ისევ კახეთი... ისევ საჯარო სკოლა და ისევ სკანდალი. ამჯერადაც, - სექსუალური. როგორც “ქართულ სიტყვას” უთხრეს, კახეთის რაიონის (რაიონს შეგნებულად არ ვასახელებთ) ერთ-ერთ სკოლაში, გაკვეთილის მიმდინარეობისას, მეექვსე კლასელმა ბიჭებმა მობილური ტელეფონით ეროტიკული სურათები გაავრცელეს.
“ტელეფონი ხელიდან-ხელში გადადიოდა. ღიმილს ინტერესი მოჰყვებოდა, ინტერესს - რეპლიკები. გოგონებს ამ უხამსობისთვის თვალის მოშორება უცდიათ, მაგრამ... ეროტიკულ სურათებს ერთმანეთს, თურმე, “ბლუთუზით” უგზავნიდნენ, - უყვება “ქართულ სიტყვას” ერთ-ერთი მოწაფის მშობელი, -
პედაგოგმა კლასში ქაოსი რომ შეამჩნია, იკითხა, რა ხდებაო. ბავშვებმა მობილურების დამალვა დაიწყეს, მაგრამ მასწავლებელმა მაინც მოახერხა და გაიგო, რაც ხდებოდა, მაშინვე დირექტორთან შევიდა. სასწრაფო თათბირი ჩატარდა და გადაწყდა, რომ ბავშვებს “მობილურების” ტარება უნდა აეკრძალოთ”.
ყველაფერ ამის შემდეგ, როგორც “ქართულმა სიტყვამ” გაარკვია, სკოლაში მეექვსე კლასელთა მშობლები დაიბარეს და განუცხადეს, რომ შვილებს მიხედონ, მაქსიმალურად გააკონტროლონ და “მობილურები” ჩამოართვან, რადგან თუ ბავშვებს მშობლები ვერ თოკავენ, სკოლა პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე ვერ აიღებდა.
“ამ ამბიდან ერთი კვირაც არ იყო გასული, როცა სკოლაში კიდევ ერთი სექსსკანდალი მოხდა - მეხუთეკლასელებმა “იზასავეს”. მეტიც, ბიჭი მკერდზე ხელით შეეხო და გოგონას გული წაუვიდა. ამის გამო ბიჭი სკოლიდან გარიცხეს, გოგონა კი, სწავლას ჩვეულებრივ აგრძელებს”, - უთხრეს “ქართულ სიტყვას”.
გავა რამდენიმე დღე და ეს ამბავიც “მიიძინებს”... მარიამი (სახელი შეცვლილია), რომელიც ყოველივე ზემოთქმულის მომსწრე და მონაწილეა, ამბობს, რომ სკოლაში ასეთი ტიპის სურათები ბავშვებს სხვა დროსაც მიუტანიათ, მაგრამ მასწავლებლის ყურამდე არ მისულა.
“გარდამავალ პერიოდში, მოზარდებში ჰორმონები ყალიბდება, ზოგში - მეტი რაოდენობით. ამიტომ, როდესაც ბავშვი ამ ეტაპზეა, რაღაც დოზით აუცილებლად უნდა ჰქონდეს შესწავლილი, თუ რა ხდება მის თავს. ზედა კლასებში სექსუალური ურთიერთობები, რაღაც დოგმების დაცვით, აუცილებლად უნდა ისწავლებოდეს... ამ სიტუაციაში მობილურის ჩამორთმევა, ან თანატოლებსა თუ ინტერნეტთან ურთიერთობის შეზღუდვა გამართლებული არაა. ბავშვს, რაც მეტს ავუკრძალავთ, უფრო მეტი ინტერესი გაუჩნდება. ამიტომ, მშობელი ვალდებულია, ყველა იმ შეკითხვას, რომელიც მოზარდს აქვს, პასუხი გასცეს”, - ამბობს ფსიქოლოგი ნანა საგინაშვილი.