა ბიძინამ გადაწყვიტა - დიდსულოვნად, ღირსეულად და თაობათა შუღლი შეგვეწყვიტა.
“ნაციონალები”, ავადმყოფი სააკაშვილის მეთაურობით, საზღვრებს გარეთაც ისეთ განცხადებებს აკეთებენ, რომ პირდაპირ საკუთარ ქვეყანას ებრძვიან. როცა ამბობენ, საქართველოში ადამიანის უფლებები ირღვევა, კრიმინალის დონე მაღალია და ქვეყანა უფსკრულისკენ მიექანებაო, ინვესტორი საქართველოში ინვესტიციის ჩადებისგან თავს ნამდვილად შეიკავებს. ეს ადამიანები პოლიტიკური არეალიდან გასაძევებელნი არიან, რადგან საკუთარ ერს ებრძვიან, მაგრამ ეს ხელისუფლებამ კი არა, საზოგადოებამ უნდა გააკეთოს!
- საზოგადოება 21 მარტს მიტინგზე მივიდა, ბატონო ლუკა და, „ნაციონალების“ კი არა, “ოცნების” წასვლას ითხოვდა...
- კარგი, რა?! ძალიან კარგად ვიცით, როგორ ფინანსდება „ნაციონალების“ მიტინგები. მინდა, დიდი მადლობა ვუთხრა შს მინისტრს, ბატონ ვახტანგ გომელაურს, რომ ის მესიჯები, რომლებიც გაავრცელა, საკმაოდ დამაჯერებელი იყო. ქვეყანა არეულობას არ დაუშვებს. ახალი და მნიშვნელოვანი ტენდენციაა: ბატონი გომელაური წინა დღეებში აქციის ორგანიზატორებს შეხვდა და უზრუნველყო, რომ ყველაფერი უსაფრთხოდ ჩატარებულიყო და “ნაციონალებს” თავიანთი აზრი მაქსიმალურ კომფორტში გამოეხატათ, რაც ადრე წარმოუდგენელი იყო - სააკაშვილის რეჟიმი ადგილს, სადაც საპირისპირო აზრს ავრცელებდნენ, სისხლით რწყავდა ხოლმე!
- ნუთუ, “ქართულ ოცნებას” არ აშფოთებს, მთავრობის გადადგომის მოთხოვნით ქუჩაში ამდენი ადამიანი რომ გამოვიდა?
- რა თქმა უნდა, არა. ავტობუსი უფრო მეტი იყო, ვიდრე - მომიტინგე. მონაწილეთა 3%-ს “ნაციონალების” შეიძლება, მართლაც სჯერა და ფანატიკური განწყობა აქვს. ზოგს საქმე არ ჰქონდა და მანქანაში ფინანსური დაინტერესებით ჩასვეს, მოიყვანეს და იმ ადამიანების გამოსვლები მოასმენინეს, რომლებიც შემზარავი კადრების შემოქმედნი, მკვლელები და მოძალადეები არიან... იმას არ ვამბობ, რომ ხელისუფლებას ოპონირება არ უნდა გაუწიო, პირიქით. მომავალი თაობის იმედი მაქვს, რომელსაც სხვა ღირებულებები და ფასეულობები აქვს.
- “ნაციონალებს” ხელისუფლებაში დაბრუნების ძალა და შანსი აქვთ?
- არა! საზოგადოება მათ დაბრუნებას არასდროს დაუშვებს, რადგან მათ და მათ მიერ დათესილ სისასტიკეს უარი მთელმა ერმა უთხრა. აი, კიდევ რაშია ბატონი ბიძინას გენია: უყვარს ფაქტები, ფაქტებით საუბრობს. “ნაციონალები” დამნაშავეები არიან, მაგრამ ჰყავთ უდანაშაულო შვილები. როცა ფაქტებით დაუმტკიცებს და დაანახებს ხელისუფლება მათ შვილებს, რომ დამნაშავე ხელისუფლება კი არა, მათი მშობლები არიან, ჩვენს მიმართ გაცილებით ნაკლებად იქნებიან აგრესიულად და რევანშისტულად განწყობილნი!
- ბატონო ლუკა, ყოფილ პრემიერზე ისე აღტაცებით ლაპარაკობთ, რომ ერის მამად მიიჩნევთ!..
- იცით, როგორ არის? - ეს ადამიანი ერისთვის სამაგალითოა. ერის მამაა თუ არა, ამას, წლების მერე, საზოგადოება განსაზღვრავს. ადამიანები მაგალითებით ვცხოვრობთ. სახელმწიფოც ისეთია, როგორიც მისი თავია. შეიძლება, ძლიერი პროტესტი მქონდეს, მაგრამ როცა ვხედავ, ამ ადამიანმა თუ რა გაუკეთა ჩემს ქვეყანას და რა ღირებულებებით ცხოვრობს, მასში ძალას ვპოულობ და ჩემს პირადს გვერდზე ვდებ. როცა წლები გავა, ერი ადამიანებს მერე აფასებს ხოლმე. ჩემი სუბიექტური აზრით, შეიძლება, უფრო მეტს ვფიქრობ, ვიდრე სინამდვილეშია, თუმცა იმ კატეგორიას მივეკუთვნები, რომელიც ადამიანებს სიცოცხლეშივე აფასებს. ბატონ ბიძინა ივანიშვილთან ერთად, ერში არიან ისეთი ადამიანები, რომლებზეც საქართველო დგას. ასეთი ადამიანების მაგალითზე უნდა გაიზარდოს მომავალი თაობა. რომ არა ბატონი ბიძინა და მისი მაგალითები, “ნაციონალების” მიმართ უფრო მეტი აგრესია მექნებოდა და დაუნდობელიც ვიქნებოდი. არ ვაპატიებდი 26 მაისს! მაშინ, როცა ცხოვრებას ნათელ ფერებში ვხედავდი, ეს ნათელი ფერები დამიმსხვრიეს! არ ვაპატიებდი იმ ტრაგედიას, რომელიც საქართველოსა და ყველა ჩვენგანს გამოატარეს! არ ვაპატიებდი ქართველის ქართველზე დაგეშვას! არ ვაპატიებდი, რომ არა ორი ადამიანის უდიდესი პატიებისა და შენდობის მაგალითი: ერთი ჩვენი პატრიარქია, მეორე კი, - ბატონი ბიძინა ივანიშვილი.
- ოპოზიცია ამტკიცებს, რომ ქვეყანას ივანიშვილი კულისებიდან მართავს...
- მოდი, ასე ვთქვათ: ბატონ ბიძინას ქვეყნის მართვა რომ სდომებოდა, ისევ იქ დარჩებოდა, ვინ უშლიდა? მისი ცხოვრების სტილი, ვხედავ, როგორიცაა. პირიქით, ჩვენ იქით ვთხოვთ, რომ ხელისუფლებაში იყოს, მაგრამ მისი ყოველი წუთი უამრავ პროექტშია ჩადებული. ის რომ ხელისუფლებაში იყოს, ამის საშუალება არ ექნებოდა, დროს ევრ გამონახავდა და ამიტომ წავიდა სამოქალაქო სექტორში. მან მოგვაშორა ჭირი - “ნაციონალები” და ქვეყანა ჩაგვაბარა. სხვადასხვა სფეროში დარჩნენ “ნაციონალებიც” და... თქვა ბატონმა ბიძინამ: აი, მიხედეთ ქვეყანას პოლიტიკურ პაექრობაში, მე კი, ჩემი პროექტებით საზოგადოებას გავაძლიერებო. მადლობის მეტი რა გვეთქმის?! თუ ამ ადამიანს უდიდესი ავტორიტეტი, მის სიტყვას კი, დიდი ფასი აქვს, რა ვქნათ, ცხოვრება და ლაპარაკი ავუკრძალოთ? მადლობა ღმერთს, გვყავს ასეთი მაგალითი და აღტაცებით თუ ვსაუბრობ, ტყუილად არ ვსაუბრობ და იმსახურებს! ჩემს შვილსაც არ ვაქებ, თუ კი არ იმსახურებს, მაგრამ როცა ასეთი პიროვნება გვყავს, არ შეიძლება, არ დააფასო. უმადური ვერ ვიქნები!
- ბატონო ლუკა, პარლამენტს როგორ შეეგუეთ?
- 2015 წლის 18 თებერვალს, ბატონი ბიძინა ივანიშვილის დაბადების დღეზე, პარლამენტში ჩემი დამტკიცება სასწაულებრივად მოხდა... არაფერი იყო დაგეგმილი და ყველაფერი ღვთის განგებით მოხდა. პარლამენტში ხალხის წარმომადგენელი ვარ და ვცდილობ, ცოდნა ყველა კუთხით გავიღრმავო. ვერევი იმაში, რაშიც ჩემი ცოდნა და განათლება კომპეტენტურია და ვცდილობ, სწორი გადაწყვეტილებები მივიღო და ყველაფერს ვაკეთებ, რაც შემიძლია. როგორც იცით, თავდაცვისა და სპორტის კომიტეტებში ვარ. ასე რომ, აქტიურად ვმუშაობ და პარლამენტში მხოლოდ იმიტომ არ ვარ, რომ უბრალოდ, ვიყო!
- ერთხელ თქვით, ლუკა კურტანიძე იქ იქნება, სადაც სამშობლოს დასჭირდებაო. დღეს სამშობლოს პარლამენტში სჭირდებით?
- იცით, რა? - ეს ფრაზა იმდენმა გაიმეორა და თქვა, იქ ვიქნები, სადაც სამშობლო მიხმობსო, რომ... რა გითხრათ... ვარ ჩვეულებრივი ლუკა კურტანიძე, რომელსაც სამშობლო უყვარს და ყოველთვის მის გვერდით იქნება! იმას კი, თუ რამდენად მართალია ეს სიტყვები, ჩემი ცხოვრებიდან გამომდინარე, ხალხი შეაფასებს.
- ბატონო ლუკა, კანონებს კითხულობთ?
- ზოგად ინფორმაციას აუცილებლად ვიღებ, მაგრამ ვეყრდნობი კომპეტენტურ ადამიანებს. ვსწავლობ, რა თქმა უნდა. რადგან ხალხის წარმომადგენელი და ამ ქვეყნის მოქალაქე ვარ, იმას, რაც საზოგადოებისთვის მიუღებელია, მხარს არ დავუჭერ. ამიტომაც ვსწავლობ და ვეცნობი. მიმაჩნია, რომ პარლამენტი ხალხის წარმომადგენლების ერთობლიობაა. იმ საკითხში ვარ ძლიერი, რომელიც ჩემი სფერო, კომპეტენციაა და ამაში ჭკუას მეკითხებიან, ჩემი სჯერათ. იმაში, რაც ნაკლებად ვიცი, აზრს სხვას ვეკითხები. ასე რომ, სხვადასხვა საქმეში პროფესიონალი ადამიანების გაერთიანებაა პარლამენტი...
- ისე, ეკა ხერხეულიძეს, რომელიც პარლამენტში „ნაციონალების“ სიით შემოდიოდა, ხმა რატომ არ მიეცით?
- პირველ რიგში, ვთვლი, რომ “ნაციონალებს” ხალხის წინაშე ბოდიში აქვთ მოსახდელი! როცა ისინი შეცდომას დაინახავენ, აღიარებენ და მოინანიებენ, ამის შემდეგ ექნებათ უფლება, რომ პარლამენტში ხალხის წარმომადგენლები იყვნენ. სწორედ ამით იყო გამოწვეული, რომ ეკა ხერხეულიძეს ხმა არ მივეცი...
- ანუ, ეს კონკრეტულად ეკა ხერხეულიძის კი არა, “ნაცმოძრაობის” წინააღმდეგ მიმართული უარი იყო?
- დიახ! მოიხადონ ბოდიში, ბოდიში სიტყვით კი არა, საქციელით!
იცით, როგორ არის? - “ნაცმოძრაობა” კასტებადაა დაყოფილი: არიან აგრესიული ადამიანები, ნაკლებად აგრესიულები, ან მეტად აგრესიულები...
- მაგალითად, კაკო ბობოხიძესა და გოგა ხაჩიძეს რომელ კასტას მიაკუთვნებთ?
- ხაჩიძე კომიკოსია, იმდენად კომიკოსი, რომ ჩემში აგრესიასაც კი არ იწვევს! ბობოხიძე კი, უზრდელია. “ნაციონალებში” ყველას თავისი ადგილი აქვს. საბოლოო ჯამში, ეს ის დაჯგუფებაა, რომელსაც საზოგადოებისთვის ბევრი საშინელება აქვს გაკეთებული.
რაც შეეხება ხერხეულიძეს, არ დავუკარგავ, რომ ეროვნულ მოძრაობაში იყო და ვფიქრობ, მაშინ სწორი პოზიცია ეკავა, მაგრამ გასაკვირია, ეროვნული მოძრაობის შემდეგ, „სააკაშვილისტი“ რომ ხდები.
- ნატო თუ რუსეთი, ბატონო ლუკა?
- სუბიექტები არ წყვეტენ, რომელი მიმართულება უნდა ავირჩიოთ და საით ვიაროთ. სახელმწიფომ და საზოგადოებამ უკვე აირჩია დასავლური კურსი და ამ საკითხის ირგვლივ ისევ კითხვის ნიშნების დასმა, ვფიქრობ, სწორი არაა. უნდა ვიაროთ იმ გზაზე, რომელიც საზოგადოების უმრავლესობამ აირჩია. ჩვენი საგარეო კურსი ჩვენს ღირებულებებს უნდა ეყრდნობოდეს. არჩევანი სახელმწიფომ უკვე გააკეთა. მე კი, ამ სახელმწიფოს წარმომადგენელი ვარ და ხელს ვუწყობ, რომ ეს არჩევანი მყარი იყოს. ესაა და ეს.
რაც შეეხება რუსეთს, კეთილმეზობლური და არამტრული განწყობა უნდა გვქონდეს, მაგრამ რუსეთისგან იმ ნაბიჯებს ვერ ვხედავ, რომლებიც მის მიმართ დადებით განწყობას შეგვიქმნის. როგორ შეიძლება, რუსეთის მიმართ კარგად ვიყო განწყობილი, როცა მამა დამიხვრიტეს, აფხაზეთში სახლ-კარი და მეგობრები დავკარგე! როგორ შეიძლება, ასეთი რამის გამმართლებელი ვიყო?!