ადვოკატი პროკურატურაში შექმნილ სამართლიანობის აღდგენის დეპარტამენტს უმოქმედობაში ამხელს!

ადვოკატი პროკურატურაში შექმნილ სამართლიანობის აღდგენის დეპარტამენტს უმოქმედობაში ამხელს!

ხელისუფლებამ, ორწელიწადნახევარი ლოდინის შემდეგ, როგორც იქნა, ,,ამოღერღა”, რომ ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენის მასშტაბური პროცესი დაიწყო და ამ საქმეს საქართველოს მთავარ პროკურატურაში შექმნილი ახალი დეპარტამენტი გააკეთებს. თუ ხმაურიანი ,,სათაურითვიმსჯელებთ, ამ დეპარტამენტმა სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულობები უნდა გამოიძიოს, თუმცა დეპარტამენტის დასახელებაში კონკრეტული დრო მითითებული არაა, რაც პირდაპირ ნიშნავს, რომ ამ დეპარტამენტის ქვემდებარეა ყველა საქმე, სადაც უკვე სახეზეა (ან მომავალში იქნება) სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაული. მოკლედ, ცხრაწლიანი კოშმარიდან თავდაღწეულ ხალხს, მინიმუმ, იმედის ნაპერწკალი გაუჩნდა, მაგრამქართული სიტყვისტრადიციული რესპონდენტი, ადვოკატი ელზა ჯმუხაძე აცხადებს, რომ ამ დეპარტამენტის შექმნა შესაძლოა, ხელისუფლების ერთ-ერთი პიარტექნოლოგიური ხრიკი აღმოჩნდეს ან, სულაც, დეპარტამენტის თანამშრომლების არაკომპეტენტურობამ, გაუბედაობამ თუ თვითნებობამ ხელისუფლების ეს უმნიშვნელოვანესი დაპირებაც გააცამტვეროს.

 

- ელზა, რატომ გგონიათ, რომ ახალი დეპარტამენტი მასზე დაკისრებულ მოვალეობას თავს არ, ან ვერ გაათმევს და ხალხი ისევ მოტყუებული დარჩება?

- ნებისმიერ საქმეს კონკრეტული ადამიანი და ხელისუფლებაც გულწრფელად უნდა იწყებდეს. ხალხს იმედი ჰქონდა, რომ სამართლიანობის აღდგენის დაპირებით მოსული ხელისუფლება საქმიანობას სწორედ თავისი მთავარი დაპირების შესრულებით დაიწყებდა, მაგრამ სამართლებრივი ხარვეზების დამდგენ კომისიას შექმნა არ ეღირსა და პირადად მე, გამიჩნდა ეჭვი, რომ ხელისუფლებას სამართლიანობის აღდგენა რეალურად არ სურდა, დღეს კი, ეს ეჭვი კიდევ უფრო გამიმძაფრდა, რადგან არის აშკარა ნიშნები, რომ ახლადშექმნილი დეპარტამენტი ან მხოლოდ ,,ორთქლის გამოსაშვებად” შექმნეს, ან, თუ ასე არაა, ამ დეპარტამენტში ის ადამიანები არ დაასაქმეს, რომელთაც საქმის კეთება უნდათ და შეუძლიათ. საბოლოოდ, შეუსრულებელი დაპირება ,,გამოსაშვები ორთქლის” რაოდენობას კიდევ უფრო გაზრდის და დუღილის ტემპერატურასაც კრიტიკულ ზღვრამდე ასწევს!

- დეპარტამენტი ახლახან შეიქმნა და პესიმიზმმა რატომ შეგიპყროთ?

- საქმე ის კი არაა, ქაღალდზე რა დაიწერა და ახალი დეპარტამენტის ხმაურიან პრეზენტაციაზე ჟურნალისტებს რა უთხრეს, საქმე პრაქტიკაა და მე, როგორც არაერთი დაზარალებული პირის ადვოკატს, ამ პრაქტიკასთან პირველი კონტაქტი უკვე მქონდა. ასე რომ, პესიმიზმს, გნებავთ, ეჭვის საფუძველი აქვს! სხვათა შორის, დეპარტამენტს პირველად სწორედ იმ პირის საქმესთან დაკავშირებით ვესტუმრე, ვისზეც “ქართული სიტყვის” მკითხველს დაწვრილებით ვუამბე.

- ბიზნესმენ შოთა მამნიაშვილს გულისხმობ?

- დიახ, რომელსაც “ნაციონალებმა” ყველაფერი წაართვეს და იმასაც მიაღწიეს, რომ იმპორტიორების სასიხარულოდ, პურისა და პურპროდუქტების გამართული, მზარდი ადგილობრივი წარმოება დაასამარეს, რომელიც მამნიაშვილს ეკუთვნოდა. მე, როგორც მამნიაშვილის ადვოკატს, მთავარ პროკურატურაში საჩივარი, სამართლიანობის აღდგენის მოთხოვნით, 2012 წლის 12 დეკემბერს მქონდა შეტანილი, მაგრამ ახალი დეპარტამენტის შექმნამდე, საჩივარზე რეაგირების შედეგის შესახებ ჩემთვის წერილობით არ უცნობებიათ. მხოლოდ ტელევიზორში ვისმენდი, რომ უნდა მოგვეცადა, ვიდრე სამართლებრივი ხარვეზების დამდგენი კომისია შეიქმნებოდა. ეს კომისია არ შეიქმნა, მის ნაცვლად მთავარ პროკურატურაში იგივე დასახელების ახალი დეპარტამენტი აღმოცენდა. მამნიაშვილმაც ამ დეპარტამენტის თავმჯდომარის სახელზე ახალი განცხადება დაწერა, რომელსაც მტკიცებულებად “ქართულ სიტყვაში” გამოქვეყნებული მასალა დაურთო... ის პროკურატურაში დაიბარეს.

- ანუ, ქართულ სიტყვაში გამოქვეყნებულ პუბლიკაციაზე მთავარმა პროკურატურამ რეაგირება დაუყოვნებლივ მოახდინ?

- მამნიაშვილს ახალი განცხადება რომც არ შეეტანა, რომელსაც საგაზეთო პუბლიკაციას დაურთავდა, ასევე, ბუნებაში რომ არ არსებულიყო ჩვენი ძველი საჩივარი, პროკურატურას კანონი პირდაპირ ავალდებულებდა, დაუყოვნებლივ დაეწყო მოკვლევა იმ ფაქტების შესახებ, რაც გაზეთში დაიბეჭდა. ამ დროს, ჩვენს თვალწინ პროკურატურის ახალმა დეპარტამენტმა, რომელსაც ხელთ აქვს საჩივარი და გაზეთში დაბეჭდილი მამხილებელი მასალაც, ისე, რომ თითი-თითზე არ დაუკარებია, კანონის ამ იმპერატიული მოთხოვნისა და საკუთარი ვალდებულების შესრულებაზე, პრაქტიკულად, უარი თქვა. მოკლედ, დეპარტამენტიდან განრისხებული წამოვედი!

- რატომ? ასეთი მაინც, რა მოხდა?

- როცა დეპარტამენტში დაიბარეს, მამნიაშვილს იმედი გაუჩნდა, მგონი, მეშველაო. ვეღარ ითმენდა, როდის გათენდებოდა და დაკითხვაზე მივიდოდით. სხვათა შორის, მე, როგორც ადვოკატს, ვალდებულება მქონდა, კლიენტისთვის შემეხსენებინა, რომ სამართლიანობის აღდგენას ახლახან კიდევ ერთი ადამიანი - ბიზნესმენი ბესო ხარძიანი შეეწირა და, შესაბამისად, მამნიაშვილს ვკითხე, იმ მოსალოდნელი გართულებებისთვის, რაც მისი მხრიდან იმ ქონების და ბიზნესის დაბრუნების მოთხოვნას მოჰყვებოდა, რომელიც დღეს სხვის ხელშია, მზად იყო თუ არა.

- და, რაო, ბიზნესმენმა, მზად ვარო?

- ბიზნესმენმა მითხრა, ყოველგვარ საშიშროებას კარგად ვაცნობიერებ, მაგრამ ყველაფრისთვის მზად ვარ, რადგან ჩემს ასეთ, შურაცხყოფილ სიცოცხლეს ფასი არ აქვს და მირჩევნია, მომკლან, ვიდრე უსამართლობით შეწუხებული იძულებული გავხდე, მას, ვინც ოჯახიანად გამაუბედურა, თავად გავუსწორდეო... მოკლედ, დეპარტამენტში იმედიანად მივედით. მართალია, ჩვენს 2012 წელს შეტანილ საჩივარს ჩვენი სიმართლის მამტკიცებელი ყოველგვარი მტკიცებულება ჰქონდა დართული, მაგრამ საქმის მასალები მაინც წავიღეთ. აღმოჩნდა, რომ სწორად მოვიქეცით, რადგან თურმე, იმიტომ კი არ დაგვიბარეს, რომ 2012 წლის დეკემბერში შეტანილ საჩივარს ,,რიგმა” თავისთავად მოუწია, არამედ, იმიტომ, რომ შევიტანეთ ახალი განცხადება, რომელსაც მხოლოდ საგაზეთო პუბლიკაცია ერთვოდა, ანუ გამომძიებელს ხელთ სხვა მტკიცებულებები არ ჰქონდა და ხელახლა გადავეცით. ასე იყო თუ ისე, დაახლოებით, ნახევარ საათში ცივწყალგადასხმულები და კიდევ ერთხელ შეურაცხყოფილები, უკან წამოვედით!

- ასე უცებ როგორ მოახერხეს, რომ ყველაფერი დაემთავრებინათ?

- ამ საქმეს დამთავრებული ჯერ არ ეთქმის, რადგან სამართლიანობის აღდგენის მოთხოვნაზე ოფიციალური, წერილობითი უარი არ მიგვიღია, მაგრამ მაქვს მოლოდინი, რომ ამ უარს მივიღებთ და აუცილებლად გავასაჩივრებთ. მოკლედ, დაზარალებული ბიზნესმენი საქმესთან დაკავშირებულ დეტალებზე კი არ დაკითხეს, არამედ, უბრალოდ, გაესაუბრნენ.

- მოკვლევა სწორედ ასე უნდა დაიწყოს...

- ასეა, მაგრამ გაუგებარი ამ გასაუბრების შემდგომი ეტაპი და შედეგებია. ბევრი რომ არ გავაგრძელო, ზეპირად, ხმამაღლა და გამოთქმით მოგვახსენეს, რომ იუსტიციის მინისტრის 2015 წლის 13 თებერვლის ბრძანება ¹62-ით დამტკიცებული დებულების თანახმად, დეპარტამენტს უფლება არ აქვს, ძველ საქმეებზე უკვე დამდგარი და კანონიერ ძალაში შესული განაჩენები გადასინჯოს! გასაგებია, რომ კანონიერ ძალაში შესულ განაჩენებს დეპარტამენტი ვერ გადასინჯავს და ეს არც არავის მოუთხოვია, მაგრამ იგივე დეპარტამენტს ობიექტური გამოძიების ჩატარება და ისეთი ახალი გარემოებების გამოვლენა ნამდვილად ევალება, რაც შემდეგ კანონიერ ძალაში შესული უკანონო განაჩენების გადასინჯვის საფუძველი გახდება. სხვაგვარად, ,,კუბლაშვილის სასამართლოს” მიერ დადგენილ უკანონო განაჩენებზე ახალი გარემოებები ვერასოდეს გამოვლინდება, რადგან არავის აქვს მოლოდინი, რომ გამომძიებლები, პროკურორები და მოსამართლეები საჯარო აღსარებების განწყობაზე დადგებიან და საკუთარი ნებით გვიამბობენ, სად რა უკანონობა ჩაიდინეს!

- ამას, მართლაც, არავინ იზამს!

- დიახ და სწორედ ამიტომ, თუ სამართლიანობის აღდგენა მართლა გვინდა, სამართალწარმოების პროცესში გამომძიებლების, პროკურორების და (რატომაც არა) მოსამართლეების მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ფაქტები ახალ დეპარტამენტში ობიექტურად და გონივრულად ჩატარებულმა მოკვლევამ უნდა გამოავლინოს! თეა წულუკიანის ბრძანებით დამტკიცებული ზემოხსენებული დებულების საფუძველზე შექმნილი დეპარტამენტის ფართოდ გაპიარებული პრეზენტაციის თანახმად, ამ დეპარტამენტის თანამშრომლები სწორედ ამისთვის არიან დასაქმებულები და ჩვენი ჯიბიდან მაღალ ხელფასსაც იღებენ, მაგრამ საქმის კეთება, რეალურად, ან არ უნდათ, ან არ შეუძლიათ!

- უკაცრავად, ჯერ, როგორც ამბობთ, მხოლოდ გასაუბრებაზე იყავით, მტკიცებულებებიც გადაეცით და იქნებ, ნაადრევ დასკვნას აკეთებთ და გამოძიება იწყება?

- სწორედ ამ გასაუბრების შედეგებმა გამაოგნა: პირველი, რაც დეპარტამენტის თანამშრომელმა მოგვკითხა, მამნიაშვილის საქმეზე დამდგარი და აღსრულებული განაჩენები იყო. თუ ვინმეს საქმის კეთება რეალურად უნდა, საჩივრის ავტორის გასაუბრებაზე დაბარებამდე, საჩივარს დეტალურად უნდა გაცნობოდა, ასევე, მასზე თანდართულ მტკიცებულებებსაც, რათა გასაუბრება შედეგიანი ყოფილიყო და ადამიანს, ,,ზოგადი” ამბის მოყოლაში დროის დაკარგვის ნაცვლად, საჩივრის შინაარსიდან გამომდინარე დასმულ კონკრეტულ შეკითხვებზე ეპასუხა, ასევე,  ახალი მტკიცებულებები (მათ შორის, მოწმეები) წარმოედგინა. აღმოჩნდა, რომ დეპარტამენტის თანამშრომელი მხოლოდ მამნიაშვილის განცხადებას იყო გაცნობილი, სადაც ეწერა, ჩემი საჩივარი განიხილეთ და გაზეთ ,,ქართულ სიტყვაში” გამოქვეყნებული მასალაც ცნობად მიიღეთო. ისე, დარწმუნებული ვარ, ის საგაზეთო მასალაც არ ჰქონდა წაკითხული, ან წაკითხული ჰქონდა და ყველა ღონეს ხმარობდა, შპს ,,სახელმწიფო უზრუნველყოფის” მიერ 2008 წელს ჩადენილი სავარაუდო დანაშაულობების გამოძიება რამენაირად თავიდან აეცილებინა!

- ასე რატომ გგონიათ?

- რატომ და, - დეპარტამენტის თანამშრომელი, ვისაც ჩვენს საჩივარზე რეაგირება აქვს დავალებული, ჯერ ჩემს დანახვაზე შეცბა, მერე კი მითხრა, თუ შპს ,,სახელმწიფო უზრუნველყოფამ” რამე დანაშაული ჩაიდინა, ეს ,,ფინანსურმა” უნდა გამოიძიოს, რაც შეეხება მოსამართლეებს, რომლებმაც, თქვენი თქმით, უკანონო განაჩენები დაადგინეს, მათ დაკითხვაზე ვერ დავიბარებ და თავს დასაჭერად ვერ გავიხდიო!

- ეს პოზიცია სწორი არაა?

- ეს პოზიცია სწორი იმ შემთხვევაში იქნებოდა, თუ ლაპარაკი მხოლოდ იმაზე გვექნებოდა, რომელიმე შპს-მ რაიმე სახის ისეთი გადაცდომა, რისი გამოძიებაც ნამდვილად ე.წ ,,ფინანსურის” ქვემდებარეა, მართლა ჩაიდინა თუ არა. ვეთანხმები დეპარტამენტის თანამშრომელს, რომ მარტივი არაა, მოქმედი მოსამართლე დაკითხვაზე დაიბარო და მოსთხოვო, განმარტოს, ასეთი თუ ისეთი განაჩენი რატომ გამოიტანა. აქ ლაპარაკი იმაზეა, რომ სახელმწიფოს შპს-ს, ასევე, სახელმწიფოს  ზეგავლენის ქვეშ მყოფი გამომძიებლებისა და პროკურორების მიერ კონკრეტული (ამ შემთხვევაში, მამნიაშვილის მიმართ) სისხლის სამართლის საქმის წარმოების პროცესში ჯგუფურად და წინასწარი შეცნობით რიგი დანაშაულობებია ჩადენილი, რაც ,,შეუმჩნეველი” დარჩათ სამივე ინსტანციის მოსამართლეებს. არადა, დადასტურებულია, რომ ეს აშკარა და გაუგონარი უკანონობები დააკანონეს. ამ ლოგიკურ დასკვნამდე მისასვლელად და დამნაშავეთა გამოსავლენად მხოლოდ საქმის მასალების გულმოდგინედ შესწავლა და ამის შემდეგ ნორმალური, ობიექტური მოკვლევის ჩატარებაა საკმარისი!

- მოკლედ, ახალ დეპარტამენტში იმ საჩივრებს და საქმის მასალებს, რომელთა საფუძველზეც ხალხი გამოძიების დაწყებას და სამართლიანობის აღდგენას ითხოვს, არ სწავლობენ?

- როგორ შეისწავლიან, როცა პროკურატურაში შესული და თაროებზე შემოწყობილი ათიათასობით საჩივარი მესამე წელია, გასანიავებლადაც არავის გადმოუღია და, ალბათ უკვე ჩრჩილმა შეჭამა, მაგრამ მთავარი უბედურება ეს არაა, რადგან ხალხი, ბოლოს და ბოლოს, თავიდან შეიტანს საჩივრებს და მტკიცებულებებს. უბედურება ისაა, რომ ამ გზით მხოლოდ ტონობით ქაღალდს გავანადგურებთ და საკანცელარიო მაღაზიებს გავამდიდრებთ - ამოვბეჭდავთ და ,,დავაქსეროქსებთ” ურიცხვ მტკიცებულებებს, კიდევ ერთხელ მივართმევთ დეპარტამენტს, რათა მანაც შეავსოს თაროები და ვინმე დასათვალიერებლად რომ მივიდეს, იქ საქმიანი გარემო დახვდეს! მტკიცებულებების წაკითხვა, გააზრება და მათი იურიდიული შეფასება ან არ უნდათ, რაც სულ სხვა პრობლემაა, ან არ შეუძლიათ, რაც დეპარტამენტის თანამშრომელთა კვალიფიკაციის ნაკლებობაზე მიუთითებს! იმ მტკიცებულებების გულმოდგინედ შესწავლის გზით, რაც ჩვენს საჩივარს დავურთეთ, ძალიან მარტივად დადასტურებადი ფაქტია, რომ შოთა მამნიაშვილის მიმართ სამართალწარმოების პროცესში, სწორედაც, უხეშადაა დარღვეული არა მხოლოდ ერთი რომელიმე, არამედ, ქვეყანაში და მის ფარგლებს გარეთ მოქმედი ყოველგვარი კანონი. ვისი ხელითაა ეს ჩადენილი? - ამას გამოძიება არ სჭირდება, რადგან ყველა დოკუმენტი ავთენტურია და ამ დოკუმენტებს ხელს კონკრეტული თანამდებობის პირები აწერენ. ახლა მთავარია, გამოვიძიოთ, რატომ და ვისი დაკვეთითაა უკანონოდ ბრალდებული და მსჯავრდებული თითოეული კონკრეტული ადამიანი, ამ შემთხვევაში, - ბიზნესმენი შოთა მამნიაშვილი, მაგრამ ა-რა-ოოოოოოოოოოო, მაგაზე არც იოცნებოთო!

- რატომო?

- აბა, მითხარით, ბატონო შოთა, ამ ხელშეკრულებაზე ხელს რომ აწერდით, ვინმე ავტომატით გადგათ თავზე და ამის მტკიცება შეგიძლიათო?!

- და რაო, ბატონმა შოთამ?

- ბატონმა შოთამ აუხსნა, ავტომატზე უარესი იყო, როდესაც ხელისუფლების წარმომადგენლებმა დამიბარეს და მითხრეს, ჩვენი შპს-ს (,,სახელმწიფო უზრუნველყოფა”) მიერ 2008 წლის ომის დროს შემოტანილი უხარისხო ფქვილი, რომელიც ერთი კვირის წინ გაფორმებული ხელშეკრულებით, საწყობში შეგანახინეთ, ახლა უმაღლეს ფასად უნდა შეისყიდოო. დეპარტამენტის თანამშრომელი მომიბრუნდა, ბატონი შოთა იურისტი არ არის, მაგრამ თქვენ, მის ადვოკატს რაღა დაგემართათ, იმის იურიდიული მტკიცება დღეს როგორ არის შესაძლებელი, რომ “ნაციონალური” ხელისუფლება ბიზნესმენებს რაიმეს გაკეთებას აიძულებდა? აგერ, გენაცვალეთ, ზემდგომ ინსტანციებში გაგისაჩივრებიათ პირველი ინსტანციის განაჩენი, მაგრამ ის მაინც ძალაში დარჩენილა და მე რა გიშველოთო?

- ისე, იურიდიული თვალსაზრისით, მართლაც, ძნელი დასამტკიცებელია ბიზნესმენებზე ძალადობის ის ფაქტები, რასაცნაციონალებიჩადიოდნენ, არა?

- როცა საქმეში უტყუარი მტკიცებულებაა, რომ სახელმწიფო შპს-მ, ომის დროს, ქვეყანა მოატყუა და უხარისხო ფქვილი შემოიტანა, მერე, ეს ფქვილი, თვალს მოფარების მიზნით, პატიოსან ბიზნესმენებს მათი სურვილის საწინააღმდეგოდ დაასაწყობებინა, ბოლოს კი, არარეალურად მაღალ ფასად შეასყიდა და თან დააბრალა, ჰაიტ, შე თაღლითო, მე კი არ გაიძულე, შენი ინიციატივით იყიდე და ახლა ან დიდი ფული დადე, ან შვიდწლიანში მიბრძანდიო, ძნელი მისახვედრი და სამტკიცებელია, ამას რა ჰქვია?

- ძალადობა და უსამართლობა?

- ნამდვილად! ამ ქმედებების სწორად კვალიფიცირებას იურიდიული განათლება სულაც არ სჭირდება. სწორედ ამიტომაა გულისგასახეთქი, რომ ამ უმარტივესი ჭეშმარიტების გაცნობიერება იმ დეპარტამენტის თანამშრომელს ,,უჭირს”, ვისაც ქვეყანამ სამართლიანობის აღდგენა დაავალა; დიდი მიხვედრა არ უნდა, რომ არც ,,ნაციონალები” და დედამიწის ზურგზე არც სხვა ხელისუფლება მოსახლეობაზე ისეთი ფორმით არ ძალადობს, რომ აშკარა სამხილები დატოვოს. შესაბამისად, არც ერთ დოკუმენტში არ წერია, ბიზნესმენი ამ დოკუმენტზე ხელს შუბლზე ავტომატმიშვერილი აწერსო, მაგრამ როცა დასტურდება, რომ ბიზნესმენი ხელს აწერს ტონობით უხარისხო პროდუქციის არარეალურად მაღალ ფასად შესყიდვის ხელშეკრულებებს, სამართლიანობის აღსადგენად თანამდებობაზე დანიშნულ სამართალდამცავს უნდა გაგიჩნდეს თუ არა გონივრული ეჭვი, რომ ხელშეკრულებაზე ხელმოწერის მომენტში ადამიანი, პრაქტიკულად, დაუძლეველი ძალის ზემოქმედების ქვეშაა, ან გაგიჟებულია?! სხვას თუ არაფერს გამოიძიებენ, ის მაინც დაადგინონ, იყო თუ არა საღ გონებაზე ადამიანი, რომელმაც ხელი მოაწერა ხელშეკრულებას, სადაც შავით თეთრზე ეწერა, რომ ის უნდა დაღუპულიყო?! უახლოეს წარსულში, ყოველგვარი უზნეობა, კანონის სახელით, სწორედ სახელმწიფოს აქვს ჩადენილი, რადგან იმ დროს დადგენილ ყველა უკანონო განაჩენს ურცხვად აწერია, რომ გამოტანილია სახელმწიფოს სახელით. თუ სამართლიანობის აღდგენა გვინდა, ცოტა ჭკუას და გაბედულებას მოვუხმოთ და ელემენტარული აზროვნების შედეგად მივიდეთ სწორ დასკვნებამდე: ზოგადად, ადამიანმა თუ არ, ან ვერ გათვალა, სად უნდა დახარჯოს თითოეული არათუ ლარი, თეთრიც კი, მაშინ ასეთი კაცისგან ბიზნესმენი არასოდეს დადგება: დადასტურებული ფაქტია, რომ ადამიანს (ამ შემთხვევაში, შოთა მამნიაშვილს) ჰქონდა, მინიმუმ, ორმოცდაათმილიონიანი აწყობილი ბიზნესი, ამიტომ სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი უკანონობების გამოძიების დეპარტამენტში დიდი მტკიცება არ უნდა სჭირდებოდეს, რომ ასეთი კაცი, რომ არა ხელისუფლების მხრიდან ფარული თუ აშკარა ძალადობა, დიდი რაოდენობით უხარისხო პროდუქციის უმაღლეს ფასად შეძენის სურვილს თავად, ანუ იძულების გარეშე არ გამოთქვამდა; სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტს ხელთ აქვს ინფორმაცია, რომ ის, ვინც ამ ძალადობის მხილება გაბედა, კანონის ფეხქვეშ გათელვით, ციხეში გამოამწყვდიეს, ამიტომ თუ ამ დეპარტამენტს იმ საქმის კეთება უნდა, ან შეუძლია, რაშიც ხელფასს ვუხდით, ძნელი სამტკიცებელი ნამდვილად არაა, სად არის იმ საქმის სამართალწარმოების დროს ჩადენილი დანაშაულებები, სადაც დასტურდება, მინიმუმ, ბიზნესმენის იძულება, მოიქცეს საკუთარი ნების და ყოველგვარი ლოგიკის საპირისპიროდ, რაც სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადი ქმედებაა. როდესაც გამოიკვეთება იძულების ფაქტი, გამოძიებით უნდა დადგინდეს, საიდან დაიწყო, როგორ გაგრძელდა, ვისი დავალებითა და ხელით ხდებოდა ბიზნესმენის მიმართ იძულების დენადი თუ განგრძობადი ხასიათის დანაშაულებრივი ქმედებები და ბოლოს, რატომ და რა მიზეზით დაყრუვდა და დაბრმავდა ყველაფერ ამის შემხედვარე ყველა ინსტანციის სასამართლო!

- მართალია, ჯერ მხოლოდ ზეპირად, მაგრამ უთქვამთ, რომ თქვენი საქმით არ დაინტერესდებიან. აბა, რაღა უნდა ვაკეთოთო?

- დებულებით, მხოლოდ ადამიანთა ცემა-წამების და ქონების უკანონოდ ჩამორთმევის ფაქტების გამოძიება გვევალებაო, - სწორედ ასე წარმოუდგენია თავისი საკეთებელი საქმე, მაგალითად, ჯემალ ლომსაძეს (გამოკითხვაზე ამ ადამიანმა დაგვიბარა), რომელიც თავისი უმოქმედობის გამართლებას იმ დებულებით შეეცადა, სადაც შავით თეთრზე წერია: ,,დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით და შეთანხმებებით, ,,პროკურატურის შესახებ” საქართველოს კანონით, საქართველოს სისხლის სამართლისა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსებით, მთავარი პროკურატურის დებულებით, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებითა და საქართველოს მთავარი პროკურორის სამართლებრივი აქტებით”. ყველა იმ ნორმის დეტალური განმარტება, რითიც ახალმა დეპარტამენტმა უნდა იხელმძღვანელოს, შორს წაგვიყვანს, ამიტომ მარტივად ვიტყვი: დღეს, ყოველგვარი დამატებითი გამოძიების გარეშე, უკვე არსებული მტკიცებულებებითაც უტყუარად დასტურდება, რომ ზემოჩამოთვლილი ყველა ნორმა უხეშადაა დარღვეული. ისე, რომ მთხოვენ, აბა, დაამტკიცე, მამნიაშვილზე იძულება და ძალადობა ხდებოდაო, მაინტერესებს, თუნდაც იგივე მამნიაშვილის მიმართ გლდანის ციხეში ჩადენილი ცემა-წამების ფაქტები როგორ უნდა დავამტკიცო და გამოვიძიო, როდესაც მამნიაშვილსაც და იმ დროს ნაცემ-ნაწამებ სხვა ადამიანებსაც, თავიანთი მონათხრობის გარდა, სხვა მტკიცებულება არ აქვთ?! ან ქონების უკანონოდ ჩამორთმევის ფაქტები როგორ უნდა დაამტკიცონ ადამიანებმა, რომლებსაც ქონება უკანონო პატიმრობაში ყოფნის დროს ან ბანკებიდან აღებული კრედიტების შეუსრულებლობის მიზეზით აქვთ დაკარგული, ან ამ ქონების გასხვისების დოკუმენტებზე ხელი აქვთ მოწერილი და იმ დოკუმენტებში არსად წერია, რომ ეს მათზე განხორციელებული ძალადობის შედეგად გააკეთეს?! გამოდის, რომ ყველა მათგანს მამნიაშვილივით დაიბარებენ, გაესაუბრებიან, თვალებზე წულუკიანის დებულებას ააფარებენ და ეტყვიან, აბა, რა გიყოთ, წულუკიანის დებულება არ გვაძლევს საშუალებას, თქვენს მიმართ სამართლიანობა აღვადგინოთო!

- ანუ, დებულება მკვდრაშობილია?

- რეალურად, ამ დებულებას ნაკლი არ აქვს - მასში ყველა ის საკანონმდებლო ნორმაა გაწერილი, რომელიც დეპარტამენტს საშუალებას აძლევს, ეფექტურად იმუშაოს, მაგრამ კანონს და ამ კანონის წამკითხავ ადამიანებს ერთი თავისებურება ახასიათებთ: კანონის წაკითხვა, გაგება და ინტერპრეტირება სხვადასხვაგვარადაა შესაძლებელი. თუ სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტი იმითაა დაკავებული, იუსტიციის მინისტრის ბრძანებით დამტკიცებულ დებულებას ისე როგორ ,,შემოუაროს”, რომ არც მწვადი დაწვას, არც - შამფური, პირობას ვაძლევ, რომ ეს ხრიკი არ გამოუვა! ამიტომ ხმამაღლა ვაცხადებ: ან იმუშაოს ნორმალურად, ან აღიაროს, მუშაობა არ უნდა, ან არ შეუძლია და მერე გვეცოდინება, საქმე რეალურად რასთან გვაქვს - ხელისუფლება გვატყუებს თუ საკუთარი გადაწყვეტილებების უნაკლოდ აღსრულება არ შეუძლია,!