საკაბელო ოპერატორების აბონენტებს ,,სეთ-თოფ ბოქსები' არ დასჭირდებათ
2015 წლის 17 ივნისს, საქართველო ციფრულ მაუწყებლობაზე უნდა გადავიდეს. ეს ვალდებულება საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო კავშირის (ITU) წევრმა ქვეყნებმა 2006 წელს აიღეს. ამჟამად, მაუწყებლები მიწისზედა ანუ ანალოგურ სიგნალს ავრცელებენ, რომლის სიხშირეები შეზღუდულია. ამ სიგნალის ციფრულად გავრცელება გაცილებით მეტი არხის გაშვების შესაძლებლობას იძლევა. როგორ უნდა მივიღოთ ციფრული მაუწყებლობა? დაგვჭირდება თუ არა ტელევიზორის შეცვლა? რა სახის ანტენა დაგვჭირდება? რას ნიშნავს ,,სეთ-თოფ ბოქსი', რომელიც ,,ციფრული მაუწყებლობის სააგენტოს' მიერ მომზადებული ვიდეოკლიპებიდან ხშირად გვესმის? სად და როგორ შევიძინოთ ,,სეთ-თოფ ბოქსები', რათა ციფრული მაუწყებლობა მივიღოთ და კონკრეტულად ვის არ დასჭირდება ეს აპარატურა?
რატომ შეიქმნა ,,ციფრული მაუწყებლობის სააგენტო'?
საქართველოს მთავრობის 2014 წლის 27 იანვრის 118-ე დადგენილებით, საჯარო სამართლის იურიდიული პირი (სსიპ) ,,ციფრული მაუწყებლობის სააგენტო' შეიქმნა, რომელიც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაქვემდებარებაშია. სააგენტოს მიზანია, უზრუნველყოს ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის სამუშაოთა კოორდინაცია; სოციალურად დაუცველი ოჯახების სუბსიდირება; ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის პროცესის საინფორმაციო უზრუნველყოფა და საჭიროების შემთხვევაში, მოსახლეობისთვის შესაბამისი დახმარების ოპერატიულად აღმოჩენა. სსიპ ,,ციფრული მაუწყებლობის სააგენტოს' თავმჯდომარემ, ნინო ქუბინიძემ ,,ვერსიას' განუცხადა, რომ სააგენტომ უკვე შეიძინა ,,სეთ-თოფ ბოქსების' პირველი პარტია, რომელსაც სოციალურად დაუცველი ოჯახები აღდგომის დღესასწაულის შემდეგ მიიღებენ: ,,სოციალურად დაუცველი 210 159 ოჯახისთვის, რომლებიც სარგებლობენ 70 000 და ნაკლები სარეიტინგო ქულით, უკვე შევისყიდეთ სერტიფიცირებული ,,სეთ-თოფ ბოქსები'. მათი პირველი პარტია უკვე საქართველოშია, განბაჟებულია და მალე დავარიგებთ კიდეც. ჯერ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ოჯახებს დავურიგებთ, ხოლო დანარჩენი ,,სეთ-თოფ ბოქსები' გადანაწილდება ,,საქართველოს ფოსტის' თბილისის სერვისცენტრებში; მეორე პარტია მაისის შუა რიცხვებში ჩამოვა და ,,საქართველოს ფოსტის' რეგიონულ სერვისცენტრებში გადანაწილდება'. ახალ ფორმატზე ანუ ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლა სახელმწიფო მნიშვნელობის ფართომასშტაბიანი რეფორმაა, რომელიც მთავრობის მიერ განსაზღვრული სამოქმედო გეგმისა და რეკომენდაციების შესაბამისად ხორციელდება. რეფორმა საქართველოს ყველა მოქალაქეს შეეხება, გამონაკლისი მხოლოდ საკაბელო, თანამგზავრული და ინტერნეტტელევიზიების მომხმარებლები გახლავთ. ამ რეფორმის მიზანია შეზღუდული ბუნებრივი რესურსის, ტელე- რადიო სიხშირეების ეფექტურად გამოყენება; მედიაპლურალიზმი და გამოხატვის თავისუფლება; მედიაბაზარზე კონკურენტული გარემოს ჩამოყალიბება; მომხმარებლისთვის მრავალფეროვანი და მაღალხარისხიანი საეთერო მაუწყებლობის მიწოდება; ინფორმაციული საზოგადოების განვითარება; ინვესტიციების მოზიდვა და დარგში ევროპული სტანდარტების დამკვიდრება. აღნიშნული რეფორმა ხელს შეუწყობს ახალი შესაძლებლობების დანერგვას, რადგან მომხმარებელს შეეძლება დაგეგმოს მისთვის სასურველი გადაცემის ყურება; ისარგებლოს ელექტრონული პროგრამების კატალოგით და გამოიყენოს შეხსენების რეჟიმი. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის, გათვალისწინებული იქნება აუდიო აღწერილობა და სუბტიტრები.
,,გლობალ TV'-ს მომგებიანი მარკეტინგული ნაბიჯი
,,ვერსიის' ინფორმაციით, ერთ-ერთი ციფრული მაუწყებლობის კომპანია ,,გლობალ TV' მოსახლეობას საკუთარ პაკეტს თვეში 10 ლარად სთავაზობს. ფაქტია, ბიძინა ივანიშვილის კუთვნილ კომპანიას სატელიტური ანტენების პრობლემა აღარ აქვს (ყველას კარგად გვახსოვს 2012 წლის არჩევნებამდე, წინა ხელისუფლების პირობებში, საბაჟოზე დაყადაღებული ანტენები). თუმცა ამ, ერთი შეხედვით, უწყინარ აქციაში, კარგად გააზრებული და კომერციულად მომგებიანი პიარსვლაა ჩაფიქრებული. იქიდან გამომდინარე, რომ საკაბელო, ინტერნეტ და განსაკუთრებით, ციფრული მაუწყებლობის აბონენტებს საერთოდ არ ეხება რეფორმა, მათ არც ,,სეთ-თოფ ბოქსები' დასჭირდებათ, ასეთი შეთავაზება ამ კომპანიას საშუალებას აძლევს, აბონენტების რაოდენობა გაზარდოს. ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის შემდეგ, ამა თუ იმ ოპერატორს ქვეყნის მასშტაბით, აბონენტების დაფარვის პრობლემა არ ექმნება. მნიშვნელობა არ აქვს, ქვეყნის რომელ რეგიონში ცხოვრობთ, ციფრულ მაუწყებლობას აუცილებლად მიიღებთ. თუ უფრო დავაკონკრეტებთ, მთაში იქნებით თუ ბარში, ზღვაზე, ხმელეთზე, ტყეში, თუ ტბის პირას, მაგალითად, ტელეკომპანია GDშ-ის გადაცემების ცქერას, თანაც საკმაოდ მაღალი ხარისხით, უპრობლემოდ შეძლებთ. ამ შემთხვევაში, მნიშვნელობა არ აქვს, ,,გლობალ TV'-ს აბონენტი იქნებით, ,,სილქნეტის', ,,მაგთისატისა' თუ, სულაც, ,,აიეტის' ან რომელიმე საკაბელო ოპერატორის, რადგან ნებისმიერი მაუწყებლის სიგნალს უკვე ციფრული სიხშირით იღებთ. თუმცა ეს მხოლოდ თბილისის მოსახლეობას ეხება, რეგიონში კი, თუ ,,გლობალ TV'-ს შეთავაზებას მიიღებთ ანუ 10 ლარად ამ კომპანიის აბონენტი გახდებით, რეალურად, არაფერს კარგავთ. პირიქით, შეგიძლიათ მშვიდად დაელოდოთ რეფორმას, რომელიც თბილისელების მსგავსად, აღარც თქვენ შეგეხებათ. ,,გლობალ TV'-ს წარმომადგენელმა ეს ინფორმაცია ოფიციალურად არ დაგვიდასტურა, თუმცა კომპანიის ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციის საშუალებით, გავარკვიეთ, რომ ციფრული მაუწყებლობის კომპანიას მართლაც აქვს 10-ლარიანი (60 არხი), 20-ლარიანი (90 არხი) და 30-ლარიანი (120 არხი) პაკეტები. ,,გლობალ TV'-ს' წარმომადგენელმა ,,ვერსიას' მხოლოდ ის დაუდასტურა, რომ კომპანია ერთ-ერთი პირველი ციფრული მაუწყებელია, რომელიც საქართველოს ბაზარზე 2006 წლიდან ოპერირებს და ქვეყნის თითქმის მთელ ტერიტორიას ფარავს. ამიტომ რეფორმა, რომელიც საქართველოში 2015 წლის 17 ივნისიდან განხორციელდება, ,,გლობალ TV'-ს აბონენტებს არ შეეხება, რადგან ისინი ისედაც ციფრულ მაუწყებლობას იღებენ.
როგორ მოვემზადოთ ციფრული მაუწყებლობისთვის
რა უნდა ვიცოდეთ ციფრულ მაუწყებლობაზე გადასასვლელად? სად შევიძინოთ ,,სეთ-თოფ ბოქსები' და როგორ დავიცვათ არასერტიფიცირებული ან უხარისხო პროდუქტისგან თავი? ,,ვერსიას' ციფრული მაუწყებლობის სააგენტოს თავმჯდომარე ნინო ქუბინიძე ესაუბრება:
- ქალბატონო ნინო, სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისთვის უკვე შეიძინეთ სერტიფიცირებული ,,სეთთოფ ბოქსები', მაგრამ როგორ უნდა მოიქცეს მოქალაქე, რომელიც არც ერთი თანამგზავრული თუ საკაბელო ოპერატორის აბონენტი არ არის და ,,სეთ-თოფ ბოქსი' სჭირდება?
- ასეთ შემთხვევაში, მოქალაქე ,,სეთ-თოფ ბოქსს' საქართველოში ტექნიკის ნებისმიერ მაღაზიაში შეიძენს. რაც შეეხება ფასს, ბაზარი დაარეგულირებს, შეიძლება, 20 ლარიც ღირდეს და 100-იც. ეს იმაზეა დამოკიდებული, რა ფუნქციონალს შეიცავს ,,სეთ-თოფ ბოქსი'. პირადად არ მინახავს მაღაზიებში ,,სეთ-თოფ ბოქსები', მაგრამ მეგობრებმა ნახეს და მითხრეს, რომ 50-55 ლარი ღირს. ზოგადად, რაც მეტი, სხვადასხვა ტიპის ,,სეთ-თოფ ბოქსი' შემოვა, სავარაუდოდ, უფრო გაიაფდება.
- ვინ გააკონტროლებს, ბაზარზე არასერტიფიცირებული ,,სეთ-თოფ ბოქსები' არ მოხვდეს?
- ამ შემთხვევაში, პარალელი ფიჭურ კავშირგაბმულობასთან უნდა გაავლოთ. ბაზარზე ნებისმიერი ხარისხის ტელეფონი იყიდება და ამ პროცესს არც ერთი სახელმწიფო სტრუქტურა არ აკონტროლებს. მომხმარებელმა თავად უნდა იცოდეს, რომ, როდესაც ამა თუ იმ ელექტრონულ მოწყობილობას იძენს, მინიმუმ, ორწლიანი საგარანტიო ფურცელიც უნდა ახლდეს; გარდა ამისა, სასურველი პროდუქტი ადგილზე უნდა შეამოწმოს, რათა დარწმუნდეს, რამდენად ხარისხიანად მუშაობს, რამდენად ხარისხიანად იღებს ამა თუ იმ მაუწყებლობას, აქვს თუ არა ფონტები, იღებს თუ არა როგორც საზოგადოებრივი მაუწყებლის, ასევე კომერციული ოპერატორების სიგნალს. მთავრობა ვერ გააკონტროლებს, ხარისხიანი პროდუქციაა ბაზარზე თუ არა, მაგრამ სახელმწიფო სავაჭრო ქსელებს სთავაზობს, თუ ქვეყანაში ისეთ პროდუქტს შემოიტანენ, რომელიც ჩვენს მიერ ჩამოყალიბებულ ტექნიკურ მოთხოვნებს დააკმაყოფილებს, ჰოლოგრამიან სტიკერებს გადავცემთ და მომხმარებელი შეძლებს პროდუქციის გარჩევას. ,,სეთ-თოფ ბოქსისთვის' ჰოლოგრამიანი სტიკერის მისაღებად კი შემომტანს საერთაშორისო ლაბორატორიის სერტიფიკატი უნდა ჰქონდეს.
- ვინ დაამონტაჟებს ,,სეთ-თოფ ბოქსს'?
- ვინ გიმონტაჟებთ სარეცხის მანქანას, რომელსაც ტექნიკის ამა თუ იმ მაღაზიაში იძენთ? მაღაზიამ უნდა უზრუნველყოს მონტაჟის სერვისი იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელს ეს დასჭირდება. ,,სეთ-თოფ ბოქსის' მიერთება ტელევიზორთან საკმაოდ მარტივია და დეტალურადაა აღწერილი ინსტრუქციაში, რომელიც პროდუქტს მოყვება. ეს პროცესი აღწერილია ჩვენს ვიდეოკლიპშიც, რომელიც სატელევიზიო ბადეში ტრიალებს.
- მოსახლეობას ტელევიზორისა და ანტენის შეცვლაც დასჭირდება?
- მთავარია, ტელევიზორს გააჩნდეს ყველა ის ფუნქციონალი, რაც ქართული ბაზრისთვის, ტექნიკურ დოკუმენტაციაში ჩამოვაყალიბეთ. შესაძლოა, ესა თუ ის ტელევიზორი შეიცავდეს ამ პარამეტრებს, მაგრამ თუ აზიაშია დამზადებული, არ დააკმაყოფილებს იმ ფუნქციონალს, რაც ტელევიზორზეა მითითებული. ევროპაში ხარისხის კონტროლი და სტანდარტის თავსებადობა უფრო მაღალია, შესაბამისად, იქ წარმოებული პროდუქცია უფრო სანდოა. ყოველ შემთხვევაში, თუ ტელევიზორი თ2 სტანდარტის სიგნალს იღებს, მაინც ვერ ვივარაუდებთ, რომ აუცილებლად მიიღებს ქართულ ფონტს. ფონტი ანუ შრიფტი კი საჭიროა იმისთვის, მომხმარებელმა ტელევიზორის ყურებისას წარწერები ქართულად წაიკითხოს. ხოლო ვინც ალტერნატიული სატელევიზიო პლატფორმით, მათ შორის, საკაბელო, ინტერნეტოპერატორებით, თანამგზავრული ანუ სატელიტური ოპერატორებით სარგებლობს, ეს რეფორმა არ შეეხება - არ დასჭირდებათ ტელევიზორის, ანტენის შეცვლა და არც ,,სეთ-თოფ ბოქსზე' ზრუნვა, რადგან ეს აპარატურა უკვე გააჩნიათ, პლატფორმები გაციფრულებულია, ამჟამად დარჩა ტელესტრიული ანუ ღია საეთერო, მიწისზედა ტელემაუწყებლობა, რომელიც გასაციფრულებელია.
- როგორ ემზადებიან ტელევიზიები ციფრულ მაუწყებლობაზე გადასასვლელად?
- უკვე შევხვდით მაუწყებლებს, ხშირი კომუნიკაცია გვაქვს მათთან, რამეთუ მაუწყებლებისთვის დამოკიდებულება იცვლება ანუ ბიზნესი იყოფა - თუ ადრე მაუწყებელი ტექნიკურ მხარესაც აწარმოებდა და კონტენტსაც (შინაარსს) ქმნიდა, ამჯერად ამას ოპერატორი უზრუნველყოფს, მაუწყებელი კი მხოლოდ კონტენტს შექმნის. შესაბამისად, მაუწყებელი უნდა მოემზადოს, ტექნიკური აღჭურვა იმისთვის დასჭირდება, ოპერატორს შესაბამისი ტექნიკური პარამეტრების სიგნალი მიაწოდოს, რომელიც ამ სიგნალს გაასხივებს. ამჟამად, პარალელური მაუწყებლობაა ჩართული - ანალოგური და ციფრული სიგნალი ერთდროულად გადაიცემა.
- ვისაც შესაბამისი აპარატურა ექნება, თუნდაც რეგიონებში, ციფრულ მაუწყებლობას უპრობლემოდ მიიღებს?
- წესით, როდესაც ქსელი აიგება და მისი ოპტიმიზაცია მოხდება, სრული დაფარვა უნდა მივიღოთ. საქართველოს მასშტაბით უნდა არსებობდეს ციფრული სიგნალი და ქვეყნის ნებისმიერ მოქალაქეს შესაბამისი მოწყობილობით მისი მიღება შეეძლოს. ვერ გეტყვით, კონკრეტულად როდის გაიმართება ეს ქსელი, მაგრამ ზოგადად, სატელეკომუნიკაციო ქსელი ცოცხალი ორგანიზმია, რომელიც ოპტიმიზაციას განიცდის. ქსელი წელს ისეთ მდგომარეობაში უნდა იყოს, ქვეყნის ნებისმიერ წერტილში ადამიანმა ციფრული მაუწყებლობის სიგნალი მიიღოს.
ის, რაც ყველა მოქალაქემ უნდა იცოდეს!
ვისაც მხოლოდ ანალოგური სიგნალის მიმღები ტელევიზორი აქვს, ციფრული სიგნალის მიმღები აპარატურა - „სეთ-თოფ ბოქსი“ დასჭირდება, ტელევიზორის შეცვლა კი მხოლოდ იმ მომხმარებელს მოუწევს, ვის ტელევიზორსაც არ უერთდება RCA ტიპის სადენი. ტელევიზორს კი, რომლის ფუნქციონალიც საქართველოში ციფრული ტელევიზიებისთვის განსაზღვრული ტექნიკური მოთხოვნების დოკუმენტს შეესაბამება, მხოლოდ პარამეტრების გადაწყობა დასჭირდება. ციფრული სიგნალის მისაღებად საჭიროა: კოაქსიალური (იგივე სპილენძის) და RCA შემაერთებელი სადენი. ანტენიდან შემომავალი კოაქსიალური, ანუ სპილენძის სადენი უერთდება ,,სეთ-თოფ ბოქსს', თავად ,,სეთ-თოფ ბოქსი' კი ტელევიზორს RCA სადენით უკავშირდება. თუ თანამედროვე ტელევიზორი გაქვთ, შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც RCA, ასევე HDMI სადენი. ციფრული მიწისზედა სატელევიზიო სიგნალის მისაღებად საჭიროა ტელევიზორთან მისაერთებელი მოწყობილობა „სეთთოფ ბოქსი', რომელიც უზრუნველყოფს როგორც სტანდარტული, ასევე მაღალი გარჩევადობის სიგნალების ანალოგურ ფორმატში გარდაქმნას. ქვეყანაში იმპორტირებული ,,სეთ-თოფ ბოქსების' ფუნქციონალი, ტექნიკური მოთხოვნების დოკუმენტაციაში აღწერილ სტანდარტებს უნდა აკმაყოფილებდეს. შესაძლებელია, ერთი ,,სეთ-თოფ ბოქსი“ ორ ან მეტ ტელევიზორსაც კი შეუერთდეს, მაგრამ ასეთ შემთხვევაში, ყველა ტელევიზორში მხოლოდ ერთსა და იმავე პროგრამას მიიღებთ. რაც მთავარია, ციფრული ტელევიზია იძლევა უფრო მეტი პროგრამის გადაცემის საშუალებას - დაახლოებით, თხუთმეტი სტანდარტული გარჩევადობის პროგრამას სიხშირეთა იმ არხში, რომელიც ამჟამად გამოიყენება მხოლოდ ერთი ანალოგური პროგრამისთვის. მიწისზედა ტელემაუწყებლობის გაციფრულება უზრუნველყოფს ხმისა და გამოსახულების გაუმჯობესებულ ხარისხს, უფრო მეტი რადიო და სატელევიზიო პროგრამის ხელმისაწვდომობას, მომსახურებას, პორტაბელური და მობილური პროგრამების მიღების საშუალებას.